ასე შეაფასა გაზეთმა “პარიზიენმა” 2002 წლის 7 მარტს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” საგასტროლო წარმოდგენა.
უფრო სრულად ასე:
“სპექტაკლში ყოველივე პროფესიული სრულქმნილებითაა გადმოცემული. ეს სიხარული და ბედნიერება სცილდება ყოველგვარ ზღვარსა და ჩარჩოებს, რომლებიც ამ დროს მაყურებელში იჩენს თავს”. ფონდმა “ქართულმა გალობამ” გამოსცა წიგნი “ერისიონის” მუდმივი ხელმძღვანელის, ღვაწლმოსილი ლოტბარის _ ჯემალ ჭკუასელის შესახებ, რომლის ავტორია ეთერ თათარაიძე. თუ ვინმეს ეთერ თათარაიძის წარდგენა სჭირდება, არ უცხოვრია საქართველოში და ეგაა.
გამთენიისას ცა რომ გაიცრიცება და ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი რომ შემორჩება ხვალეს განათებულ კაბადონს, ასეთია მისი უნიკალური პოეტური შემოქმედება:
“სამკადრეოთ ვხყუდივარ,
ლექსის ხატის კარებზე,
თაფლის სანთლებ რქათ მინთი
შესაწირა ხარებზე…
მზე მისვენავ ანგელოზს
საფირონის თვალებზე…”
პოეტი (“სრულიად ჩამოყალიბებული თვალთახედვის, აზრის მრწამსის პოეტი” თენგიზ მირზაშვილი), ფოლკლორისტი, მეცნიერი და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების თავდაუზოგავი მსახური, თუმც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი.
მუდმივად დაკავებული ამ საქმიანობით.
ეს-ესაა, ფონდმა “ქართულმა გალობამ” გამოსცა ეთერ თათარაიძის წიგნი “ჯემალ ჭკუასელი”.
ავტორთან შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირის ოთხშაბათს შევხვდებოდი ინტერვიუს ჩამოსართმევად. მანამდე თბილისიდან იქნებოდა გასული საქართველოს ტელევიზიით 40 წლის წინათ გადაცემული პირველი ფოლკლორული ზეიმისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეთა მოსაძებნად.
_ იპოვეთ, ვისაც ეძებდით, ქალბატონო ეთერ?
_ მთელი ცხოვრება ძებნაში ვარ (იცინის). 1979 წლის 14 აპრილის მერე, ფოლკლორის საღამო პირველად რომ გაიმართა, 40 წელიწადი გავიდა. ვგეგმავთ, რომ ეს საიუბილეო ღონისძიება 2019 წლის 25 ნოემბერს ჩატარდება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. იქ ,უკვე 10 წელიწადია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ვმართავთ უწყვეტლივ, წელიწადში ერთხელ, ამ საღამოებს.
(თემამ გაგვიტაცა და მივყვეთ. ნაჩუქარი წიგნი მაგიდაზე დევს, როგორც რეგლამენტის შეხსენების ნიშანი).
_ ვეძებდით იმათ, _ განაგრძობს ეთერი, _ ვინც პირველ ორ საღამოში მონაწილეობდა, და, პარალელურად, იმათ შესარჩევადაც, ვისაც ახლა მოვიწვევდით. აი, გუშინ, მაგალითად, ახმეტაში დილიდან ღამემდე ვიყავით გასული, პანკისის ხეობაში. ალვანელებიც მონაწილეობდნენ პირველ საღამოში. შევხვდით თუში მეცხვარის პლატონ უსურაულის ქალიშვილს _ ლელა უსურაულს, რომელიც მაშინ ძალით ჩამოიყვანეს თბილისში და ამღერეს ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა და ჩუბჩიკამ _ თენგიზ მირზაშვილმა. ახლა ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში, რადგან ძალიან დამძიმებული აქვს ცხოვრება. უარი თქვა. დანარჩენები, ვინც ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფოს, ალბათ, გამოვლენ სცენაზე. უხარიათ, აღარც არავინ ელოდა ეგეთ შეხმიანებას.
ვეძებთ ახლებსაც. გვინდა, რომ ეს იყოს გამორჩეული საღამო. ვებღაუჭებით ხავსებს და გვინდა, რომ არ მოკვდეს ის, რაც ქართულ სულში იყო. საბედნიეროდ, არიან ახალგაზრდებიც. გუშინაც შევხვდით ერთ, ძალიან საინტერესო ავტორს. იმედიანად ვართ. ვფიქრობ, რომ ეს საღამო შედგება, თანაც ძალიან საინტერესოდ.
_ 40 წლის წინანდელ საღამოს მონაწილეთა შორის მაინცდამაინც ახალგაზრდები არ იყვნენ… ასე მახსოვს.
_ ძირითადად ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იყო ახალგაზრდების რაღაც ფენა, რომელიც, საბედნიეროდ, თითქმის მთლიანად არის გადარჩენილი. ხანდაზმულები, სამწუხაროდ, აღარ არიან… თუმცა ახალგაზრდებსაც მოემატა ის 40 წელიწადი, როგორც ჩვენ (იცინის მორიდებულად).
ვეპატიჟებით, აგრეთვე, ძალიან დიდი ღვაწლის ხალხს, რომელმაც ის საღამოები ასე ნათლივრად ატარეთ საქართველოში. ვინც ეს მოვლენა არ შეზღუდეთ; პირიქით, რაც შეგეძლოთ, ხელი შეგვიწყვეთ. ვინც ამ საღამოს ცნობადობა დაუტოვა მთელ თავის ქვეყანას, პირველ რიგში გეპატიჟებით. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვინც სცენაზე გამოვიდა და ლექსი წაიკითხა.
_ ეგრე არ არის, ქალბატონო ეთერ!
_ არა, არის! თუ ეს იქვე მოკვდებოდა, თუ ამ საღამოს გაიგებდა მხოლოდ ერთი დარბაზი, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მე ამას საქებრად არ ვამბობ. საქმე ასე იყო.
პირდაპირ ვიტყვი, ნუგზარ ფოფხაძე, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე, ტეტელევიზიის მაშინდელი ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია, ტელევიზიის ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, დარჩებიან ისტორიაში.
_ ამ ყველაფერს სათავეში ედგა ვახუშტი კოტეტიშვილი, აღმოსავლური პოეზიის უბადლო მთარგმნელი, თვითონაც ბრწყინვალე პოეტი, მეცნიერი და ტელეწამყვანად დაბადებული კაცი… ხომ ვიცი, რა სიდიდე იყო, მოვლენა, მაგრამ, რა ვქნა, ჩემთვის მაინც იმ ბიჭად რჩება, რომელთან ერთადაც თერთმეტი წელიწადი ერთ მერხზე ვისხედით, რომელიც პირველ–მეორე კლასებში, გაკვეთილი რომ გაგვიცდებოდა, მასწავლებლის მაგიდასთან დადგებოდა და გვიკითხავდა ლექსს ონავარ, მურაბის მოყვარულ და–ძმაზე _ “ამოვსვლიპოთ, ამოვთხვლიპოთ, რას გაგვიგებს ბებიაო, მერე მურით მოვითხუპნოთ ცხვირ–პირი და ყბებიაო”, ხოლო მეთერთმეტე კლასის სახელმწიფო გამოცდას ფიზიკაში ლექსად ჩააბარებდა… ვახუშტი კოტეტიშვილი მისი მეგობრებისთვის მუდმივი აღმოჩენა იყო…
_ ვახუშტისა და ლექსო ჭინჭარაულს მიჰყავდათ ის საღამოები. ჩუბჩიკა კულისებში იდგა და იქიდან ხელმძღვანელობდა ყველაფერს.
ვახუშტი, მოგეხსენებათ, თავისი მამის, ქართული ფოლკლორის მეცნიერული კვლევის ფუძის ჩამყრელის, დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის შვილი იყო, და მის კვალში ჩამდგარი, ღირსეულად აგრძელებდა ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის საქმეს. ამ დიდ მკვლევარს შვიდტომეული მარტო სასიმღერო ტექსტები ჰქონდა მომზადებული, მაგრამ, როცა დახვრიტეს, ყველაფერი უკვალოდ გაქრა _ მისი ნაშრომები, მისი დედნები.
მაგრამ ნახეთ, რა ქნა უფალმა _ მისი შვილი მოავლინა ამქვეყნად, რომელსაც უგონოდ უყვარდა ქართული ზეპირსიტყვიერება და თვითონაც ქმნიდა ბრწყინვალე ნიმუშებს. როგორ კაფიობდა ვახუშტი, ცნობილია, როგორ წერდა ხალხურ საზომში, ესეც ფაქტია. მე ვიტყოდი, რომ იგი ისეთივე ღონისა და რანგის მოღვაწეა თავისი ქვეყნისთვის, როგორიც მამამისი იყო.
_ სიხარულით შევიტყვე, რომ გამოგიციათ წიგნი ანსამბლ “ერისიონის” დამფუძნებელსა და უცვლელ ხელმძღვანელზე _ ჯემალ ჭკუასელზე.
_ დღეს უნდა გაჩუქოთ.
_ გმადლობთ!.. და ძალიან გამეხარდა, რადგან, თუ ვინმეს უნდა გამოეცა წიგნი ბატონ ჯემალზე, რა თქმა უნდა, ეთერ თათარაიძე უნდა ყოფილიყო. რამ მოგხიბლათ, რამ გადაგაწყვეტინათ წიგნის დაწერა, ეგ ხომ ძალიან დიდი და მძიმე შრომაა.
_ ძალიან დიდი შრომა უდევს მართლაც ამ წიგნს საფუძვლად. არ დავიწყებ რაღაც “არას” და ასეთი უაზრო ფრაზებით ლაპარაკს. არც მახასიათებს… დიდი რისკიც იყო.
მე არ ვარ ეთნომუსიკოლოგი. ზეპირსიტყვიერების სპეციალისტი ვარ. სიტყვის ცოტათი მცოდნე… (თავს იმდაბლებს იმიტომ, რომ ბუნებით არის ასეთი, “და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (მათ. 23, 12).
ეს წიგნი არც მონოგრაფიაა, რომ ვთქვათ, ყველანაირი მკითხველისთვის ინფორმაციის მიმცემია, ადამიანური პორტრეტია ჯემალ ჭკუასელის და არა მისი შემოქმედებითი ხატება.
წიგნის ის ნაწილი, რომელშიც მის მეგობრებსა და მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, ჩემია; ხოლო იუმორი, რომელიც წიგნში ცალკე ამბად არის შეტანილი, მისია. პატარა წიგნად იყო ჩემამდე გამოცემული. თვითონ ისურვა ასე. უამისოდ ნაკლული იქნებოდა წიგნი, რა თქმა უნდა. თუმცა მის საუბარში ყოველ წამს ჩანს, როგორი იუმორის პატრონიც არის.
ციტატა წიგნიდან
76 გვერდი უკავია იუმორს წიგნში. მხოლოდ ორ მაგალითს მოვიხმობ თვალსაჩინოებისთვის და ზოგიერთათვის ჭკუის სასწავლებლად.
“ოზურგეთში, ჭადრების ჩრდილში ათიოდე კაცი ხელების ქნევით დაობდა, მივუახლოვდი, მივესალმე, მომესალმნენ:
_ ჯემალის გაუმარჯოს!
_ როდის ჩამოი?
_ დღეს.
_ როის მიხვალ?
_ აცალეთ, ბიჭო, კაცს ჩამოსვლა მის ქვეყანაში, _ შეუკივლა რეზომ.
ქვეყანაშიო?! გამიკვირდა. თურმე, ნუ იტყვით, გურიის ცალკე სახელმწიფოდ გამოცხადების თაობაზე ჰქონიათ ამხელა დავიდარაბა. ამისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მოაგვარეს “ათის დათლაში”. ჯარი, საზღვარი, ჩაი, ნაბეღლავი, ადესა, ზღვაი, მთაი, კრიმანჭული, მაგნიტიტი, ციტრუსი, ჩაქუხა… ყოლიფერი ქი იყო, მარა რათ გინდა?! ერთი უბრალო რაცხა უშლიდა ხელს _ ელჩობისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი ვერ შეაგროვეს. “ნამეტანი ბევრი პატარა ქვეყნებია დუნიაზე, აი დასაწვავიო”, _ ჩიოდნენ. ამიტომ საკითხი მერეიზა გადადვეს”.
თემები _ აქტუალური და მრავალპლანიანი, მასშტაბი _ საქართველოს საზღვრებს გაცილებული. ზოგიც _ ფილოსოფიური განსჯა.
გურულები ყველაზე მეტად თავიანთი კუთხის შვილებს დასცინიან. ბატონი ჯემალი იხსენებს:
“გურულ ფერხულში “მესამე სართულზე” ყოველ კონცერტზე ერთი და იგივე მოცეკვავე ადიოდა დოლით ხელში. ეს ძნელად შესასრულებელი ილეთია. ვინაიდან გრძელვადიან გასტროლებზე გახლდით აშშ-ში, ვწუხდი _ ეს ბიჭი ან ავად არ გახდეს, ან სხვა რამე არ დაემართოს (ცუდისგან ღმერთმა დაიფაროს!), შემცვლელი ხომ უნდა ჰყავდეს-მეთქი. ამიტომ მეორე ტანმორჩილ გურულს ვუთხარი _ ხანდახან შეცვალე “მესამე სართულზე” შენი მეგობარი-თქო. გადაჭრით უარი მტკიცა _ მე იმ სიმაღლეზე ვერ ავალ და, თუ ავედი, დიდხანს ვერ გავძლებო.
_ ვითომ რატომ? _ გავიკვირვე.
_ იმიტომ, რომ კახა მქვია.
_ აბა, იმას რა ჰქვია?
_ რა ჰქვია და ედუარდი”.
მკითხველის კარგ ხასიათზე მოსაყვანად ეს ორი ჩანართი ხომ გამოვიყენეთ.
გამოვიყენეთ.
მაშასადამე, უფლება გვაქვს, განვაგრძოთ ქალბატონ ეთერ თათარაიძესთან საუბარი.
საინტერესო ამბებზე ილაპარაკებს.
“ქართული ლეგენდა” (“ერისიონი”) უბადლო და სწორუპოვარია
_ შვიდ ამბად განაწილდა წიგნი “ჯემალ ჭკუასელი. ვინც წაიკითხა, ისე მეუბნება თუ ასე, არ ვიცი, მაგრამ ყველას მოსწონს. მთავარია, მოსწონთ ის, რომ პოულობენ თვითონ ამ ადამიანის ნამდვილ პორტრეტს.
_ შემოქმედებით და ადამიანურ სახეს?
_ მე თავიდანვე ვამბობდი, რომ არ ვაპირებდი მის შემოქმედებით პორტრეტზე მუშაობას. იმიტომ, რომ ეს ეთნომუსიკოლოგების საქმეა, სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა უნდა შესულიყო, რა არა. ეგ არც ეხება “ქართულ ლეგენდას”. ის (“ლეგენდა”) არის უკვე გამართლებული მსოფლიოს თვალში, რადგან ჩვენი ქვეყნის სახელი უკვე გაიტანა დედამიწაზე.
ქართული ფოლკლორი უკიდეგანოა. მავანის კერძო აზრი _ ამას გამოვაკლებდი და იმას დავუმატებდი, მაშინ, როცა საქმე წარმატებულია, სრულიად ზედმეტი და არაფრის მომცემი არ არის, ლამპარივით უკან მიდევნებული სურვილები და შენიშვნებია.
_ მაგის ოსტატებიც გვყავს.
_ ეგეთები რომ ვართ, გამოჩნდა კიდეც. არც მინდა გახსენება… თუ ისეთი შედეგით დასრულდა საქმე, როგორითაც “ქართულმა ლეგენდამ” თავზე გვირგვინი დაიდგა, იქ მარჩიელობა და მჩხიბაობა აღარაფრის მომცემია, რამდენიც გინდა იამბო. “ერისიონმა” სულ რომ არაფერი ვგონივართ, იმ მსოფლიოს აღიარებინა, რომ ჩვენს პაწაწინა ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთი სიღრმისა და ასეთი სიდიდის კულტურა აქვს.
წიგნში ვსაუბრობ ბატონ ჯემალზე _ დაბადებიდან მის ხანდაზმულობამდე (“ჯერ სიბერემდე ჯვარი სწერია”). ბევრ ახალ ამბავს გაიგებს მის შესახებ მკითხველი: მის ცხოვრებაზე, მის ბავშვობაზე, მის სიყვარულზე, მის სიდიდეზე, ანსამბლში მის მოხვედრაზე, მის მეგობრებზე…
აქ იკვეთება ძალიან ბევრი ჩვენი მოღვაწის პორტრეტები. მათ შორისაა ჯანსუღ კახიძე, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა; მერაბ ბერძენიშვილი, რომელიც კოსტიუმებს ქმნიდა “ერისიონისთვის”. ყველანი ხედავდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ ძალა მოდიოდა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ლიდერის, ხელმძღვანელის უნარი.
ჯემალ ჭკუასელის ახლობელ ადამიანებზე საუბრისას ქალბატონი ეთერი ერთ პიროვნებაზე აკეთებს აქცენტს _ გეოლოგ ჯანო გიორგაძეზე:
_ გული მწყდება, რომ აქამდე არც კი ვიცოდი გვარ-სახელი ამ ადამიანის, რომელმაც აიძულა, ამ გზას (ხელოვანის გზას) დადგომოდა ჯემალ ჭკუასელი. ჯანო ეკითხება, რა სპეციალობა გაქვსო, აგრონომიო, უპასუხებს ბატონი ჯემალი. _ რაის აგრონომიო, ატამი და ვაშლი ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევია. წადი, ბიჭო, მიხედე სიმღერას, წადი იმღერეო!
ზოგჯერ ერთი ფრაზაც აუწონის ადამიანს მთელ ცხოვრებას. ჯანო გიორგაძემ ძალიან სწორად აუწონა და განუსაზღვრა მომავალი ბატონ ჯემალს.
ციტატა წიგნიდან
“ჯანო კახიძეზე იმდენი მაქვს სალაპარაკო. ქუთაისის ანსამბლი ვართ ბალტიისპირეთში. უცებ ვხედავ აფიშას: მეორე დღეს აქვს სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. იმას ჩვენი აფიშა უნახავს. თაიგულები, მე რომ მომართვეს, გავუგზავნე მეშვიდე რიგში, ახლაც მახსოვს, მეშვიდე რიგში იჯდა ჯანო. მიართვით იმას, ვინც მომიტანა-მეთქი. გაგიჟდა: “რა ქენი, ბიჭო, ესაო!” სად გამომიგზავნეო…
კონცერტის შემდეგ წავედით სავახშმოდ. არ იღებს ხმას. არც მე ვიღებ.
_ ბიჭო, შენი დირიჟორობა მომეწონა.
_ რა დირიჟორობა მოგეწონა, ხელი არ გამომიღია.
_ ჰოდა, ეგ მომეწონა, რო არ გამოგიღია ხელი და არ იდირიჟორეო…
ჯანო გიორგაძემ მითხრა: ამხელა კაცმა, ჯანო კახიძემ, დაგახასიათა, რომ შეძლებო.
არა, მე მინდა ჩემი სპეციალობითო. რა აგრონომიც ხარ, ბიჭო, ვიცი. ამას წინათ მე გკითხე, რაცხას ჭამდი, რას ჭამო? მითხარი _ ვაშლსო. ვხედავ, ატამს ჭამდი… რაის აგრონომი ხარ, ბიჭო შენო…
რას ნიშნავს ერთი კაცი? ხანდახან მთელ სახელმწიფოს, ასეთი იყო ჯანო… (მოსკოვში ტროლეიბუსმა დაარტყა ჯანო გიორგაძეს. რაღაცას კითხულობდა, ტროლეიბუსი ავარდა ტროტუარზე…)”.
არანაირი კონსერვატორია არ აქვს დამთავრებული, მაგრამ უმაღლესი მუსიკალური განათლება მიღებული აქვს ფოლკლორში, რომელიც ყველაზე დიდ კონსერვატორიებს აჭარბებს: მამა ჰყავს შერმანდი ჭკუასელი, რომელიც არის სიმონიშვილების, ერქომაიშვილებისა და იმ თაობის გენიალური მომღერლების გვერდით მდგომი ფანტასტიკური მომღერალი. მათი დიდი სკოლა აქვს გავლილი ჯემალ ჭკუასელს, რომელსაც ვერ გაივლი კონსერვატორიაში.
ბატონი ჯემალი არის ძალიან წრფელი მთხრობელი, დაუნდობელი თავის თავისაც კი. ხოლო როცა სიმართლეა, წიგნი უკვე წარმატებული იქნება.
ის არის უკიდუგენო ადამიანი თავის სამეგობრო სივრცეში. იმდენმა ამბავმა მოიყარა აქ თავი, რომლებიც წიგნში არ შესულა, რომ გული მწყდება. უფრო მეტი გამოჩნდება კიდევ, მაგრამ ეგ ბედნიერებაა, მე ვთვლი. მომავალში კიდევ ვინმემ აუცილებლად უნდა გააკეთოს არა მხოლოდ ამ ტიპის წიგნი, არამედ, თუნდაც, მარტო ფოტომასალა, ალბომებად გამოცემული, თავისი მინაწერებით. ეს იქნება დიდი შენაძენი ჩვენი კულტურისთვის და ისტორიისთვის. ეს უმდიდრესი ფოტომასალა ვერ შევიტანეთ წიგნში, ამ გამოცემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.
ეს წიგნი ფონდ “ქართული გალობის” მეექვსე სერიული გამოცემაა. მართლა საინტერესო გამოცემებს ამზადებენ იქ.
_ ბატონ ჯემალს ხომ არ მოეძალა განწყობილება _ მე რაც შემეძლო, გავაკეთე, ახლა სხვებმა მიხედონო?
_ არა, პირიქით: ოცნებობს ბავშვივით, რა უნდა გააკეთოს, რა აქვს გასაკეთებელი. წარმოუდგენელი ენერგიის ადამიანია. დაუღალავია. მის ორ-სამ რეპეტიციას დავესწარი და, რაც იქ ვნახე, იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ.
ამჟამად “ერისიონში” სიმღერა ჩაიბარა მისმა ვაჟმა, რომელიც წლობით ამ ანსამბლში მოღვაწეობდა, მღეროდა _ შერმანდინ ჭკუასელმა (ბაბუის სეხნიაა). მამამ თქვაო: დროებით ედიშერი დაარქვით, ვაითუ შერმანდი არ გამოვიდესო. ეტყობა, იუმორი ამ გვარს თაობიდან თაობაში ბუნებრივად გადაეცემა.
ეტყობა, გამოუვიდა, რადგან დარჩა შერმანდინად.
“ერისიონის” წარმატებები (ეს არის პირველი რიგის სათქმელი) ბატონ ჯემალთან ერთად ფანტასტიკური ქორეოგრაფის _ რეზო ჭოხონელიძის დამსახურებაც არის. არაჩვეულებრივი ტანდემი იყო. ძალიან ემადლიერება მას ბატონი ჯემალი. ქორეოგრაფიას ამჯერად ჭკუასელების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს _ ეკა ჭკუასელი.
_ რამდენ ხანს გაგიგრძელდათ წიგნზე მუშაობა? წელიწადი?
_ მეტი! ეგრე არაფერი გამძნელებია. მე არ უნდა გავცნობოდი იმ მასალას, რომელიც არსებობდა-თქო, სანამ ამას ვაბრალებდი. რაღაცები მზღუდავდა. ზოგჯერ ერთ გზას რომ გავყვებოდი, მერე მივხვდებოდი, რომ ასე არ შეიძლება. არსებულ მასალებს, ყველაფერს წინასწარ რომ არ გავცნობოდი (რამაც შემიშალა ხელი), მაშინ ეგეთი წიგნი შეიძლება ორ თვეში დამემთავრებინა.
თავის თავზე ყველაფერს ყვება ბატონი ჯემალი. საშინელება ხდებოდა, როცა იგი სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად დანიშნეს. ებრძოდნენ, როგორც ვიცით ქართველებმა, ისე. მანამდე, როცა ქუთაისის ანსამბლის ხელმძღვანელად მიიწვიეს, უცებვე გამოჩნდნენ ავისმოსურნენი. სამი თვე მაინც აცალეთ, რამე რომ გააკეთოსო, შეეწინააღმდეგენ ჭკუადამჯდარნი. სამი თვის მერე იქიდან ვერავინ გამოიყვანსო.
_ ესე იგი, იცოდნენ, რა დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობის პატრონიც იყო.
_ დიახაც იცოდნენ და კონკურენტის გზიდან ჩამოცილებას ცდილობდნენ… მე მებრძოლი კაცი ვარო, _ ამბობს ბატონი ჯემალი. არაფრის მეშინიაო. მაგრამ ძალიან დიდხანს უარს ამბობდა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს სათავეში რომ ჩადგომოდა. ამავე დროს არგამმეტებელია: გვარ-სახელს არ იტყვის ვინც უხიმანა, ვინც უმტრო იმისას.
თავის ცოლზე უგონოდ შეყვარებულია. ფანტასტიკური ოჯახი აქვს, არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს, შვილიშვილებით, შვილთაშვილებით დახუნძლულია. ღმერთმა კვლავაც ამრავლოს!
გიული ცოლად მეცხრე კლასიდან გაჰყვა ჯემალს. ღვთიური ადამიანია, ქალაქელი გოგო, რომელსაც სოფლის არაფერი გაეგებოდა. შემოდგომაზე პირველად წაბლის ჩენჩო რომ ჩამოიყრება, დაინახა და ჯემალს დაუძახა: _ ჯემალ, მოდი, რამდენი ზღარბიაო.
ციტატა წიგნიდან
“ერთხელ მესმის ძახილი: დაღმართი იყო, ეზოს დაბლა ხევი და იქ იდგა წაბლის ხე, _ ჯემალ, ჯემალ, აქ მოდი, აქ მოდი, რამოდენა ზღარბებიაო.
ჩავედი. სადაა ზღარბები, არ ინძრევიან.
_ შენ რომ ხმამაღლა დამიძახე, შეეშინდათ და დაიმალნენ, გაჩერდნენ, _ მოვკიდე ერთ წაბლის ჩენჩოს ხელი და:
_ არ მოკიდო, არ მოკიდო, გიჩხვლიტავსო…
გადავაბრუნე ის ჩენჩო და გაიკვირვა, ეს რანაირი ზღარბიაო?!
_ როგორი ზღარბია და შვილი გეექცა სადღაც და იმიტომაა ცარიელი.
დამიჯერა, ძალიან გულუბრყვილო იყო”.
თვითონ ამბობს ბატონი ჯემალი, გიული რომ არ მყოლოდა, მე არავინ ვიქნებოდიო…
_ თქვენს ამ წიგნს რა ვერდიქტი გამოუტანა ბატონმა ჯემალმა?
_ მითხრა, რომ ახლა მივხვდი, ვინც ვყოფილვარო. ვითომ ახლა მიხვდა _ თვითონ იამბო, ვინ არის: თურმე რა კარგი ბიჭი ყოფილა (გულიანად ვიცინით).
P.S. ამ ინტერვიუს დასკვნით სიტყვად აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნში გამოქვეყნებული წერილის ერთ აბზაცს მოვუხმობდი.
“როცა ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებით წარმატებებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ქვეყნის _ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტია, ღვთისმოსავია და სამშობლოს მომავალზე მოფიქრალია. ეჭვი არ არის, რომ ჯემალ ჭკუასელი მომავალშიც წარმატებით იღვაწებს ქართული ხელოვნების წინსვლისა და გამარჯვებისათვის”.
მოვუხმობდი და სწორიც იქნებოდა!
მაგრამ წიგნის ხალისიანი განწყობილების შესანარჩუნებლად ორიოდ სიტყვას დავუმატებ ჯემალ ჭკუასელის იუმორის ზარდახშიდან:
“1982 წლის 10 მარტს თბილისში ახლადშექმნილი ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოვიყვანე. პრემიერა დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ბატონი ედუარდ შევარდნაძეც დაგვესწრო. თან მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრები იახლა უკლებლივ.
კონცერტის შემდეგ კულისებში შემოვიდა, მოგვითხრო, რომ ქუთაისის საზოგადოებაც ძალიან კმაყოფილი და გახარებულია, რასაც მთელი გულით გილოცავთო…
შემდეგ მოულოდნელად ჩამეკითხა:
_ ჯემალ, სადაური ხარ შენ?
_ გურული, _ ვუპასუხე ამაყად.
_ მთავარი ქორეოგრაფი? (ჭოხონელიძე)
_ ისიც გურულია.
_ მხატვარი მერაბ ბერძენიშვილიც გურულია, ხომ?
_ დიახ.
_ ქუთაისის ქალაქკომის მდივანი?
_ გურული ვარ, _ გაკვირვებით უპასუხა ნუგზარ რუხაძემ.
_ მეც გურული ვარ და ამ ქუთაისლებს, ნეტა რა უხარიათ? _ გულიანად გაიცინა ედუარდ შევარდნაძემ”.
არმაზ სანებლიძე