Home ახალი ამბები “აბა, რა მექნა” ტიპები

“აბა, რა მექნა” ტიპები

ამას წინათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” დახურული ჯგუფიდან ამოღებული ე.წ. სქრინები, ანუ კომპიუტერის ეკრანის “ფოტოები” მანახვეს. იქ ასახული იყო ჯგუფში გაწევრებული ერთ-ერთი მომხმარებლისა და “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის დიალოგი, უფრო ზუსტად, მოკლე კითხვა-პასუხი.

“_ ბატონო ზურაბ, ახლა რომ ამდენს ლაპარაკობთ და ასეთ აქციებს აწყობთ მარიხუანის და, ზოგადად, ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციისა თუ ლეგალიზაციის თემებზე, როგორც მახსოვს, მიშას დროს პარლამენტის წევრი ბრძანდებოდით, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? რატომ იყავით ჩუმად?

_ რა გგონიათ: დავმალავ თუ მომერიდება თქმა? _ ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ ხმას თუ ამოვიღებდი ტ**კში სკამის ფეხს გამიკეთებდნენ!” _ ალალად ეპასუხება ჯაფარიძე.

“_ თუ ეს ისეთი ხელისუფლება იყო, რომელიც ხალხს ტ…კში სკამის ფეხს ურჭობდა, მაშინ რატომ იყავით ასეთ ხელისუფლებასთან დაახლოებული და რატომ ცდილობდით მათ წიაღში კარიერის გაკეთებას?” _ არ ეშვება ინტერნეტმომხმარებელი.

“_ აქაც გულწრფელი ვიქნები და ალალად გეტვით: მათ გარდა, არავინ იყო სხვა ქვეყანაში ფინანსურად ძლიერი და, მათთან რომ არ ვყოფილიყავი, მოვკვდებოდი შიმშლით”.

კვლავ სიალალისა და გულწრფელობის პიკს ინარჩუნებს ჯაფარიძე.

რატომ დამჭირდა ამ “სქრინების” აქ მოტანა? რატომ და, მგონია, რომ მოსალდონელია, მალე ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერმინისტრადაც ვიხილოთ, მანამდე კი, ალბათ, რამე სერიოზულ თანამდებობას აუცილებლად შესთავაზებენ.

საიდან ასეთი უცნაური დასკვნები? _ საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, მიმართ გამოთქმული “გამპრავებელი” აზრების წაკითხვის შემდეგ ასეთი დასკვნა თავისთავად ჩნდება. რა, თუკი ბახტაძის წარსული და მის მიერ ჩადენილი საქციელი ითვლება იმის დამამტკიცებელ არგუმენტებად, როგორი “სუპერთანამედროვე” (მისი მეხოტბეების ტერმინია!) და ეფექტიანი პრემიერი იქნება იგი, მაშინ ზურაბ ჯაფარიძის სიალალე და გულწრფელობა რატომ უნდა დავკარგოთ და რატომ არ უნდა მივცეთ მას შანსი, იღვაწოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ?

აკი, გამპრავებელ”-მეხოტბეები (რომლებიც ბახტაძეს ისევე უცებ გამოუჩნდნენ, როგორც კვირიკაშვილს და მანამდე ღარიბაშვილს) ბახტაძის ძირითად “ღირსებად” სწორედ იმას მიიჩნევენ, რომ იგი არ მალავს თავის წარსულს, არც იმას, რომ დავით ბეჟუაშვილის ერთ-ერთ “კანტორაში” წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 20 ათასი ლარი ჩაურიცხა…

 არ მალავს! აი რა ყოფილა, თურმე მთავარი! სხვათა შორის, ვინც ზურაბ ჯაფარიძის “სქრინები” გადმომიგზავნა, ისიც მოხიბლული იყო ჯაფარიძის პერსონით, _ ნახე, ეს რა კაი ტიპი ყოფილა, არაფერს მალავს და ალალად ამბობსო.

მართლა ვერ ვხვდები, რამ წარმოშვა ქართველ საზოგადოებაში ასე უცნაურად მოაზროვნე ნაწილი, რომლისთვისაც თურმე “სიალალე” ყოფილა ადამიანის მიერ ჩადენილი უზნეო საქციელების “ჩამოწერის” მთავარი და საკმარისი კრიტერიუმი? თუმცა აქ ხომ საქმე მხოლოდ “ცოდვების ჩამოწერაზე” არ არის, მეტიც _ ასეთი “ალალი” ხალხი უნდა დავაწინაუროთ და პრემიერმინისტრად უნდა დავნიშნოთ კიდეც თურმე. აი, ის “ჯაფარიძისტიც” მაგას მწერდა: მე ამ ალალ კაცს, ჯაფარიძეს, უნდა მივცე ხმა, თუ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზეო!

იყრის! დარწმუნებული ვარ იყრის და გამარჯვებაშიც სრულიად დარწმუნებული იქნება, რადგან თვითონ “ჯაფარიძეებმაც” გადასარევად იციან, რომ ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც მთავარია, “ალალად აღიარო”, ჯოჯოხეთში სატანის მოციქული რომ იყავი და იმწამს შენს გადაყვანას მოითხოვენ “სამოთხის დირექტორად”; შეიძლება ამ მოთხოვნით “მასშტაბური ქუჩის აქციებიც” კი გამართონ!

მერე რა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 20 ათასი ლარი ჩაურიცხა 2012 წლის არჩევნების დროს?! აბა, რა ექნა?! არ ჩაურიცხავდა და მისი აჯობებდა, დედას უტირებდნენ! აბა, რომელი არ მოიქცეოდით ასე?” _ წერენ სოციალურ ქსელებში ყოფილი “კვირიკოფილები”, რომლებიც ახლა “ბახტაძოფილებად” გადაქცეულან, ადრე კი “ღარიბოფილები” იყვნენ.

 აი, ასე “პრავდება” ბახტაძის მიერ “ნაციონალებისთვის” გაწეული ფინანსური დახმარება და, როგორც ჩანს, თვითონ ბახტაძეც, “გირჩელი” ჯაფარიძისა არ იყოს, “ალალად” და “გულწფელად” მზად არის, აღიაროს: რომ არ ჩამერიცხა და რომ არ მომეჩვენებინა თავი ნაციონალების მხარდამჭერად, შიმშილით მომკლავდნენო.

ასეთი აბა, რა მექნა?” ტიპები უკვე თამამად გამოჩდნენ ასპარეზზე. თუ ნაცების წიაღიდან ამოზრდილი და “ოცნების” წიაღში დაწინაურებული პერსონები აქამდე იმას მაინც ცდილობდნენ, რომ დაემალათ ეს “ნაცებისშნირული” (როგორც ეს დავით კირკიტაძემ უწოდა არჩილ თალაკვაძეს) წარსული, ახლა ისინი უკვე წელში გამართულად და ერთგვარი სიამაყითაც კი ამბობენ: აბა, რა მექნა?”

ყველაზედ დიდი უბედურება ის არის, რომ ქართველი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ასევე რიხით უკრავს კვერს მათ: აბა, რა ექნა?”

ამ აბა, რა ექნა?”- ში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ, თუ ეს კონკრეტული პერსონა (რომლის “გაპრავებაც” არის იმ მომენტში საჭირო) ნაცებს არ გადაურიცხავდა ფულს, არ მოაჩვენებდა თავს მათ მხარდამჭერად, არ შეეტენებოდა, ასეთ შემთხვევაში მას ან დააპატიმრებდნენ, ან ბიზნესს დაუნგრევდნენ, ან სამსახურიდან მოხსნიდნენ და _ აბა, რა ექნა?”

საბოლოოდ, ეს ადამიანი კარგი და საყვარელი ბიჭია”, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა…

კარგი, გასაგებია “გაპრავების” ეს უნიკალური მეთოდი, მაგრამ ამ “ყოვლისგამპრავებლებმა” იქნებ მიპასუხონ: ყველანი ეგეთი “ჭკვიანები” რომ გამოვმდგარიყავით ნაცების პერიოდში და “აბა, რა გვექნას” პრინციპით გვეხელმძღვანელა, გავფრთხილებოდით ჩვენს თანამდებობებს, ჩვენს ჯიბეს, გვეფიქრა ჩვენს უსაფრთხოებაზე და ვყოფილიყავით მშვიდად, არ გვებრძოლა, არ გვეომა, ქუჩებში არ გამოვსულიყავით ნაცების მანიაკური რეჟიმის წინააღმდეგ, ვისი მხარდაჭერით მოვიდოდა პატივცემული ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში?

 დიახ! აქ სწორედ ეს არის მთავარი, რომ ასეთი აბა, რა მექნა?” ფორმულით ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს წარმოაჩენენ “ჭკვიანებად”, არამედ მძიმედ შეურაცხყოფენ ყველას, ვინც პრინციპული უარი თქვა ნაცმანიაკებთან თანამშრომლობაზე. ვინც რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახის კეთილდღეობა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინც დათმო თანამდებობა, დათმო კაი ცხოვრება და დაჩაგრულ თანამემამულეებს შეუერთდა. მჩაგვრელების წინააღმდეგ ხმა ამოიღო.

ასეთი ხალხი დღეს, საერთოდ, მივიწყებულია, ხოლო ქართული პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების კორიფეები სწორედ ეს “აბა, რა მექნა” ტიპები არიან.

 ამის შემდეგ, მე თუ მკითხავთ, ზედმეტია კითხვა: გვეშველება რამე? ამ კითხვის პასუხი მარტივია: არა, არ გვეშველება! და ამას მე ჯერ კიდევ 2013 წელს ვწერდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თვითონ წამოიწყო ყოვლად უზნეო კამპანია “სისტემის მსხვერპლის” შესახებ, რასაც არაერთი “ბობოლა ნაცის” თანამდებობრივი დაწინაურება მოჰყვა.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, მიშამ და მისმა მთავრობამ რომელ ბიზნესმენებსაც ფული “აახია” ან ბიზნესი გაუნადგურა და დააქცია, ყველა ანგელოზი და მამა აბრამის ბატკანი იყო! მაგრამ ის მცირე და საშუალო ბიზნესის პატრონები ან თუნდაც საშუალო დონის ჩინოსნები, რომლებმაც პრინციპულად თქვეს უარი ნაცმანიაკებთან თანამშრომლობაზე, ძირითადად, მართლაც ღირსეული, ნამუსიანი, კეთლშობილი ადამიანები იყვნენ და გამოდის, რომ ასეთებს ჩვენი სახელმწიფო ფეხებზე იკიდებს. ხოლო ისინი, ვინც “ჭკუა იხმარა” და ჯერ ნაცებს შეუძვრა, ხოლო შემდეგ “ქოცებს” აულოკა ერთ ადგილი, ყოფილან ჩვენი სახელმწიფოს მომავლის განმსაზღვრელნი და ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემნი.

 * ასე ხომ ისიც შეგვიძლია ვთქვათ: იმ ცნობილ “კასტილიან კაცს”, აბა, რა ექნა?! არ მივიდოდა მაგიდაზე სკოჩებით დაბმულ საცოდავ კაცთან და მერე ნახავდა, რასაც უზამდნენ ნაცები!

* ასევე შეგვიძლია “გავაპრავოთ” ნებისმიერი _ ეს კაცი მიტინგებს არბევდა? მერე რა?! არ იზამდა ამას და მისი აჯობებდა! აბა, რა ექნა?!

* რა ექნა იმ მოსამართლეს, რომელსაც უთხრეს, რომ ესა და ეს კაცი უდანაშაულოა, მაგრამ შენ მაინც 30 წელი უნდა მიუსაჯოო? მიუსაჯა! არ მიუსჯიდა და… აბა, რა ექნა?!

არა, არავინ მოითხოვს ვინმეს დახვრეტას, პასუხის მკაცრად მოთხოვნას და რამე მსგავსს, მაგრამ ასეთი ადამიანების დაწინაურება უზნეობის დიდი პროპაგანდაა ქვეყანაში და ეს ქვეყანას სიკეთემდე ნამდვილად არ მიიყვანს!

სასაცილო არგუმენტია ისიც, რომ ამას თურმე “დასავლეთი ითხოვს”! დასავლეთი შეიძლება მოითხოვდეს იმას, რომ ვინმე ციხეში არ ჩავსვათ, მაგრამ გინდა თუ არა, დავით ბეჟუაშვილის კადრები დააწინაურეთო, დავიჯერო, ამას ითხოვს დასავლეთი?

საქართველოში ბოლო პერიოდის ორი ყველაზე სკანდალური თემაა “მინდელის შახტი”, რომელშიც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, და “ცენტრ პოინტი”, რომელსაც ათასობით უსახლკარო ადამიანი უჩივის და მისი დამფუძნებლები დღეს ციხეში სხედან. ორივე ამ “კანტორის” დირექტორი სწორედ ჩვენი ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე გახლდათ…

 აქ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ძველ რომაულ გამოთქმას: ის, ვინც წარმატებულია საქმეში, ხოლო ჩამორჩენილი ზნეობაში, უფრო ჩამორჩენილად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე წარმატებულად”, თუმცა ბახტაძეს, ვერც საქმეში დავაბრალებთ წარმატებულობას.

სხვათა შორის, ახალი პრემიერის “გამპრავებლები” და მეხოტბეები ერთ ასეთ უცნაურ ფრაზასაც იმეორებენ ხშირად: “მამუკა ბახტაძე იქნება საქართველოს სუპერთანამედროვე პრემიერმინისტრი!”

იცით რა, ჭკვიანი პრემიერი გამიგია, სულელი პრემიერიც გამიგია, ეფექტიანი პრემიერიც გამიგია, გაბედულიც და მშიშარაც, რეფორმატორიც და კონსერვატორიც… მაგრამ, აი, “სუპერთანამედროვე პრემიერი” რას ნიშნავს, ვერაფრით გავიგე _ ეგ რომელია, კარგად რომ რეპავს თუ ჰიპ-ჰოპს რომ ცეკვავს კარგად? ან იქნებ ჰოვერბორდით რომ დაგორავს და ყურებში თეთრი “ნაუშნიკები” აქვს გარჭობილი?

მართლა ვერაფერი გავიგე! ჰოკეია ნამდვილი…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here