2000 წლის მაისის პირველ რიცხვებში “რუსთავი 2”-მა პროგრამით “60 წუთი” (წამყვანი _ გოგიჩაიშვილი) განახორციელა, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, სიტყვით მკვლელობა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის, გულმხურვალე მამულიშვილისა და სპეტაკი ადამიანის _ ვალერი ასათიანისა; აქტი ბილწი, რომელიც ხელეწიფებოდა მხოლოდ ისეთ ანტიეროვნულ და ბინძურ მედიასაშუალებას, როგორიც ეს ყროლად ჩამოყალიბებული ტელეკომპანია იყო და არის.
ვალერი ასათიანს ორმაგი მკვლელობა დააბრალეს სატანისტური რიტუალის განხორციელებით, მაშინ, როცა მკვლელი არა მხოლოდ გამოვლენილი იყო, აღიარებდა დანაშაულს და… მის ავადმყოფურ გონებაში მოხარშული ეს ბოდვა “რუსთავი 2”-ს თავის გასამართლებლად მიასაღა.
იმასაც ეს უნდოდა და:
_ დაიწყო სერია ანონსების, რომ მალე საზოგადოება შეიტყობს საოცარ ამბავს, რომელიც დაკავშირებულია მკვლელობასთან, აგენტობასთან, კორუფციასთან და ა.შ. და ამ ყველაფრის თავიდათავი მე ვარ, _ იხსენებს ბატონი ვალერი მძიმედ, ტკივილით, რომელიც მოურჩენელ ჭრილობად გასდევს მის ცხოვრებას იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, _ ათი-თხუთმეტი ანონსი გავიდა, საზოგადოებას ამზადებდნენ, მის ყურადღებას იპყრობდნენ.
რა იყო ამ გადაცემის, მისი ავტორების, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და დამკვეთ-დამფინანსებლის მიზანი და ამოცანა? _ მეკითხებოდნენ მაშინ და ახლაც მეკითხებიან.
“ახალგაზრდა რეფორმატორები” ამბობდნენ და საზოგადოებაში ნერგავდნენ აზრს, რომ მოდიოდნენ სუფთა ხელებითა და სინდისით, პროფესიონალები, რომლებმაც განათლება ოკეანის გაღმა მივიღეთო: ზოგმა _ იქ, ზოგმა _ აქ, მოვდივართ იმათ აღსაგველად, რომლებიც ხელისუფლებაში არიან _ მკვლელების, რუსეთის აგენტებისა და კორუმპირებულებისო.
_ ბრალს რაში გდებდნენ?
_ სამი ბრალდება წამიყენეს: ორი კაცის სატანისტური მკვლელობა, რუსეთის აგენტობა და კორუმპირებულობა.
ძალიან მომგებიანი იყო მაშინ მათთვის ეს თემატიკა.
დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველას, ვინც მაშინ მხარში ამომიდგა, გამამხნევა და სასამართლო სხდომებზე დასწრებაც არ დაიზარა. მადლობელი ვარ მართალი პრესის, ხელოვნების მუშაკების, მწერლების. ჯანსუღ ჩარკვიანმა რამდენიმე ლექსიც კი გამოაქვეყნა. ერთ-ერთს, რომელიც 31 მარტს დაიბეჭდა, ერქვა “აწმყო შეგვერგო არმად”:
ჭეშმარიტება გაქრა,
ღვინო ქცეულა შხამად,
მივსდევთ ეშმაკთა ამქარს,
აწმყო შეგვერგო არმად.
ასე იწყებოდა. გაშხამებული ცხოვრება ნაციონალების მიერ იყო ხელდებული, “რეფორმატორების”, ცრუდემოკრატების, მიშა სააკაშვილის გუნდის მიერ, სხვებს აღარ ჩამოვთვლი, არც ღირს მათი სახელების ხსენება. ზოგი ცოცხალიც არ არის.
_ თქვენ რატომ ამოგირჩიეს მაინცდამაინც?
_ მარტო მე არა, სხვებიც იყვნენ… მთავარი მაინც ის არის, რომ ნაციონალებმა საშინელი უბედურება დაატრიალეს საქართველოში. სააკაშვილის მოძრაობა, ნაციონალური რომ დაირქვეს, ეროვნული ჭირია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოიშოროს ისე, როგორც ძველმა თებელებმა _ სანამ ვერ იპოვიდნენ მეფე ლაიოსის მკვლელს, შავი ჭირი არ დატოვებდა თებეს. ისე ვერ მოისვენებს საქართველო, თუ სამართლიანობა არ დამკვიდრდება, თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.
მაგრამ დღეს ეს ეროვნული უბედურება გრძელდება.
ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, _ სააკაშვილზე რას იტყვითო. გავიმეორებ, რაც ვუპასუხე: სააკაშვილი არის არსება, რომელიც ადამიანად ვერ შედგა, არათუ ქართველად, არათუ პოლიტიკოსად, არათუ მოქალაქედ, _ ადამიანად, საერთოდ. იგია არსება, რომელიც ვერ უპასუხებს ადამიანისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, ადამიანის კრიტერიუმს.
ამას მე სრული რწმენით ვამბობ, რადგან იგი და მთელი მისი ხროვა, მისი ფილიალები, რომლებიც დღეს ფსევდოდემოკრატიული იდეების დამკვიდრებას ცდილობენ, ყველაფრის მკადრებლები არიან, ყველაფერზე ხელმომწერნი. ხელისუფლების სათავეში ყოფნისას მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად გაიხლიჩა საქართველო. სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის აღვირახსნილი, არაკვალიფიციური, არაპროფესიული, არაადამიანური პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები. ესენი რომ არა, სხვაგვარად შეიძლება წარმართულიყო საქართველოს ისტორია. შეარყიეს ადამიანების ფსიქიკა, ზნეობა, ჩვენი მენტალობის შეცვლა მოინდომეს უკუღმართი ფსიქიკის მატარებელმა უდღეურებმა.
დღეს ესენი ბედავენ და ჭკუას გვარიგებენ, დიდაქტიკოსებად გვევლინებიან.
დღეს საქართველოდან გაძევებული და მის მიერვე შექმნილი კანონებით გასამართლებული სააკაშვილი ჰოლანდიიდან და ამერიკიდან აცხადებს, რომ არ ცნობს საქართველოს კანონმდებლობას (!). რომელ მის დემოკრატობაზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი?!
ან რომელი დემოკრატიის გამოხატულება არის ის, რაც სააკაშვილმა ჩემ მიმართ იკადრა?!
“რუსთავი 2”-ის გადაცემის ეთერში გასვლისთანავე მივმართე პროკურატურას თხოვნით, გამოეკვლია ის ბრალდებები, რომლებიც წამიყენეს. პროკურატურამ გამოწვლილვით შეისწავლა ყველა გარემოება და გამოაქვეყნა თავისი ვრცელი დადგენილება ამ საკითხის შემოწმების შედეგების შესახებ: ყოვლად უსაფუძვლო იყო ყველა ბრალდება, მაგრამ მოგეხსენებათ ხალხური სიბრძნე _ მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლეო. ტალახი შემასხეს, ამ მდგომარეობაში ჩამაყენეს მეც და მთელი ქვეყანაც.
თუ დააკვირდებით, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს ეს ტელევიზია და მისი მსგავსნი აყალიბებენ. დღესაც ასე არ არის?
_ გეთანხმებით.
_ ამ მზაკვრული ტექნოლოგიების დიდოსტატები არიან.
_ ე.წ. ოვერტონის ფანჯრის პროვინციული მონდომებით განმახორციელებლები.
_ დიახ. ისინი ცდილობდნენ, ხალხში ჩაენერგათ აზრი, რომ მათ მოსვლამდე საქართველოში იყო სიბნელე, უკუნეთი და სხვა არაფერი, უზნეობის, უსამართლობის, უწესობისა და არაპროფესიონალიზმის გარდა. თითქოს მარსიდან ჩამოფრინდნენ ველური ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე.
ჩვენს თაობას ბრალად წაუყენეს კომკავშირის წევრობა. მე მეამაყება, რომ ვიყავი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ერთობის ხელმძღვანელი. სააკაშვილი იყო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი. მის ბიოგრაფიას ამშვენებს ეს პასაჟი.
ამას რომ გავყვეთ, ძალიან შორს წავალთ და ნუ მოვაცდენთ თქვენს მკითხველებს ამ არაკაცის ბიოგრაფიის დეტალებით.
მთავარი ის არის, რაც მან და მისმა ხროვამ ჩვენს ქვეყანას დამართეს, როგორ გაამწარეს ხალხი და ღირსება შეულახეს. შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ესენი ფერსა და ტყავს იცვლიან?! წარმოუდგენელია! ხევისბერი რომ ვიყო, შევძახებდი: იყუჩეთ! მოინანიეთ! იცხოვრეთ რიგითი ადამიანის ცხოვრებით! არ შეიძლება თქვენი მოსვლა ქვეყნის სათავეში! დამღუპველია!
ჩვენ ხშირად ერთმანეთს ვსაყვედურობთ, რომ ვერ ვიჩენთ პრინციპულობას, მოქალაქეობრივ გამჭრიახობას, ბოლომდე ვერ მიგვყავს საქმე, უკომპრომისონი არ ვართ იმ პოზიციების დაცვაში, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, სიზანტე დაგვძლევს ხოლმე, მაგრამ მაინც არის ის ხაზი, რომელსაც ერი კრიტიკულ მომენტებში განახორციელებს.
დღევანდელი ქართული საზოგადოებრიობა არა და ვერ დაუშვებს ნაციონალების, ამ ეროვნული უბედურების, აღორძინებას საქართველოში. ასეთია ჩემი და არა მარტო ჩემი რწმენა.
დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზეა ლაპარაკი, მაგრამ, უპირველესად, მაინც ღირებულებების საკითხი დგას. საქართველოში არიან ძალები _ ახალგაზრდობაც, შუა თაობაც, შედარებით გამოცდილი თაობაც, ქვეყნის სათავეში რომ მოვიდნენ, როგორც ძველები იტყოდნენ, ზნეობრივად ამაღლებული ადამიანები, და _ ამაღლდება საქართველო.
_ ნაცებმა წინასაარჩევნო პერიოდში სიბილწის, სიბინძურის, სიცრუისა და ქვეგამხედვარობის გვირგვინი თავზე დაიდგეს. ხომ არ ვაჭაბებ?
_ არ აჭარბებთ. ესენი მართავენ ბოროტების მანქანას და ამ მანქანის მესაჭეა სააკაშვილი. იცის ხალხმა, რომელ ტელემანქანასაც ვგულისხმობ. იგი მოქმედებდა მაშინაც, როცა მე წარმოუდგენელი რამ დამაბრალეს, იუსტიციის მინისტრი მაშინ მიშა სააკაშვილი იყო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით ითქვა, რომ ცილისწამების გავრცელება მოხდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით. ხმა ვერ ამოიღო ვერავინ, ვერ უარყვეს. ან რით და როგორ უნდა უარეყოთ, როცა სიმართლე ჩემ მხარეს იყო, დასაბუთებული და არგუმენტირებული?!
_ ისე ჩაუწყდათ ხმა, რომ ბოდიშის მოხდაც ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ეს დაევალათ…
_ 18 წელიწადი იწურება და დღემდე არ მოუხდია ბოდიში სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიას. ასეთია მათი კანონმორჩილება და მათი დემოკრატიაც ეს არის. მივმართავ მათ, ყალბ დემოკრატებს: კიდევ რამდენ ხანს აპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას?!
_ ერთი ძველი ანდაზაა: რაც მოციქულები წავიდნენ, სულელებმა წინასწარმეტყველება ხელობად აქციესო. ნუ იწყენთ და შეგეკითხებით: როგორი შედეგით დამთავრდება საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური?
_ უკვე გითხარით, რომ ესენი (ნაცები) არიან უზნეობის, ბოროტების, ქვებუდანობის უახლესი ტექნოლოგიების დამამკვიდრებლები საქართველოში. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ვკარგავ იმედს, მეტიც, მჯერა, რომ ამ შემთხვევაში ეს არჩევნები ქვეყნის სასიკეთოდ დამთავრდება.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
P.S. “სიტყვით მკვლელობა” კი ჩაიდინა “რუსთავი 2”-მა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან კაცი დახვდა ძლიერი და ალალმართალი.
ა.ს.