“გლდანის ციხის მორგში შემიყვანა რეჟიმის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ. იქ მიცვალებულს ასუფთავებდნენ, სხეულიდან ნაწილი ამოაჭრეს და სახეზე მომისვეს, მერე გვამზე სკოჩით დამაბეს და მთხოვდნენ, მეღიარებინა დანაშაული. რეალურად, ჩემი ბიზნესი ვანო მერაბიშვილს უნდოდა, უფრო სწორად, მისი ცოლის ბიძას და ამიტომ მაწამებდნენ”, _ ეს არის ამონარიდი ყოფილი პატიმრის, ლევან ცეცხლაძის, ჩვენებიდან.
ცეცხლაძე ერთადერთი არ არის ყოფილ პატიმართაგან, რომელიც ხელს შს ყოფილი მინისტრისკენ იშვერს. ყველაზე გახმაურებული მაინც სანდრო გირგვლიანის საქმეა. საქმე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და სუფრაზე, სადაც კონფლიქტი დაიწყო, სხვებთან ერთად მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა.
სიმართლე გითხრათ, მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, ბევრს ეგონა, მას მრავალწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ და, თუ სამუდამოს გადაურჩებოდა, სასწაული იქნებოდა. სასწაული არ მოხდა, ყოფილ მინისტრს, პრაქტიკულად, მინიმალური სასჯელი აკმარეს და, წესით, ციხიდან გაისად უნდა გათავისუფლდეს. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ მერაბიშვილის ადვოკატებმა და თანაგუნდელებმა პრეზიდენტს მისი შეწყალება სთხოვეს, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან თვითონ მინისტრყოფილმა შეწყალების თხოვნას ხელი არ მოაწერა. როგორც შევიტყვეთ, იგი სწორედ ყოფილმა თანაგუნდელებმა დაარწმუნეს, რომ შეწყალების თხოვნა არ დაეწერა, რადგან… არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი მათი იქნებოდა და ის შეიწყალებდა. უწერია თუ არა ნაციონალების ფიქრებსა და ოცნებებს ახდენა, თავად განსაჯეთ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ, საზოგადოდ, ეს ფიქრები და იმედები რომ აქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, “ქართული ოცნების” დამსახურებაა…
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში რამდენჯერმე გადაიყვანეს. მერე იყო, ადვოკატებმა ხმაური რომ ატეხეს, დიდი ივანე კვდება _ ან სიმსივნე აქვს, ან მოწამლესო. რა თქმა უნდა, ადვოკატებს ერთ ხმაში აჰყვა არასამთავრობო სექტორი, იქ ვიღაც პროფესორი გამოჩნდა, რომელმაც ანალიზის პასუხებს გადაავლო თვალი და ბეჭედიც დაუსვა _ ან მოწამვლაა, ან სიმსივნეო. მერე ოჯახმა თავისი მკურნალი ექიმების ჩართვა მოითხოვა, არასამთავრობოებმა საერთოდ საპროტესტო აქციები დააანონსეს და… სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც მინისტრყოფილი ნორმალურად გამოიყურება და, რაც მთავარია, ოჯახის მიერ მოწვეულმა ექიმმაც და ექიმთა კონსილიუმმაც დაასკვნეს, რომ არც სიმსივნეა და არც მოწამვლა. მერაბიშვილის დაავადება იკურნება და დაახლოებით ისეა: ადამიანი ხანდახან ავად რომ ხდება.
თუმცა, ნურას უკაცრავად, აქეთ კიდევ ერთი ექიმი აყვირდა: ვანოს ბევრი ჟანგბადი სჭირდება და ამიტომ სუფთა ჰაერზე უნდა ჰყავდეთო. არ დასცალდათ ნაციონალებს, თორემ გურიაში, კონკრეტულად კი ლაითურში, 15-ათასიან ციხეს აშენებდნენ, უფრო სწორად _ ციხე–ქალაქს, რომელშიც მთელი საქართველოდან უნდა წაეყვანათ პატიმრები, ანუ იმხანად არსებული 21 პენიტენციაური დაწესებულებიდან, რომელიც, საერთო ჯამში, 20 ათას კაცზე იყო გათვლილი, არ ჰყოფნიდათ, რადგან ერთი იმდენი კიდევ უნდა დაეჭირათ. ჰოდა, რომ აეშენებინათ, გადაიყვანდნენ იქ მერაბიშვილს და იქნებოდა ზღვიდან მონაბერ ჰაერზე…
* “გლდანის ციხეში, მინუს მესამე სართულზე ვყავდი წელიწადზე მეტ ხანს. ოთახში ჰაერი მაჯის სიმსხო მილით უნდა შემოსულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ არასდროს გაწმენდილა, გაბიდნული იყო. 4 კვადრატულ მეტრში მარტო ვცხოვრობდი და კვირაში ერთხელ მცემდნენ. ეს იმიტომ, რომ მერაბიშვილის ესკორტს გზა გადავუჭერი, მანქანიდან მომზირალ ვანოს კი თვალი გავუსწორე და თურმე არ მოეწონა”, _ ყოფილი პატიმრის, გოგა ასათიანის, მონაყოლიდან, რომელიც ამ ამბიდან ორ საათში გალაკტიონის ხიდზე გააჩერეს და ჯიბეში ექვსი აბი სუბოტექსი “უპოვეს”.
ნაციონალების ზეობის პერიოდში მერაბიშვილი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა. ყველაფერში იგულისხმება ადამიანის უკანონო დაპატიმრებით დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული და, თუ მკვლელობების რაოდენობა, რომლებშიც მერაბიშვილის ხელი ურევია, მოარული ხმების მიხედვით, ათეულს ითვლის, უკანონოდ დაპატიმრებული და ციხეში გამომწყვდეული ადამიანების რაოდენობა ასეულობით არის. ისიც “ოცნების” დამსახურებაა, რომ ყველა საჩივარს ბოლომდე არ მიჰყვნენ, ყველაფერი ბოლომდე არ გამოიძიეს, ან, უბრალოდ, ადამიანებს არ დაუჯერეს ის, რომ ღამის სამ და ოთხ საათზე, სანოტარო წესით მერაბიშვილის ოჯახის წევრებზე ბიზნესები საკუთარი სურვილით არ გადაუფორმებიათ. მას დაუმტკიცეს ორი თუ სამი საქმე, ეს საკმარისად ჩათვალეს და ციხეში ჩასვეს. ქონებაწართმეული ადამიანებისთვის, გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ციხეში წლობით უსამართლოდ გამომწყვდეული პირებისთვის კი რამდენად დიდი შეღავათი იყო ეს, თავად განსაჯეთ.
* “გაჩიანის პოლიციის შენობის რემონტის ტენდერი ჩემმა ფირმამ მოიგო. 180 ათასი ლარის საქმე იყო, რა თქმა უნდა, ნამუსიანად გავაკეთეთ, იმიტომ, რომ საქმე პოლიციას ეხებოდა. როცა ობიექტი ჩავაბარეთ და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ წუნი ვერ იპოვა, კუთვნილი მოვითხოვე. უარი მითხრეს და მაშინ უკვე ოფიციალური წერილი მერაბიშვილს გავუგზავნე: თქვენი უწყების შენობა გავაკეთე, ფულს კიდევ არ მიხდიან–მეთქი. დამიბარა ვანომ, მივედი და მშვიდად მითხრა, _კიდევ თუ მოითხოვ ფულს, ყველაფერს დაკარგავ და თავხედობისთვის მხოლოდ იმას გაკმარებ, რომ რამდენიმე ობიექტი სათვალთვალო კამერებით შენი ხარჯით აღჭურვოო. ეგ დამატებით 80 ათასი ლარი დამიჯდა და, საერთო ჯამში, 260 ათასი ლარი ჰაერში გავისროლე. ამას ის მოჰყვა, რომ რუსთავში ორივე ბინა გავყიდე, დღემდე ნაქირავებში ვცხოვრობ და მას შემდეგ აღარ მიმუშავია, ფირმა გაკოტრების გამო გავაჩერე”, _ ესეც ერთ-ერთი რუსთაველი ბიზნესმენის მონაყოლია.
ყველაზე საინტერესო მაინც არასამთავრობოების პოზიციაა. ძალიან გვაინტერესებს, სად იყვნენ არასამთავრობოები მაშინ, როცა გვამები გადიოდა ციხეებიდან, მაშინ, როცა ყველა ამბობდა, რომ კარანტინის დაშლისას პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ, მაშინ, როცა ბიზნესმენებს აყაჩაღებდნენ. სად იყო სახალხო დამცველი, რომელიც ახლა ბოლო ხმაზე ყვირის? წინა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდა, ანუ დაადასტურა, რომ მათი ჯიბის კაცი იყო. და მივდივართ ისევ იქამდე, რომ ის, რაც ახლა ხდება, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” დამსახურებაა. ადამიანები, რომლებიც სამართალს ეძებდნენ, ისევ მოტყუებული დარჩნენ. 2012-ში ამომრჩეველს ხმა არ მიუცია კოალიციაში გაერთიანებული ათასი ჯურის ადამიანისთვის, მათ ხმა სამართლიანობის აღდგენის პროცესს მისცეს და… ხელში კოჰაბიტაცია შერჩათ. ახლა კი, ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას ატერორებდნენ, შიშში აცხოვრებდნენ, უთვალთვალებდნენ, პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდნენ, წამებულებად იქცნენ. გვეუბნებიან, რომ უნდა გვეცოდებოდნენ, რომ თურმე სასათბურე პირობები არ აქვთ ციხეში. ისე, სასათბურე პირობები ციხეში გირგვლიანის მკვლელებს ჰქონდათ, რომლებსაც არც სასმელი აკლდათ, არც საჭმელი და არც ღრეობა–დროსტარება. მკვლელებს, რომლებსაც წინა ხელისუფლებამაც კი დაუმტკიცა დანაშაული, იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, ციხეში, პრაქტიკულად, იმაზე უკეთესად აცხოვრებდნენ, ვიდრე გარეთ გრძნობდნენ თავს, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სკანდალში მერაბიშვილის ცოლი იყო გარეული. ის ცოლი, ახლა რომ გაიძახის, ქმარს არ მანახვებენო და მაშინ თვალის დაუხამხამებლად გასცა სანდრო გირგვლიანის დასჯის ბრძანება. მას არ ანახვებენ ქმარს, რომლის გამოც ასობით ოჯახმა ქმარი, შვილი, ძმა ცოცხალი ვეღარ ნახა.
კარგად გვესმის, რომ მიმტევებლები უნდა ვიყოთ, რომ ტოლერანტობა აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი იდიოტიზმში არ უნდა გადავიდეს. მერაბიშვილი ისედაც იღებს იმაზე მეტს, ვიდრე მისი მინისტრობის დროს იღებდნენ პატიმრები. საავადმყოფოში გადაყვანა პატიმრების 99%-ს აუხდენელ ოცნებად რჩებოდა და სწორედ ამის გამო, არაერთი პატიმარი გარდაიცვალა. იმის გამო, რომ ბრძანება “ყველა ციხეში” ზედმიწევნით სრულდებოდა და იქ, ციხის ჯურღმულებში, მყოფ პატიმრებს სასტიკად ექცეოდნენ.
* “კარანტინში რვა კაცი ვიყავით და მორიგემ მოგვიბოდიშა: დღეს გაძელით, ხვალ საკნებში გადაგანაწილებთო. მოგვიბოდიშა იმიტომ, რომ კარანტინში მხოლოდ ექვსი საწოლი დგას”, _ ყვება პატიმარი, რომელიც ციხიდან მიმდინარე წელს გამოვიდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსუბუქი დანაშაულის გამო ექვსი თვე გაატარა.
* “როცა კარანტინში შემიყვანეს, 32-ე ვიყავი. დასაწოლი კი არა, დასადგომი ადგილიც კი არ იყო. გარეთ იანვარი იდგა, კარანტინში კი პატიმრები გახდილები იყვნენ, რადგან სარკმლიდან, რომელიც მტკაველზე იღებოდა, ჰაერი პრაქტიკულად არ შემოდიოდა. პატიმრების სხეულებიდან ასული ოხშივარი ჭერზე წვეთებად იყო მიმდნარი და იქიდან პატიმრების ოფლი ისევ პატიმრებს ეწვეთებოდა. ასეთ მდგომარეობაში 11 დღე გავატარე, შემდეგ კი კარანტინის დაშლა დაიწყო და ყველა პატიმარს ჯერ წიხლით შედგნენ, შემდეგ კი საკნებში გადაანაწილეს”, _ ეს იმ პატიმრის მონაყოლია, რომელმაც გლდანის ციხე ნაციონალების ზეობის პერიოდში გამოიარა.
ჰოდა, შეირგეთ, ბატონებო, ის, რომ მერაბიშვილი არ უცემიათ, არ უწამებიათ, არ “მიუცოცხიათ”, რომ საავადმყოფოში გადაჰყავთ და მკურნალობენ. თვითონ მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში “პატიმარი მერაბიშვილი” დიდი ხნის გარდაცვლილი და დავიწყებული იქნებოდა.
ბესო ბარბაქაძე