Home რუბრიკები საზოგადოება პროგრესის ლოგიკა, რომელიც ფრიდონ თოდუას კლინიკაში გრძელდება

პროგრესის ლოგიკა, რომელიც ფრიდონ თოდუას კლინიკაში გრძელდება

2153
გიორგი დიასამიძე

დედმამა, ბებიები და ბაბუები ორივე მხრიდან _ ექიმების დინასტია. წესითა და რიგით, გიორგი დიასამიძესსაგვარეულო პროფესიაუნდა აერჩია _ ექიმი უნდა გამხდარიყო, მით უფრო, რომ მისი ბაბუა _ დედის მამა _ ლეგენდარული აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა იყო. მაგრამ: _ პროფესიით ექიმი არ ვარ, _ მეუბნება გიორგი. ვთქვა _ ბატონი გიორგი, არ მოუხდება, უბატონოდ მიმართვა შეიძლება უპატივცემულობაში ჩამეთვალოს. ამიტომ ვიჩქარი, გაცნობოთ: გიორგი დიასამიძე, რომელსაც კლინიკაში ვსტუმრობ, დიდი ფრიდონ თოდუას მემკვიდრე, მხოლოდ 19 წლის არის. მომიტევებს, რადგან ისეთ ოჯახში გაიზარდა, საქართველოს იმ კუთხის ტრადიციებზე, დედებს ფეხზე ადგომით რომ ელაპარაკებიან. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ “მედიკოსთა გარემოში” ვიზრდებოდი, ბაბუაჩემის ხელში. და ძალიან მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, _ განაგრძობს ჩემი რესპონდენტი, _ ჩემთვის საოცნებო და სანატრელი იყო პაციენტთან ურთიერთობა და ავადმყოფისთვის დახმარების აღმოჩენა.

ღრმა ბავშვობიდან” (მისი გამონათქვამია, ერთგვარად ირონიული შეფასება ავტობიოგრაფიისადრეულიპერიოდის) ფრიდონ თოდუას სახელგანთქმული კლინიკის ექიმთა გარემოცვაში ტრიალებდა, აქ ითვისებდა სასურველი პროფესიის ანაბანას, თუნდაც ბავშვური აღქმის დონეზე.

_ მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც სხვა გზით წაგიყვანათ?

_ ამ გზიდან გადახვევის მთავარი მიზეზი მაინც ბაბუაჩემი იყო. ადამიანი, რომელიც თვითონ იყო მოწოდებით ექიმი და თვლიდა, რომ ამაზე უკეთესი პროფესია არ არსებობს. მან მითხრა, რომ ექიმობა ძალიან კარგია, მაგრამ მოითხოვს უპრეცედენტო თავდადებას, ხანგრძლივ სწავლას და კარგ ექიმად ჩამოყალიბებამდე ძალიან გრძელი გზის გავლა დამჭირდებოდა. მას კი დღეს სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგებოდა, გარკვეული იქნებოდა სიტუაციაში, სამედიცინო სფეროს ადმინისტრირებაში. მირჩია, პრაქტიკულად, მთხოვა, მეფიქრა სამედიცინო მენეჯმენტზე.

რამდენიმე წელიწადი დამჭირდა, ეს რჩევა რომ გამეთავისებინა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად საინტერესოა მენეჯმენტი, თანაც მედიცინასთან შეხება მექნებოდა, შევთანხმდით, რომ უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით მიმეღო.

დღეს ჩემს საქმიანობაში ყველაზე სასიამოვნო პროცესად მიმაჩნია პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთვის მაქსიმალური დახმარების აღმოჩენა.

_ გაქვთ კონტაქტი? მოდიან?

_ მოდიან, რა თქმა უნდა, როგორც ფრიდონ თოდუას შვილიშვილთან. მისი და ჩემი მეგობრები, ნაცნობები და სრულიად უცხო ადამიანები, რომლებსაც ბაბუაჩემის სახელი სმენიათ. და, პირდაპირ გეტყვით: ეფექტიანი დახმარების საშუალება მაქვს იმ ინოვაციების წყალობით, რომლებიც ბაბუამ დანერგა და აამოქმედა თავის კლინიკაში დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის თვალსაზრისით. ვსწავლობდი შვეიცარიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, ვსწავლობდი აქაც, მაგრამ თუ რამე ვიცი, რასაც დღეს რეალურად ვიყენებ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში, აბსოლუტურად ყველაფერი ბაბუისგან მოდის. ღია ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ვეკამათებოდი ყოველთვის. კამათში, რასაკვირველია, ვმარცხდებოდი, მაგრამ ამას სხვებთან არასოდეს მაგრძნობინებდა. პირიქით, ხშირად შევუქივარ კიდეც: კარგია, რომ საკუთარი აზრის დაცვა შეუძლიაო.

_ ბაბუას ღვაწლზე მელაპარაკებით

_ აქვე დავუმატებდი მადლიერების სიტყვებს მისი თანამშრომელი ექიმების მიმართ, რომლებშიც დომინირებს ფრიდონ თოდუას პიროვნება, მისი მოსწავლეები იყვნენ და დარჩნენ ასეთებად.

_ ბატონი ფრიდონი იყო უნიკალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში შერწყმული იყოს ნიჭი და უნარი, ცოდნა და გამოცდილება მკურნალისა და მენეჯერის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მედიცინის რეფორმატორისა და, ამ ყველაფერთან ერთად, გულმოწყალე ადამიანის, სიტყვის კაცის მრავალმხრივობა.

_ იგი, უწინარეს ყოვლისა, იყო ექიმი და შემდეგ _ სხვა დანარჩენი. მის სამუშაო ოთახში ყოველთვის მოწიწებით შევდივარ, მხოლოდ როგორც მისი საყვარელი შვილიშვილი. ამ დაწესებულებაში მის მიერ განხორციელებული ყველა სიახლე ჩემთვის ძვირფასია. არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ მომავალი ბევრი წლის განმავლობაში შევძლებ ისეთი გარღვევების გაკეთებას, რომლებიც მან თავის დროზე დანერგა. მიმაჩნია, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მე დამეკისრა თანამშრომლების, პაციენტებისა და უწინარესად, ბაბუაჩემის ხსოვნის წინაშე, მავალდებულებს, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მუდმივი განახლების პროცესს, რომელსაც იგი ერთგულებდა მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. ბედნიერება მქონდა, მისგან მესწავლა, რომ, მედიცინა არის ბიზნესი, მაგრამ, თუ დაგეკისრა სამკურნალო დაწესებულების გაძღოლა, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყო ადამიანის, პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მსოფლიო მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობითა და მათი პრაქტიკულად გამოყენების საშუალებით. სხვა დანარჩენი, რაც თან ახლავს ამ ტიპის დაწესებულების მართვას, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. მე, შეიძლება, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გათვლა ყოველთვის პაციენტზე უნდა გაკეთდეს _ მისთვის და მის სასარგებლოდ.

_ გადაწყვეტილებების მიღების ურთულესი პერიოდი გიდგათ. თუ გქონდათ ისეთი მომენტები, რომ გიფიქრიათ _ ბაბუაჩემი რას გააკეთებდაო ამგვარ შემთხვევაში?

_ ეს პერიოდი ჩემი მართლაც დიდი ტრანსფორმაციის ეტაპია. ვისაც ჩვენ კლინიკასთან ჰქონია შეხება, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ აქ დახვეწილობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა _ ექიმის გარეგნულობით, პაციენტთან ურთიერთობით დაწყებული, მკურნალობის ეფექტიანობით დამთავრებული.

ასეთ გარემოში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უდიდეს პასუხისმგებლობას უკავშირდება, რადგან ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ფრიდონ თოდუას სახელით, უნდა განახორციელონ მისთვის ძვირფასმა და საყვარელმა კოლეგებმა, რომლებშიც მან ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო (არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფინანსურ ინვესტიციას).

თავიდან რთულად წარმომედგინა ამ დიდი საქმის გაძღოლა, მაგრამ, როცა თანდათან დაწყნარდა სიტუაცია, გაქრა დაბნეულობა, თანამშრომლებმა იგრძნეს სტაბილურობა, მეც შედარებით წელში გავიმართე.

თქვენს შეკითხვას ასე ვუპასუხებ: ცალკეულ და განსაკუთრებულ შემთხვევებში კი არა, ყოველთვის ფრიდონ თოდუაზე ვარ ორიენტირებული, ჩემს თითოეულ გადაწყვეტილებას ვუსადაგებ მის მოთხოვნებს. ვნატრობ, მოხდეს სასწაული _ ერთი წერილი გამომიგზავნოს თავისი შენიშვნებით _ ახლა ყველაზე მეტად მჭირდება მისი რჩევა და დარიგება. ასე მგონია, რომ ბევრ რამეს უფრო მარტივად და უფრო სწორად გამაკეთებინებდა.

მამხნევებს და ძალას მმატებს ის, რომ, როცა იგი იწყებდა თავის დიდ საქმეს, არავინ ჰყავდა გზის გამკვალავი, მე კი მყავს ბაბუაჩემი _ ფრიდონ თოდუა, რომელიც ჩემი ორიენტირია _ საქმეშიც, რომელიც დამიტოვა და, საერთოდ, ცხოვრებაში. თავიდანვე მაკვალიანებდა, მასწავლიდა, მზრდიდა: 9 წლის ვიყავი, მეოთხე კლასში ვსწავლობდი, როცა მასთან ერთად ჩიკაგოში მედიკოსთა კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა მქონდა.

ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. ბანალური აზრიც რომ გამომეთქვა, ცდილობდა, რაიმე რაციონალური მარცვალი დაეჭირა, დაეხვეწა და ჩამოეყალიბებინა, როგორც საკითხის მოგვარების გადაწყვეტილება. ამ დროს რა შეცდომაც გინდა დამეშვა, ყოველთვის გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც სწორ გზაზე დამაყენებდა.

გადაწყვეტილების მიღების არ მეშინია. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი რამ არ გავაკეთო, რაც მას არ მოეწონებოდა, თუმცა უშეცდომო არავინ ვართ. ბაბუაჩემი ძალიან რისკიანი კაცი იყო და, მგონი, არ გამემტყუნება, მასავით რისკიან ნაბიჯს ყოველთვის თუ ვერ გადავდგამ.

_ ბატონ ფრიდონ თოდუას მოღვაწეობა, ვთქვათ ასე: პროგრესის ლოგიკით გამოირჩეოდა, სიახლის დანერგვის ლოგიკით, თანაც უთანამედროვეს დონეზე.

_ მისი ლოგიკა იყო ინოვაცია, წინსვლის ლოგიკა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ დააბრკოლებდა. მე ვიცი, რამდენი საათი, დღე და წელიწადიც კი სჭირდებოდა თითოეული გადაწყვეტილების განსახორციელებლად.

_ უდიდესი ენერგია ჰქონდა, რომელიც ხშირად ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

_ დიახ. განვითარების შესაძლებლობათა იმ დონემ, რომელიც მან ამ დაწესებულებაში შექმნა და დატოვა, საშუალება მოგვეცა, წარმატებით გაგვეგრძელებინა წინსვლა-განვითარების ის ლოგიკა, რომელზეც ვლაპარაკობთ. გავხსენით ახალი პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის განყოფილება. ამ განყოფილების ამოქმედებამდე ბევრი ჩვენი თანამემამულე იძულებული იყო, უცხოეთში გამგზავრებულიყო და იქ ემკურნალა. ამჟამად უახლესი თაობის ეს ხუთრგოლიანი ტომოგრაფი, რომელიც აშშ-ის “ჯენერალ ელექტრიკის” ფირმის შექმნილია, ფუნქციონირებს ჩვენთან და შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ ყველას, ვინც ამას საჭიროებს. აქვე გეტყვით, რომ ამგვარი აპარატი, ევროპის მასშტაბით ბევრს არ გააჩნია. ამას გარდა, შევიძინეთ რადიოლოგიური 384-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი და სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ფირმა “სიმენსისგან”. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როცა ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დგას ფირმა “სიმენსის” ბოლო თაობის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები, რომლებიც დიაგნოსტიკურ მიმართულებას ემსახურება.

ამ აპარატურის პირველი პრეზენტაცია გაიმართა აშშის ქალაქ ჩიკაგოში 2017 წლის ნოემბერში, 2018 წლის მარტში კი ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესზე ფირმასიმენსთანგავაფორმეთ ხელშეკრულება დანადგარების შესაძენად. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ფირმასიმენსმაერთერთ ცნობილ გერმანულ გამოცემაში დაწერა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდითო, ევროპის ცენტრიდან ასე დაშორებულ ქვეყანაში, კერძოდ, საქართველოში, ერთდროულად ამოქმედებულიყო ორივე აპარატი.

სიახლეები გვაქვს ლაბორატორიული მიმართულებითაც. ეს არის ახალი ჰემატოლოგიური ბიოქიმიური ანალიზატორები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს ჩვენს კლინიკაში. ასევე, რეგიონში პირველი უახლესი თაობის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, ანუ ექოსკოპიის აპარატი, რომელმაც ახალ დონეზე გადაიყვანა ულტრაბგერითი გამოსახულება.

ახალ შენობაში, რომელსაც უახლოეს მომავალში დავამთავრებთ, ავამოქმედებთ ჰემატოლოგიურ და ონკოჰემატოლოგიურ მიმართულებას ზრდასრული პაციენტებისთვის. ორიოდ თვეა, რაც ჩვენთან ფუნქციონირებს სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილება.

სიახლეთა ამ ერთობლიობამ ჩვენი კლინიკა ჩამოაყალიბა ონკოლოგიურ დაწესებულებად, რომელშიც ონკოპაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, დიაგნოსტიკით დაწყებული, მკურნალობითა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგით დამთავრებული ჩაიტარონ ყველა აუცილებელი სამედიცინო მანიპულაცია, იქნება ეს პოზიტრონული ტომოგრაფია თუ გენეტიკური კვლევა

_ გენეტიკური კვლევაც?

_ დიახ! (ეს ბატონი ფრიდონის დანერგილია, მან ზუსტად იცოდა გენეტიკური კვლევების მნიშვნელობა ონკოლოგიაში), თუ ინტერვენციული პროცედურები, რომელთაც არ ჩამოვთვლი, ცოტა არ არის. ყველა ეს სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და პაციენტებისთვის დიდი კომფორტია. არც ერთი გამოკვლევის ჩატარებისთვის ამ სივრციდან ნაბიჯის გადადგმა მათ არ დასჭირდებათ.

მაქსიმალურად რომ მივაღწიოთ უმაღლეს ხარისხს პოზიტრონული მიმართულებით, უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი, ავსტრიელი პროფესორი, ვენის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი მირზაი, რომელიც ჩვენს რადიოლოგებთან ერთად მუშაობს პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფიულ კვლევებზე. ჩვენმა ექიმებმა ამერიკასა და ბელგიაში გაიარეს რამდენიმეთვიანი მომზადება და გვინდა, რომ მათ მუშაობას აკვირდებოდეს აბსოლუტურად მიუკერძოებელი პროფესიონალი, შეაფასოს მათი საქმიანობა და, საჭიროებისამებრ, დაეხმაროს კიდეც.

დავიწყეთ მომზადება ერთი ძალიან ცნობილი აკრედიტაციის მისაღებად (ჯერ არ გაგიმხელთ სახელწოდებას), რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ, რამდენიმეწლიან მომზადებას. ეს არის გზა, რომლითაც შევძლებთ, მივუახლოვდეთ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

_ მოწყალე კაცის ბუნებიდან გამომდინარე, ბატონი ფრიდონი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტებს.

_ ბაბუაჩემისთვის ეს თემა მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეს ჩვენც ისეთივე ყურადღებით ვეკიდებით და ვაგრძელებთ, როგორადაც ბატონ ფრიდონის სიცოცხლეში კეთდებოდა. ყველა ეს პაციენტი ჩვენგან ისეთივე სითბოთი და სიყვარულით არის გარემოსილი, როგორც ჩვენი თანამემამულეები ნებისმიერი რეგიონიდან.

_ თქვენი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება ხალხში ფრიდონ თოდუას სახელით იყო ცნობილი. ხომ არ გაოფიციალურდა ეს სახელი?

_ ამ ეტაპზე კლინიკას ეწოდება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი. ოფიციალური სახელწოდება კი ყოველთვის ასეთი იყო: კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ის სახელწოდება, რომელიც მისი იდეა იყო, თუმცა დახვეწა გამორიცხული არ არის. მიმაჩნია, რომ “აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი” სრულად გამოხატავს მისი დამფუძნებლის ღვაწლს, რომელიც მან საქართველოში მედიცინის მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებას დასდო.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ერთმა ღვაწლმოსილმა ადამიანმა, თავის საქმეში უაღრესად წარმატებულმა პროფესიონალმა მითხრა:

_ ახალი თაობა მოდის, მისი დრო დადგა.

_ შვილების?

_ არა _ შვილიშვილების!

გიორგი დიასამიძეს რომ ვუყურებ, ვამბობ: ეს თაობა უკვე მოსულია.

წარმატებული იყოს!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here