კაცობრიობა მეტად საგანგებო, საპასუხისმგებლო გზის გასაყარზე იმყოფება. მოსალოდნელია უდიდესი სოციალური სიძნელეები, ლოკალური ომები, კრიზისები, პანდემიები, გააფთრებული ბრძოლა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისა და ბატონობისთვის. ამ ვითარებაში პატარა ერების არსებობა და მისი მომავლის განსაზღვრა ძალიან ძნელია, მათ შორის, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი.
სამწუხაროდ, ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდით, უკომპასო გემივით დავცურავთ და სხვადასხვა პრობლემას ვეჯახებით, რომლებიც, როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორების შედეგია. ჩვენდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ბედმა ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვარგუნა, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში ვართ და ბევრი გაუაზრებელი მოვლენის მსხვერპლი ვხდებით, თუნდაც, როცა რომელიმე იმპერიის შემადგენლობაში ვართ ან მისი სტრატეგიული პარტნიორი, ან როცა მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ, რომელსაც ვეკითხებით: რას გვერჩოდით, როცა “ვარდების რევოლუცია” მოგვახვიეთ თავს თქვენს წიაღში გამოზრდილი და გაწვრთნილი “ახალგაზრდა რეფორმატორების” მეშვეობით, რომლებიც შემდგომ “დემოკრატიის შუქურად” აქციეთ და რომლებმაც ქვეყანა ფიზიკურ, ეკონომიკურ და სულიერ გადაგვარებამდე მიიყვანეს ყოვლად ბინძური, უგვანო მეთოდებითა და საშუალებებით? დააპატიმრეს უამრავი ადამიანი, აწამეს ისინი და ეს წამება ვიდეოზე გადაიღეს, ადამიანებს წაართვეს კერძო საკუთრება, ბევრი ქუჩაში დახვრიტეს, ებრძოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას და ცდილობდნენ ქართული ტრადიციების მოშლა-განადგურებას, 2007 და 2011 წლებში სასტიკად ჩაახშვეს ხალხის აღშფოთება, დაიწყეს რუსეთთან ომი, რომელმაც უმძიმესი და გამოუსწორებელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
რა სავალალოა, რომ ყველა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მშვიდად შეჰყურებდით ამ ბოროტებას და მხოლოდ აღშფოთებითა და შეშფოთებით შემოიფარგლებოდით, რაც შემდგომში ჩვენი ქვეყნის ყველა მოვლენის შეფასებისა და ნუგეშის საშუალებად გვიქციეთ.
რა სამწუხაროა, რომ მანიაკებით დაკომპლექტებული ნაცბანდა ამ უმძიმეს და გაუგონარ ბოროტებას სარგებლის, სიამოვნებისა და პატივისთვის სჩადიოდა. რა სასიკვდილო სახადად გვიქციეთ გადატრიალებების მოწყობა ჩვენს ქვეყანაში?!
ქართველმა ხალხმა თქვენ მიერ თავსმოხვეული კოაბიტაციითა და თავისი უდიდესი მიმტევებლობით მსწრაფლ არ უპასუხა ამ ბოროტებას ბოროტებით, მაგრამ ნაცბანდამ თავი არ დამალა, ისინი ცხვრის ქურქში გაეხვივნენ და ნაცვლად იმისა, რომ მოენანიებიათ, ბოროტ პარაზიტებად იქცნენ. არ მოხდა განწმენდა სიბილწისგან, რადგან დაცლილი არიან ყოველგვარი ზნეობრივი სინდისისგან, ჩადენილი ბოროტების შეცნობის უნარდაკარგულები არიან და სიმართლისთვის გადაულახავ ბარიერად იქცნენ. არადა, მხილება ხომ სიმართლის საფუძველია, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი ამბობს, “ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმარა არასდროს, ბოროტი კაცი ერის მტერია და სამშობლოს სიყვარულს ნუ მოელი”. ეს ზუსტ დიაგნოზად მიესადაგება ამ ნაცხროვას, ამიტომ უნდა ამოიძირკვოს ეს ბოროტება. სამწუხაროდ, ეს შანსი არ იქნა გამოყენებული, როცა “პატრიოტთა ალიანსმა” წინადადება წამოაყენა პარლამენტში განსახილველად, რომ ეს დამნაშავე რეჟიმი გასამართლებულიყო, ამ ინიციატივას საქართველოს ნახევარმილიონამდე მოქალაქე ხელმოწერით უჭერდა მხარს. სამწუხაროდ, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 45-მა მისცა ხმა ამ რეზოლუციას. ვინც არ მისცა, ისინი ხომ ამ ბოროტების მხარდამჭერია?! მათ ორი ცოდვა ჩაიდინეს: პირველი _ ამ ბოროტებას არსებობის უფლება მისცეს და მეორე _ მათ მიერ 20 ივნისს მოწყობილი აქციის უამრავი მონაწილე დასახიჩრდა და დაზარალდა. სწორედ მათ კისერზეა ეს ცოდვები. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, “ცოდვა გამხელილი სჯობსო”. იქნებ მაშინ მოინანიონ, როცა კიდევ ერთხელ მოხდება პარლამენტში ამ რეზოლუციის განხილვა. გააანალიზონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და გააკეთონ სათანადო დასკვნები და, ვინც მხარს არ დაუჭერს ამ რეზოლუციას, გაკეთდეს მემორიალური დაფა თვალსაჩინო ადგილზე, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ 30 ვერცხლად გაყიდული პარლამენტარების სახელები. როგორც გენიალური შოთა რუსთაველი ამბობს: “ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.
თქვენ მიერ თავსმოხვეულმა დაყავი და იბატონეს პოლიტიკამ, როცა ქვეყანა ტერიტორიულად გახლეჩილია და სულიერი სიჯანსაღეც საფრთხეშია, გამოიწვია ის, რომ ქვეყანა ჩაყლაპა შურმა, რომელმაც ამდენი სიძულვილი, ზიზღი, ღალატი შვა. ქვეყანა გადაიქცა პოლიტიკური ინტრიგებით მოწამლულ პოლიგონად. ადამიანთა ცნობიერებასა და ფსიქიკაზე ზემოქმედებენ ფინანსური, ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური და სხვა საშუალებებით, რაშიც ჩართული არიან მოსყიდული შინაური თუ გარეული, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურები და პიროვნებები. სამწუხაროდ, ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, არადა, ქართველი ერის სახელმწიფოებრიობა რამდენიმე ათას წელს ითვლის. ჩვენ ვართ მსოფლიოში ცნობილი 14 დამწერლობიდან ერთ-ერთის შემქმნელი _ ქართული ანბანური სისტემა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე არსებობდა, ქართველური ტომები ქმნიდნენ ცივილიზაციის საწყისებს. ქართველმა ერმა, რომელსაც ქრისტეს ოთხმა მოციქულმა და მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება, შექმნა კულტურის ხელთუქმნელი ძეგლები, რომელთაგან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო, გელათის სამონსტრო კომპლექსი და სხვ. იუნესკოს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ძეგლების ნუსხაში შედის ქართული პოლიფონიური სიმღერა, ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობიდან კი აღიარებულია 48 ძეგლი, რომლებშიც ჩვენი ერის კულტურა, ფასეულობები, მრწამსი და ცხოვრების ჯანსაღი წესია გაცხადებული. ქართული სიმღერა და ცეკვა ხომ ეროვნული სულის შთამნერგავია, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაითავისა და შეიყვარა. ქართული ტრადიციული სუფრის კულტურა ქართული გენის მცირე აკადემიაა თავისი სტუმარ–მასპინძლობით, მჭევრმეტყველური სადღეგრძელოებით, მომხიბლავი სიმღერით, ცეკვით, პოეზიით, იუმორითა და, რაც მთავარია, კულინარიული საგანძურით დამშვენებული. მათაც კულტურული მემკვიდრეობა ერგო წილად, ისევე, როგორც ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ტრადიციას, ქართულ ხალხურ ცხენოსნურ თამაშობებს, ლელობურთს, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” და სხვა უნიკალურ ქმნილებებს. ისტორიული ფაქტების საფუძველზე საქართველოს დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული, რომ ის ღვინის ქვეყანაა, აქ ვაზის 500-მდე ჯიშია, აგრეთვე, ხორბლისა და ფუტკრის უნიკალური ჯიშები.
ქართული ფენომენი, ჩვენი ეროვნული საუნჯე და ტრადიციები უდევს საფუძვლად ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ვინ იცის, კიდევ რამდენია ასაღიარებელი. ჩვენს ერს დიდი წვლილი მიუძღვის ცივილიზაციის აღორძინებაში, ამიტომ დიდი ყურადღება, მოვლა-პატრონობა და აღიარება გვმართებს ამ უიშვიათესი ძეგლების მიმართ, რომლებიც არასოდეს კარგავს მაგიურ მომხიბვლელობას ამ ცოდვილ სამყაროში.
ღვთისა და კაცობრიობის წინაშე ვალმოხდილი ეს პატარა ქვეყანა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ფორპოსტია, რომელსაც უამრავი წმინდანი ჰყავს, მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოსა და ქრისტიანობისთვის. ქვეყანაში ბევრი სიწმინდეა დაცული, სამწუხაროდ, ძნელბედობის ჟამს ზოგი დაიკარგა, ზოგი საზღვარგარეთ გაიტანეს _ საფრანგეთში, რუსეთში. ბედის ირონიაა, რომ ხახულის ღვთისმშობლის ხატის მინანქრის ნამსხვრევები ამერიკაში მეტროპოლიტენ მუზეუმშია გამოფენილი. აღარაფერს ვამბობ ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე _ ქართულ სიწმინდეებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების მიერ დაპყრობილ ჩვენს მიწა-წყალზე სავალალო მდგომარეობაშია. ფიქრობს კი ამაზე ვინმე? სამწუხაროდ, ჩვენ ძლიერი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი. ამხელა კულტურის მქონე და ამდენ ქარ–ცეცხლგამოვლილი ქართველი ერი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად იბრძვის, იმის მაგიერ, რომ უცხოელი პარტნიორები ხედავდნენ და აფასებდნენ ამ უდიდეს მიღწევებს და მისწრაფებებს, პირიქით _ თავს გვახვევენ ლიბერასტულ სიბილწეს, უზნეობასა და სიმახინჯეს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ამ ძალების თარეშს, რომლის აღსრულებაც უფალმა ჩვენ გვანდო, რასაც ადასტურებს ჩვენი რწმენის თითქმის ორიათასწლიანი მშფოთვარე ისტორია.
ქართველმა ხალხმა გაუძლო ისტორიულ ქარტეხილებს, მაგრამ დღეს უნდათ, რომ წარსული დაგვავიწყონ, რომ წინაპართა ნაკვალევზე არ ვიაროთ. არადა, სწორედ ღირსეულ წარსულზე უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი და იქიდან უნდა ავიღოთ შეუპოვრობა, თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. როგორც დიდი წმინდა ილია მართალი ამბობს “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.
დღეს ქართველი ხალხის მხარესაა სამართალი და ღმერთი. ჩვენ ვდგავართ ერის საარსებო ბრძოლის წინაშე და მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართველი ხალხი მებრძოლი და სიცოცხლის ღირსია.
ქართველმა ერმა გოლგოთაზე იარა. წმინდა მიწაა ჩვენი ქვეყანა, ხელიხელ საგოგმანები და რა სამწუხაროა, რომ სხვადასხვა შინაური თუ გარეული ძალის საჯიჯგნად გადავიქეცით, მაგრამ დადგება მათი ცოდვა-მადლის განკითხვის დღეც.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
ჯონი ცინცაძე,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი