გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ–ის სავაჭრო პოლიტიკა და ბერლინს მოუწოდა, სხვა მოკავშირეები მოძებნოს.
“ჩვენ ვერ მოვითმენთ, ისე მოგვეპყრონ, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას. როდესაც ვუყურებ ამერიკის ელჩის მოქმედებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის თავს უფრო მიიჩნევს საოკუპაციო ჯარის მეთაურად, ვიდრე აშშ-ის ელჩად სუვერენულ სახელმწიფოში”, _ დაიჩივლა გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა. შრედერის აზრით, გერმანიამ თანმხვედრი ინტერესების მქონე ახალი მოკავშირეები უნდა ეძებოს. ასეთი მოკავშირის როლი კი შეიძლება ითამაშოს ჩინეთმა.
“შეუძლებელია იმის თავიდან აცილება, რომ ისინი, ვინც აშშ-ის მიერ გაჩაღებული კონფლიქტებით დაზარალდა, ერთმანეთთან დაახლოვდებიან”, _ აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა.
აშშ–ის სავაჭრო ომები
სავაჭრო ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის 6 ივლისს ამოქმედდა მომატებული ორმხრივი საბაჟო გადასახადები ამ სახელმწიფოებს შორის, ვაშინგტონმა 25 პროცენტით გაზარდა გადასახადი 818 დასახელების ჩინურ პროდუქციაზე, რომელთა საიმპორტო ღირებულება წელიწადში 34 მილიარდი დოლარია. საპასუხოდ, კონტრზომის სახით, ჩინეთმა იმავე დღეს 25%-ით გაზარდა გადასახადი იმპორტირებულ ამერიკულ საქონელზე.
სექტემბრის ბოლოს ამოქმედდა ახალი ამერიკული გადასახადები, რომლებიც ჩინეთიდან შეტანილი პროდუქტის 10 პროცენტით გაძვირებას ითვალისწინებს. ეს შეეხო წელიწადში 200 მლრდ დოლარის მოცულობის პროდუქციას. პეკინმა ამას კონტრზომით უპასუხა და 60 მლრდ დოლარის მოცულობის ამერიკული საქონელი 10%-ით გააძვირა.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გამწვავდა ირანთან ატომური გარიგებიდან გამოსვლის ფონზე, აგრეთვე, გადასახადების დაწესების გამო ალუმინსა და ფოლადზე; ევროკავშირმა 7 აგვისტოს აამოქმედა კანონმდებლობა, რომლის მიხედვით თავის ტერიტორიაზე გააუქმა აშშ-ის ექსტერიტორიული სანქციები ირანის მიმართ.
ამას გარდა, ტარიფების გაზრდის საპასუხოდ, ბრიუსელმა 25 პროცენტით გაზარდა გადასახადები აშშ-დან შემოტანილ საქონელზე.