Home რუბრიკები პოლიტიკა კონსერვატორებს ახალი შანსი მიეცათ

კონსერვატორებს ახალი შანსი მიეცათ

კონსერვატორებს ახალი შანსი მიეცათ

16 დეკემბერს თელავში გამართული ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მომქანცველი მარათონი თითქოს დასრულდა, მაგრამ ერთერთი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა: ვინ არის ნამდვილი გამარჯვებული? სალომე ზურაბიშვილი? იქნებ ბიძინა ივანიშვილი? “ქართული ოცნება”, რომელმაც თავისი მაინც გაიტანა, თუნაცმოძრაობა”, რომელმაც პირველად 2012 წლის შემდეგ მმართველ პარტიას თანასწორი ბრძოლა გაუმართა? ერთერთ გამარჯვებულად უდავოდ საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი უნდა ჩავთვალოთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნების ბედი სწორედ მის პოზიციაზეა დამოკიდებული; კონკურენტები, უპირველესად, მის მოთაფვლას ცდილობდნენ. მან საკუთარი ძალა იგრძნო, მაგრამ ძნელი სათქმელია, გამოიყენებენ თუ არა ამ გარემოებას შესაბამისი იდეოლოგიის მქონე პარტიები.

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა “დამატებით” ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღო _ 532 129. მმართველი პარტია ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ ხალხის უმრავლესობა იდეური “ანტიმიშისტია” და არჩევნებზე იმიტომ მივიდა, რომ რევანშს გზა გადაუღობოს. ნაციონალები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ეს “კარტოფილზე გაყიდული” ხალხია, რომელიც ივანიშვილმა, ამასთანავე, ვალების დაფარვის პროგრამის მეშვეობით მოისყიდა. ცხადია, ამ ამომრჩეველთა შორის ასეთებიც იყვნენ და ისეთებიც, მაგრამ მერყევი ელექტორატის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალა, რომელსაც ისინი “ნაკლებ ბოროტებად” განიხილავდნენ, ეკლესიასა და ტრადიციულ ღირებულებებთან კონფლიქტში არ შესულიყო და ამას ორივე მხარე ითვალისწინებდა.

პირველი ტურის შემდეგ დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენლები საპატრიარქოში “მივარდნენ”, შეიცვალა მათი რიტორიკაც. “უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩემთვის, როგორც ეკლესიის შვილისთვის, უმნიშვნელოვანესია”, _ ამბობდა გრიგოლ ვაშაძე. “საშინელ წვიმაში წავედი ეკლესიაში და დავანთე სანთელი და გავცივდი. ღმერთმა გადმოგვხედა…”, _ აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი. მმართველმა პარტიამ სასწრაფოდ გაიწვია პარლამენტიდან კანონპროექტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ, რომელიც ასე აღიზიანებდა საპატრიარქოსა და მრევლს, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა, სავარაუდოდ, მწარედ ინანა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საკამათო განცხადება გააკეთა (ახალი “უსახური” ეკლესიების აშენებაზე, სამღვდელოების უპრეცედენტო ჩარევაზე საარჩევნო კამპანიაში და ა.შ.). მეორე ტურის წინ ის კიდევ ერთხელ მივიდა საპატრიარქოში. პატრიარქმა ზურაბიშვილი დალოცა; შეხვედრის ამსახველი ფოტოები მალევე გავრცელდა მედიასა და სოცქსელებში _ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მრევლისთვის, რადგან სიმბოლურად მიანიშნებდა, რომ კანდიდატმა ეკლესიის მიმართ პატივისცემა გამოხატა, ხოლო საპატრიარქო მის არჩევას არ ეწინააღმდეგება.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობაში გარკვეული “პოზიციური ცვლილებები” მოხდა. აშკარა შეიქნა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ივანიშვილი ვეღარ გაიმეორებს 2014 წლის რეპლიკას: “შეიძლება პატრიარქსაც შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება თქვას, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები”, ხოლო მისი ხელქვეითები მეორე “ციანიდის საქმეს” ვერ ააგორებენ, რადგან მმართველი ძალა დასუსტდა, ლეგიტიმაციის დეფიციტს განიცდის და მის შესავსებად ეკლესიას მიმართავს. არც ისაა შემთხვევითი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხდება.

ყველაზე უცნაური კი ამ სიტუაციაში არის ის, რომ მას “მართლმორწმუნეობაში” სააკაშვილის პარტია ეჯიბრება, რომელსაც მმართველობის პერიოდში ეკლესიის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა (2011-12 წლების გამოკლებით, როდესაც სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდადაა და ყველანაირად ცდილობდა, ეპისკოპოსების მხარდაჭერა მოეპოვებინა).

შექმნილი სიტუაცია, სხვა ყველაფერთან ერთად, საპატრიარქოს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს მისთვის საინტერესო მონარქისტული პროექტი. მით უმეტეს, 2017-ში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მონარქიის აღდგენა “ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთ-ერთი გზაა”. ძნელი სათქმელია, ეს განცხადება განგებ (წინმსწრებად) გააკეთა თუ “შემთხვევით”, თუმცა წინაპირობა შემდგომი ნაბიჯებისთვის ნამდვილად შეიქმნა.

ძლიერ კანდიდატს, რომლის შეხედულებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც კონსერვატიული, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი ანდრიაძეს, კახა კუკავასა და ზოგიერთ სხვას არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები და უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ კარგი შედეგი ეჩვენებინათ. კონსერვატორი ამომრჩევლების დიდ ნაწილს არ ჰქონდა იმის განცდა, რომ არჩევნებში თავისი კანდიდატი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, “პატრიოტთა ალიანსის” 25 ნოემბრის აქციამ დამატებითი დატვირთვა შეიძინა. ეს იყო არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის მიერ მხარდამჭერთა მობილიზება “ნაცმოძრაობის” შესაჩერებლად, არამედ მესიჯი ყველა კონსერვატორისა და ნაციონალისტის მიმართ: “ამჯერად ასე უნდა მოვიქცეთ”, ანუ ვიმოქმედოთ აქციაზე გამოტანილი ერთ-ერთი ლოზუნგის შესაბამისად სილა _ ქოცებს, მუშტი _ ნაცებს!”.

აქ მნიშვნელოვანია სხვაობის აღნიშვნა _ “ქართული ოცნების” კამპანია “არა _ ნაცებს, არა _ ბოროტებას!” არსებითად ძალადობის მოგერიების იდეას ეფუძნება. მმართველ პარტიას, თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობებიდან გამომდინარე (და არამხოლოდ), არ შეუძლია ღიად განაცხადოს “მუშტი ნაცებს!”. “პატრიოტთა ალიანსი” ამ მხრივ თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს _ მას შეუძლია თქვას ის, რისი მოსმენაც სააკაშვილის რადიკალ მოწინააღმდეგეებს სურთ, სწორედ იმ ფორმით, რომელიც ოპტიმალურად მიაჩნიათ. თუ ჩვენ დავაკვირდებით მათ რეაქციას 12 დეკემბრის ინციდენტზე პარლამენტში ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის, ვნახავთ, რომ ინაშვილის მოქმედება თითქმის იდეალურად ჩაჯდა მათ წარმოდგენებში იმის შესახებ, რა ფორმით, სიმბოლურ თუ რეალურ სივრცეში, უნდა წარიმართოს ურთიერთობა “ნაცმოძრაობასთან”. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს შეძლებს “პატრიოტთა ალიანსი” ამ ტემპერატურის შენარჩუნებას, მით უმეტეს, რომ მას უკვე ჰქონდა ჩავარდნა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარტია თითქოს პაუზის რეჟიმში გადავიდა. მას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს _ პოლიტიკურ სიხისტესა და ძალისმიერ მოქმედებას შორის, რომელსაც, ცხადია, გამართლება არ აქვს. მოკლედ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობაზე რეფლექსური რეაგირება ერთია, ხოლო მისი შენარჩუნება და გამოყენება _ სულ სხვა რამ.

აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი _ კონსერვატიული საზოგადოების რადიკალიზაციის ხარისხი. თუ ის დაბალი იქნება, ელექტორატის დიდი ნაწილი შეიძლება წავიდეს ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობასთან” ან სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც უფრო ახლოა პირობით “ცენტრთან” (ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი პირობითია), ვიდრე “პატრიოტთა ალიანსი”. თუმცა ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია _ თუ ხელისუფლება კანაფის მოყვანას დაიწყებს და გეიქორწინებებს დააკანონებს, კონსერვატიული საზოგადოება ვულკანს დაემსგავსება, ხოლო თუქართული ოცნებაშედარებით ფრთხილად მოიქცევა, ის, როგორც სჩვევია, მალე დამშვიდდება.

7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო შეზღუდვები, რომლებიც უცხოელებს შესაძლებლობას არ აძლევდა, საქართველოში მიწა შეეძინათ. 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნორმები. ხოლო იმ შუალედში, როდესაც უცხოელებს მიწის გადაფორმება შეეძლოთ, “ქართული მარშისა” და ზოგიერთი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები გამართეს, რათა მიწის გადაფორმებისთვის ხელი შეეშალათ.

განხილულ კონტექსტში საგულისხმოა არა საკუთრივ ეს ფაქტი, არამედ იუსტიციის მინისტრ თეა წულკიანის 10 დეკემბრის კომენტარი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა” და ძალიან რბილ ტონალობაში მოუწოდა აქციის მონაწილეებს, სხვა მოქალაქეებს საბუთების გაფორმებაში ხელი არ შეუშალონ. ამ ეპიზოდმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოების იმ ნაწილის გაღიზიანება, რომელიც უცხოელებზე მიწის გაყიდვის წინააღმდეგია. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს ჰქონდა საბაბი იმისთვის, რომ რადიკალურ ორგანიზაციებთან ხისტად ესაუბრა, მან სიფრთხილე არჩია, რამაც საზოგადოების ლიბერალური ნაწილი ფრიად გააღიზიანა. სხვათა შორის, ამ აქციების დროს ცნობილი გახდა, რომ “ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს და, როგორც ჩანს, პროცესებში უფრო აქტიურ ჩართვას აპირებს.

თუ კონსერვატორები, ტრადიციონალისტები და შესაბამისი თვალსაზრისის მქონე ნაციონალისტები გაერთიანებას მოახერხებენ, საპარლამენტო არჩევნებში, 99%-იანი ალბათობით, გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება. ამ ძალებს არ ჰყავთ მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი ან (და) დიდი რესურსი. რაც მთავარია, ლიბერალებისგან განსხვავებით, ისინი, როგორც წესი, ვერ ხედავენ საერთო მიზანს და თანამშრომლობის აუცილებლობას. არის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც _ “უჩემოდ ვინ იმღერეთო” და ა.შ. ამგვარად, ფიქრი იმაზე, რომ მმართველი ძალის წინააღმდეგობის პირობებში, ასეთი ფრონტი შეიქმნება და ხელისუფლებაში მოვა, ალბათ, მაინც ილუზიებამდე მიგვიყვანს.

მაგრამ, მეორე მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებისა და თანმდევი სოციოლოგიური კვლევების შედეგებმა, სავარაუდოდ, მიიყვანა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები დასკვნამდე, რომ კონსერვატიული ელექტორატის ნაწილი მას სამუდამოდ დაემშვიდობა. მისთვის მნიშვნელოვანია, ეს ხმები გაურკვეველი მიმართულებით არ წავიდეს და “ნაცმოძრაობის” (პირდაპირ ან სატელიტი პარტიების მეშვეობით) რესურსად არ იქცეს. ამიტომ ის, ალბათ, მხარს დაუჭერს მისთვის მისაღები კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების გარკვეულ (თუმცა ზომიერ) გაძლიერებას, რადგან სრულ უკონტროლობას ნაწილობრივი კონტროლი სჯობს. “ქართულმა ოცნებამ” უკუაგდო ეს იდეა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, “ფაქტობრივი ერთპარტიულობისკენ” წავიდა და ახლა, სავარაუდოდ, უკან, გზაგასაყარზე დაბრუნება მოუწევს.

როგორც საზოგადოების განწყობამ, ისე ხელისუფლების მდგომარეობამ შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისთვის, რომ კონსერვატიული პოლიტიკური ძალები განვითარდნენ და გაძლიერდნენ. დანარჩენი კი დამოკიდებულია მათი ლიდერების ადეკვატურობაზე, ალღოსა და, რაც მთავარია, ნებისყოფასა და შრომისმოყვარეობაზე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here