24 ივნისს ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეასა და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება”. მისი ავტორია რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერი.
საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ. რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, აგრეთვე, ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის დელეგაციებმა.
რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ხორვატიის დელეგაციების წევრთა ნაწილმა.
საბოლოო ჯამში, რეზოლუციას ასამბლეის 118-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.