Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელი დეპუტატი: ასოცირების შეთანხმებას მავნებლობის მეტი არაფერი მოაქვს უკრაინისთვის

უკრაინელი დეპუტატი: ასოცირების შეთანხმებას მავნებლობის მეტი არაფერი მოაქვს უკრაინისთვის

“ევროკავშირი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყენოს უკრაინა, ამიტომ მისი მაღაზიების დახლებს უხარისხო საქონლით ავსებს”, _ განაცხადა უკრაინის უზენაესი რადას (პარლამენტის) დეპუტატმა მიხეილ პოპლავსკიმ ტელეარხ ძიკ-ის ეთერში. მისი აზრით, ვითარების გამოსასწორებლად უკრაინამ უნდა განავითაროს სოფლის მეურნეობა. 

“ნახეთ, რით არის გადავსებული ჩვენი დახლები. ეს არის ქიმია, ეს არის სიკვდილი. ნახეთ, რას ჭამენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. დღეს საჭიროა შეიქმნას ისეთი მოდელი, რომ სოფელი ისეთივე იყოს, როგორც ადრე”, _ აღნიშნა პარლამენტარმა და დასძინა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ვნებს უკრაინას, რადგან ევროპა მხოლოდ თავის სარგებელზე ფიქრობს.

ერთი თვით ადრე უკრაინის ეკონომიკის ექსმინისტრმა ვიქტორ სუსლოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით კიევი თავიდანვე წამგებიან პირობებზე დათანხმდა. ეს მან ტელეარხ “112 უკრაინის” ეთერში თქვა. სუსლოვის თქმით, ამ შეთანხმების ძირითადი ნაწილი არის თავისუფალი ვაჭრობის ზონების დადგენა, თუმცა ევროკავშირმა უკრაინულ პროდუქციას კვოტები დაუწესა და შეზღუდა მისი შეტანა ევროპაში.

სუსლოვმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკას არ შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს ევროპის ეკონომიკას, მაგრამ კიევი მაინც თანახმაა, ითანამშრომლოს ევროკავშირის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების პირობებით.

“ევროპული პროდუქცია ჩვენთან შემოდის ხარისხის კონტროლის გარეშე, ხოლო უკრაინული პროდუქცია სერტიფიცირებული უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ასოცირების შეთანხმება თავიდანვე იყო არათანაბარუფლებიანი, უსარგებლო და დისკრიმინაციული”, _ განაცხადა ექსმინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინას უზარმაზარი უარყოფითი სალდო აქვს ვაჭრობაში, რომლის სტრუქტურაც აჩვენებს, რომ ევროკავშირიდან უკრაინაში შედის მზა პროდუქცია, ხოლო უკრაინიდან ევროპაში _ თითქმის მხოლოდ ნედლეული. მან მაგალითად მოიყვანა ხეტყე, რომელიც ევროპაში გადის.

“ასეთი მცდარი სტრატეგიული გადაწყვეტილების გამო ჩვენი ეკონომიკა იღუპება”, _ აღნიშნა სუსლოვმა.

უკრაინამ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას. 2016 წლის შეთანხმება სრული ძალით ამოქმედდა, უკრაინაში გაიხსნა ევროკავშირის ბაზარი. თავისუფალი ვაჭრობის ზონების გარდა შეთანხმებით გათვალისწინებულია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, კონფლიქტების თავიდან აცილების, დაბეგვრის, სახელმწიფო ფინანსების, ტერორიზმთან ბრძოლის, მიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის საკითხებში. ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელი მწარმოებლები შეეჯახნენ კვოტების პრობლემას, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან. სახელდობრ, უკრაინას შეუძლია, ბაჟის გარეშე გაყიდოს საქონლის 36 სახეობა, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. კვოტების ამოწურვის შემდეგ ექსპორტიორებს მაინც შეუძლიათ საქონლის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ არა შეღავათიანი პირობებით. სინამდვილეში უკრაინელი მწარმოებლები კვოტებს წლის დასაწყისშივე ამოწურავენ და შემდეგ ექსპორტი შეღავათების გარეშე განხორციელდება ხოლმე.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here