Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის ჩამოვიდა ჯონ ბოლტონი?

რისთვის ჩამოვიდა ჯონ ბოლტონი?

984
ვლადიმერ პუტინი და ჯონ ბოლტონი

აშშის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონმა დაასრულა ტურნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ის რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია. ინტერესი მისი ვიზიტის მიმართ ძალიან დიდი იყო, ვინაიდან ბოლტონი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთერთ არქიტექტორად მოიაზრება.

მოსკოვში ბოლტონი 21 დეკემბერს ჩავიდა და პირველი ხუთსაათიანი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი საკითხი ამ მოლაპარაკებებზე გახდა აშშ-ის გასვლა ხელშეკრულებიდან საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შემცირების თაობაზე. კრემლი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვაშინგტონი გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებს. ამერიკელები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ რუსული რაკეტები კალინინგრადის ოლქში ევროპას საფრთხეს უქმნიან, ამასთანავე, თვლიან, რომ ძველმა ხელშეკრულებამ აქტუალობა დაკარგა, რადგან ამ ტიპის რაკეტების მასიური წარმოება ჩინეთმაც დაიწყო. არსებითად, გასვლა ამ ხელშეკრულებიდან ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს, შეიარაღების წარმოება გაზარდოს, რაც, ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის აზრით, წაადგება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ზოგადად აშშ-ის ეკონომიკას; ამავე დროს შესაძლებლობას მისცემს, ჩინეთსა და რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს. ვლადიმერ პუტინმა ამაზე სიმეტრიული პასუხის გაცემის პირობა უკვე დადო. ეს თემა ბოლტონისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვედრაზე განიხილეს.

მეორე შეხვედრა მოსკოვში ბოლტონმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა. მათ სირიაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს, კოორდინაციის გაფართოებაზე შეთანხმდნენ და დადებითად შეაფასეს რუსეთის, თურქეთისა და აშშის ერთობლივი მოქმედება, რომელმაც იდლიბის პროვინციაში დეესკალაცია უზრუნველყო. ბოლტონმა მწვავედ გააკრიტიკა ირანის ჩარევა სირიის კონფლიქტში; რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები მიანიშნებენ, რომ აშშის პრეზიდენტის მრჩეველი ცდილობდა, მიეღო რუსეთის მხარდაჭერა სირიაში ირანის გავლენის შეზღუდვის საქმეში.

შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინთან, რაკეტებისა და სირიის გარდა, ჯონ ბოლტონმა ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე ამერიკულ არჩევნებში, თუმცა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი კრისტოფერ რეი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ვერაფერს, რაც თავისი მასშტაბით 2016 წლის მოქმედებებს მოაგონებს”. რუსული მხარე, როგორც ცნობილია, მსგავს ბრალდებებს უარყოფს. პუტინმა, თავის მხრივ, გააკრიტიკა ვაშინგტონი “არამეგობრული ნაბიჯებისთვის, რომელიც არაფრით იყო პროვოცირებული”. საერთოდ, შეხვედრის შემდეგ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ რიტორიკა ჩვეულებრივზე დაძაბული იყო.

მხარეებმა ისაუბრეს სიტუაციაზე უკრაინაში, კავკასიაში, ავღანეთსა და კორეის ნახევარკუნძულზე, ახალი რუსულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს ამოქმედებაზე შეთანხმდნენ და, რაც მთავარია, პუტინისა და ტრამპის მორიგი შეხვედრის გამართვაზე, რომელიც 11 ნოემბერს პარიზში შედგება, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ. ბოლტონმა განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინი ვაშინგტონშიც მიიწვია და დაასახელა თემა, რომელზეც აშშ რუსეთთანსტრატეგიული მოლაპარაკებისგამართვა სურს _ ესჩინეთის აგრესიულობაა”. ბოლტონის აზრით, ჩინეთი რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მის უმნიშვნელოვანეს რეგიონებს ჩინური რაკეტებისწვდება”. მოსკოვში ამერიკელი სტუმრის ეს შეშფოთება, მოკლედ რომ ვთქვათ, არ გაიზიარეს. 26 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე თბილისში ბოლტონმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელებს საქართველოს შესახებაც ესაუბრა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

მთლიანობაში, ჯონ ბოლტონის ვიზიტმა მოსკოვში აჩვენა, რომ, ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, აშშ და რუსეთი აგრძელებენ სამუშაო დიალოგს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ამგვარად, ახალი ცივი ომიუკონტროლო კონფრონტაციაში არ გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი თბილისში სწორედ ამას მოელოდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში გამგზავრებამდე ჯონ ბოლტონმა ცნობილ რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კავკასიის ქვეყნებში სურს, “დაინახოს ის ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული როლი, რომელიც მათ აქვთ ურთიერთობაში ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან”. ტრადიციულად, რეგიონს აღწერენ, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლს, თუმცა ეს ფორმულირება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბოლტონი განიხილავს მას, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს ჩამოთვლილ სამ ქვეყანაზე, რომელთანაც აშშ-ის ბოლო დროს ურთიერთობა გაუფუჭდა. ზოგმა ამის უკან შეიძლება საკმაოდ საშიში პერსპექტივა დაინახოს.

“ალიევთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავმართეთ ინტენსიური მოლაპარაკებები, მათ შორის ირანის თაობაზე. განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც შეაკავებს თეირანს მისი საქმიანობისგან, აგრეთვე, მის ბირთვულ პროგრამაზე”, _ განუცხადა ბოლტონმა ჟურნალისტებს. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გაცილებით აქტიურად გამოიყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ირანის იზოლაციისთვის. მნიშვნელოვანი ადგილი მოლაპარაკებებზე ენერგეტიკულ საკითხებს, კერძოდ, “სამხრეთის გაზის დერეფანს” დაეთმო. ბაქოში ყოფნისას ბოლტონმა შენიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას აშშ-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საგულისხმოა, რომ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ალიევთან მოლაპარაკებებზე დემოკრატიისა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს შეეხო, მაგრამ უშუალოდ ამის შემდეგ გაიხსენა პრეზიდენტ ტრამპის სექტემბრის გამოსვლა გაეროში, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს სურვილი, სხვა ქვეყნებს ლექციები წაუკითხოს. შესაძლოა, ამით მან მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონი ოფიციალურ ბაქოს ამ მხრივ პრობლემებს არ შეუქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბაქოში განიხილეს (თუმცა მის შესახებ ბოლტონმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა) დონალდ ტრამპის მიერ “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე შესწორების მოქმედების შეჩერებაა. ეს შესწორება 1992-ში სომხური ლობის ძალისხმევის შედეგად მიიღეს _ ის აშშ-ს უკრძალავს, აზერბაიჯანს სამთავრობო ხაზით რაიმე დახმარება აღმოუჩინოს. აზერბაიჯანისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვის შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა: “სომხეთი ყიდულობს შეიარაღებას რუსეთში, აზერბაიჯანის შეიარაღება, აგრეთვე, 80%-ით რუსულია და ეს გარემოება ხელს არ უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას, რადგან რუსეთისთვის ზეწოლის დამატებით ბერკეტს წარმოადგენს”. ის მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღი რუსულს სჯობია და “კონკურენცია ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა”. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ აშშ, როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიყიდვის საკითხს განიხილავს და აპირებს, რუსეთს ამ მიმართულებით მეტოქეობა გაუწიოს.

ჯონ ბოლტონის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები გაიმარჯვებენ, “ეს იქნება კარგი შესაძლებლობა თამამი ნაბიჯებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში”. აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბერს აშშის ელჩმა სომხეთში რიჩარდ მილზმა განაცხადა, რომმკაცრი რეალობა ისეთია, რომ კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას მოითხოვს”.

ერევანში ასევე განიხილეს სირიაში ასკაციანი სომხური მისიის გაგზავნის იდეა _ ბოლტონმა თქვა, რომ სამხედრო ჩარევა არასწორი იქნება და სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ის დაარწმუნა, რომ მისია მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე იმუშავებს.

და ბოლოს, ჯონ ბოლტონი ჩამოვიდა თბილისში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ნამდვილ საგიჟეთს ჰგავდა. საარჩევნო თემაზე მას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლა: “საქართველოს ინტერესებში შედის, რომ სრულიად ღია და გამჭირვალე არჩევნები ჩატარდეს”. ბოლტონმა გამართა (მისი შეფასებით) “ნაყოფიერი შეხვედრები” საქართველოს პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. “განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია და საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობა”, _ განაცხადა ჯონ ბოლტონმა და, აგრეთვე, ახსენა დიალოგი “საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში”. ბოლტონის თქმით, მისმა ქართველმა თანამოსაუბრეებმა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვეს.

ამერიკელმა სტუმარმა ისაუბრა იმაზე, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გაწევრებას ნატოში, მაგრამ დასძინა, რომ ამას “შესაბამისი დრო სჭირდება”. მთლიანობაში ორივე მხარის კომენტარები ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი იყო, თუმცა ბოლტონის ერთ-ერთი რეპლიკა “არსებობს სხვადასხვა გზები ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების გასაძლიერებლად. ამასთან დაკავშირებით დღეს გვქონდა საუბარი და, ვფიქრობ, ამაზე ვიმსჯელებთ ვაშინგტონში” შეიძლება მიანიშნებდეს ამერიკული შეიარაღების ახალი პარტიის მოწოდებაზე ან სამხედრო კოოპერაციის სხვა ფორმებზე, რომლებიც, როგორც ყოველთვის, კრემლის მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევენ.

ჯონ ბოლტონმა საქართველოს ამერიკისთვისუმაღლესი სტრატეგიული პრიორიტეტის ქვეყანაუწოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, რა ფორმებში გამოვლინდება ეს ახლო მომავალში. იქ, სადაც სიცხადის ნაკლებობაა, შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს ეჭვები, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს ირანთან, რუსეთთან და, შესაძლოა, თურქეთთან ურთიერთობაში (ამაზე შეიძლება მიანიშნებდეს ბოლტონის ორაზროვანი რეპლიკაც ჰიუ ჰიუიტისთვის მიცემულ ინტერვიუში). სანაცვლოდ ამ ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ სავაჭრო პრეფერენციები და შეიარაღება, მაგრამ ამავე დროს ძლიერი საპასუხო დარტყმები გაღიზიანებული მეზობლებისგან. ტრამპის ადმინისტრაცია გლობალურ ანტიირანულ კოალიციას დიდი მონდომებით ქმნის და ნაკლებად სავარაუდოა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომლებიც ირანის უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ, ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცეს. თუ მას დააკმაყოფილებს თანამშრომლობა ირანის მიმართულებით, დღის წესრიგში, სავარაუდოდ, დადგება მოქმედება რუსეთის წინააღმდეგაც და საქართველო, ისევე, როგორც 2008-ში, შეიძლება სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here