ისტორიის ქარტეხილებმა, დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი რამ მოგვივლინა. ქვეყანაში სოციალურ–ყოფით და ზნეობრივ კლიმატზე უდიდესი გავლენა აქვს მასმედიის, სხვადასხვა ჯურის არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და ე.წ. თვითმარქვია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უკუღმართად აპროგრამებენ საზოგადოების მსოფლმხედველობასა და მისწრაფებებს.
ეს ტვინნაღრძობი, შეურაცხადი, ბოროტებითა და ბილწსიტყვაობით აღვსილი ადამიანები უმოწყალოდ ანადგურებენ ყოველგვარ ქართულს და გავლენას ახდენენ საზოგადოების სოციალურ ვითარებაზე. ამას ხელს უწყობს საზოგადოების უპასუხისმგებლობა, ნიჰილიზმი და ინდიფერენტულობა. ბიოლოგიურმა უმოქმედობამ მოიცვა მთელი ქვეყანა. ეს უმოქმედობა მეტად დამაფიქრებელია. ანგარებიანობამ იმძლავრა. სად არის ჩვენი საზოგადო მოღვაწეების პრინციპული პოზიცია და რეაქცია? სად წყდება ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი? მომხვეჭელობა და მომხმარებლული დამოკიდებულება ვაქციეთ ცხოვრების მიზნად და, ბუნებრივია, ასეთ ოჯახებში ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, ცუდი აურა ამახინჯებს მოზარდის სულიერებას, ფსიქოლოგიას, იბუდებს მის ცნობიერებასა და სულში და გვევლინება იმ არაჯანსაღი ტრადიციების გამგრძელებლად, რომელიც ებრძვის და თრგუნავს საუკუნეებში თაობების მიერ გამოტარებულ ჯანსაღ ისტორიულ ფასეულობებს. და როცა ასეთი იდეებით გამსჭვალული ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის, უკვე ძნელია მისი მორჯულება. ცივილიზებული საზოგადოებით თავს რომ ვიწონებთ, საიდან იწყება ეგზომ სამარცხვინო მოვლენები _ ნარკომანია, ლოთობა, პროსტიტუცია, გაუკუღმართებული ცხოვრების წესები და სხვა მანკიერებანი, რომლებიც ბიოლოგიურ, სოციალურ–ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ, ისტორიულ და ტრადიციულ ასპექტებს მოიცავს და მათგან გამომდინარეობს? აქედან, ამ აქოთებული წუმპიდან, იღებს სათავეს ეს მრავალი უბედურება, ესაა ჩვენი ცხოვრების წესის გადაგვარების ბუნებრივი შედეგი და საშიშია, ჩვენს გენეტიკურ კოდში არ ჩაინერგოს.
ათეული წლები გადის და ქვეყანას ვერ ეღირსა ნორმალური, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მთავრობა, ხელისუფლება უპყრიათ ეგრეთ წოდებულ სამეგობრო-სამოყვრო წრეებს, ნეპოტიზმით რომაა ცნობილი, და რომელიც ხელიდან ხელში გადადის. ნეპოტიზმი მეტ-ნაკლებად ადრეც იყო გავრცელებული, მაგრამ ასე აშკარად არა, რადგან განათლება და პროფესიონალიზმი იდგა მაღალ დონეზე. ახლა ამდენი უსაქმური და უცოდინარი თვალშისაცემია.
დღეს პატიოსნება და პროფესიონალიზმი მარტოობის სინონიმია _ როცა არავის სჭირდები, არავის უნდიხარ, არავინ არაფრად გაგდებს. არავის უნდა მაღალზნეობრივი, პატრიოტი, ქვეყნისთვის თავდადებული პიროვნება. არადა, მამულიშვილობა წესიერად და პატიოსანი შრომით განვლილი ცხოვრებაა, რაც არ უნდა ჩინებულად აღზრდილი და განათლებული იყო, თუ ის შეზავებული არ არის სამშობლოს სიყვარულთან, ყოველივე ფუჭია. უზურგო და უპატრონო კაცი განწირულია. გადავიქეცით განწირულთა ქვეყნად.
დღეს ჩვენთვის ძალზე მტკივნეულია ახალგაზრდობის პრობლემა, მათი განათლების დონე და დაუსაქმებლობა. ახალგაზრდების სწრაფვას, მათ სამომავლო ოცნებებს საძირკველი და საფუძველი მოვუშალეთ, არადა, ქალაქად სასწავლებლად მიმავალ შვილებს თითქმის ყურში ჩაგვესმოდა მშობლების სიტყვები: “გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართო” და ჩვენც დიდი მისწრაფებით, ენთუზიაზმით და მომავლის იმედით ვასრულებდით ამ მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო მისიას, ხოლო სახელმწიფოსაგან სტიპენდიით, უფასო ბინით, იაფი სასადილოთი და შემდგომში სამუშაო ადგილით გარანტირებულნი ვიყავით.
დღეს ქვეყანაში 70 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. არადა, სინდისიერების პოზიციიდან თუ შევაფასებთ მთავრობის საქციელს, ეს ხომ დანაშაულია?! უარი უთხრა ამ ახალგაზრდებს, მათ ინტელექტუალურ მისწრაფებებს, ბუნებრივია, ეს მათში აღძრავს უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ისინი ხომ ჩვენი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომავალი?! არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ახალგაზრდების განათლებაა. მივცეთ მათ კეთილი საქმის კეთების საშუალება, შევუქმნათ პირობები, რათა სრულიად მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, იყვნენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, რომ სინდისიერად ემსახურონ სამშობლოს, გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. დღეს სამოქალაქო საზოგადოება გადაქცეულია ნარკოტიკების, გარყვნილების, უზნეობისა და ბილწსიტყვაობის სამომხმარებლო საზოგადოებად, განსაკუთრებით აქტიურობენ მასმედიის, არასამთავრობოების ეს ე.წ. ბილწსიტყვაობის დაქირავებული რუპორები. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ნაღდი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა, რომელიც ჯანსაღ ზეგავლენას მოახდენს საკუთარ სახელმწიფოზე, მის ბედ-იღბალზე.
ქართველ კაცს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა გენეტიკურად და ისტორიულად ჩამოუყალიბდა. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან რეჟიმთან, რომელმაც უდიდესი დანაშაულები ჩაიდინა ქართველი ერის წინააღმდეგ, ე.წ. კოაბიტაცია-თანაცხოვრება მოგვახვიეს თავს, რომელიც უკვე სიმბიოზად გადაიქცა. უნდათ, რომ ქართველ ერს ჩაუკლან სამართლიანობის აღდგენის უნარი, დაუკარგონ ისტორიული მეხსიერება, თავმოყვარეობა, გადაგვაგვარონ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან, ქართველი კაცი ამას არ შეეგუება. ისინი არ იცნობენ ქართველთა ბუნებას, მათ მრავალსაუკუნოვან ისტორიას; არ იციან, რომ ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას მხოლოდ კაცთმოყვარეობისა და სტუმართმოყვარეობის დიდი მისია დააკისრა!
ჯონი ცინცაძე,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი