Home რუბრიკები პოლიტიკა გია ყარყარაშვილი: დიდხანს მოგვიწევს სამძიმრების გამოცხადება ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო

გია ყარყარაშვილი: დიდხანს მოგვიწევს სამძიმრების გამოცხადება ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო

717

თავდაცვის ექს-მინისტრი გია ყარყარაშვილი საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას ხელისუფლებას აბრალებს. მისი თქმით, იმ სიძულვილს, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად გამოხატავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, შესაძლოა სერიოზული საფრთხეები მოჰყვეს. ყარყარაშვილის აზრით, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს იმდენად აქვთ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი, რომ ტერორზეც არ იტყვიან უარს.

_ ბატონო გია, როდესაც ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ განცხადებები გაკეთდა, თავდაცვის სამინისტრომ ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ პროექტი შექმნა, რათა ამ ჯგუფებისთვის ლეგიტიმურობა მიენიჭებია, თუმცა საზოგადოებამ თავდაცვის სამინისტროს ეს ნაბიჯი სარწმუნოდ არ მიიჩნია…

_ ხელისუფლებისადმი უნდობლობის საფუძველი საზოგადოებაში, დიდი ხანია, არის. ყველას გვახსოვს 2004-2008 წლები, გვახსოვს, რა ნაბიჯები   გადაიდგა სამხედრო აღმშენებლობაში და რა შედეგები მოგვიტანა ამან… დღეს იგივე მოქმედი პირები იგივე განცხადებებს აკეთებენ. ვინც სკეპტიკურად ვუყურებთ იარაღის ჟღარუნს, ხელისუფლების ლანძღვის ადრესატები ვხდებით. რასაც 4 წლის წინ აცხადებდნენ, იმავე განცხადებებს აკეთებენ დღესაც. მაშინაც პოლიტიკური ნიშნით კომპლექტდებოდა ბატალიონები და მეთაურებად პარტიული აქტივისტები ინიშნებოდნენ. ვუყურებდით ტელევიზორში და ვისმენდით მითს უძლეველობის შესახებ. სინამდვილეში რეზერვის მომზადების ფორმას არაფერი ჰქონდა საერთო იმ სავარაუდო ომის ხასიათთან, რომლისკენაც ქვეყანა მიექანებოდა.

დღესაც იგივე ხდება. ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვინც კრიტიკულად შეაფასებს ყოველივეს, წინასწარ არის შერაცხული მტრად. არადა, რეზერვისტების სისტემა არ არის პატრიოტთა ბანაკი, რომ საპილოტო პროგრამებით ყალიბდებოდეს. თავდაცვასა და უსაფრთხოებას კანონი სჭირდება. კანონი სჭირდება ჯარისკაცის, მოქმედის თუ რეზერვისტის ვალდებულებას  სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოს ვალდებულებებს ჯარისკაცის (რეზერვისტის) მიმართ მშვიდობიან დროსაც. რეზერვისტმაც წინასწარ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება მოკვდეს და რისთვის კვდება. როცა რეზერვზე საუბრობენ, ნებაყოფლობითი იქნება ის თუ სხვანაირი, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საქმე ეხება მობილიზაციას, სამხედრო ჯგუფების დაკომპლექტებას და განთავსებას…

კანონს სანამდე დაწერ და საპილოტო პროგრამას დაიწყებ, მანამდე უნდა იყოს გააზრებული მოსალოდნელი ომის ხასიათი, მოწინააღმდეგის მოქმედების სავარაუდო ფორმები და მხოლოდ აქედან გამომდინარე უნდა შეიქმნას  რეზერვი. რეზერვისტს, თუნდაც 5 დღით გაწვეულს, უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ვალდებულება და, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს სოციალური დაცვის გარანტია სიკვდილის შემთხვევაში.

სიამოვნებით მივუძღვნიდი ქებას, ამგვარი სამხედრო აზრი რომ შეინიშნებოდეს. ჩემი აზრით, რეზერვის შექმნის ასეთი ნებაყოფლობითი ფორმა არ პასუხობს იმ მიზანს, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია ფარტომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ. შესაძლოა, საარჩევნო ხმების მოზიდვასთან იყოს დაკავშირებული ან…

 _ არსებობს ვარაუდი, რომ «რეზერვისტებს» მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად გამოიყენებენ.

_ ამ ფუნქციას პოლიციაც კარგად ასრულებს და ეს 7 ნოემბერმა და 26 მაისმაც დაგვანახა. თანაც, არა მგონია, ყველა რეზერვისტმა უყოყმანოდ აიღოს ჯოხი და მოსახლეობის დარბევაზე დათანხმდეს. საერთოდ, როდესაც ხდება მოსახლეობის შეიარაღება თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, მერე კი შეფარვით მისი პოლიციური მიზნით გამოყენებას ცდილობენ, ძალიან დიდია საფრთხე, რომ ეს ჯგუფები გაიხლიჩოს და ერთმანეთს დაუპირისპირდეს. საფრთხე, რომ რეზერვისტებს მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად გამოიყენებენ, არსებობს და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუკი გასამხედროებულ ჯგუფებს პოლიციის ფუნქციას დააკისრებენ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიძულვილი არის გაბატონებული და საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი.

_ რამ შეუწყო ხელი საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფას?

_ გახლეჩა ხელისუფლების გამო მოხდა და არა ოპოზიციის. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხელისუფლება არ სძულთ, სიძულვილი ხელისუფლებიდან მოდის. ხელისუფლებისგანვე მოდის სისასტიკე საკუთარი მოქალაქეების მიმართ. უსამართლობები და უკანონო დაჭერადაპატიმრებები. სამწუხაროდ, საკუთარი სიძულვილითა და სისასტიკით ჭაობში თვითონვე  ეფლობიან, თუმცა მე არ მესმის _ რატომ?

_ შეუძლია თუ არა ოპოზიციურ ძალებს, შეცვალონ არსებული ხელისუფლება?

_ ყველაფერი იწყება და მთავრდება… დღეს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა შექმნილია. არიან ცალკეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი, ალბათ, მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. მე ერთ რამეს ვიტყვი: ის სიძულვილი, რომელიც ხელისუფლებამ დათესა, თავად ქმნის ნიადაგს და ადამიანებს უჩენს ცვლილებების სურვილს.

_ მიგაჩნიათ, რომ ცვლილებები არჩევნების გზით შესაძლებელია?

_ საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო მხარდაჭერის გარეშე საქართველოში დემოკრატიას მომავალი არა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობაა სამართლიანობის არბიტრი და დემოკრატიის გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ მათი ნება-სურვილი იქნება გადამწყვეტი და ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი საბოლოოდ არ გადაგვამტერებდნენ ქართველებს ერთმანეთს. თუ მეგობრები არიან, მაშინ გვითხრან, რომ იმ პოლიტიკურ მიზნებსა და გეოპოლიტიკურ რეალობებს, რომლებიც წინ უდგას კავკასიას, სჭირდება ასეთი ხელისუფლება, რომელიც, ერთის მხრივ, ავტორიტარულ პირობებში ამყოფებს საკუთარ ხალხს, სამაგიეროდ მორჩილებით გაატარებს დიდ გეოპოლიტიკურ ინტერესებს. გვითხრას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლობამ და გავჩერდებით, შევეგუებით. ამერიკელებმა გვითხრან მინიშნებით მაინც, სანამ ქართველებს ერთმანეთი დაგიჭამია, ან ერთხელ მაინც ჩაატარებინონ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები.

_ ხელისუფლება ხშირად საუბრობს ნატოში გაწევრიანებაზე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალური დღეს ნატოში გაწევრიანება და ეს დაკარგული ტერიტორიების გარეშე უნდა მოხდეს?

_ ის, თუ როგორი სახით უნდა შევიდეთ ნატოში და როგორი სახით არა, დიდი ხანია, ქართველების ნება-სურვილზე აღარ არის დამოკიდებული. ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიღებულია და მორჩა.

_ თქვენი აზრით, როგორ უნდა დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა?

_ არავის სჭირდება რუსეთთან მარტო სავაჭრო ურთიერთობის დამყარება იმისთვის, რომ ქუთაისური მწვანილი ან მანდარინი გავიდეს იქაურ ბაზარზე. მარტო რუსული ბაზარი არ არის საქართველოს ინტერესი, საქართველოს ინტერესია ის, რომ მიმდინარეობდეს უწყვეტი დიალოგი რუსეთთან და მუდმივად დაფიქსირდეს ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საქართველოსა და რუსეთის მეგობრული თანაცხოვრების ხარისხი გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სხვა საუბრები იმის შესახებ, რომ რუსეთთან ეკონომიკურად ვიმეგობროთ და პოლიტიკურად არა, აბსურდია. რუსეთთან ურთიერთობის ფორმა უნდა იყოს არა რიტორიკა და ტელევიზიით გაკეთებული რადიკალური განცხადებები, არამედ დიალოგი დეოკუპაციაზე, ომის ნაცვლად მშვიდობაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების უფლებებზე და სხვა, რათა რუსეთი არ შეეწინააღმდეგოს ქართველების აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ლეგიტიმურ ინტერესს. მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვა ხალხის ნება-სურვილის გამომხატველი მთავრობა.

_ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობაზე რას იტყვით? საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ქართველები იქ არ უნდა იღუპებოდნენ, მით უფრო საქართველოს თავად აქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი.

_ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას თანაბრად მოაქვს სიკეთეც და ტკივილიც. ჩვენ, ალბათ, დიდხანს მოგვიწევს სამძიმრების გამოცხადება ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო.  დაღუპული მეომრები კი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ.

_ გინდათ, თქვათ, რომ დიდხანს ვიქნებით ავღანეთში?

_ ვერ გეტყვით, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

_ ხელისუფლება ძალიან ხშირად საუბრობს გარე საფრთხეებზე. არსებობს დღეს ომის განახლების საფრთხე?

_ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო რეზერვის მომზადების მოდელი. სწორედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან დანახული საფრთხეები. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ვითომდა გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე, საზოგადოებას საპილოტე პროექტი შესთავაზეს. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენას… არადა, ხელისუფლებას ხშირად ლობირებენ ამერიკელი პროფესიონალი მაღალჩინოსნები, რომელთაც, ალბათ, ესმით, რომ, როდესაც პოლიტიკური ოპონირება გადადის სიძულვილში, რადიკალიზმში, მტრობაში, იქ ტერორამდე ერთი ნაბიჯია. თუ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ისე აბრმავებს ადამიანს, რომ ქვეყნის მომავალი საკუთარი თავის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ის ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებად ყველა ღონეს, მათ შორის, ტერორსაც გამოიყენებს…

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here