Home რუბრიკები საზოგადოება მწვერვალთმპყრობელი

მწვერვალთმპყრობელი

2820
ალექსანდრა ჯაფარიძე

ალექსანდრა ჯაფარიძე _ პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ბეთლემის გამოქვაბულის საიდუმლო ამოხსნა

ქართველ სპორტსმენ ქალთა შორის, რომლებმაც სახელი გაუთქვეს საქართველოს, გამორჩეული ადგილი უკავია ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთერთ ფუძემდებელს, პირველ ქართველ მთასვლელ ქალს _ ალექსანდრა ჯაფარიძეს.

ალექსანდრა ჯაფარიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე

ალექსანდრა ჯაფარიძე დაიბადა 1895 წლის 11 თებერვალს სოფელ ხრეითში (სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში). მის მშობლებს _ ბიჭისა და ლიდას _ 7 შვილი ჰყავდათ, ალექსანდრა მეოთხე იყო. მისი უმცროსი ძმები _ სიმონი (1897-1929) და ალექსანდრე (ალიოშა) (1899-1945), აგრეთვე, ცნობილი ალპინისტები იყვნენ.

სიმონ ჯაფარიძე
სიმონ ჯაფარიძე

სიმონ ჯაფარიძე _ გეოლოგი, ლოპოტის მარმარილოს აღმომჩენი და ცნობილი ალპინისტი _ პირველი მსხვერპლი იყო კავკასიონზე. 1929 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილ ექსპედიციაში თეთნულდზე ასვლისას მან განსაცდელში ჩავარდნილი პიმენ დვალის გადასარჩენად ყველაფერი იღონა, მაგრამ ამაოდ და მასთან ერთად გადაიჩეხა თეთნულდის ყინულოვან ნაპრალებში.

ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე

ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე _ ქართული ალპინიზმის აღიარებული ლიდერი, პამირისა და კავკასიონის მთათა სისტემების მკვლევარი, ტექნიკურად რთულ მწვერვალებზე ასვლების ფუძემდებელი _ 1945 წელს უშბა-შხელდის ტრავერსის გავლისას მოულოდნელად შემოჭრილი ციკლონის შედეგად და მოსულმა ზვავმა იმსხვერპლა თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად. მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1957 წელს, შემთხვევით წააწყდნენ ალიოშა ჯაფარიძის ნეშტს ქართველ მკვლევართა ჯგუფის წევრები ავთანდილ ძიძიგურის ხელმძღვანელობით. როგორც გამოჩენილი ქართველი მწერალი და მთასვლელი ლევან გოთუა წერდა: “უშბამ პირველად დააბრუნა თავისი მსხვერპლი”. ალიოშა ჯაფარიძე თბილისში ჩამოასვენეს და ვერის (იმჟამინდელ კიროვის) პარკში დაკრძალეს მისივე სახელობის საქართველოს ალპური კლუბის მახლობლად.

ალექსანდრა ჯაფარიძეს კი 100-მდე ასვლა აქვს შესრულებული კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო პირველი ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950). ალექსანდრა ჯაფარიძემ 5034 მ სიმაღლის მყინვარწვერი (ყაზბეგი) 1923 წელს დალაშქრა მთასვლელთა ჯგუფთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნიკოლაძე. ალექსანდრამ 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1921-1944 წლებში მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, 1948 წელს კი მყინვარწვერის კალთებზე ავიდა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული.

ბეთლემის გამოქვაბული
ბეთლემის გამოქვაბული

ბეთლემის გამოქვაბული _ ეს არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოგონილად ითვლებოდა. ეს გამოქვაბული, რომელშიც ადამიანები ბინადრობდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მდებარეობს ბეთლემის ქედზე (გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზთა განაყოფზე), გამოკვეთილია მოწითალო ანდეზიტის კლდეში.

ბეთლემის გამოქვაბულის კარი
ბეთლემის გამოქვაბულის კარი

ბეთლემი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. 1947 წლის ნოემბერში ალპინისტმა ლევან სუჯაშვილმა პირველმა შეამჩნია ციცაბო ფერდობზე ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოშვებული ჯაჭვი და რკინის კარი. ეს სწორედ ის ჯაჭვი იყო, რომელზეც “განდეგილშია” საუბარი. აი როგორ აღწერს ბეთლემის გამოქვაბულს ილია ჭავჭავაძე პოემაში “განდეგილი”:

მყინვარწვერი
მყინვარწვერი

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა,

 ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,

სად წვიმათოვლნი, ყინულად ქმნილნი,

მზისგან აროდეს არა დნებიან,

სად უდაბურსა მას მყუდროებას

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,

სად მეუფება ჭექაქუხილსა,

ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია,

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.

ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს

იმ წმინდათ სადგურს ყინულის ზღუდე,

და ზედ კარია გამოკვეთილი,

ვით კლდის ნაპრალზე არწივის ბუდე.

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი

ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა,

და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით

ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა”.

ჯაჭვი
ჯაჭვი

1948 წლის იანვარში ქართველი მთასვლელების ჯგუფმა, ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, გამოიკვლია ბეთლემის გამოქვაბული, რომლის კარიდანაც გადმოკიდებული იყო 5,5 მ სიგრძის რკინის ჯაჭვი. ამჟამად ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი რკინის კარი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი, მონეტები. გამოქვაბულში, აგრეთვე, ნაპოვნია ისრის წვერები, ზანზალაკები, კოვზი, ანკესები… _ 20 საგანი, რომლებიც დათარიღებულია XIII, XV, XVI და XVIII საუკუნეებით. ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერები X-XI საუკუნეებით თარიღდება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის: ალექსანდრა ჯაფარიძე _ პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთერთი ფუძემდებელი (1923), საქართველოს ალპური კლუბის ერთერთი დამაარსებელი (1936), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945), მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი (1931), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1960), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1962), დევდორაკის ალპინისტური ბანაკის სასწავლო ნაწილის უფროსი (1938-1939), თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგი და გამგე (1944-1961). მან 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის _ მორის ერცოგის გახმაურებული წიგნიანაპურნა” (1974). დაჯილდოებული იყო ორდენებით, მრავალი მედლითა და სიგელით. მისი სახელი მიენიჭა მის მიერ 1913 წელს მშობლიურ სოფელ ხრეითში დაარსებულ სკოლას (1994) და მწვერვალს კავკასიონზე ჭიუხების მასივში (1975). სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლმუზეუმი (1983). დაკრძალულია (1974) ვერის ბაღში თავისი ძმების გვერდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here