პოლიციელებმა ნიუ–იორკში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მანჰეტენზე მდებარე წმინდა პატრიკის ტაძარში შეღწევას ცდილობდა. მას თან ჰქონდა ბენზინით სავსე 2 კანისტრა, აგრეთვე, 2 ბოთლი ცეცხლგამჩენი სითხე და 2 სანთებელა.
მამაკაცი დააკავეს 17 აპრილს, საღამოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან დაახლოებით 19 საათსა და 55 წუთზე შეაღწია ტაძარში, ის პოლიციელებმა იმ მომენტში დააკავეს, როცა ბენზინს ასხამდა ტაძრის კარს.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვამდე ორი კვირით ადრე იყო სან–სიულპისის ტაძრის დაწვის მცდელობა, 3 კვირით ადრე კი _ სენ–დენიში ფრანგი მეფეების აკლდამისთვის ცეცხლის გაჩენის. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვიდან 2 დღის შემდეგ ათენში აკროპოლს მეხი დაეცა, დაშავდა 4 ადამიანი. 17 აპრილს ვიტებსკის ოლქში (ბელარუსი) დაიწვა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესია.