აშშ–ში პოპულარულმა ტელეარხმა CNBC–მ ახლახან გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ელექტრონული გიგანტი “ალიბაბას” თანადამფუძნებელი ჯეკ მა 1980 წლიდან ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია. მითითებულია წყარო _ მთავრობის სპეციალური მოხსენება, რომელშიც ჩამოთვლილია ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ჩინელების გვარები.
CNBC-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს ჩინურ მედიაში მილიარდერის შესახებ გამოქვეყნებული მასალები და იპოვეს სოციალურ ქსელებში მისი თანაკლასელის პოსტი, მოგონებები უმაღლეს სკოლაში ერთად გატარებული ცხოვრების შესახებ. “უნივერსიტეტის მეორე-მესამე კურსზე ყოფნისას ყველანი პარტიაში შევედით. მაშინ პარტიის წევრობა ნიშნავდა არა მხოლოდ იმას, რომ კარგი სტუდენტი იყავი, არამედ იმასაც, რომ გქონდა ორგანიზატორული ნიჭი, იყავი ენთუზიასტი და გაგაჩნდა იდეალები”, _ წერია აკაუნტში, რომელსაც CNBC იმოწმებს.
აშშ–ის ბევრმა ანალიტიკოსმა არ დაიჯერა, რომ მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის წევრი იყო. ამერიკული განზომილებით, ის, ვინც ლენინიზმისა და მაოიზმის მიმდევარია, მილიარდერი ვერასოდეს გახდება. ოჯენის გაღმა სწამთ, რომ “ფულის ტომრების” კლუბში შესვლის უნარი და შესაძლებლობა გააჩნიათ მხოლოდ კაპიტალიზმის ზვიგენებს, რომელთათვისაც ფულის მოგება ცხოვრების აზრი და უმთავრესი მიზანია.
“ალიბაბას” თანადამფუძნებლის გარდა, ზემოთ დასახელებულ სამთავრობო მოხსენებაში ჩაწერილები არიან საინვესტიციო ჰოლდინგ Tencent-ის გენერალური დირექტორი პონი მა და Google-ის ჩინური ანალოგის _ Baidu-ის გენერალური დირექტორი რობინ ლი. ეს კი ნიშნავს, რომ “დიდ ცხოვრებაში” გზა მხოლოდ პარტბილეთის მფლობელებს არ გაუკვალავთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვა იბადება, რომელთა შორის უმთავრესი უწინდებურად აქტუალურია: რომელი ჯობს _ კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი (კომუნიზმი)? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ობივატელების უდიდესი უმრავლესობა დასავლეთში და ჩვენთანაც, ქვეყნის შიგნით, დარწმუნებულია, რომ სსრკ იდეოლოგიური გაკოტრების შედეგად დაინგრა. დღეს კომუნისტური ჩინეთი წარმატებით აბათილებს ამ თვალსაზრისს. მაშასადამე, ყველაფერი, რაც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ადამიანური ფაქტორისა და მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო.
ამრიგად, კომუნისტი ჯეკ მა ჩინეთში ყველაზე წარმატებული მეწარმეა, იგი ხელმძღვანელობს ბიზნესს, რომლის ჯამური ღირებულება 6,5 ტრილიონი დოლარია. გლობალური კვლევითი კომპანია Wealth-X-ის შეფასებით, დღეს მსოფლიოში სამი ათასამდე მილიარდერია, რომელთა შორის 680 აშშ-ის მოქალაქეა, 338 კი _ ჩინეთის. UBS ბანკმა დამატებით ერთი მონაცემი გამოაქვეყნა: 2017 წელს ჩინეთში ორ დღეში ერთხელ ახალი მილიარდერი ვლინდებოდა. ჩინელები კი ამტკიცებენ, რომ დღეისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 819 მილიარდერი ცხოვრობს, ანუ უფრო მეტი ვიდრე აშშ-ში.
საინტერესოა, რომ დღეს ჩინეთში არ მოქმედებს თანამედროვე ულტრამემარჯვენე კაპიტალიზმის (ამერიკული მოდელის) საკვანძო ფორმულა: მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები _ ღატაკდებიან. დენ სიაოპინის რეფორმების განხორციელებით 700 მილიონზე მეტი ჩინელი სიღარიბის კლანჭებს გამოსტაცეს. მაშასადამე, ჩინელი ბიზნესმენები არა მხოლოდ ეფექტიანად მოღვაწეობენ, არამედ სოციალური პასუხისმგებლობითაც არიან დატვირთული. თავმჯდომარე სი ძინპინმა შარშან განაცხადა, რომ სოციალისტური მოდერნიზაციის შედეგად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიო ლიდერად ყალიბდება არა მხოლოდ ინოვაციების კუთხით, არამედ სამართლის უზენაესობის თვალსაზრისითაც. შედეგად, მართვის ჩინური მოდელი მისაბაძი გახდება მსოფლიო მასშტაბით. ადამიანები იცხროვრებენ კომფორტულ პირობებში, სახელმწიფოს ძირითადი მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოქალაქისთვის, შემოსავლის უთანაბრობა, განსაკუთრებით საქალაქო და სასოფლო რაიონებს შორის შემცირდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გარემო პირობები.
მსოფლიო ბანკიც კი იძულებულია, აღიაროს ჩინეთის ფენომენალური წარმატება კაცობრიობის ისტორიაში სიღარიბის უპრეცედენტო შემცირების თაობაზე.
სიღარიბის უმაღლეს დონედ რომ ჩათვალოთ მინიმალური შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს ყოველდღიურად 1000 კალორიით პლუს პირველადი მოხმარების სხვა საქონლით, მაშინ გამოვა, რომ 1981 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სიღარიბის ეროვნულ ზღვარს მიღმა იმყოფებოდა მცხოვრებთა 63 პროცენტი. 2018 წელს კი ასეთი ღატაკი ადამიანების წილი 1,37 მილიარდი მოქალაქის საერთო რაოდენობიდან 30 მილიონამდე შემცირდა, რაც 2 პროცენტზე ოდნავ მეტია.
გელაპის ინსტიტუტის სტატისტიკური კვლევების თანახმად, სიღარიბის დონე ჩინეთში 2007 წლის 26 პროცენტიდან 2012 წელს 7 პროცენტამდე შემცირდა და კვლავ განაგრძობს კლებას. ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სიღარიბეს, როგორც სოციალურ მოვლენას, სრულად ამოძირკვავენ.
საქართველოში საშუალო და უფროსი თაობის მოქალაქეების უმრავლესობას, სახელმწიფომ ბინები უფასოდ დაურიგა “აუტანელი” საბჭოთა წყობილების დროს. ასე რომ არ მომხდარიყო, საცხოვრებლის შესაძენად მათ ფულის გადახდა რომ დასჭირვებოდათ “ქეშად” ან იპოთეკის დახმარებით, როგორც ამას ჩინელების უდიდესი უმრავლესობა იქმს, მაშინ ჩვენთან ტოტალური სიღატაკე იქნებოდა გამეფებული.
ჩინეთში სიღარიბის შემცირება ტალღის პრინციპით ოთხჯერ განხორციელდა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების პარალელურად.
სიტუაციის უფრო ნათლად წარმოსადგენად დამატებით რამდენიმე ფაქტს შემოგთავაზებთ.
Medina and Schneider-ის ინდექსის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მშპს 11,74 პროცენტი “ჩრდილშია” მოქცეული, იმდენივეა, რამდენიც შვედეთსა და საფრანგეთში. შედარებისთვის: ისრაელში 19,18 პროცენტს შეადგენს, უკრაინაში _ 57 პროცენტს, საქართველოში _ 53,7 პროცენტს.
კორპორაცია “ალიბაბას” წარმატებები 1999-დან 2010 წლის პერიოდზე მოდის, ანუ იმ დროზე, როცა ჩინეთის პროგრესი თავისი მოქალაქეების კეთილდღეობის გლობალური გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო. ეს მოხდა მაშინ, როცა ჰუ ძინტაოს ჩინეთის თავმჯდომარეობის ჟამს მთავრობა დაუნდობლად ებრძოდა კორუფციონერებს, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებშიც. მათ, ვინც პატიოსან ბიზნესს აბრკოლებდა, საჯაროდ ხვრეტდნენ.