Home რუბრიკები საზოგადოება ქართული ფეხბურთის გამორჩეული და საამაყო გამარჯვებები

ქართული ფეხბურთის გამორჩეული და საამაყო გამარჯვებები

როგორ ჩაუტარეს დინამოელებმა მასტერკლასი ინგლისელ ფეხბურთელებს

2192
დინამო

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ თუ სრულიად არ განადგურდა, მოიშალა და დაკნინდა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო, კინო, თეატრი და, რა თქმა უნდა, ფეხბურთი.

ქართველ გულშემატკივარს, კარგა ხანია, არათუ ისეთი სიხარული განუცდია, როგორიც 1981 წლის 13 მაისს, როცა თბილისისდინამომუეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, არამედ დღეს მსოფლიოს უსუსტეს ეროვნულ ნაკრებებთან მოგებაც კი სანატრელი გვაქვს. თბილისისდინამომ”, რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში გამოდიოდა, ორჯერ მოიპოვა ამ ქვეყნის ჩემპიონობა _ 1964 და 1978 წლებში, ორჯერ იყო თასის მფლობელი _ 1976 და 1979 წლებში, ერთხელ კი უეფას თასის მფლობელთა თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროტურნირებში (პირველი მატჩი გაიმართა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედესტვენტესთანდა მოიგო ანგარიშით 3:2) და არაერთხელ გაუმარჯვია ევროპის უძლიერეს კლუბებთან ჭიდილში.

აღსანიშნავია, რომ 1973 წელს თბილისის “დინამომ” მოიგო პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ესპანეთის ქალაქ უელვაში გაიმართა. ამ ტურნირში მონაწილეობდნენ მადრიდის “ატლეტიკო”, პორტუგალიის იმჟამინდელი ჩემპიონი ლისაბონის “ბენფიკა”, ინგლისის იმჟამინდელი ჩემპიონი “დერბი ქაუნთი” და თბილისის “დინამო”. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯერ მადრიდის “ატლეტიკო” დაამარცხეს თერთმეტმეტრიანების სერიაში (დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია), შემდეგ, ფინალში _ ლისაბონის “ბენფიკა” ანგარიშით 3:1 და დაეუფლნენ კოლუმბის სახელობის თასს _ კარაველას.

გავიხსენოთ თბილისელთა ყველაზე საამაყო გამარჯვებები უეფას ტურნირებზე.

* “ინტერი” (მილანი) _ “დინამო” (თბილისი) _ 0:1

უეფას თასის გათამაშების 1/32-ფინალური მატჩი მილანში, სტადიონ “სან სიროზე” 1977 წლის 28 სექტემბერს გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. იმჟამინდელ “ინტერში” თამაშობდნენ სახელგანთქმული იტალიელი ფებურთელები: ჯაცინტო ფაკეტი, გაბრიელე ორიალი, ალესანდრო ალტობელი და სხვ. დინამოელებმა შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს დავით ყიფიანის მიერ 77-ე წუთზე გატანილი ბურთით. მატჩში, რომელიც დინამოელებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, თამაშობდნენ: დავით გოგია, თამაზ კოსტავა, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩიგაშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ ყიფიანი, რამაზ შენგელია (87- წუთზე შეცვალა ვიტალი დარასელიამ).

* “დინამო” (თბილისი) _ “ჰერტა” (დასავლეთი ბერლინი) _ 1:0

უეფას თასის ეს მეთექვსმეტედფინალური მატჩი 1978 წლის 1 სექტემბერს გაიმართა “დინამოს” სტადიონზე. მას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო.

დარასელია, ჩივაძე, შენგელია, სულაქველიძე
დარასელია, ჩივაძე, შენგელია, სულაქველიძე

“დინამოს” პირველი მატჩი ბერლინში წაგებული ჰქონდა 0:2, ამიტომ თავიდანვე შეუტია მეტოქეს, რომელიც, “ყრუ დაცვაში ჩაჯდა” და თავგანწირვით იცავდა თავს. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობაზე მიუთითებს ასეთი სტატისტიკური მონაცემი: “დინამომ” მატჩის მიმდინარეობისას მოაწოდა 24(!) კუთხური, “ჰერტამ” _ 1, მაგრამ ქართველებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი ბურთი 57-ე წუთზე გაიტანა რამაზ შენგელიამ. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, დინამოელები ორი მატჩის ჯამში გამოეთიშნენ ასპარეზობას. ამ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდნენ: დავით გოგია, თამაზ კოსტავა, ფირუზ კანთელაძე, ალექსანდრე ჩივაძე, გოჩა მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

* “დინამო” _ “ლივერპული” (ლივერპული) _ 3:0

უეფას ჩემპიონთა თასის 1979-80 წლების გათამაშებაში თბილისის “დინამო” კენჭისყრის შედეგად მეთექვსმეტედფინალში შეხვდა ლივერპულის “ლივერპულს”, რომელსაც უკვე ორჯერ ჰქონდა მოპოვებული ეს პრესტიჟული ჯილდო.

ლივერპულის ღირსებას იცავდნენ სახელგანთქმული ფეხბურთელები: კლემენსი, კენედი, დალგლიში, მაკდერმოტი, სუნესი და სხვ. პირველი მატჩი ლივერპულში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 2:1. საპასუხო შეხვედრაში კი, რომელიც 1979 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა, 80 ათასი ქომაგის თვალწინ შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ინგლისელთა კარში 3 უპასუხო ბურთი გაიტანეს: გუცაევმა _ 55 წუთზე, შენგელიამ _ 75 წუთზე და ჩივაძემ (პენ.) _ 81-ზე.

* “ვესტ ჰემ იუნაიტედი” (ლონდონი) _ “დინამო” (თბილისი) _ 1:4

1981 წელს დიუსელდორფში გამართულ თასების მფლობელთა თასის ფინალში ისტორიულ გამარჯვებამდე თბილისის დინამოელებმა ორი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის _ მეოთხედფინალური მატჩი “ვესტ ჰემ იუნაიტედთან” ლონდონში. შეხვედრა 1981 წლის 4 მარტს გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა _ 4:1.

დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე
დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე

ქართველმა ფეხბურთელებმა მასტერკლასი ჩაუტარეს ინგლისელებს, რომლებიც ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნეს. ბრწყინვალედ ითამაშა ალექსანდრე ჩივაძემ, რომელმაც 24-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა, გუნდს შესანიშნავად დირიჟორობდა დავით ყიფიანი. ჩივაძის გარდა, ქართველთაგან გოლები გაიტანეს გუცაევმა (31-ე წთ-ზე) და რამაზ შენგელიამ (2 ბურთი _ 55-ე და 67-ე წთ-ებზე). “დინამომ” ამ შემადგენლობით ითამაშა: ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

* დინამოთბილისი” _ “ფეიენოორდი” (როტერდამი) _ 3:0

უეფას თასის მფლობელთა თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი “დინამომ” ჰოლანდიური კლუბის წინააღმდეგ თბილისში გამართა 1981 წლის 8 აპრილს. შეხვედრა, რომელსაც 80 ათასი მაყურებელი დაესწრო, ქართველი ფეხბურთელების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა _ 3:0.

“ფეიენოორდს”, რომელიც იმხანად უკვე იყო ჩემპიონთა (1970 წ.) და უეფას თასების მფლობელი (1974 წ.), ორი ბურთი გაუტანა თენგიზ სულაქველიძემ (24-ე და 51-ე წუთებზე) ერთიც _ ვლადიმერ გუცაევმა (30-ე წთ-ზე).

“დინამომ” ამ შემადგენლობით ითამაშა: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე (61- წთზე შეცვალა ხიზანიშვილმა ), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (65 წთზე შეცვალა ჟვანიამ).

* “დინამო” (თბილისი) _ “კარლ ცაისი” (იენა) _ 2:1

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ეს დაუვიწყარი მატჩი 27 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, გაიმართა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. მატჩში პირველი გოლი გერმანელებმა გაიტანეს _ ჰოპემ 63-ე წუთზე, სამი წუთის შემდეგ გუცაევმა წონასწორობა აღადგინა, მატჩის მიწურულს კი, 87-ე წუთზე, ვიტალი დარასელიამ შესანიშნავი დრიბლინგით ჩამოიტოვა რამდენიმე მეტოქე და ბურთი “კარლ ცაისის” კარში შეაგდო.

“ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საჭირო გოლი”, _ თქვა მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა.

მართლაც, დარასელიას ამ გოლმა სრულიად საქართველოს მოჰგვარა სიხარული და რამდენიმე დღის განმავლობაში აზეიმა.

ამ მატჩში “დინამოს” ღირსებას იცავდნენ: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (67- წთზე შეცვალა კიკალიშვილმა), სულაქველიძე (61- წთზე შეცვალა ხიზანიშვილმა), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here