Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინი, ვალდაის ფორუმი და საქართველო

პუტინი, ვალდაის ფორუმი და საქართველო

1632
პუტინი

18 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმავალდაის სადისკუსიო კლუბისფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი გამოსვლა შეიცავდა არაერთ საგულისხმო მინიშნებას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა გააანალიზოს.

“ვალდაის კლუბი” 2004 წელს შეიქმნა. მისი მთავარი დანიშნულებაა რუსეთისა და სხვა ქვეყნების ექსპერტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დიალოგისთვის ხელშეწყობა და მსოფლიო ინტელექტუალურ ელიტამდე იმ იდეების მიტანა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში დომინირებს. განვლილ 14 წელიწადშივალდაის კლუბისმუშაობაში მონაწილეობდა 63 ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ჰარვარდის, ჯორჯტაუნის, სტენფორდის უნივერსიტეტებიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან და სამეფო კოლეჯიდან, ჩინეთის, იაპონიის, ისრაელის, ირანის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან და .. სხდომას, რომელზეც პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა, ესწრებოდა 130 ექსპერტი 33 ქვეყნიდან.

“ვალდაის კლუბი” ამ ფორმატს იმიტომ ეწოდა, რომ პირველი ღონისძიება დიდ ნოვგოროდში, ვალდაის ტბის ახლოს გაიმართა. თავდაპირველად შეხვედრებს აკადემიური ხასიათი ჰქონდა, რეზონანსული პოლიტიკური განცხადებები, როგორც წესი, არ კეთდებოდა, გამოსვლების ძირითად ნაწილს მედია არ აშუქებდა. განსაკუთრებით საგულისხმო საქართველოსთვის “ვალდაის კლუბის” 2008 და 2010 წლების შეხვედრები გამოდგა. 2008-ში ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმხანად პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე. 2010 წლის 6 სექტემბერს კი, ამერიკელი ექსპერტის _ სემუელ ჩარაპის თქმით (მან ინტერვიუ “ამერიკის ხმას” მისცა), პუტინმა განაცხადა, რომ “ოდესმე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოუწევთ, ერთად გადაწყვიტონ მათი მომავალი ურთიერთობების ფორმა და მან არ იცის, იქნება ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თუ არა. ასე რომ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა”. პოლიტოლოგმა რობერტ ლეგვოლდმა კი პუტინის რეპლიკა ასე აღწერა: “მას თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები არსებობს” (“უოლ სტრიტ ჯორნალი”).

2013 წელს ვლადიმერ პუტინი პირველად გამოვიდა “ვალდაის კლუბში” ვრცელი მოხსენებით, მაგრამ განსაკუთრებული რეზონანსი მისმა 2014 წლის გამოსვლამ გამოიწვია, რომელსაც ექსპერტებმა საპროგრამო უწოდეს. პუტინმა მაშინ ბრალი დასდო აშშ-ს მთელი რიგი კონფლიქტების გაღვივებაში, ტერორისტების მხარდაჭერაში და მწვავედ გააკრიტიკა სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის კრიზისის კვალობაზე დაუწესა. 2015-16 წლებში პუტინის გამოსვლებში ერთ-ერთ მთავარ ადგილს სირიის კონფლიქტი იკავებდა. 2016-ში პუტინი ახლო აღმოსავლეთისთვის “მარშალის გეგმის” შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. 2017 წლის გამოსვლა, ძირითადად, აშშ-რუსეთის ურთიერთობების გართულებას მიეძღვნა და, ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური იყო. პუტინმა თქვა, რომ სიტუაცია უარესია, ვიდრე “ცივი ომის” წლებში იყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ შეამცირებს ბირთვულ არსენალს, სანამ ვაშინგტონი იმავეს არ გააკეთებს. წელს რუსეთის პრეზიდენტი ძველ, 2004-12 წლების, ფორმატს დაუბრუნდა _ უარი თქვა ვრცელ გამოსვლაზე და გადაწყვიტა, შეხვედრის მონაწილეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრა.

თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ორჯერ ახსენა საქართველო (შედარებისთვის _ სომხეთი და აზერბაიჯანი არც ერთხელ). როდესაც კითხვა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე და იგორ გიორგაძის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებაზე დაუსვეს, ვლადიმერ პუტინმა თქვა: “ვერ განვსჯი, რამდენად სარწმუნოა ეს. მე ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. ეს მუშაობა, თუ ის სინამდვილეში ტარდება, ძალზე საშიშია და გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს უკავშირდება”. შემდეგ მან ზოგადად აღწერა ახალი ბიოლოგიური იარაღის მოქმედების მექანიზმი და დასძინა: “ქმედება უკუქმედებას უდრის, უფრო სწორად _ პირიქით. ამიტომ მათ, ვინც მსგავს საშუალებებზე მუშაობს, უნდა ესმოდეთ, რომ ამას სხვებიც გააკეთებენ. აქედან გამომდინარე, სჯობს, წინასწარ დავსხდეთ და შევიმუშაოთ ქცევის ერთიანი წესები ამ უაღრესად მგრძნობიარე სფეროში”. მეორედ საქართველო ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ახსენა: “უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას სიტუაცია, უბრალოდ, ჩიხში კი არ შეჰყავს, არამედ ანტისახელმწიფოებრივ, ხალხის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. ისე, როგორც მისი შენიღბვა, შემდეგ კი განხორციელება სცადა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში, როდესაც თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველომ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა. ეს მისი მუშაობის შედეგია. და ძალიან დასანანი იქნება, თუ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება მის ნაკვალევს გაუყვება”. ამის შემდეგ პუტინმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება “რუსოფობიით ვაჭრობს” და იმედი გამოთქვა, რომ “შიდაპოლიტიკური ციკლების დასრულების შემდეგ” უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებას შეძლებს.

ამ მონაკვეთებს ყურადღება, უპირველესად, საქართველოსა და უკრაინაში მიაქციეს, დანარჩენ მსოფლიოში კი განსაკუთრებული რეზონანსი რუსეთის პრეზიდენტის სხვა რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას შეეხებოდა. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ბირთვული შეიარაღების გამოყენების კონცეფცია პრევენციულ დარტყმას არ ითვალისწინებს: “ჩვენ გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ პოტენციურ აგრესორს რუსეთზე, ჩვენ ტერიტორიაზე იერიში მიაქვს”. შემდეგ მან აღწერა სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების სისტემა და თქვა: მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდებით (ეს კი რამდენიმე წამში ხდება), რომ იერიში რუსეთის ტერიტორიაზე მიაქვთ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ საპასუხო დარტყმას”… “აგრესორმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეს, რომ სასჯელი გარდაუვალია, რომ ის განადგურდება. ჩვენ, აგრესიის მსხვერპლნი, როგორც წამებულები, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი, უბრალოდ, მოკვდებიან (პუტინმა უფრო მკვეთრი ფორმასდოხნუტგამოიყენა _ “სულს გააფრთხობენ” _ ..), იმიტომ, რომ მონანიებასაც ვერ მოასწრებენ”.

როდესაც ექსპერტები გამოსვლის ამ ნაწილს აფასებდნენ, მათ უმრავლესობას ეჭვი არ შეუტანია იმაში, რომ პუტინი კრიტიკულ სიტუაციაში ბირთვულ იარაღს უყოყმანოდ გამოიყენებს. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ისა და ევროკავშირის მისამართით, 2014 და 2017 წლებთან შედარებით, ნაკლებად კრიტიკული და კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა. ამგვარად, მან დასავლეთს თითქოს არჩევანი შესთავაზა: თუ გნებავთ, მშვიდობიანად ვითანამშრომლოთ, თუ არა, ჩვენ მზად ვართ, ყველაზე მძიმე სცენარებისთვისაც.

კიდევ ერთი “გლობალური მნიშვნელობის” განცხადება რუსეთის ეკონომიკის დედოლარიზაციას შეეხო. “ჩვენ ნამდვილად წავალთ ამ მიმართულებით, არა იმიტომ, რომ დოლარის აფეთქება გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს”, _ თქვა პუტინმა და დასძინა, რომ სანქციების რეჟიმი რუსეთს დოლარებთან მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. სანქციების შესახებ მან ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა _ იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ შემოიღეს, რაც მტკიცებულებების გარეშე ბრალი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დასდეს (იგულისხმება სოლსბერის ინციდენტი) და მიანიშნა, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ, რომლის დიპლომატებმა სტამბოლში ჟურნალისტი მოკლეს, სანქციები არავის დაუწესებია.

პუტინმა კარგად დაახასიათა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ ის, გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, თანამოსაუბრის არგუმენტებს ადეკვატურად აღიქვამს. თუმცა მან მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის ხელისუფლება (ეს ყოფილ ხელისუფლებებს ეხება. ს.მ.) რეჟიმების განადგურებისთვის, ალტერნატივის შეთავაზების გარეშე (ერაყი, ლიბია): “ეს აბსოლუტურად გაუაზრებელი, უზნეო პოლიტიკაა, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოაქვს”. ვლადიმერ პუტინმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის დადებით როლზე სირიის კონფლიქტში, ტერორისტების დამარცხებასა და სირიის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში. მან თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში საკვანძო მნიშვნელობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებას აქვს.

პუტინის აზრით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სახელმწიფოა, სხვა ეთნოსების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებაა. მან გაავლო ზღვარი აგრესიულ “გამოქვაბულის ნაციონალიზმსა” და “სწორ ნაციონალიზმს” შორის: მინდა, რომ რუსეთი შენარჩუნდეს, მათ შორის რუსი ხალხის ინტერესებში. სწორედ ამ თვალსაზრისით ვთქვი, რომ ჭეშმარიტი ნაციონალისტი ვარ, მაგრამ ეს არ არის სულელური და შტერული გამოქვაბულის ნაციონალიზმი, რომელსაც სახელმწიფოს განადგურებისკენ მივყავართ”.

რუსეთის პრეზიდენტმა გაავლო კიდევ ერთი ზღვარი ცვლილებების სურვილსა და რევოლუციას შორის: “განა გერმანიაში ცვლილებებისკენ არ მიისწრაფვიან? საერთოდ, ევროპაში ცვლილებები სურთ. დიდმა ბრიტანეთმა ხმა “ბრექსიტს” მისცა. ადამიანებს ცვლილებები სურთ. რუსეთშიც სურთ ცვლილებები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას რევოლუციური ცვლილებები სურდეთ. საკმარისზე მეტი მივირთვით ეს რევოლუციები, რევოლუციური ცვლილებები, მათ შორის უახლეს ისტორიაში”.

რუსეთის პრეზიდენტი ბევრ სხვა თემასაც შეეხო _ ურთიერთობას სამკუთხედში პეკინი-მოსკოვი-ვაშინგტონი, ირანის საკითხს, ვითარებას კორეის ნახევარკუნძულზე და ა.შ. ყველა ამ პრობლემის კონსპექტური მიმოხილვაც კი ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს. მთავარი “ვალდაის კლუბის” სხდომაზე, ალბათ, ის იყო, რომ ვლადიმერ პუტინმა, სხვა ქვეყნების ლიდერების გასაგონად აღწერა ორი ალტერნატივა _ კონფრონტაცია და კონსტრუქციული დიალოგი; მიანიშნა, რომ ახლა ბურთი მათ მხარეზეა. ეს, სავარაუდოდ, ეხება არა მხოლოდ ლიდერ სახელმწიფოებს, ისეთებს როგორიცაა აშშ და ჩინეთი, არამედ სხვა ქვეყნებსაც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება აქამდე არ რეაგირებდა მსგავს მესიჯებზე და კრემლთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ თეორიულად განიხილავდა, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტის ახალ განცხადებებზე რაიმე რეაგირება მოახდინოს ან თუნდაც გააანალიზოს ისინი. ეს კი, სავარაუდოდ, გაზრდის იმის ალბათობას, რომ საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობა ისევ კონფრონტაციული სცენარის ფარგლებში განვითარდება.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here