Home რუბრიკები საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება _ საქართველოს წინააღმდეგ “ლიბერალების” ბრძოლის ახალი ეტაპი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება _ საქართველოს წინააღმდეგ “ლიბერალების” ბრძოლის ახალი ეტაპი

1018
მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე)

მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): სამი, ოთხი ან ხუთი წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ქუჩაში აქციას ჩაატარებდა ნარკოტიკების მოხმარებისა და მით უფრო გასაღების ლეგალიზაციის მოთხოვნით?! ან ვინმე წარმოიდგენდა, რომ ნარკომანია კანონმდებლობით იქნებოდა წახალისებული?!

ამა წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური სექტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო ის მუხლი, რომლის თანახმად, საპატრიარქო ეკლესიატაძრების მშენებლობისას დღგისგან თავისუფლდებოდა. ამის შემდეგ დასავლეთისგან მართულილიბერალურიძალების გაშმაგებული ბრძოლა და დისკრედიტაციის კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. თუ ადრე აღნიშნული ძალები იმის გამო ჩიოდნენ და შფოთავდნენ თავიანთი დასავლელი მამამარჩენლების წინაშე, რომ თურმე სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს სათანადო პირობებს არ უქმნიდა, ამჯერად მათი სამიზნე (თუ ლიბერალური ჭინთვებისა და ისტერიკის მიზეზი) ბიუჯეტიდან კონკრეტული ტაძრების მშენებლობის დაფინანსების საკითხია

რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარს და სოფელ კორცხელის დედათა მონასტერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ (ზუგდიდის საკრებულომ) დაფინანსება შეუმცირა _ ტაძრის მშენებლობასა და მონასტრის რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადრე გათვალისწინებული 494 ათასი ლარის ნაცვლად, 200 ათასი ლარი მოხმარდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში იმით ახსნეს, რომ თურმე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ვერ წარმოადგინა (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ მედიასთან ვერ დაასახელა დაფინანსების შემცირების სხვა მიზეზები); თავის მხრივ, ეპარქიაში საკრებულოს განცხადებას აბსურდული უწოდეს და განმარტეს, რომ მათთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან ხარჯთაღრიცხვის წარდგენის მოთხოვნით ოფიციალურად არავის მიუმართავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი (უცხოეთიდან დაფინანსებული) არასამთავრობო ორგანიზაციები, დიდი ხანია, ხელისუფლებას ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის გამო მწვავედ აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, მსგავსი მიდგომა ქვეყანაში დისკრიმინაციულ ფონს კიდევ უფრო აძლიერებს და სხვა რელიგიურ კონფესიებს უფლებრივად ზღუდავს, რაც თურმე დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის დასავლურ სტანდარტებს უხეშად არღვევს, ხოლო ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს… კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული ეკლესიამონასტრებისთვის დაფინანსების შემცირებით, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რა ბერკეტები რჩება საზოგადოებას, რომლიბერალურიძალების ამ მცდელობას წინ აღუდგეს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფელ დიღმის წმ. მარინეს ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე).

_ მამაო, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო მუხლი, რომლის თანახმად, საპატრიარქო ეკლესიატაძრების მშენებლობისას დღგისგან თავისუფლდებოდა. ოთხი დღის შემდეგ, 7 ივლისს, ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარსა და სოფელ კორცხელის დედათა მონასტერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამშენებლოაღდგენითი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა მინიმუმამდე შეუმცირა. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? რა ძალები დგანან ამის უკან?

_ მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: ჩემი აზრით, და დარწმუნებული ვარ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებს მართავს სოროსი თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით, აგრეთვე, ხელისუფლება, რომელიც მას ექვემდებარება და, რა თქმა უნდა, ის .. რელიგიური კონფესიები, რომელთა უპირველესი მიზანიც არის ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ყველაფერი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ მართლმადიდებლობა, როგორც უმთავრესი ქართული ეროვნული იდენტობა, დააყენოს სექტების დონეზე და მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან _ არც ტაძრების მშენებლობის, არც ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის, არც, საერთოდ, სიწმინდეების მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს ცხადყოფს ვიღაცის ანტიმართლმადიდებლურ სურვილებს და მისწრაფებებს, ანუ ვიღაცას არ სურს, საქართველოში აშენდეს ეკლესიები, ტაძრები, აღდგეს მონასტრები და ამისთვის იღებს კანონს, რომლის საფუძველიც არის მათ მიერვე მიზანმიმართულად შექმნილი ილუზია, თითქოს მართლმადიდებლობა მოძალადე რელიგიაა. ეს ყველაფერი ისეთი ხელოვნური და იაფფასიანი ანტიმართლმადიდებლური კამპანიაა, ბავშვიც კი ხვდება, რომ რეალურად მის ავტორებს, ვინმეს უფლებები კი არა, ერთი კონკრეტული რამ აშფოთებთ. მათ აშფოთებთ, რომ პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება და თანამედროვე პიარტექნოლოგიებით წარმოებული ვერანაირი გაშმაგებული “ლიბერალური” პროპაგანდა ამ ინსტიტუტს ვერ გააშავებს. პირიქით, რაც მეტს უტევენ და ებრძვიან მას, მით უფრო აძლიერებენ, უფრო შეუვალსა და ავტორიტეტულს ხდიან…

_ რა ბერკეტები რჩება საზოგადოებასა და ეკლესიას იმისთვის, რომ მცოცავილიბერალურისაკანონმდებლო ანექსია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კვალდაკვალ დაიწყო, თუნდაც ნაწილობრივ შეაჩეროს?

_ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია იმ ლიბერალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებსაც ცალკე პარლამენტი ახორციელებს, ცალკე _ სასამართლო და ცალკე კიდევ _ ვინ, კაცმა არ იცის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ხალხს არ აინტერესებს ეს პროცესები, არა! ტყუილია, თითქოს საზოგადოებაში რაღაც საშინელი ნიჰილიზმია, უბრალოდ, ხელისუფლება ცდილობს, ჩუმად, დაძაბულობის გარეშე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ზუსტად იცის, რომ, ინფორმირების შემთხვევაში, მოსახლეობის აზვირთებას გამოიწვევს. ამიტომ ვამბობ ყოველთვის და ყველგან, სადაც საშუალება მომეცემა, რომ ძალიან დიდი როლი გაკისრიათ თქვენ _ მედიას. რაც შეეხება ბერკეტებს, ჩვენი ერთადერთი ძალა არის გაერთიანება და ერთად დგომა. დაქსაქსულ და გათითოკაცებულ ქვეყანაში დარაზმულ, ერთ მუშტად შეკრულ და პროპაგანდის ათასგვარი საშუალებებით აღჭურვილ ლიბერალებთან ეროვნულ იდეოლოგიას, უბრალოდ, მომავალი არ აქვს.

_ დავუბრუნდეთ ეკლესიამონასტრების მშენებლობის საკითხს. ხელისუფლებამ საპატრიარქოს საგადასახადო შეღავათები გაუუქმა და კონკრეტული ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა გაუნახევრა, მეჩეთებისთვის კი მილიონები არ ენანებათ. თან ამბობენ: ეს მეჩეთები აუცილებლად ქართული ფულით უნდა აშენდესო. რას იტყვით ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ამასწინანდელ განცხადებაზე, რომ მზად არის, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას 20 და 30 მილიონი ლარი მოახმაროს?

_ რა უნდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე? კაცზე, რომელსაც მოსახლეობა ენდო, მაგრამ შემდეგ ხალხს თავზე ლაფი გადაასხა, შეიძლება ლაპარაკი?! ბიძინა ივანიშვილს საქართველო თავისი შპს ჰგონია, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, მომავალში უარესსაც გააკეთებენ, თუ არ გავერთიანდებით და ხმას არ ამოვიღებთ…

_ რა შეიძლება იყოს უარესი?

_ ახლა მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა, ხვალზეგ კი ყველა სახის ნარკოტიკზე მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას. შემდეგ გამსაღებლებსაც გაუხსნიან ხელფეხს, შემდეგ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ლეგალიზაციაზე დაიწყება საუბარი, შემდეგ ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვის შვილად აყვანისა უფლებას მისცემენ ახლა ზოგს ეს შეიძლება, არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ სამი, ოთხი ან ხუთი წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ქუჩაში აქციას ჩაატარებდა ნარკოტიკების მოხმარებისა და მით უფრო გასაღების ლეგალიზაციის მოთხოვნით?! ან ვინმე წარმოიდგენდა, რომ ნარკომანია კანონმდებლობით იქნებოდა წახალისებული?! აი, ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მსგავსი ცვლილებების განხორციელება იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოება ამის წინააღმდეგია და, თუ ვინმეს ჰგონია, დასავლეთი (ამერიკა და ევროპა) ერთ დღეში მივიდა ამ უბედურებამდე, ძალიან ცდება. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს იმ ადამიანების მხილება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ და ამით ძირს უთხრიან სახელმწიფოს. ძმაც რომ იყოს, არ უნდა დაინდო ამ მხილებისგან და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მტერი გვყავს ქვეყანაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემი აზრით, ის უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დაღუპავს

_ თუმცა ამ საკითხზე სასულიერო პირების აზრი ორად გაიყო. ზოგიერთი მღვდელმსახური (მათ შორის მაღალი იერარქებიც) თვლის, რომ განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების თაობაზე არასერიოზულია.

_ ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე ერთიანია, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ თავიანთი ცდომილებები. საერთოდ, ასეთი რამ ყოველთვის იყო ეკლესიაში, თუმცა, თუკი ვინმეს რამე სარგებელი აქვს ან რამის ეშინია და რწმენა აკლია, ეს მისი პირადი პრობლემაა. ისე, როდესაც ეკლესიისა და საზოგადოების ბერკეტებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოხდება ანათემის გამოტანის აღდგენა. სხვა ახლა ეკლესია რამე ფორმირება არ არის, იარაღი რომ აიღოს ხელში…

_ კულუარული ინფორმაციით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის დასაკანონებლად საკომიტეტო მოსმენებს დაიწყებს. შემდეგ ამას, ალბათ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მოჰყვებათქვენი აზრით, ჩვენი საზოგადოება როგორ მიიღებს ამ ყველაფერს?

_ თუ იმ მდგომარეობაში დავრჩებით, რომელშიც დღეს ვართ და, სამწუხაროდ, ხალხი ასე თუ ისე, მაინც ინერტულად უყურებს ამ ვითარებას, მაშინ მივიღებთ ამ ცვლილებებს, მაგრამ ამასთანავე, მივიღებთ ისეთ საშინელ სასჯელს, რომელსაც საქართველომ შეიძლება ვერ გაუძლოს…

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტის დეპუტატებს მივმართო: ზოგ მათგანს შეიძლება ჰგონია, რომ, თუ მოსახლეობისთვის რომელიმე მიუღებელი კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხისმგებლობას აიცილებს, მწარედ ცდება. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა დუმილი ოქროა; ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილით გაიცემა ღმერთი, შესაბამისად, მათი გაჩუმება და პირში წყლის ჩაგუბება, პასუხისმგებლობის აცილება კი არა, ღვთის გაცემა და ღალატია

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

ცნობისთვის: საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა დასავლეთთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რიგი საკანონმდებლო ვალდებულებების კვალდაკვალ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 649 კანონი, 1864 დადგენილება, 73 საერთაშორისო ხელშეკრულება და 1 რეზოლუცია საზოგადოების ზურგს უკან, ჩუმად მიიღო. ცხადია, ამ ცვლილებების დიდი ნაწილი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, “ოცნებაამ ყველაფრის გამო ხალხის წინაშე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და აღნიშნულ საკანონმდებლო ქვედინებებს კვლავ განაგრძობს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here