“ბი–ბი–სის” რუსული სამსახურის რედაქცია თანამშრომლებისაგან ითხოვს მტკიცებულებებს საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში “რუსეთის ჩარევის” შესახებ. ამის შესახებ “ბი–ბი–სის” თანამშრომელმა ქალმა განაცხადა ერთ–ერთ კორესპონდენტთან მიმოწერაში. ეს კორესპონდენტი კი პარიზში მიმდინარე აქციებს აშუქებს.
“ბი-ბი-სის” ჟურნალისტი ცდილობდა, შეეტყო, აქვს თუ არა მოსკოვს რაიმე კავშირი საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან. კორესპონდენტმა განუცხადა ჟურნალისტს, რომ მიტინგებზე არც ერთი რუსი არ დაუნახავს “ბი-ბი-სის” თანამშრომელი ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა: “ხომ შეიძლება, რომ რომელიღაც რუსული ბიზნესი ამით ხელს ითბობდეს?” _ ჰკითხა მან. კორესპონდენტმა პასუხად მხოლოდ გაიცინა. როგორც “ბი-ბი-სის” ჟურნალისტმა ახსნა, მან უნდა “მოძებნოს კუთხეები”, რათა დაამტკიცოს მოსკოვის ჩარევა, რადგან “რედაქცია ითხოვს სისხლს”.
საპროტესტო აქციები საფრანგეთში
“ყვითელი ჟილეტების” აქცია, რომელმაც თავდაპირველად ბენზინის გაძვირების გამო იფეთქა, შემდეგ კი სოციალური ვითარების გამო უკმაყოფილებაში გადაიზარდა, 17 ნოემბერს დაიწყო. მასობრივ საპროტესტო აქციებს ახლდა დემონსტრანტების შეტაკება პოლიციელებთან, დარბევები, მაღაზიების ვიტრინების ჩამსხვრევა და ავტომობილების დაწვა.
გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების გენერალური სამდივნო აწარმოებს გამოძიებას რუსეთის ჩარევაზე “ყვითელი ჟილეტების” აქციაში. კრემლმა ეს ბრალდება ცილისწამებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საპროტესტო აქციები საფრანგეთის საშინაო საქმეა და რუსეთი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ერევა.
მოამზადა
ნიკოლოზ აბაშიძემ