Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: “გოდერძი ჩოხელი საქართველოს დარჩება, როგორც დიდი მწერალი, გულიანი, ალალ-მართალი კაცი....

ჯუმბერ პატიაშვილი: “გოდერძი ჩოხელი საქართველოს დარჩება, როგორც დიდი მწერალი, გულიანი, ალალ-მართალი კაცი. მიხარია, რომ მისი სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა”

გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წელს _ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდიაქართულ ფილმშიდამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია.

1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალგაზეთებში.1980 წელს გამოსცა პირველი წიგნიწერილი ნაძვებს”. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: “ბინდისფერი ხეობა”, “თევზის წერილები”, “შემინახე, დედაო მიწავ”, “სულეთის კიდობანი”, “არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებულიბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზეშავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: “მგელი”, “მღვდლის ცოდვა”, “ადამიანთა სევდა”, “სულეთის კიდობანი”. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა უყურადღებოდ არ დატოვა ეს ფაქტი და წეროვანის მეორე საშუალო სკოლის ბავშვებს მის მიერვე დაარსებული ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი დაუთმო, რათა მომავალი თაობისათვის კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, წარმოეჩინა ნიჭი და ცოდნა.

გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ საღამოს მისი მეუღლე, ქალბატონი ნინო ჩოხელი, ოჯახის ახლო მეგობარი და დამსახურებული პედაგოგი, ქალბატონი ნინო ზედელაშვილი და თავისუფალი ჭიდაობის ბეჭდაუდებელი ფალავანი რომან რურუა ესწრებოდნენ.

მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს თვალცრემლიანები კითხულობდნენ, ასევე ასრულებდნენ ჩოხელის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს, იყო ცეკვაც, მაგრამ გოდერძი ჩოხელისეული სევდა საღამოს თან სდევდა, რადგან ახალგაზრდებს გათავისებული ჰქონდათ მწერლის განწყობა, მისი ხედვა და ტრაგედია…

საღამო აღსანიშნავი იყო იმათაც, რომ გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ საღამოს წეროვანის მეორე საშუალო სკოლასთან დამეგობრებული მარნეულის რაიონის სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ქართველი ბავშვებისგან ვერ განასხვავებდა დამსწრე საზოგადოება. არაქართველი მოსწავლეები არაჩვეულებრივად კითხულობდნენ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს, ბრწყინვალედ ფლობდნენ ქართულ ენას.

ლალი მარგიანი, სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

_ წეროვანის მეორე საშუალო სკოლა სოციალურ ქსელში ვიპოვე. მინდოდა, ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ჩემი ბავშვებისთვის ტარიელ ხარხელაური გამეცნო და ვეძებდი გზებს. მაშინ აღმოვაჩინე, რომ სწორედ წეროვანის სკოლას მიუწვევია ის და სკოლის დირექტორს შევეხმიანე. მან მასწავლა, როგორ დავკავშირებოდი პოეტს. მას შემდეგ ვმეგობრობთ.

სამი წელიწადია, პროექტის ფარგლებში ვმუშაობ აღნიშნულ სკოლაში. ჩვენ განსაკუთრებული წიგნები გვაქვს და ამ წიგნებში ბევრი რამ არ წერია… გოდერძი ჩოხელის ერთადერთი ნაწარმოებია შეტანილი მე-11 კლასის სახელმძღვანელოში _ “ცასწავალა”, ბავშვებს ვთხოვე, მთლიანად წაეკითხათ. ამ მასალას რომ გავდიოდით, წეროვანიდან დამირეკეს და მითხრეს, გოდერძი ჩოხელის საღამო გვაქვს და ჩამობრძანდითო. სიხარულით ვაცნობე ბავშვებს ეს ამბავი და დავავალე, გოდერძი ჩოხელის შემოქმედება შეესწავლათ, თუმცა ბავშვებს კომპლექსი ჰქონდათ, _ ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობთო. გავბედეთ და მაინც ჩამოვედით, ჩემს ბავშვებს უყვართ საქართველო, ვცდილობ, ვასწავლო ყველაფერი, ვცდილობ, შეიგრძნონ ქართული სული და ამ საქმეში ყველას დახმარება მჭირდება, წეროვანელების დიდი იმედი მაქვს.

ვუყურებ ბავშვებს და მეტირება, რა ღრმად აქვთ გათავისებული გოდერძი ჩოხელი მისი სევდითა და სიდიადით…

ნინო ზედელაშვილი: _ უღმეს მადლობას ვუხდით წეროვანის მე-2 საშუალო სკოლის პედაგოგებს, დირექტორს, ასევე, მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს მარნეულის რაიონიდან.

სამწუხაროდ, სასკოლო პროგრამაში ძალიან მცირე დოზით არის შეტანილი გოდერძი ჩოხელის შემოქმედება და დღეს აქ ვხედავთ, თუ როგორი ნამუშევარი აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, როგორ ზედმიწევნით კარგად აქვთ შესწავლილი გოდერძი ჩოხელის შემოქმედება.

გოდერძი ჩოხელი ამ ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ დიდი სიყვარული, სულის სილამაზე დაენახვებინა ყველასთვის და აქ ვხედავ, რომ ეს გათავისებული აქვთ ბავშვებს, მადლობა ამისთვის პედაგოგებს და მასპინძელსაც. აღფრთოვანებულები ვართ სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვების გამოსვლებით _ საქართველო თქვენიცაა, აქ დაიბადეთ, აქ გაიზარდეთ, ენის ცოდნა აუცილებელია, ქართული თქვენი ენაცაა!

ღმერთმა წყალობა მოიღო ჩემზე, მაქვს ბედნიერება, ვიმეგობრო გოდერძი ჩოხელის ოჯახთან და მემეგობრა გოდერძისთან. გამოვეცი ორი წიგნი სახელწოდებით “ნაწილიანი”. მასალების შეგროვებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. წიგნში შესულია მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, ოჯახის წევრების, ნათესავების, მსახიობების, რეჟისორების მოგონებები. მოგონებების წიგნში ერთ-ერთი გამორჩეულია გოდერძი ჩოხელისა და ჯუმბერ პატიაშვილის შეხვედრა, ასევე შესულია წიგნში ჰამლეტ კერესელიძის მოგონება გოდერძიზე, სადაც ის ყვება ბატონი ჯუმბერ პატიაშვილისა და გოდერძის შეხვედრის დეტალებს.

გოდერძი სტუდენტი რომ იყო, ბატონ ჯუმბერთან მისულა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე და უთხოვია დახმარება: გამორჩეული სტუდენტი გვყავს, გოდერძი ჩოხელი, სახლ-კარი არ აქვს, იქნებ დავეხმაროთო. ჯუმბერ პატიაშვილს დაუბარებია გოდერძი, მაგრამ მას სასტიკი უარი უთქვამს. ჰამლეტ კერესელიძეს გოდერძისთვის კატეგორიულად მოუთხოვია ბატონ ჯუმბერთან წაყოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გამათავისუფლებენო,_ უთქვამს.

მისულა გოდერძი ჩოხელი ჯუმბერ პატიაშვილთან, შეხვედრის შემდეგ პატიაშვილს უთქვამს: _ რა ჯიუტი კაცი ყოფილა, ვერ დავაცდენინე, რომ ბინა არ აქვსო.

გოდერძის ბინა მისცეს.

თვითონ ჯუმბერ პატიაშვილი გოდერძი ჩოხელს ასე იხსენებს: “გოდერძი ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდა არსებულ წყობას, მაგრამ მას ვუყურებდით, როგორც მოვლენას. ფილმი “აღდგომა” რომ გადაიღეს, შევარდნაძემ თქვა: “გოდერძი ჩოხელმა ჩვენ თუ გვამოგზაურა საიქიოში, სხვებმა რა დააშვესო”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილმი სამზეოზე უნდა გამოსულიყო.”

ჯუმბერ პატიაშვილი: _ ბევრი რამ ითქვა გოდერძიზე, მეც მოვიგონებ: ერთ დღეს, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და გოდერძი ჩოხელი მესტუმრნენ წეროვანში. სწორედ იმ დღეს მიდიოდნენ ფშავში ფილმის გადასაღებად. ის დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო _ გოდერძიმ ორი წიგნი მაჩუქა.

გოდერძი ჩოხელი საქართველოს დარჩება, როგორც დიდი მწერალი, გულიანი, ალალ-მართალი კაცი. მიხარია, რომ მისი სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

დიდი მადლობა ბავშვებს, განსაკუთრებით სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს იმისთვის, რომ ქართულად საუბრობენ, უყვართ, მე ამ სიყვარულს ვხედავ და დიდი მადლობა ამისთვის პედაგოგებს.

ნინო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე: _ დიდი მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა ამ არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობაში. ლამაზები და კარგები ხართ ყველა. გოდერძის უყვარდა საქართველო და საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი. ვფიქრობ, გოდერძის სურვილი იყო, რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდობაისწავლეთ ქართული და გიყვარდეთ საქართველო, ისწავლეთ ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედება.

გოდერძი ჩოხელის, ამ ტრაგიკული მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და რეჟისორის ბუნებისა და ხასიათის მეტად წარმოსაჩენად ერთ ნოველას გთავაზობთ, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ ბრწყინვალედ წაიკითხა.

მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნიას ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა, ყმუის მგელი. სამი დღეა, განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

_ უნდა წავიდე, _ იძახის გამიხარდა.

_ სად? _ ეკითხება ცოლი.

_ მგელთან.

_ გადაირიე, კაცო?!

_ კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს _ ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

_ მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! _ ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიას მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წიფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა, როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

_ ქალო! _ გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

_ დამისხი! _ თქვა გამიხარდამ და, როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

_ ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

_ აუუუ! _ თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება.

მე კი რატომღაც მინდოდა, სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here