Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლების თამაში საპნის ბუშტებით და 600 ათასზე მეტი ღატაკი ადამიანი

ხელისუფლების თამაში საპნის ბუშტებით და 600 ათასზე მეტი ღატაკი ადამიანი

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გითამაშიათ საპნის ბუშტებით. გაუშვებთ საპნის ბუშტს, გიხარიათ, ლამაზია, დაფარფატებს და შემდეგ მოულოდნელად სკდება და მის ადგილზე სიცარიელე რჩება. ეს ბავშვობაში, თორემ დიდობაში საპნის ბუშტებთან სათამაშოდ არც დროა და ხშირად არც სურვილი. სამაგიეროდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები საპნის ბუშტებით დიდობაშიც თამაშობენ და თანაც ისე ოსტატურად, ნებისმიერს შეშურდება. დახატავენ უზრუნველ მომავალს, დაგპირდებიან იმაზე მეტს, ვიდრე ყველაზე თამამ სიზმარში წარმოგიდგენია და, საბოლოო ჯამში, იღებ საპნის ბუშტს, რომელიც ძალიან ლამაზია და… შემდეგ სკდება, მის ადგილზე კი სიცარიელე ჩნდება და ვეღარაფერს ვერ ხედავთ. 

ეს ყველაფერი კი “საქსტატის” დასკვნის გამო დავწერეთ. მთელი წელი ხომ გვიმტკიცებდა ხელისუფლება: გეჩვენებათ, არც პროდუქტი გაძვირებულა, არც ფასები მომატებულა და, საზოგადოდ, ყველაზე მეტი ფული საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ახლა აქვსო. ჰოდა, გამოაქვეყნა “საქსტატმა” მონაცემები, რომელთა მიხედვით მთავარი პროდუქტი _ პური 11%-ით გაძვირდა, ხორცპროდუქტები _ 14,7%-ით, თევზეული _ 15,8%-ით, თამბაქოზე ხომ საერთოდ, კატასტროფა ხდება. “საქსტატის” მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ფასების მატებამ იქონია. სიმართლე გითხრათ, ეს ვერ გავიგეთ, რადგან პირიქით გვგონია, ანუ ინფლაციამ იქონია გავლენა ფასების ზრდაზე და არა პირიქით. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ საქართველოში პენსია 67 დოლარის ეკვივალენტია, რაც დღეში 2 დოლარზე ოდნავ მეტი გამოდის. აი, მსოფლიო სტანდარტებით კი, ადამიანს, რომელსაც დღეში ამ ოდენობის შემოსავალი აქვს, ღატაკად ითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სრულფასოვნად ვერ იკვებება, რომ შიმშილის ზღვარზეა, რომ შიმშილისგან დაღუპვა ელოდება. ჰო, ზუსტად ეს არის მსოფლიო სტანდარტი.

ქართულ რეალობაში კი ეს იმას ნიშნავს, რომ 600 ათასზე მეტი ადამიანი შიმშილობს, სიღატაკეშია და შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა გასულ კვირას ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელევიზიით ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ჩაწითლებული თვალებითა და ნატანჯი სახით ხალხს დახმარება სთხოვა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მან პირობა დადო: ამ განცხადებიდან ერთი წელი მომეცით და ყველაფერს დავალაგებო. და დაალაგა, ბატონებო, როგორ არ დაალაგა _ ლარი ისევ გაუფასურდა, ფასები გაიქცა და ნახევარ მილიონზე მეტ (სულ ცოტა) მოქალაქეს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ხელისუფლება ამას არ აღიარებს, არ აღიარებს თვითონ ბიძინა ივანიშვილიც და მხოლოდ იმას ამბობენ, მსოფლიო ჩვენი დემოკრატიით გავაოცეთო. ვერ გეტყვით, იციან თუ არა მათ ის, რომ მშიერ კუჭზე დემოკრატია დიქტატურად ჩანს, ხოლო ყოველგვარი დაპირება სწორედ იმ საპნის ბუშტს ჰგავს, რომლითაც ბავშვობაში ვერთობოდით, ესენი კი ახლაც რომ ერთობიან.

ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ფასების მატება შეუქცევად პროცესად იქცა. მაგალითად, ოქტომბერში გაძვირდა რძის პროდუქტები და უკვე სასაცილოდ ისმის ხელისუფალთა განცხადება: ეს ფასების სეზონური მატებააო. სეზონური მატება როცა არის, შემდეგ უნდა იყოს სეზონური კლება და, თუ კლებას იმას ეძახით, პაპანაქება ზაფხულში მწვანილის ფასი რომ იკლებს და კონას 50 თეთრის მაგივრად 40 თეთრად ვყიდულობთ, არ ვიცი. არაფერი არ იკლებს, ბატონებო, პირიქით _ ან მოიმატებს, ან იგივე რჩება, ზუსტად ისე, როგორც ნავთობპროდუქტების შემთხვევაში: მოიმატებს ფასი ბენზინზე _ გაძვირდა მსოფლიო ბაზარზეო, დაიკლებს მსოფლიო ბაზარზე _ ძვირად გვაქვს შემოტანილი და იაფად ვერ გავყიდითო. ამით მხოლოდ მოსახლეობა ზარალდება, თანაც ორმაგად, რადგან ხელისუფალნი საწვავს სახელმწიფოს ხარჯზე ასხამენ, სახლმწიფოს კი გადასახადებს ჩვენ ვუხდით.

გვგონია, რომ ფინანსთა მინისტრი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. უფრო ზუსტად, არ ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, თორემ, რომ ცხოვრობს და გვენახვება ხოლმე პერიოდულად, ფაქტია. ამას წინათ გამოვიდა მინისტრი და განაცხადა: ექსპერტების დასკვნით, პროდუქტების გაძვირება ინფლაციით არის გამოწვეული, რადგან საქართველოში პროდუქტები უცხოეთიდან შემოდის, იქ კი ვაჭრობა დოლარზეაო. აი, გულზე ხელი დაიდეთ და ისე გვითხარით: ხომ არ იცოდით, რომ ასე იყო, სანამ მინისტრი არ გეტყოდათ ამას? სანამ არ გამოვიდოდა და არ იტყოდა, რომ ექსპერტები, რომლებსაც ფულს ისევ ჩვენი გადასახადებით უხდიან, მუშაობდნენ იმაზე, რომ შემდეგ ამ პატივცემულ გვამს ეთქვა, _ ინფლაციის ბრალია ფასების მატება, დამშვიდდით, არაფერი საგანგაშო არ ხდებაო. საზოგადოდ, შეიძლება ვინმემ თქვას: საქართველოში ფინანსთა მინისტრობა უმადური საქმეაო. რეალურად კი, უმადური კი არა, მინისტრი მამალ ტყუილებს არ უნდა ამბობდეს, რომლებიც ხალხს უფრო გააღიზიანებს. მარტივ ჭეშმარიტებას არ უნდა გვასაღებდეს ისეთ ამბად, თითქოს ისეთივე აღმოჩენა გააკეთა, როგორიც თავის დროზე ქრისტეფორე კოლუმბმა. სხვათა შორის, მაშინ კოლუმბიც შეცდა აღმოჩენაში, მაგრამ ამის გამო არავის გაუკრიტიკებია. ჩვენი მინისტრი არ შეცდა აღმოჩენაში, მაგრამ კრიტიკის ნიაღვარი დაატყდა თავს. რატომ? იმიტომ, რომ სისულელე თქვა და ეს ის შემთხვევაა, როცა ჭეშმარიტებაც კი სისულელედ ისმის.

ახლა ხელისუფლებას ერთი სული აქვს, როდის მოვა დეკემბერი, რადგან წინასაახალწლო პერიოდში ლარზე მოთხოვნა იზრდება და ავტომატურად მყარდება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გამყარებას ხელისუფლება ცალკე დაიბრალებს, ეროვნული ბანკი _ ცალკე და ნოემბრის ბოლოს რამდენიმე ექსპერტიც ჭკვიანური სახით იტყვის: ჩემი გათვლებით, ლარი გამყარდებაო. შემდეგ ჩაივლის ახალი წლები და გაუფასურება მეზობელ ქვეყნებში არსებულ არამდგრად ეკონომიკურ ზრდას დაბრალდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ მეზობელ ქვეყნებში, უკვე წლებია, არამდგრადი ეკონომიკური ზრდა არის (ასე გვეუბნებიან), იქაური ეკონომიკა ბეწვის ხიდზე ჰკიდია და, ამის მიუხედავად, წლიდან წლამდე ისინი ვითარდებიან, ჩვენ კი უკან-უკან მივექანებით. თუნდაც თურქეთი ავიღოთ, ქვეყანა, რომელსაც პირველად შეესია საქართველოს მოსახლეობა საზღვრის გახსნის შემდეგ და უთოთი დაწყებული, ფოტოაპარატთ დამთავრებული, ყველაფერი იქ გაზიდა. მაშინ თურქეთი არ იყო განვითარებული, მაშინ ჩვენი უთოები და ფოტოაპარატები უკვირდათ, ძვირად ფასობდა, ახლა კი საქართველოს ეკონომიკის დიდი წილი სწორედ თურქეთზეა ჩამოკიდებული და მოწიწებით ვეახლებით ხოლმე ერდოღანს, რათა ჩვენ მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოს და ჩასაყლაპად გამზადებული აჭარა ყელში სრიალით არ გადაუშვას. იმავე თურქებს სასათბურე პირობებს ვუქმნით საქართველოში, ლამის მთელი აღმაშენებლის გამზირი გადავულოცეთ და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ჩაისა თუ თხილის პლანტაციებში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მონებად ჰყავთ. სიტყვა მონა ლექსიკონში ასეა განმარტებული _ “ყოველგვარ უფლებასა და საწარმოო საშუალებას მოკლებული პირი, რომელიც ვინმეს სრულ საკუთრებას წარმოადგენდა. სხვისი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, სხვისი მორჩილი…” და ვისაც იქ უმუშავია, დაგვეთანხმება, რომ ზუსტად ამ დღეში იყვნენ და შემდეგ ფაშვგადმოგდებულ ბატონს ელოდნენ, როდის გაიღებდა მოწყალებას და სისხლის ფასად ნაშოვნ გროშებს გადმოუყრიდა.

იმავე “საქსტატის” ცნობით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი გასულ წელს წავიდა. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაისად ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, მერე კიდევ უფრო და მერე კიდევ… ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, სადაც ნახევარ მილიონზე მეტის სიკვდილის ქრონიკაა გამოცხადებული, შიმშილით სიკვდილის და ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას აპირებს მომავალში ხელისუფლება, რას მოიგონებს წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, მორიგ საპნის ბუშტს გაბერავს, ყველაზე ფერადსა და ყველაზე თვალისმომჭრელს. შემდეგ ეს ბუშტიც წინა ბუშტების დარად გასკდება და კვლავ სიცარიელე დარჩება, სიცარიელე თვალებში, ჯიბეში, კუჭში… და არ ექნება მნიშვნელობა, ვინ რის მინისტრად დაინიშნება, რადგან მათზე არც ფასების მატება აისახება, არც იმაზე დაიწყებენ ნერვიულობას ყოველი დღის ბოლოს, რა აჭამონ შვილებს და არც დაღამების შეეშინდებათ, რადგან შინ მისულებს იმ დღის სარჩო არ ექნებათ მისატანი. ამას მათ ნაცვლად შინამოსამსახურეები აკეთებენ, ისინი, ვინც დაქირავებული ჰყავთ და ვისაც ხელფასს ისევ ჩვენი ჯიბიდან უხდიან.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ამ ე.წ წყობას რომლის სათავეში 5 ცენტურიანი ინტელექტის მქონე პირია წამოსკუპებული( ვის მიერ მგონი ვხვდებით ) შემუშავებულია სახელმწიფო დაქცევის მთელი რიგი წესები. როგორც არსებობს სახელმწიფო მოწყობის წესები რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს ითვალისწინებს ასევეა სახელმწიფო დაქცევა ა. როგორც სახელმწიფოს მოწყობის დოგმატურ საკითხებში ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთის კარგ საქმეებს ითვალისწინებენ და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობას აგრძელებენ ასე იყვნენ ედუარდი, მიშა და ბიძინაც ქვეყნის დაქცევის საკითხზეც შეჯერებულები. დაიწყო ედუარდიმ, ჩაყარა ფუნდამენტი ქვეყნის დაქცევის, მერე მიშამ გააღრმავა და ეს მესამე დემონი ეს უფრო შეუვალს და გარდაუალს ხდის საქართველოს დაქცევას. აი ასე უკუღმა მიუყვებიან ამ ქვეყნის გზას და ჩვენ ამ სამ დამაქცევარ გამოვლილ ხალხს კიდე ვერ შეგვიგნია რომ ესენი არიან გასანეიტრალებლები? დაგვინგრიეს ცხოვრება ამ არარაობებმა, წაგვართვეს ცხოვრება და ეს ყველაფერი შევარჩინოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here