Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: წარმოგიდგენიათ, ვლადიმერ პუტინისა და მარგველაშვილის ან ბახტაძისა და პუტინის მოლაპარაკება?

ვალერი კვარაცხელია: წარმოგიდგენიათ, ვლადიმერ პუტინისა და მარგველაშვილის ან ბახტაძისა და პუტინის მოლაპარაკება?

“საქართველო დღეს კოლონიურ მდგომარეობაშია, უუფლებოა ჩვენი ქვეყანა, დაპყრობილი ვართ”

ვალერი კვარაცხელია

ჩვენ ვკითხულობთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლას გაეროში. გვესმის, როგორი დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ.

შევეცდებით, ამას რამე მოვუხერხოთ; შევეცდებით, ყველაფერი პოზიტივისა და კონსტრუქციული მსჯელობის გამოყენებით გავაკეთოთ. ასეთი განცხადებები ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს, ცინიკურად აღიქმება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების დამყარების სურვილი და, ამასთანავე, ამ ქვეყნების დადანაშაულება იმაში, რომ იქ არანორმალური ვითარებაა. ჩვენ ვმართავთ შეხვედრას პრაღაში, რათა გადავჭრათ ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც შეგვიძლია. ეს არის სატრასპორტო, სახმელეთო, საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარული კონტაქტები, სავიზო საკითხები, ამ არასრული 6 წლის განმავლობაში რაღაც გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, ეს კონსტრუქციული ტენდენცია გაგრძელდება. არ გამოგვივიდა პოლიტიკური ნაწილი”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ. საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. გრიგორი კარასნის განცხადებაზე გვესაუბრება ანალიტიკოსი, პარტიასოციალისტური საქართველოსდამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია:

_ გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა არ მომისმენია, რადგან ახალს არაფერს ველოდი. ახალსა და საინტერესოს ბახტაძე ვერ იტყოდა, რადგან მისთვის ასეთი რამ არავის დაუვალებია. ეს კაცი არ არის საქართველოს რეალური ხელმძღვანელი. ის არის პიროვნება, რომელიც პრემიერად დასვეს, პროგრამა მისცეს და გააფრთხილეს, რასაც უნდა ემსახუროს. ის, რაც ამ პრემიერის პირობებში ხდება, არის ჩვეულებრივი გაგრძელება დაწყებული ხაზისა _ რუსეთთან დაპირისპირება, მუშტების ქნევა, ფეხების ბაკუნი, რომელსაც სასიკეთო შედეგი არ მოაქვს და ვერც მოიტანს. ასე რომ, არც ბახტაძეა საინტერესო ამ თვალსაზრისით, ამიტომაც მოჰყვა მის გამოსვლას გაეროში კარასინის განცხადება.

თუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვცდილობთ, მიდგომები უნდა შევცვალოთ. თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ვფიქრობთ, მაშინ წინასწარ არ უნდა ვიყვიროთ სალანძღავი სიტყვები და მუშტი არ უნდა მოვუღეროთ. ჯერ უნდა შეხვდე, ჰკითხო, რა აინტერესებს მას, აუხსნა, შენ რა გინდა და რა ინტერესი გამოძრავებს, აუცილებლად უნდა გაიგო, მისი წითელი ხაზები სად გადის და მანაც უნდა იცოდეს, სად გადის შენი წითელი ხაზები; უნდა დაიდოს პირობა, რომ ამ წითელ ხაზებს არავინ დაარღვევს და შედგება დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის. აი ასე უნდა მოიქცეს გონიერი სახელმწიფო და მისი პოლიტიკოსები, მაგრამ ასე არ ხდება და ამიტომაც რუსეთის საგარეო უწყება ხან მუქარას გვითვლის, ხან საუბრის ტონს გვიწუნებს… საქართველოს დაკარგული აქვს ტერიტორიები, ჩვენი ყოფილი ტერიტორიები უკვე აღიარებულია დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, ამიტომ უნდა ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ.

საქართველოს თავის ტოლ ქვეყანასთან რომ ჰქონდეს საქმე, მაშინ ჩვენი სიჯიუტე გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ვიცით, რომ ვუპირისპირდებით სახელმწიფოს, რომელთანაც ძალისმიერი მეთოდებით საუბარი არ გამოგვივა, გაუგებარია ეს სიჯიუტე. ვიცით, ვინმე რომც დაგვეხმაროს, ძალისმიერი მეთოდით ბრძოლას ვერ მოვიგებთ. მსოფლიო რომ აღდგეს რუსეთის წინააღმდეგ, ძალით ნაბიჯსაც ვერ გადაადგმევინებენ, რადგან რუსეთი არის იმ პოტენციალის ქვეყანა, რომელთანაც ჯიბრით, ძალითა და მუქარით საუბარი არ გაგვივა.

კარასინმაც სწორედ ეს გვითხრა, _ თავი უნდა დავანებოთ როტორიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენთვის არის მომაკვდინებელი და შემდე უკვე _ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის. როდესაც ამას გეუბნება იმ სახელმწიფოს საგარეო უწყების მაღალჩინოსანი, რომელთანაც ურთიერთობები აუცილებლად გასარკვევი გაქვს, უნდა შეიგნო, დასკვნა გამოიტანო, რომ მასაც სურს, დაგელაპარაკოს, გადაწყვეტილება მიიღოს და ამის საშუალებას შენ არ იძლევი. კარასინის შეფასება აბსოლუტურად სწორი იყო.

_ ამჯერად უკვე კარასინის პირით კიდევ ერთხელ შემოგვითვალა რუსეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. საინტერესოა, რუსეთის პრეზიდენტი ვის შეიძლება დაელაპარაკოს საქართველოს მხრიდან, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უფლებამოსილი პირი ქვეყანას არ ჰყავს, არ ჰყავს ადამიანი, რომელიც რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მოლაპარაკების პირობებს პირნათლად შეასრულებს. ეს რუსეთის პრეზიდენტმაც კარგად იცის. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი ამ მიწვევას, უბრალოდ, მსოფლიოს დასანახავად აკეთებს?

_ განვიხილოთ ორივე შემთხვევა. მე რუსეთის შემოთავაზებაში ეჭვის შეტანის მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან სახელმწიფომ ამდენჯერ შემოგითვალოს, _ დამელაპარაკეო, წარმოუდგენელია და მით უმეტეს წარმოუდგენელია, რომ ამას ვიღაცის დასანახავად აკეთებდეს, რადგან, თუკი ჩვენი მხრიდან პასუხი დადებითი იქნება, რა, უარს იტყვის? ასეც რომ იყოს და ჩავთვალოთ, რომ რუსეთი მსოფლიოს დასანახავად გვეძახის და სხვა არაფერი აინტერესებს, ჩვენ ხომ უნდა ვცადოთ? ჩვენც ხომ უნდა დავანახვოთ მსოფლიოს, რომ აი, დამიძახა, მე თანახმა ვარ და ის არ მხვდება, მზად არ არის ჩვენთან შესახვედრად. მოკლედ, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ მართლები არ ვართ.

გაიხსენეთ გიორგი მარგველაშვილის სიტყვები ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზების შემდეგ: “მე დავეკითხები ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს დასავლეთში და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, მივიღოთ თუ არა რუსეთის შემოთავაზება”.

ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, არ აქვთ უფლება, ვინმეს დაელაპარაკონ, სანამ დასავლეთს არ შეუთანხმებენ და ნებართვა არ ექნებათ. აი, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა და არა ის, პუტინი თავის ნათქვამს შეასრულებს თუ არა. ჩვენ სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფლება არ აქვს, დაელაპარაკოს მას, ვისთანაც სურს დალაპარაკება. საქართველო დღეს კოლონიურ მდგომარეობაშია, უუფლებოა ჩვენი ქვეყანა, დაპყრობილები ვართ.

_ რა შემთხვევაში ექნება რუსეთსაქართველოს შორის მოლაპარაკებას შედეგი?

_ შედეგი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი საქართველოს ეყოლება მმართველი, რომელსაც შეეძლება კარგად გაიაზროს, რა მდგომარეობაა შექმნილი, რა არის ჩვენთვის სასურველი და არა საოცნებო, რომანტიკული. უნდა გამონახოს ოპტიმალური ვარიანტი. პოლიტიკა ოპტიმალურის გამონახვის ხელოვნებაა. ოპტიმალური შედეგი რომ მიიღო, სიტუაციას უნდა ფლობდე, ანალიზის უნარი უნდა გაგაჩნდეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებაში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამის უნარი აქვს. ეს კი შემთხვევით არ ხდება. მართალია, არჩევნების გზით, მაგრამ ხელისუფლებაში ამერიკელებს ყოველთვის მოჰყავთ ის გუნდი, რომელიც მათთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, შესაბამისად, ამ გუნდის წარმომადგენლებს კომპეტენციაც არ აქვთ იმისა, რომ გაიაზრონ და გააანალიზონ სიტუაცია, მათ განათლება არ ჰყოფნით, პოლიტიკური ცოდნა არ აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ თანამდებობები, კეთილდღეობა, რასაც საქართველო და მომავალი თაობები ეწირება.

წარმოგიდგენიათ, ვლადიმერ პუტინისა და მარგველაშვილის ან ბახტაძისა და პუტინის მოლაპარაკება?

_ საზოგადოების ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილს პრორუსული ძალის წარმომადგენლად მიიჩნევს, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში

_ სალომეზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე, ჯერ ვერ ვისაუბრებ, განა იმიტომ, რომ, თუ ამერიკა და ჩვენი ხელისუფლება გადაწყვეტს, ვერ გააპრეზიდენტებენ. არა, უბრალოდ, იმას ვფიქრობ, სხვა რამეზე ხომ არ არიან ჩამოყალიბებულები და ქართველ ხალხს ანკესზე წამოაგებენ. ვფიქრობ, სალომეს ნაცვლად, ნაცების ვაშაძე არ მოგვევლინოს პრეზიდენტად. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც ამერიკელები შეარჩევენ და არა ის, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, შეუძლია კი რომელიმე მათგანს იმ ტვირთის აწევა, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება ჰქვია? შეუძლია რომელიმე მათგანს, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან? არც ერთ მათგანს არ შეუძლია პასუხიმგებლობა დაიკისროს. მათი კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგას: აღელვებთ სამშობლოს ბედი? _ ეს დგას ეჭვქვეშ. პრეზიდენტობის კანდიდატები ის ადამიანები არიან, რომლებიც სულ იქ დგანან, სადაც მომგებიანი პოზიციაა.

ქართველ ხალხს არჩევანი არ გვაქვს, ყველა კანდიდატი ერთი გუნდის წევრია და, რომელი მათგანიც გახდება პრეზიდენტი, ცხადია, რომ დასავლეთის კადრია.

საქართველოს, საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით, რევოლუციური ცვლილება სჭირდება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავგმოთ, დავწყევლოთ ის გზა, რომელსაც, 30 წელიწადია, ვადგავართ და რომელმაც დაასამარა საქართველო. სამწუხაროდ, ამის პოტენციალი პრეზიდენტობის მსურველთაგან არც ერთს არ გააჩნია.

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოლაპარაკების მაგიდასთან არ გვეძახდა რუსეთი. რადგან ახლა ამდენჯერ გვიხმეს, იქნებ, ადრე თუ გვიან, მაინც გაიმართოს ეს დიალოგი?

_ მინდა ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ნახეთ, რა გაუკეთეს ნინო ბურჯანაძეს? მომწონს ეს ადამიანი თუ არა, ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა, უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც იყო: ბურჯანაძე საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ იძულებული შეიქნა, საპრეზიდენტო არჩევნებს გამოთიშვოდა. ვფიქრობ, ვითარება ისეთი დამუხტულია, კედელთან მიყენებული ქართველი ხალხის გადაწყვეტილების ეშინიათ. სინათლე თითქოს ჩანს, საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია იმისთვის, რომ გარღვევა მოხდეს საგარეო პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება დღეს, ვითარება აუცილებლად შეიცვლება 2020 წელს. მინდა გითხრათ, რომ რუსეთისთვისაც არ არის ეს მდგომარეობა სახარბიელო.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here