Home რუბრიკები პოლიტიკა Novus Ordo Seclorum, ანუ ძია სემი სააკაშვილის წინააღმდეგ

Novus Ordo Seclorum, ანუ ძია სემი სააკაშვილის წინააღმდეგ

668

წინასაახალწლოდ ქართველი პოლიტიკოსები ერთობ დაშოშმინდნენ და გასულ კვირას ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რაც საგანგებო კომენტარს საჭიროებს. ალბათ, მიზანშეწონილია, ეს პაუზა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ყურადღება შედარებით სერიოზულ პროცესებს მივაქციოთ. გასული წლის მთავარ მოვლენად უდავოდ «არაბული გაზაფხული» იქცა; მას საქართველოში დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. დაპირისპირება საზოგადოებასა და მარაზმატულ რეჟიმს შორის ჩვენთვის ნაცნობი და მეტად აქტუალური რამ არის, თუმცა გამორიცხული არაა, ამ ინტერესს კიდევ ერთი, ნაკლებად გამოკვეთილი ასპექტი ჰქონოდა. ბევრ ქართველ დამკვირვებელს აინტერესებდა, რა პოზიციას დაიკავებდა ვაშინგტონი, რათა შემდეგ ეცადა, გამოეთვალა მისი შესაძლო რეაქცია ანალოგიურ პროცესებზე საქართველოში. ამერიკელების მოქმედებამ «არაბული გაზაფხულის» დროს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა წარმოშვა და ჩვენი ამოცანა ამჯერად ზოგიერთ მათგანზე პასუხის მოძებნა იქნება.

ჩირაღდანს ხომ ვერ გააშვებინებ…

ვაშინგტონის ფარულმა, ზოგჯერ კი სავსებით ხილულმა მხარდაჭერამ არაბული რევოლუციების მიმართ, ხელისუფლებისკენ გზა ისლამისტებს გაუხსნა. საუბარი იმაზე, რომ თეთრმა სახლმა ეს ვერ განჭვრიტა, სასაცილოა, რადგან მოვლენების განვითარება ამ სცენარით «ზედაპირზე იდო». მიუხედავად ამისა, ამერიკელებმა ხელი შეუწყვეს მათდამი სავსებით ლოიალური რეჟიმების დასამარებას და ამით ავანსცენაზე ის ძალები გამოიყვანეს, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ რეაქციულობის განსახიერებად და რეგიონში აშშ-ის მთავარ ოპონენტებად განიხილებოდნენ. ყოველივე ეს ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა.იმისათვის, რომ ამ მიდგომის ქვეტექსტი გავშიფროთ, ალბათ, მიზანშეწონილია, ოდნავ უკან, 2007-ში დავბრუნდეთ, როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, ხოლო ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოაქვეყნა წიგნი «Second Chance: Three Presidents and the Crisis of American Superpower» («მეორე შანსი: სამი პრეზიდენტი და ამერიკული ზესახელმწიფოს კრიზისი»). ამ ნაშრომში ბჟეზინსკიმ ბილ კლინტონისა და ორივე ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკა მიმოიხილა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ამ წიგნის ბოლო თავი იყო. ის ერთგვარ მოხსენებით ბარათს წარმოადგენდა, რომლის მთავარი ადრესატი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი იყო. აღსანიშნავია, რომ 2007-ში ობამამ და ბჟეზინსკიმ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს და ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ, 2011-ში კი, «არაბული გაზაფხულის» დროს, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ობამას ადმინისტრაცია მნიშვნელოვანწილად ბჟეზინსკის ამ წიგნში გადმოცემული იდეებით ხელმძღვანელობს.

საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკის აღწერა შეიძლება ცნობილი გამონათქვამის ჩარჩოებში ჩაეტიოს: «თუ შეუძლებელია, რევოლუციას წინ აღუდგე, მას სათავეში უნდა ჩაუდგე». თუმცა დასაწყისისთვის ურიგო არ იქნება იმის დადგენა, თუ რა რევოლუციაზეა საუბარი.

«განვითარებადი მსოფლიოს დიდი ნაწილი პოლიტიკური დუღილის მდგომარეობაში იმყოფება. მოსახლეობა იაზრებს უკიდურესობამდე მიყვანილ სოციალურ უსამართლობას, ის აღშფოთებულია საკუთარი გაჭირვებით და ღირსების შელახვით. რადიოს, ტელევიზიისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ შექმნა საზოგადოება, რომელიც სავსეა შურითა და მძვინვარებით; ის წარმოადგენს გამოწვევას არსებული სახელმწიფოებისთვის და გლობალური იერარქიისთვის, რომლის მწვერვალზე ჯერჯერობით ამერიკა იმყოფება,» _ წერს ბჟეზინსკი. მას «გლობალური პოლიტიკური გაღვიძების» ცნება შემოაქვს, რომელიც, მისი თქმით, «ისტორიულად ანტიიმპერიული, პოლიტიკურად ანტიდასავლური და ემოციურად სულ უფრო ანტიამერიკულია». საინტერესოა, რომ ავტორი ამ განწყობის ობიექტურ ხასიათზე მიუთითებს და მის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს: «ანტიდასავლურობა უფრო მეტია, ვიდრე პოპულისტური დამოკიდებულება. ეს გლობალური დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის შეცვლის განუყოფელი ნაწილია».

ამ გლობალური ამბოხის ჩახშობის იდეა მას უპერსპექტივოდ ეჩვენება, რადგან აშშ-ს ამის რესურსი ნამდვილად არ აქვს. ეს შტატებს ბრიტანეთის იმპერიის თანამედროვე, პლანეტარული მასშტაბის ანალოგად გადააქცევდა, რაც, ბჟეზინსკის აზრით, უპერსპექტივო გზაა: «არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე პოსტიმპერიულ ეპოქაში ამერიკული პოლიტიკის აღქმა, როგორც თავდაჯერებულად იმპერიულის და კოლონიურ წარსულში ჩარჩენილის»… «დღეს მთავარი მოთხოვნა გლობალური ხელმძღვანელობისადმი განსხვავდება იმისგან, ბრიტანეთის იმპერიის დროს რომ იყო. სამხედრო ძალა, თუნდაც ის ეკონომიკური ძლიერებით და უმაღლესი ელიტის დახვეწილი სტრატეგიით იყოს გამყარებული, უკვე არასაკმარისია იმისთვის, რომ იმპერიული დომინირება უზრუნველყო. ადრე კონტროლის ძალა განადგურების ძალას აღემატებოდა. მილიონი ადამიანის მართვა ნაკლებ ხარჯს და ძალისხმევას მოითხოვდა, ვიდრე მილიონი ადამიანის მოკვდინება. დღეს კი პირიქითაა: განადგურების ძალა მართვის ძალას აღემატება». ბჟეზინსკის საბოლოო დასკვნა მოკლე და მარტივია: «გლობალური პოლიტიკური გაღვიძების მთავარი გეოპოლიტიკური ეფექტი იმპერიული ეპოქის დასასრულია».

რაც ყველაზე მთავარია, შტატების გადაქცევა «გლობალურ ჟანდარმად» გადაულახავ წინააღმდეგობაში შევა (თუ უკვე შევიდა?) ფუნდამენტურ იდეასთან, რომელიც XIX-XX საუკუნეებში მისი პოლიტიკის წარმატებებს უზრუნველყოფდა. აშშ საკუთარ თავს მუდამ «თავისუფლების ჩირაღდნად» წარმოაჩენდა და მილიონობით ადამიანი ბრძოლაში კოლონიალიზმის თუ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მას მოკავშირედ აღიქვამდა. ის გარემოება, რომ პარალელურად აშშ საკუთარ გეოპოლიტიკურ ამოცანებს წყვეტდა, ასე თუ ისე შენიღბული იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ვითარება შეიცვალა, განსაკუთრებით საგრძნობი კი უმცროსი ბუშის მმართველობის პერიოდში გახდა. დაიწყო (მართლაც რომ გლობალური მასშტაბის) მსჯელობა იმაზე, რომ თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერის ლოზუნგები სინამდვილეში მხოლოდ შირმაა, რომლის მიღმა აღვირახსნილი იმპერიალიზმი იმალება. აშშ-ს გლობალური რევოლუციის ლოკომოტივად, თავისუფლების მებაირაღედ სულ უფრო ნაკლები ადამიანი აღიქვამდა.

ბჟეზინსკი სთავაზობს აშშ-ს, ეს დაკარგული როლი დაიბრუნოს: «დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ამერიკამ საკუთარი თავი ადამიანის უნივერსალური ღირსების ძიებას უნდა დაუკავშიროს, რომელშიც განსახიერებულია თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც ამავე დროს გულისხმობს კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და აღიარებს, რომ არსებული სოციალური უსამართლობა უნდა აღმოიფხვრას».

აქ ჩვენ უაღრესად საინტერესო მომენტს მივუახლოვდით.

ღირსება, უპირველეს ყოვლისა

ფაქტია, ზბიგნევ ბჟეზინსკი ისეთ რიტორიკას იყენებს, რომელიც «მესამე სამყაროს» ნებისმიერ საპროტესტო მიტინგს დაამშვენებდა: «ადამიანის ღირსება გულისხმობს თავისუფლებასა და დემოკრატიას, მაგრამ ამაზე უფრო ფართოა. ის ასევე მოიცავს სოციალურ სამართლიანობას, სქესთა თანასწორობას და, ამას გარდა, პატივისცემას მსოფლიო კულტურული და რელიგიური მოზაიკის მიმართ. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ გარედან თავსმოხვეული ნაჩქარევი დემოკრატიზაცია განწირულია. მდგრადი ლიბერალური დემოკრატია თანდათან იზრდება და საკუთარ თავს შიგნიდან აძლიერებს».

საინტერესოა, რომ ორიოდე კვირის წინ «Terra America»-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბჟეზინსკი კიდევ უფრო შორს წავიდა და შეშფოთებული კორესპონდენტის კითხვაზე, რომ ეგვიპტეს ისლამისტები ეპატრონებიან, ლამის «მერე რა»-ს სტილში უპასუხა: «გლობალური პოლიტიკურ გაღვიძების დოქტრინა არ გულისხმობს, რომ მისი შედეგი აუცილებლად დემოკრატია იქნება. პოლიტიკურ გაღვიძებას შეიძლება უამრავი გამოვლინება ჰქონდეს, რაც ქვეყნის ან რეგიონის ისტორიულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული».

ერთ-ერთი კომენტატორის ენამოსწრებული შენიშვნის არ იყოს, ბჟეზინსკიმ ჟან-პოლ მარატის მემკვიდრედ მოლა ნასრალა დანიშნა, თუმცა ფაქტი სახეზეა: ობამას ადმინისტრაცია არა მხოლოდ არ უშლის ხელს რევოლუციას, რომლის ლოზუნგები მნიშვნელოვანწილად ანტიამერიკულია, არამედ ეხმარება მას. ამის მიღმა, სავარაუდოდ, არა მხოლოდ იმის გააზრება დგას, რომ ამ ტექტონური ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უპერსპექტივოა, არამედ _ რაციონალური გეოპოლიტიკური გათვლაც.

«ცივი ომის» დასკვნით ეტაპზე აშშ-ის ფაქტობრივი მოკავშირეები ჩინეთი და ისლამური სამყარო გახდნენ. ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში ჩინეთთან ფარული სტრატეგიული ალიანსის (იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად) მთავარი არქიტექტორი ჰენრი კისინჯერი იყო; ზბიგნევ ბჟეზინსკიმ კი თავი «ისლამურ ფრონტზე» გამოიჩინა. მისი იდეა ავღანეთში სსრკ-ისთვის «საკუთარი ვიეტნამის» მოწყობის შესახებ, წარმატებით რეალიზებულ იქნა. ამ ომის დროს აშშ და ისლამური სამყაროს დიდი ნაწილი ფრონტის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. საინტერესოა, ბჟეზინსკის ერთი მოგონება: «ოფიციალური ვერსიის თანახმად, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოჯაჰედების მხარდაჭერა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს საბჭოთა არმიის შეყვანის შემდეგ დაიწყო. სინამდვილეში კი (და ეს დღემდე საიდუმლო იყო) ყველაფერი სხვაგვარად იყო. პირველ დირექტივას ქაბულში პროსაბჭოური რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის ფარული მხარდაჭერის შესახებ პრეზიდენტმა კარტერმა ხელი 1979 წლის 3 ივლისს მოაწერა. იმავე დღეს მე წარვუდგინე მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ავხსენი, რომ ეს მხარდაჭერა საბჭოთა კავშირის სამხედრო ჩარევას გამოიწვევს» («Nouvel Observateur» 25.12.09.).

თუმცა «ცივი ომის» დასრულების შემდეგ «დიდი ტრიუმვირატი» დაიშალა. აშშ-ის ურთიერთობები ჩინეთთან თანდათან გაუარესდა, ხოლო ბუშის ექსპედიციებმა ერაყსა და ავღანეთში ურთიერთგაგებას ისლამურ სამყაროსთან ბოლო მოუღო. ამასთანავე, სავსებით ნათლად გამოიკვეთა ახალი ალიანსის «ყველა დასავლეთის (აშშ-ის) წინააღმდეგ» კონტურები. ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევა, მათ შორის, ამ ალიანსის ფორმირების წინაღმდეგ არის მიმართული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ აშშ არ აღმოუჩენდა დახმარებას არაბ მეამბოხეებს დღეს, ხვალ ამას ჩინეთი გააკეთებდა და «გლობალური გაღვიძების» ლოკომოტივის როლს მოირგებდა.

«ამერიკამ დაუყონებლივ უნდა შეიმუშაოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც «ცივი ომის» დასრულების შემდეგ შექმნილ ვითარებას შეესაბამება. მან ჯერ კიდევ შეიძლება გააკეთოს ეს, თუ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ «ზესახელმწიფო სუსტდება, როდესაც იდეას აღარ ემსახურება» და ამერიკის ძალას პოლიტიკურად გაღვიძებული კაცობრიობის მისწრაფებებს დაუკავშირებს,» _ წერს ბჟეზინსკი წიგნში «მეორე შანსი» და დასძენს, რომ მესამე შანსი მის ქვეყანას აღარ ექნება.

ორი გიგანტის ბრძოლა ისლამური (და არა მხოლოდ) სამყაროსთვის მსხვერპლს მოითხოვს. აშშ-ის მხრიდან ეს, ბჟეზინსკის მიხედვით, ადრინდელი მიდგომის კორექტირებაში, სხვადასხვა ერის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაში, სამართლიანობისთვის მათი ბრძოლის მხარდაჭერაში უნდა გამოიხატებოდეს, რაც დღეს «მესამე სამყაროში» სიმპათიის მოპოვების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა. ცვლილებები არაბულ სამყაროში არ ნიშნავს იმას, რომ იქაურები (მაგალითად, ეგვიპტელები) ხვალ «პირველად ეგვიპტის ისტორიაში» ამერიკული ინსტრუქტორების ზედმხედველობის ქვეშ «ახალი ეგვიპტური სახელმწიფოს» შექმნას დაიწყებენ, სულაც არა. ეს არ იქნება პირდაპირი კონტროლი და ეგვიპტელებს ასე თუ ისე შესაძლებლობა მიეცემათ, ქვეყანა საკუთარი გემოვნებით მოაწყონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს უარის თქმას ირიბი კონტროლის მექანიზმებზე ან იმას, რომ რეგიონში არ ჩაიდო «ნაღმები», რომლებიც ჩინეთს აქ პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობას არ მისცემს. ამასთანავე, თითქმის გამორიცხულია ახალ მიდგომას ლოკალური, რეგიონული ხასიათი ჰქონდეს. დღევანდელ, საინფორმაციო თვალსაზრისით, შეუძლებელია იხელმძღვანელო გარკვეული პრინციპებით არაბულ სამყაროში და, ამავე დროს, ეს პრინციპები ლათინურ ამერიკაში ან კავკასიაში უგულებელყო. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად, კერძოდ, საქართველოსთან დაკავშირებით?

Finita la Comedia?

ბჟეზინსკის ახალი იდეების ხორცშესხმა, სავარაუდოდ, გულისხმობს უარს იმ ძალების მხარდაჭერაზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში საზოგადოების გარდაქმნას ქირურგიული მეთოდებით ცდილობენ და ამით მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას იწვევენ. მაგალითად, ებრძვიან ტრადიციულ რელიგიურ ინსტიტუტებს, ახრჩობენ ეროვნულ კულტურას, გენოციდთან მიახლოებულ სოციალურ პოლიტიკას ატარებენ, «ახალი ტიპის ადამიანებს» ქმნიან და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალები შეიძლება ვაშინგტონის მიმართ ლოიალურები იყვნენ და ყველა მოედანზე «თავისუფლების ქანდაკების» ასლი დადგან.

სააკაშვილის მმართველობა საქართველოში ანტიამერიკანიზმის განუხრელ, ზვავისებურ ზრდას დაუკავშირდა. ძნელი სათქმელია, უბიძგებდნენ თუ არა ამერიკელები სააკაშვილს ამა თუ იმ ოდიოზური ნაბიჯის გადადგმისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილი ვითარებას სწორედ ასე აღიქვამს. ამასთანავე, განხილული თემის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დარაზმულ ადამიანებს აერთიანებდა არა სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის ლოზუნგები, არამედ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ეროვნული თვითმყოფადობის (თავისი რელიგიური და კულტურული შემადგენლით) და, უბრალოდ, ღირსების დაცვის სურვილი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაზეც ბჟეზინსკი წერს. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ის ქართული (ან არაბული) ტრადიციების ან ეროვნული ღირებულებების გულმხურვალე დამცველი გახდა, უბრალოდ, მან, როგორც ჩანს, სავსებით რეალისტურად და პრაგმატულად გააცნობიერა, რომ ამერიკა დინების საწინააღმდგოდ მიცურავს და ობამას ადმინისტრაციას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი შესთავაზა. ეს გამოსავალი კი დღეს ეროვნულთან (ფართო გაგებით) დაპირისპირებაზე უარის თქმას გულისხმობს. «არაბული გაზაფხულის» მიმდინარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თეთრმა სახლმა მისი იდეები სრულად გაიზიარა.

რამდენად რაციონალური იქნება ამერიკელებისთვის ასეთ ვითარებაში სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერა, მითუმეტეს, რომ ის მხოლოდ არსებობის გახანგრძლივებისთვის იბრძვის და სხვას თითქმის ვეღარაფერს აკეთებს? პრაქტიკულად ერთადერთი რამ, რაც ჩვენმა უხეირო ოპოზიციამ ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა, სააკაშვილის ხელისუფლების ანტიეროვნულ ძალად წარმოჩენაა, მითუმეტეს რომ მმართველმა ჯგუფმა თავისი უხეში ნაბიჯებით ამის სრული შესაძლებლობა მისცა. ამ ფართოდ გავრცელებულ დამოკიდებულებას უკვე ვეღარაფერი შეცვლის. კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ ვაშინგტონმა სააკაშვილის მხარდაჭერაზე საბოლოოდ უარი თქვას, იმის მკაფიო დაფიქსირებაა, რომ მას არა ერთი პოლიტიკური ჯგუფი, არამედ სრულიად საზოგადოება უპირისპირდება.

თუ მომავალი კრიზისის დროს, რომელიც არჩევნებს უკავშირდება და თითქმის გარდაუვალი ჩანს, აშშ-ის წარმომადგენლები ადეკვატურ პოზიციას დაიკავებენ, გამყალბებლების დაცვას არ დაიწყებენ და, 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დაუპირისპირდებიან მათ, ეს შესაძლებლობას მისცემთ, ერთი დარტყმით მკვეთრად შეამცირონ ის ანტიამერიკული განწყობა, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს. ქართული საზოგადოება, რომელიც ასეთ სიტუაციებში ხშირად ემოციებით ხელმძღვანელობს, ბევრი ანტიამერიკული შინაარსის წყენასა და ეჭვს, დიდი ალბათობით, დაივიწყებს (კარგია ეს თუ ცუდი, სულ სხვა საუბრის თემაა).

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here