ვისთვის ყვავის და ვისთვის მიიწევს წინ “არნახული ტემპებით” ჩვენი ეკონომიკა _ მხოლოდ მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატებისთვის?
არაერთხელ დაგვიწერია იმის შესახებ, რომ ერი შიმშილობს. ჰო, იმ მდგომარეობას, რომელშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილია, შიმშილობა ჰქვია და სხვა არაფერი. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომლებითაც ნათელია, რომ პატარა ბავშვების ნატვრა, სათამაშო კი არა, საჭმელია და ყველა ეს შემთხვევა, ცალკე აღებული, ტრაგედიაა. ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ, წინ მივიწევთ; ეკონომიკა, რეგიონში არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ყვავის და თურმე ვითარდება, მაგრამ, როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ეს ყველაფერი ვერ აისახება რიგითი ადამიანების ყოფაზე. სამაგიეროდ, ძალიან კარგად აისახება მაღალჩინოსნებზე, რომელთა ქონება, დეკლარაციების მიხედვით, წლიდან წლამდე იმატებს.
კომპანიები Concern World wide და Welthungerhilfe ერთობლივად ამზადებენ კვლევას “შიმშლობის მსოფლიო ინდექსი”. ახლა 2019 წლის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ, “შიმშილობის მსოფლიო ინდექსის” წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით. ინდექსში ინფორმაცია 117 ქვეყანაზეა მოცემული, ანუ იმ სახელმწიფოებზე, რომლებშიც ეს პრობლემა მწვავედ დგას და, მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილობის ინდექსი პროგრესისკენ მიდის, მაგრამ რიგ ქვეყნებში რეგრესის ტენდენციაც შეინიშნება. კვლევის თანახმად, 117 ქვეყნიდან 47-ში შიმშილობის დონე “სერიოზული” ან “საგანგაშოა”, ხოლო ცენტრალური აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში მდგომარეობა შეფასებულია, როგორც “უკიდურესად საგანგაშო”. იქ შიმშილით ყოველდღიურად ათობით ბავშვი იღუპება.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. “შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019”-ში საქართველოს 39-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვს, მაგალითად, ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, საუკეთესო მაჩვენებლები უკრაინასა და ბელარუსს აქვთ _ იმ უკრაინას, რომელშიც ომია, და იმ ბელარუსს, რომელსაც თურმე “დიქტატორი” მართავს.
ამ სიის გაცნობის შემდეგ ერთი რიტორიკული კითხვა არ გაგიჩნდა, მკითხველო? _ თუ ჩვენი ეკონომიკა რეგიონში ყველაზე “მაგარია”, რატომაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთზე მეტად ვშიმშილობთ? თუ მათი ეკონომიკა ჩვენსას ჩამორჩება, მაგრამ ჩვენზე ნაკლებად შიათ, გამოდის, მათი მთავრობები ეფექტიანად მუშაობენ, ჩვენი კი არ ვარგა. და, თუ მთავრობა არ გვატყუებს, მაშინ ვისთვის ყვავის და ვისთვის მიიწევს წინ “არნახული ტემპით” ჩვენი ეკონომიკა _ მარტო მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატებისთვის? მერე ხალხი, რომლის შრომითაც იქმნება მატერიალური სიკეთე? ხალხს რა?
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს (და არა მძიმე) სოციალურ ფონზე არაერთხელ დაგვიწერია, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯიუტად ცდილობენ, სხვა რეალობა დაგვანახვონ. არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედ ხელისუფლებაზე ვიტყვით ამას თუ მის წინამორბედზე, მაგრამ ფაქტია, რომ წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება; წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დილით ნაგვის ურნაში არიან გადაყუდებული, წლიდან წლამდე უფასურდება ეროვნული ვალუტა და ძვირდება პროდუქტები (პროდუქტების გაძვირებას წლები არ სჭირდება, ეს თვიდან თვემდე ხდება), მატულობს უმუშევრობა, მაგრამ… ჰოი, საოცრებავ, ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ციფრებში ეს ყველაფერი პირიქითაა. პირიქითაა, გარდა ერთისა _ საქსტატის მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი მეტია პენსიაზე. დაახლოებით 600 ათასი პენსიონერი საოცრებას ახდენს და სულდგმულობს იმაზე ნაკლებით, ვიდრე სახელმწიფო სტანდარტით არის დადგენილი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმუმიც სადავო თემაა, რადგან არაერთ ექსპერტსა და უშუალოდ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობასაც სჯერა, რომ ადამიანს ბევრად მეტი სჭირდება, ვიდრე სახელმწიფოს აქვს დადგენილი.
თუ გახსოვთ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ხუმრობდნენ: ამ ზამთარს ვინც გადავრჩებით, სურათი ერთად გადავიღოთო. და ასე გრძელდებოდა ზამთრიდან ზამთრამდე. შემდეგ ამ ხუმრობამ უკანა პლანზე გადაიწია, რადგან ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, როგორც იქნა, აღარ გვიკვირდა, მაგრამ შიმშილის პრობლემა მაშინაც იყო, ახლაც არის და ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც იქნება. ისე, შევარდნაძის დროს ცოტა მეტი გასაქანი იყო, რადგან კანონს უჭირდა და ადამიანებს, რომლებსაც 7 ლარი ჰქონდათ პენსია, სხვა საშუალებები ჰქონდათ ცხოვრებისთვის. შემდეგ პენსია გაიზარდა, ეს საშუალებები კი შემცირდა და ახლა ასეა _ არც პენსიაა საკმარისი და აღარც “სხვა საშუალებები”აქვთ ადამიანებს. ჰოდა, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს მეცნიერებმა საქართველოზე დაკვირვებაც ჩაატარონ, როგორც ცხოვრობს ასიათასობით ადამიანი, ისე, რომ მათი შემოსავალი არსებობისთვის საკმარისი არ არის.
ეს ყველაფერი იმიტომ გაგახსენეთ, რომ მთავარი სათქმელი გითხრათ: ხელისუფლება (მოქმედიც და წინაც) ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. როცა ხელს აძლევთ, დასავლურ კვლევებს ცხვირში გვჩრიან და, როგორც არ უნდა მოგვწონდეს, გვიმტკიცებენ: ეს ყველაფერი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის გაკეთებული და მათი უტყუარობა ეჭვს არ იწვევსო. საკმარისია, იმავე ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა სხვა შედეგი გამოაქვეყნონ, რომ… ინფორმაცია, უბრალოდ, ქრება. ჰო, ქრება, რადგან მას მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ ოპოზიციური ტელევიზიები (გაკვრით იმიტომ, რომ იმ ტელევიზიებს შიდა პოლიტიკის “დალაგება” აქვთ დავალებული და ეს უფრო აინტერესებთ), გაკვრით თუ გამოჩნდება სოციალურ ქსელში და დამთავრდა. აბა, რას მივაწეროთ ის, რომ ამ ორი ცნობილი ორგანიზაციის კვლევა რეგიონის პრაქტიკულად ყველა საინფორმაციომ გააშუქა, ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა გაიმართა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში (ძირითადად აფრიკის ამბებზე წუხდნენ), ჩვენთან კი თბილისური თოვლივით იყო _ დილით სადღაც თქვეს, ვიღაცამ გაიგონა, მერე კი საინფორმაციო სივრციდან გაქრა. ძალიან გვაინტერესებს, რატომ არ გამოვიდა, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ან ინფრასტრუქტურის მინისტრი, ან სოფლის მეურნეობის მინისტრი და რატომ არ თქვა: ეს კვლევა კი გამოქვეყნდა, მაგრამ რეალური სურათი სხვაგვარიაო. ვერ გაბედეს! კვლევის შედეგები რომ უარეყოთ და ეს ამბავი მკვლევარებამდე მისულიყო, იმ ფურცლებს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) თავზე გადაახევდნენ, რადგან სიმართლეს დაამტკიცებდნენ და მინისტრების უარყოფას მარტივად არ გაატარებდნენ.
მოკლედ, შევთანხმდით, რომ ოფიციალურად ვშიმშილობთ. ახლა ხომ შეიძლება, სხვა რამეზეც შევთანხმდეთ? შიშით იმასაც ვეღარ ვამბობთ, საწარმოები გახსენითო, რადგან სახელმწიფო ბალანსზე არსებულმა საწარმოებმა ნახევარ მილიარდ ლარამდე გვაზარალეს შარშან და უკეთესის მოლოდინი რატომ უნდა გვქონდეს?! ერთი შეხედვით ისე ჩანს, გამოსავალი თითქოს არ არსებობს. თითქოს მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და არაა საშველი, მაგრამ…
იმავე ბელარუსის მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ. ბელარუსი სოფლის მეურნეობას უდიდეს ყურადღებას აქცევს, აწარმოებს სოფლის მეურნეობის ნატურალურ პროდუქტებს და რამდენიც უნდა ეძახონ დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკოს, ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოს ნატურალური პროდუქტი სჭირდება და სწორედ ამიტომ ბელარუსული ნაწარმი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება და, რაც მთავარია, ადგილობრივ ბაზარს პრაქტიკულად სრულად აკმაყოფილებს. საქართველოში დაუმუშავებელი მიწა სოფლად იმდენია, რასაც ვქმნით, იმაზე, სულ ცოტა, 3-4-ჯერ მეტის შექმნა მომავალ წელსვე შეიძლება და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში _ უფრო მეტის მიღწევაც. ქვეყნები, რომლებსაც მცირე მიწა აქვთ, ზამთარ-ზაფხულის მუშაობაზე არიან გადასული და, თუ ზაფხულში მზის იმედად არიან, ზამთარში იმავე მიწას სასათბურედ იყენებენ და პროდუქტი მოჰყავთ.
სხვათა შორის, 19 ოქტომბერს ბაქოში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციამ დაბალი ხელფასები და ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე გააპროტესტა. საუბარია აზერბაიჯანზე, ქვეყანაზე, რომელიც ეკონომიკის მხრივ რეგიონში ლიდერად ითვლება (საერთაშორისო ექსპერტთა აზრით და არა ჩვენი ვაისპეციალისტების) და სადაც ისეთი ხელფასებია, საქართველოში რიგითი ადამიანები სიზმარშიც რომ ვერ ხედავენ. მართალია, მიტინგი დაარბიეს და ხალხიც დაიჭირეს, მაგრამ აზერბაიჯანშიც კი გაბედა მოსახლეობამ ქუჩაში გამოსვლა და იმის იმედად ნუ იქნებით, ბატონებო, რომ აქ ვერ გაბედავს. მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია და სულ არ დაგიდევთ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ქუჩაში გამოვლენ და ყველას და ყველაფერს გადათელავენ. აზერბაიჯანში კი არა, იტალიაში მოხდა ქვაბების რევოლუცია, როცა შიმშილის ნიშნად, ქუჩაში ქალები გამოვიდნენ ცარიელი ქვაბებით და ზედ კოვზებს აბრახუნებდნენ. მაშინ მთავრობა გადადგა, მშიერმა ხალხმა გადააყენა. თქვენ კი იმაზე იფიქრეთ, ბატონებო, რომ მხოლოდ სანახაობა აღარ კმარა, პური უნდა ხალხს, შია. ჩვენი თუ არ გჯერათ, იმ დასავლურ კომპანიებს მაინც დაუჯერეთ, რომლებსაც, როცა გჭირდებათ, მხოლოდ მაშინ რომ უჯერებთ. ისიც ხომ ჩვენზე უკეთ იცით, რომ, თქვენივე შიდა კვლევების მიხედვით, სოციალური ფონი იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე გარედან ჩანს და ვიდრე ეს შიმშილის ინდექსში წერია. ჰოდა, მშიერ ხალხს მიხედეთ, მშიერ ხალხს, თორემ ზამთარი კარს მოგვადგა და ზამთარში შიმშილი უფრო თვალშისაცემია!
ბესო ბარბაქაძე