Home რუბრიკები სამართალი მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს

მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს

790


ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, იურისტი ნინო გობრონიძე.

_ ქალბატონო ნინო, გასულ კვირას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კონკრეტულად რა ფორმით განხორციელდა მასზე ძალადობა?

_ კახა ბარათაშვილი სასჯელს #17 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და, ვინაიდან თავის დროზე არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, მსჯავრდებული, ფაქტობრივად, სიკვდილის პირამდე იყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და შემდეგ, როცა ციხის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ პატიმარს სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია თირკმელებზე, გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამკურნალო დაწესებულება.

ჩვენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მოგვმართა მისმა ადვოკატმა კახა მუმლაძემ, რომელმაც თქვა, რომ, როგორც მას პატიმარმა განუცხადა, ბარათაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. ეს ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ, როცა მას ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და ითხოვდა ექიმს, იგი ჩაიყვანეს პროზექტურაში, სცემეს, გააშიშვლეს, მიასხეს ცივი წყალი და დაემუქრნენ, თუ კიდევ მოითხოვდა სამედიცინო დახმარებას, ფიზიკური ზემოქმედება მასზე ისევ გაგრძელდებოდა. ასევე, როგორც კახა მუმლაძემ განაცხადა, იყო მუქარა სექსუალური ძალადობის კუთხითაც, რასაც თვითონ მსჯავრდებული ადასტურებს….ამის შემდეგ უკვე ბარათაშვილი გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ პალატაში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში კი ისევ გაგრძელდა მუქარა, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ პატიმრის, არამედ უკვე მისი ოჯახის წევრების მიმართაც…

_ ოჯახის წევრების მიმართ კონკრეტულად რა ფორმით იყო მუქარა?

_ მუქარა ხორციელდება ხოლმე სატელეფონო ზარების მეშვეობით, ანუ ურეკავენ პატიმრის ოჯახის წევრებს _ ცოლს, შვილებს, დედას და ეუბნებიან, თუ თქვენ ისაუბრებთ თქვენი ოჯახის წევრის მდგომარეობის შესახებ და შეეცდებით, გაახმაუროთ ეს ამბავი, ამით ის შეიძლება ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდეს. როგორც კახა მუმლაძემ განაცხადა, ასეთი მუქარის ზარები უკვე რამდენიმეჯერ იყო ბარათაშვილის ოჯახის მიმართაც, ამიტომ დღესდღეობით ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და ვერ საუბრობენ იმ ძალადობის ფაქტებზე, რაც ხორციელდებოდა და, სავარაუდოდ, დღესაც ხორციელდება კახა ბარათაშვილის მიმართ საპყრობილეში.

_ პირადად თქვენ ან იურისტთა ასოციაციის სხვა რომელიმე თანამშრომელმა თუ ნახა კახა ბარათაშვილი?

_ როგორც კი მოგვმართა მისმა ადვოკატმა კახა მუმლაძემ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე ვცადეთ პატიმართან შესვლა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციისგან უარი მივიღეთ, გვითხრეს, რომ მსჯავრდებულთან ადვოკატი იმყოფებოდა და ვერ შეგვახვედრებდნენ. შემდეგ ოპერაცია მოიმიზეზეს და ასევე უარი გვითხრეს შეხვედრაზე, ხოლო მეორე დღეს კი განგვიმარტეს, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა რეანიმაციის განყოფილებაში და შესაბამისად მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ბუნებრივია, ისევ ვცადეთ პატიმართან შესვლა, მაგრამ ისევ უარი მივიღეთ და მეტიც, ამჯერად საერთოდ არც კი განგვიმარტეს მიზეზი, თუ რატომ არ გვიშვებდნენ მსჯავრდებულთან. მხოლოდ 5 დეკემბერს, ანუ დაახლოებით ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ მოახერხა ჩვენმა ადვოკატმა მასთან შეხვედრა და სწორედ ჩვენი წარმომადგენლის თანდასწრებით დაადასტურა მან ის ყველაფერი, ფიზიკურ ზემოქმედებას ვგულისხმობ, რაც მისმა ადვოკატმა კახა მუმლაძემ მოგვიყვა.

_ მსჯავრდებულის მიერ ძალადობის ფაქტების გახმაურების შემდეგ თუ გაგრძელდა მასზე ზემოქმედება?

_ როგორც მან ჩვენს ადვოკატს განუცხადა, ოპერაციიდან გამოსვლის შემდეგ მუქარა და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება მის მიმართ ისევ გრძელდებოდა, მანამდე კი ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომელშიც წერია, რომ დაზიანებები მან საკუთარ თავს თვითონ მიაყენა, რაც იმას ადასტურებს, რომ დაზიანებები მას ნამდვილად ჰქონდა…

_ და თქვენ გამორიცხავთ, რომ ეს დაზიანებები მას მართლა თვითონ მიეყენებინა საკუთარი თავისთვის?

_ ჯერ ერთი, თვითონ პატიმარი ამბობს, რომ ამ დოკუმენტზე ძალით მოაწერინეს ხელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და მართლა თვითონ მიეყენებინა დაზიანებები საკუთარი თავისთვის, მაინც საქმე გვაქვს არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტთან, ვინაიდან არ შეიძლება, ადამიანი, მსჯავრდებული მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ იგი საკუთარი თავისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენდეს.

_ შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად პენიტენციალურ სისტემაში პროცესები უარყოფითად ვითარდება?

_ გააჩნია რომელ სფეროში და რა კუთხით. მაგალითად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ სისტემაში ჯანდაცვა არის ის მიმართულება, რომელიც დღემდე რჩება გადაუჭრელ პრობლემად და მეტიც, ეს ის სფეროა, რომლის გაუმართაობისა და მოუწესრიგებლობის გამოც უამრავი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, ვინაიდან გარდაცვლილ მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმეტესობის სიკვდილის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ საჭირო დროს არ ან ვერ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here