უკვე რამდენიმე კვირაა, მედიასაშუალებები ბევრს საუბრობენ თი–ბი–სი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის გარშემო ატეხილ სკანდალზე, რომელიც, შესაძლოა, მისი დაპატიმრებით დასრულდეს. ხაზარაძეს, ასე ვთქვათ, წყალი მას შემდეგ შეუდგა, როცა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო ბიუჯეტიდან ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 100 მილიონი დოლარი მისცეს. ეს ამბავი არც გამჟღავნდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კვირიკაშვილისა და ხაზარაძის “ჩუმი ჩანაფიქრი” სააშკარაოზე გამოიტანა და კვირიკაშვილს ხაზარაძესთან ერთად ქვეყნის გაჩანაგებასა და მავნებლობაში საჯაროდ დასდო ბრალი. რით დასრულდება თი–ბი–სი ბანკის გარშემო ატეხილი სკანდალი და ხომ არ ერჩიან მამუკა ხაზარაძეს პირადი ანგარიშსწორების გამო? გვესაუბრება პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე:
_ ისეთი საფინანსო სტრუქტურები, როგორებიც არის თი-ბი-სი ბანკი და საქართველოს ბანკი, ქვეყანას ვნებს. აღნიშნული ბანკები თავიანთი მმართველებიანად ისე გამსხვილდნენ, გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ, რომ არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გავლენის მოპოვებასაც ცდილობენ. ჩვენ ვიცით, რომ ამ ბანკების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებებთან კულუარული გარიგებებით მიაღწიეს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს არიან. ის, რომ მათ ვიღაც პირადი ანგარიშსწორების გამო ერჩის, არ იქნება მართალი, აუცილებლად უნდა გადავხედოთ მათ წარსულს. მამუკა ხაზარაძე აკოტრებდა მოსახლეობას, ბიზნესმენებს, ქვეყანას. თავის გავლენებს აძლიერებდა წვრილი ბიზნესისა და ხალხის ხარჯზე. თვალსაჩინოებისთვის “ელიტელექტრონიქსის” მაგალითიც კმარა. წარმატებული ბიზნესი თი–ბი–სი ბანკმა ჩაიდგო ხელში, მეპატრონე კი ციხეში გაუშვა. ანალოგიურად იქცეოდა სააკაშვილის დახმარებით საქართველოს ბანკიც. მისმა ხელმძღვანელობამ მაქინაციებით ჩაიგდო ხელში ყველაფერი, რაც დღეს აქვს. საქართველოს ბანკი სააკაშვილის მოსამსახურე და პროკურატურის დანაყოფი იყო, ისევე, როგორც თი-ბი-სი. ამ ბანკების მმართველები შავი ბუღალტერიით მუშაობდნენ და ბიზნესმენებსაც აიძულებდნენ, ეკეთებინათ იგივე… ადვილად ართმევდნენ ქონებას ყველას, ვისაც თვალს დაადგამდნენ.
ბანკირების იმიჯი შელახულია, ისევე, როგორც ყველა ხელისუფლების. ქუჩაში რომ გახვიდეთ და ხალხს ჰკითხოთ, ყველაფერი ნათელი გახდება. ხვალ ხაზარაძე რომ დაიჭირონ, სოლიდარობას არავინ გამოუცხადებს, პირიქით, გაუხარდებათ და გულს მოიფხანენ.
ხაზარაძეს დღეს რასაც ედავებიან, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულია. თანაც, ეს დანაშაული წინასაარჩევნო პერიოდში აქვს ჩადენილი, მაგ დროს თი–ბი–სი–მ ბევრ კომპანიას პრობლემა შეუქმნა, იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პარტიებს ეხმარებოდნენ. ხაზარაძის დამსახურებით ბიზნესმენებს შეუწყვიტეს კრედიტები, კრიზისი შეუქმნეს და გააკოტრეს.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იყო ჩართული ბიზნესმენების დიდი ნაწილი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში 2008 წელს და სწორედ ამ ბიზნესმენების წინააღმდეგ განახორციელეს თი-ბი-სი-მ და საქართველოს ბანკმა სადამსჯელო ოპერაციები, შესაბამისად, პოზიციებიც გაიმყარეს.
თი–ბი–სი–მ 200 მლნ–ის ვალდებულება აიღო ლისის ტბის აუქციონზე, მან მოიგო ტენდერი, მაგრამ შემდეგ ამ ფულის გადახდა აღარ უნდოდა, რადგან ეძვირა, მაგრამ ამის გამო არავის დაუჯარიმებია.
ხაზარაძის გასამტყუნებლად შორს წასვლა არ არის საჭირო, კვირიკაშვილ-ხაზარაძის გარიგებაც საკმარისია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ფული, რომლითაც ვითომ ანაკლიის პორტი უნდა აშენებულიყო. არადა, ტენდერის პირობებით, სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ უნდა დაეხარჯა. კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ხაზარაძე იქამდეც კი მივიდა, რომ მისი კანდიდატურა მერის თანამდებობაზეც განიხილებოდა.
ასე რომ, ხაზარაძე არა მხოლოდ ეკონომიკას ანგრევს, არამედ პოლიტიკაშიც ერევა. აუცილებელია, დროულად მიხედონ ბანკირებს, სანამ საპარლამენტო სიების წერა და მინისტრების დანიშვნა არ დაუწყიათ.
_ ხაზარაძე არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა. რეალურია, რომ ის სათანადოდ დასაჯონ და გისოსებს მიღმა ვიხილოთ?
_ საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. რადგან დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, ჩაფარცხვის უფლება არ უნდა მივცეთ არავის, ვინც უნდა იყოს ხაზარაძის ლობი. ხაზარაძის საქმეებს უკვე ნათელი მოეფინა, ყველამ ყველაფერი შეიტყო, ამიტომ ამ საქმის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. თვალყური უნდა ვადევნოთ პროკურატურასაც, სასამართლოსაც და ეროვნულ ბანკსაც. თუკი ამას ვაპატიებთ, ისინი ხელოვნურ კრიზისებსაც გამოიწვევენ და პოლიტიკასაც დაგვიგეგმავენ.
_ პოლიტიკის დაგეგმვა ერთხელ უკვე სცადა მამუკა ხაზარაძემ, ჩვენ გვახსოვს ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის კვირიკაშვილთან ერთად აქციებს გეგმავდა. ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა…
_ კი, მართლაც გეგმავდნენ ქუჩის აქციებს და მათი განზრახვა ცუდი იყო, ამ თემაზე უმრავლესობის შეხვედრაზეც ვისაუბრეთ თავის დროზე, ივანიშვილმა უთხრა მათ ეს ამბავი, ოღონდ, უბრალოდ, მიანიშნა, რომ იცოდა ყველაფერი.
ისეთი საფინანსო სტრუქტურები, როგორებიც არის თი-ბი-სი ბანკი და საქართველოს ბანკი, არ უნდა არსებობდეს. მათ პრინციპები არ აქვთ და შეუძლიათ ქვეყანა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს მიჰყიდონ. ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია არაპროფილური საქმიანობა, მაგრამ ზემოხსენებული ბანკები მაინც ეწევიან ასეთ საქმიანობას. ვინმეს სჯერა, რომ ესენი სამშენებლო ბიზნესში არ არიან ჩართულნი? ეს ადამიანები მიეჩვივნენ, რომ მათზე კანონი არ ვრცელდება, ამიტომ საჭიროა, დაინახონ, რომ კანონი ყველასთვის ერთია, თუნდაც ეს ხაზარაძე იყოს.
_ ევროკავშირმა სამ მილირდ დოლარზე მეტი თანხა გამოყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პროექტები, რომლებიც ამ თანხით უნდა განხორციელდეს, 2030 წლამდეა გათვლილი…
_ 12 წელიწადზე მეტია, დიდძალი თანხები მოდის ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირიდან. წელიწადში ეს 900 მილიონი გამოდის. ასეთი დახმარებები ქვეყანამ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. 2008 წელს, როდესაც აქ ომი იყო, ძალიან დიდი თანხა გამოყო ევროკავშირმა და სტაბილურობისა და ლიკვიდურობის მიზნით ბანკებს გადაეცათ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცით, ეს ფული სად არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა უსახლკაროდ დარჩა. ამ ქვეყანაში ხელისუფლება და ბანკები ყოველთვის ერთმანეთთან გარიგებულნი არიან, თუკი ამ მიმართულებით რაიმე შეიცვლება, ვალის აღებაც არ იქნება საჭირო. მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, თანაც რადიკალურად, ახალი ინიციატივა რომ აქვთ საპენსიო რეფორმის, ჩავარდება. ბანკებმა, თანაც იმ ბანკებმა, რომლებიც დღეს საქართველოში ფუნქციობენ, რატომ უნდა დააგროვონ მოსახლეობის საპენსიო ფული, მათ რატომ უნდა ჩააბარო? ძალიან საშიშია ეს პროცესი, რადგან, როდესაც პენსიის მიღების დრო დადგება, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ პროექტმა არ გაამართლა და მერე იმედგაცრუებულ მოსახლეობას მილიონ მაგალითს მოუყვებიან იმის შესახებ, რომ მსგავსი შემთხვევა ბევრ ქვეყანაში იყო.
ვალის აღება, თუკი არ ვიცით, რას უნდა მოხმარდეს და რა სარგებელს მივიღებთ, საერთოდ არ ღირს. ეს ვალები ჩვენი შვილების, მომავალი თაობების გადასახდელია.
_ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში _ ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარი დაიხარჯება. შემოვიდა თუ არა ეს ფული საქართველოში?
_ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება შემოვიდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, აქ არაფერი გაკეთებულა.
_ ანაკლიის პორტის მშენებლობაში 2,5 მლრდ უნდა ჩაიდოს… ეს ცოტა თანხა არ არის, ამაზე სახელმწიფო აიღებს პასუხიმგებლობას თუ ვინმე ხაზარაძისნაირის ხელში გადავა?
_ თქვენი გაზეთით ვეკითხები ხელისუფლებას: ამხელა თანხა რომ უნდა ჩაიდოს, იმ პროექტის გეგმა სად არის?
ჩვენ ვნახეთ გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტი, რომელიც 5 მლრდ ჯდებოდა, მერე შემცირდა მასშტაბები… მოკლედ, ეს თემა ძალიან საინტერესოა, თანაც ძალიან საეჭვო… ასი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა პატარა ამბავი არ არის, ამას ინფრასტრუქტურა სჭირდება, რკინიგზა, გზა, მომსახურე პერსონალი. საინტერესოა, ქალაქებს ააშენებენ ანაკლიის გარშემო თუ ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებენ? გვაქვს საკმარისი ელექტროენერგია?
მოკლედ, ეს პროექტი გულდასმით არის განსახილვევლი. როდესაც ფოთის პორტი აშენდა, დასავლეთ საქართველოს მთელი ინფრასტრუქტურა შეიცვალა. მოახერხებენ ესენი ასეთ რამეს?
_ შეძლებთ, გააკონტროლოთ ყველა თეთრი, რომელიც ახლა გამოყო ევროკავშირმა? შეძლებთ, თვალყური ადევნოთ თითოელი თეთრი სად მიდის და რისთვის იხარჯება?
_ მსოფლიო იცვლება. მართალია, ჩვენ რაღაც ფორმით ჩამოგვაშორეს ყველაფერს, ვგულისხმობ, კონსერვატორულ ფრთას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ლიბერალები ვერ იქნებიან სულ, რადგან უზომოდ ბევრი ადამიანი ღარიბდება და ძალიან ცოტა მდიდრდება. ამის საპირწონე სამართლიანობაა…
საქართველოში ყველა მდიდარი სახელმწოფოს ხარჯზეა გამდიდრებული, მაგრამ ქვეყანა ღარიბია, ჩვენი ბალანსი საბჭოთა საქართველოს შემდეგ მხოლოდ ვალებია. ჩვენი ქვეყნის ქონება 60 კაცის ხელშია და ისინი არიან სათავეში, ისინი ებრძვიან ერთმენთს. ძლიერი ქართული კომპანიები გვჭირდება, უცხოურებმა არ უნდა იმუშაონ და გამოყოფილი ფული ისევ თვითონ არ უნდა წაიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ვალი გვექნება. არ გვინდა ვალი, რომელიც მხოლოდ გზას დაგვიტოვებს და იმ გზასაც ვერ გავუფრთხილდებით, გზას, რომელიც მხოლოდ ტრანზიტი იქნება ჩვენთვის და სხვა არაფერი.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
ფეოდალები. ყველა უღირსებო საქმის ხელისმომწერი ღრუტუნები. მეზიზღება პარლამენტი. ამოიწვით მანდ სუყველა ერთად ოპოზიცია-პოზიციებად გადალაგებულო სატანისტებო. დაგეცათ მეხი!!!!!!!!!!!!!!!!!!