Home რუბრიკები საზოგადოება როგორ წარმოიშვა სუმო და როგორ ხდებიან სუმოისტები

როგორ წარმოიშვა სუმო და როგორ ხდებიან სუმოისტები

2916
სუმო

ქართველი სიმოისტების _ ლევან ცაგურიას (კოკაი), თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) _ მიერ იაპონიაში მიღწეული ქართველი საზოგადოება დაინტერესდა სპორტის ამ სახეობით, რომლის სამშობლოც ამომავალი მზის ქვეყანაა.

გადმოცემის თანახმად, იაპონიაში სუმო 2 ათასი წლის წინათ გაჩნდა, პირველი ორთაბრძოლა კი გაიმართა სინტოს (სინტიოზმი, სინტო _ “ღმერთების გზა” _ ტრადიციული რელიგია იაპონიაში) ღმერთებს _ ტაკემიკაძუკისა და ტაკემინაკატას შორის იაპონიის კუნძულებზე ძალაუფლების მოსაპოვნებლად, თუმცა სუმოს დამფუძნებლად არა ღმერთი, არამედ რეალური პიროვნება ითვლება _ ნომი-ნო-სუკუნე. ცნობილია, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ის მონაწილეობდა კარგი მოსავლის აღსანიშნავად იმპერატორ სუინინის სასახლეში გამართულ ორთაბრძოლებში.

ნომი-ნო-სუკუნემ მოწინააღმდეგე ტაიმა-ნო-კეჰაის ჯერ ნეკნები ჩაუმტვრია ფეხით, შემდეგ ხერხემალში გადატეხა. როგორ ჩანს, ამის გამო აღიარეს ის სუმოს მამად, შემდეგ კი გააღმერთეს. იმხანად ორთაბრძოლები მხოლოდ მეომრებისა და მდიდრების პრივილეგია იყო და იმპერატორის თანდასწრებით იმართებოდა, თუმცა იმჟამინდელი ორთაბრძოლები წესების გარეშე ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე სუმოს, თანაც წონითი კატეგორიები არ არსებობდა.

უახლესი ისტორია

სუმომ პოპულარობის მოხვეჭა XVIII საუკუნეში დაიწყო. წარმატებული ფალავნები ქვეყნის მოსახლეობის კერპებად იქცეოდნენ ხოლმე, მწერლები და პოეტები კი მათ პიესებსა და ლექსებს უძღვნიდნენ. სწორედ იმხანად გაჩნდა ტიტული იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი), რომელიც მებრძოლს სამუდამოდ ენიჭება და პროფესიონალური კარიერის მწვერვალია. თუმცა სუმოისტებს დიდხანს არ უსარგებლიათ ხალხის სიყვარულით: 1868 წელს იაპონიამ საზღვრები გახსნა და სუმოს, რომელიც წარსულის გადმონაშთად გამოაცხადეს, რთული პერიოდი დაუდგა. ევროპელებმა იაპონიაში პურის (ხორბლის) შეტანა დაიწყეს (მანამდე ადგილობრივები ბრინჯით იკვებებოდნენ), გაუქმდა აკრძალვა ხორცზე. ახალი პროდუქტების გამოჩენის შემდეგ სუმოისტები სწრაფად იმატებდნენ წონას და მათ უკვე რიკისის (გოლიათებს) უწოდებდნენ. 1909 წელს ყოველწლიური ტურნირების ჩასატარებლად ტოკიოში გაიხსნა სუმოს სასახლე კოკუგიკანი, 1927 წელს სუმოს რეგიონული საზოგადოებები სრულიად იაპონიის სუმოს ასოციაციაში გაერთიანდენ.

სუმო

პროფესიონალები და მოყვარულები

სუმოში ორი მიმართულებაა: პროფესიონალური და სამოყვარულო. პროფესიონალური სუმო (ოძუმო) მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანაში არსებობს და მას სრულიად იაპონიის სუმოს ასოციაცია კურატორობს (ჯსა).

ეს ორგანიზაცია დაახლოებით ათას ადამიანს აერთიანებს: 800 სუმოისტს, აგრეთვე, ოიაკატებს (მწვრთნელებს), გიოძებს (მსაჯებს), იობიდასებს ა(დამხმარე მსაჯებს) და ტოკოიამებს (პარიკმახერებს _ სუმოისტებს სპეციალური ვარცხნილობა უნდა ჰქონდეთ). ასოციაცია წელიწადში ატარებს 6 დიდ ტურნირს _ ბაშოს: ტოკიოში _ იანვარში, მაისსა და სექტემბერში; ოსაკაში _ მარტში; ნაგოიაში _ ივლისში და ფუკუოკაში _ ნოემბერში. სუმოისტი, რომელსაც სურს ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა, 52 კლუბიდან (თითოეულ კლუბში უცხოელთა რაოდენობა შეზღუდულია) ერთ-ერთის წევრი უნდა იყოს. რაც შეეხება სამოყვარულო სუმოს, მისთვის შექმნილია სუმოს საერთაშორისო ფედერაცია (ISF) შტაბ-ბინით ტოკიოში.

მხოლოდ სიმშვიდე

პროფესიონალი სუმოისტის საქციელის საფუძველში დევს ცნება ღირსება _ ჰინკაკუ, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია სუმოისტის გარეგნობასთან, მსოფლმხედველობასა და მოქმედებასთან. სუმოისტის მხრიდან ჰინკაკუს დაცვას თვალყურს ადევნებს იოკატა _ კლუბის ხელმძღვანელი. ნებისმიერი საეჭვო საქციელი (ნიშნობის ჩაშლა, ტოტალიზატორში თამაში და ა.შ.) ნეგატიურად აისახება მებრძოლის კარიერაზე. მაგალითად, შეიძლება ვერასდროს მიიღოს ტიტული იოკოძუნა.

ჰინკაკუს ერთ-ერთი გამოვლინებაა სიმშვიდე. რაც უნდა მოხდეს სუმოისტის გარშემო _ წყალდიდობა თუ მიწისძვრა, უდიდესი მწუხარება, უდიდესი სიხარული, გამარჯვება თუ მარცხი, რიკისი არ უნდა შეშფოთდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოს, როგორი ემოციებიც უნდა ბობოქრობდეს მის სულში, გარეგნულად მშვიდი უნდა იყოს. ჰინკაკუ მოქმედებს კლუბებში, სადაც პროფესიონალი მოჭიდავეები მუდმივად ცხოვრობენ. სამოყვარულო სუმოში კი ასე თავგამოდებით არ იცავენ ჰინკაკუს, არც სკოლაში ცხოვრების წესს.

სუმო

სამუშაო დღე

პროფესიონალი სუმოისტები მკაცრ რეჟიმში ცხოვრობენ. ახალგაზრდა რიკისები ადრე იღვიძებენ: პირველი ვარჯიში დილის 5 საათზე იწყება. უფროსი ამხანაგები ვარჯიშში უფრო მოგვიანებით ერთვებიან (სუმოში ე.წ. დედოვშჩინა მიღებულია _ ახალბედები გამოცდილ სუმოისტებს ტანსაცმელს ურეცხავენ და ზურგსაც კი ბანენ). ვარჯიშებზე სუმოისტები ცდილობენ, გამოიმუშავონ ფეხზე მყარად დგომის უნარი, იყვნენ მოქნილი და ღონიერნი. მოთელვისას, ყველასთვის სავალდებულო აზიდვებისა და ბუქნების გარდა, სუმოისტები ათასჯერ მაინც აკეთებენ ფეხებით 180%-იანი გაჭიმვისთვის (შპაგატი, იაპონურად _ სიკო) საჭირო ძირითად სავარჯიშოებს: ხან ერთ ფეხს სწევენ მაქსიმალურ სიმაღლეზე, ხან _ მეორეს.

შემდეგ სავარჯიშოს ჰქვია “მატავარი” და სრულდება პარტნიორის მონაწილეობით, რომელიც ზურგზე აწვება სუმოისტს, ის კი მაქსიმალურად ფეხგაშლილი (თითქმის “შპაგატში” ჩამჯდარი) იხრება წინ და ცდილობს, მუცლით მიწას შეეხოს. დარტყმისა და გდების ტექნიკას ხვეწენ ხის მაღალ ძელთან (ტეპო), რომელსაც სუმოისტი ურტყამს ხელისგულებს. მოთელვის შემდეგ სპორტსმენები მართავენ სპარინგ ორთაბრძოლებს ან მოსიაი-გეიკოს (გამარჯვებული ხვდება ახალ პარტნიორს), ან ბუცუკარი-გეიკოს სისტემით (სპორტსმენი დგას საბრძოლო პოზაში, მისი კოლეგები კი ერთმანეთის მიყოლებით ეჯახებიან მას და ცდილობენ, არენიდან გადააგდონ). სპარინგი იშვიათად თუ დასრულდება დაჟეჟილობისა და ჩალურჯებული ადგილების გარეშე, რადგან ორთაბრძოლები სპარტელთა მსგავს პირობებში მიმდინარეობს. პირველი შესვენება 11 საათზეა. სუმოისტები იღებენ ცხელ შხაპს და სხდებიან სატრაპეზოდ. ჭამენ ყველაფერს შეუზღუდავად. დანაყრების შემდეგ კი იძინებენ, შემდეგ მიდიან საღამოს ვარჯიშზე. დღე სრულდება ვახშმით, რომელზეც დაღლილი სუმოისტები სვამენ საკმაოდ ბევრ ალკოჰოლურ სასმელს _ საკეს (ბრინჯის არაყი) ან ლუდს.

მოყვარული სუმოისტების სამუშაო დღე გაცილებით ჰუმანურია. ვარჯიში ასე ადრე არ იწყება და არც თიხის არენაზე _ დოჰიოზე _ მიმდინარეობს. მოყვარული სუმოისტები უფრო რბილ, პლასტიკატის არენაზე ვარჯიშობენ.

მოყვარულებს გამოსასვლელი დღეც კი აქვთ, როგორც წესი _ ორშაბათი. შაბათ-კვირას კი სუმოისტები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, რათა მიეჩვიონ ასეთ რეჟიმში ენერგიის სრულად ხარჯვას, რადგან სწორედ კვირის ბოლოს იმართება ხოლმე შეჯიბრებები.

საქმე ტექნიკაშია

სუმოში სულ 82 ილეთია, 5 ჰიგი (საკუთარი შეცდომები, რომელთა გამოც დამარცხება ჩაგეთვლებათ, მაგალითად, მიწის შეხება მოწინააღმდეგის დაუხმარებლად) და 4 აკრძალული მოქმედება (არ შეიძლება მუშტის დარტყმა, თმაში მოქაჩვა, დახრჩობა და თითების მომტვრევა). სუმოს ილეთები ტექნიკის 3 ჯგუფად იყოფა: დარტყმები, ხელის კვრა და შეპყრობა გდებით. სუმოისტების ორთაბრძოლები ხანმოკლეა: გამარჯვებული შეიძლება გამოვლინდეს შერკინების დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. თუ ორთაბრძოლა გაჭიანურდა, მსაჯი ამხნევებს მებრძოლებს შეძახილით “ნოკოტა!” (“ჯერ კიდევ არა!”). რაც უფრო უახლოვდებიან მეტოქეები არენის კიდეს, მით ხშირად ისმის ეს შეძახილი. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებული წყნარად ჯდება ტერფებზე და ელოდება მისი სახელის გამოცხადებას, შემდეგ ხელით ეხება გულის არეს და მადლობას სწირავს ღმერთს გამარჯვებისთვის, სპონსორებს კი _ საპრიზო თანხის (კესიო) გაღებისთვის, რომელსაც ის რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღებს პირდაპირ არენაზე. სხვათა შორის, სპონსორები ყველაფერს არ აფინანსებენ, თანხებს გამოყოფენ მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის სუმოისტების საინტერესო ბრძოლებისთვის.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here