იტალიის მთავრობამ ბიუჯეტი არ შეცვალა
იტალია უცვლელად დატოვებს 2019 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, კერძოდ, დეფიციტის მიზნობრივ მაჩვენებელს 2,4 პროცენტის დონეზე. ასე უპასუხა იტალიამ ევროკავშირის ულტიმატუმს, რომლითაც ბიუჯეტის პროექტი ევროზონის ნორმების მოთხოვნების მიხედვით უნდა გადაეკეთებინათ. რომისა და ბრიუსელის ახლანდელი დაპირისპირების მსგავსი რამ ევროკავშირის ისტორიას არ ახსოვს.
ევროკომისიის ოფიციალურ მოთხოვნაზე იტალიის მთავრობამ პასუხი რამდენიმე დღის წინათ გაგზავნა ბრიუსელში, ანუ მაშინ, როცა ულტიმატუმის ვადის ამოწურვას პრაქტიკულად აღარაფერი აკლდა, თუმცა ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა. მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერებმა ლუიჯი დი მაიომ და მატეო სალვინიმ კვლავ გაიმეორეს, რომ “არ აპირებენ, დაუთმონ ევროპას”.
რომისა და ბრიუსელის დაპირისპირება წელს 15 ოქტომბრიდან დაიწყო, მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრმა ჯოვანი ტრიამ ევროკომისიაში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი გაგზავნა. ევროკომისიამ ეს პროექტი დაიწუნა და, რადგან სიტყვიერი დამუნათებით ვერაფერი გააწყო, იტალიას ოფიციალური წერილით მოსთხოვა, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად აუცილებელი შესწორებები შეეტანა აღნიშნულ ბიუჯეტში. იტალიის მიერ წარდგენილი საფინანსო დოკუმენტი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა სტაბილურობის პაქტს, რომლის შესრულება იტალიის წინა მთავრობამ ივალდებულა.
მაგრამ “ცვლილებების მთავრობას”, როგორც თავის თავს უწოდებს “ლიგისა” და “ხუთი ვარსკვლავის” კოალიცია, სხვა ამოცანები აქვს. მან ბიუჯეტში შეიტანა ყველა თავისი წინასაარჩევნო დაპირება, მათ შორის, “ხუთვარსკვლავიანთა” საპროგრამო “საბაზო შემოსავალი”, “ლიგისთვის” ფუძემდებლური “ერთიანი გადასახადი”, ორივე პორტის მიერ წამოყენებული საპენსიო რეფორმის ნაწილობრივ გაუქმების, მოტყუებული მეანაბრეების დაცვის, საგადასახადო და სამშენებლო ამნისტიის, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი დაპირებების შესრულების მოთხოვნები, რომელთაც ევროკომისია პოპულისტურად მიიჩნევს.
ამასთანავე, ეკონომისტები, რომლებიც მთავრობის გათვლებში მონაწილეობდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს ექსპანსიური ბიუჯეტი ბიძგს მისცემს მოხმარების მოცულობისა და ინვესტიციების შემოდინების ზრდას. მთავრობა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ევროკავშირის მცდელობა, თავს მოახვიოს იტალიას მკაცრი ეკონომიის სისტემა, ვერ ამართლებს, ხოლო ახალი გეგმა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას 1,5 პროცენტით.
იტალიური გაზეთი “კორიერე დელა სერა” წერს, რომ რომისა და ბრიუსელის ურთიერთდაპირისპირების შემდგომი თარიღი იქნება 21 ნოემბერი, როცა ევროკომისია წარადგენს საბოლოო დასკვნას ევროზონის ქვეყნების მისთვის წარდგენილი ბიუჯეტების შესახებ. გაზეთი წერს, რომ ამის შემდგომ, დეკემბერ-იანვარში, შეიძლება დაიწყოს იტალიის სანქცირების პროცესი, რომელიც რეალურად გამოიკვეთება თებერვალ-მარტში “სახელმწიფო ვალის იძულებითი შემცირების და, შესაძლოა, სხვა სანქციების” სახით.
მოკლედ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ ჩვენი უვარგისი მას მედიიდ გადამკიდე არც ვიცით ჩვენს გარშემო რა ხდება და ჩვენს ქვეყანაშიც.