Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა ნათელაშვილი: საქართველო ნაწილებად დაიშლება, ჩვენს ტერიტორიებს მეზობელი სახელმწიფოები მიიერთებენ

შალვა ნათელაშვილი: საქართველო ნაწილებად დაიშლება, ჩვენს ტერიტორიებს მეზობელი სახელმწიფოები მიიერთებენ

691

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

_ ბატონო შალვა, ზოგადად ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა და აგრესია არასდროს გაკლდათ, მაგრამ ამ ბოლო დროს «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული მანქანა განსაკუთრებით დაინტერესდა თქვენით…

_ არსებული რეჟიმი მთავარ იდეურ მოწინააღმდეგესა და პოლიტიკურ მესაფლავეს ხედავს ჩვენში, რადგან ჩვენ ვართ ნამდვილი სუვერენული დემოკრატიის მომხრე და არა ამერიკიდან მართვადი პროტექციონისტური კოლონიური რეჟიმის ხელის ბიჭები, როგორიცაა ყველა დანარჩენი პარტია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაზე მეტ საფრთხეს გრძნობს სწორედ ჩვენგან.ჩვენ ვართ, მარტო საქართველოში კი არა, დედამიწაზეც ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ბედავს მსოფლიო იმპერატორის კაბინეტიდან ოცდაათ მეტრში, თეთრ სახლთან, მოაწყოს საპროტესტო აქცია და ამერიკელებს უთხრას, რომ თავი დაგვანებონ და მოუსვან აქედან. ამის შემდეგ თქვენ კიდევ გიკვირთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, მათ შორის ივანიშვილიც, რომელიც ასევე ამერიკის მარიონეტია და იმართება ვაშინგტონიდან, ერთიანი ფრონტით უტევენ ლეიბორისტულ პარტიას? ჩვენ ეს ნამდვილად არ გვიკვირს, ღმერთმა დაგვიფაროს, ისინი არ გვიტევდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ბრძოლა შეწყვიტა, ბრძოლა გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის. _ თქვენ თქვით, რომ თქვენ გარდა ყველა პარტია ამერიკიდან იმართება. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლების კრიტიკაც ამერიკიდან ყოფილა დაკვეთილი?

_ არა, ხელისუფლების კრიტიკა თვითონ ხელისუფლების წევრებს შორისაც კი ისმის ხოლმე დახურულ თათბირებზე, მაგრამ აქ საუბარია არა კრიტიკაზე, არამედ იდეურ მსოფლმხედველობაზე, რაც არ შეიძლება შეიცვალოს. ეს არის რა _ ეროვნული დამოუკიდებლობა, ანუ პოზიცია ხარ თუ ოპოზიცია, არ შეიძლება, იყო უცხო ქვეყნის სატელიტი და ამ დროს თავი მოგქონდეს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკურ ძალად, არ შეიძლება, ჯერ იყო მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, მერე გახდე «ნაცმოძრაობის» ლიდერი, ამის შემდეგ წამოხვიდე ოპოზიციაში და ისევ იოცნებო, როდის დაგიძახებენ იქ და მოგცემენ რომელიმე პოსტს ან გადაგალახვინებენ ბარიერს. არ შეიძლება, დღეს იყო მემარჯვენე, ხვალ _ მემარცხენე, ზეგ _ ცენტრისტი; არ შეიძლება, ჯერ იყო ბლოკში შევარდნაძესთან, მერე გადახვიდე ასლან აბაშიძესთან, მერე შეეტენო ასევე ბლოკში მიხეილ სააკაშვილს, მერე იქიდან გადამსავდე ივანიშვილთან, მერე იქიდანაც წამოხვიდე და კიდევ სხვა გეგმები, რაღაც ფარისევლური სქემები დახაზო. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იდეურ-პოლიტიკურ ცანცარზე, რაც, დიდი ხანია, უკურნებელი სენივით სჭირს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს.

სხვათა შორის, ეს სენი სჭირს მიხეილ სააკაშვილსაც. ის ჯერ იყო «სახალხო ფრონტის» წევრი, მერე იყო «ქარტია ოთხმოცდათერთმეტის» წევრი, მერე იყო რესპუბლიკური პარტიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, მერე შემოძვრა «მოქალაქეთა კავშირში», _ ოცდარვა ნომრად ჩაწერა შევარდნაძემ და გახდა პარტიის ლიდერი. ამის შემდეგ შექმნა «ნაციონალური მოძრაობა», როცა დაავალეს ამერიკელებმა, და დარწმუნებული ვარ, სანამ მოკვდება, ერთ ოცდაათ პარტიას კიდევ გამოიცვლის.

_ და, ალბათ, სკოლის დირექტორობასაც მოასწრებს.

_ ეს დირექტორობა, უბრალოდ, იმის საპიაროდ მოიგონა, რომ ვითომ მე ინგლისური არ ვიცი და ისეთი ინგლისურის, როგორიც მან იცის, ცოდნისგან კიდევ ღმერთმა დამიფაროს, და რომელიც საქართველოს ასამარებს მთელი მსოფლიოს დასანახად.

სხვათა შორის, სუფთა ინგლისურად დაიძახა სააკაშვილმა გორში «ლეცგოუ», როცა სამარცხვინოდ გამოიქცა და მისი ამ «გმირობის» გამო ჩვენ, ალბათ, კიდევ რამდენიმე საუკუნე ვეღარ ავწევთ სადღეგრძელოს, რომ ვართ მამაცი და მეომარი ერი?..

_ თქვენ ინგლისურის ცოდნა ახსენეთ და სააკაშვილი ხშირად ერთგვარი ირონიით იხსენიებს ხოლმე იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უცხო ენები არ იციან.

_ იცით რა, უცხო ენების ცოდნა აბსოლუტურად არ არის საზომი კრიტერიუმი, პირიქით, რაც მეტ დროს დაუთმობს პოლიტიკოსი საკუთარ ქვეყანას, ხალხის პრობლემებს და ნაკლებს იფიქრებს პოლიგლოტობაზე, მით უკეთესი იმ ქვეყნისთვის, ხოლო უცხო ენების გადაყვანა-გადმოყვანა-გადათარგმნისთვის თარჯიმნების შტატი არსებობს სპეციალურად…

_ რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ, თუ კი ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას და 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებას, სააკაშვილის შეცვლა 2013 წლამდე მოხერხდება. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ რომელ ოპოზიციას გულისხმობთ?

_ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს.

_ კონკრეტულად დამისახელეთ.

_ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს.

_ ივანიშვილი არის მერაბიშვილისა და ამერიკის კაცი და გამოუშვეს იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს სააკაშვილი, რათა საბოლოოდ შეინარჩუნოს ეს რეჟიმი. ჩვენი პარტიის გარდა დღეს ოპოზიცია არ ჰყავს საქართველოს, საუბედუროდ. ასე რომ, ჩვენ გარდა სხვისი, ყველასი მოსვლა ნიშნავს მიშიზმის გაგრძელებას და, შესაბამისად, არ შეიცვლება არც პოლიტიკა, არც ეკონომიკა, არც სოციალური მდგომარეობა.

_ ისე, არჩევნების გზით თუ ხედავთ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას?

_ რა თქმა უნდა, ვხედავ, თუ ხალხი არ შეშინდა, არ გაიყიდა ათ ლარზე, არ დაეხარბა დღევანდელ სამსახურს, ლუკმაპურს, თავის ბიზნესს, პატიმრის გამოყვანას ციხიდან და ა. შ., ანუ იმის თქმა მინდა, რომ, თუ ვერცხლისმოყვარეობაზე ხალხის დიდმა ნაწილმა უარი თქვა, ვერანაირი გაყალბება, ვერანაირი ამერიკა წინ ვერ აღგვიდგება, მოვიპოვებთ თავისუფლებასაც, დამოუკიდებელ მთავრობასაც და დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც წაგვართვეს _ საძოვრებსაც, მიწებსაც, ტყეებსაც, წარმოების აქციებსაც, წართმეულ ანაბრებსაც და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ლეიბორისტული პარტია არ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნის ნგრევა და ეკონომიკური მოშლის პროცესი კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან არც ერთი პარტია, რომელიც დღეს ოპოზიციონერობაზე აცხადებს პრეტენზიას, რეალურად არ არის ოპოზიცია…

_ ხშირად ხელისუფლების უძლეველობა საზოგადოების სისუსტეს ბრალდება და საუბრობენ იმაზე, რომ მოსახლეობამ ვერ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა. თქვენი აზრით, ის, რომ ოთხი თვე ხალხი ქუჩაში იდგა, არ იყო სერიოზული ბრძოლა და პრინციპულობა?

_ კი, მაშინ ნამდვილად ვიდექით ქუჩაში და თავიდან ამ ბრძოლას მართლა ჰქონდა სერიოზული ხასიათი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაშინ ოპოზიცია პრაქტიკულად გაიყო და რამდენიმე დაჯგუფებად გაიხლიჩა, ნაწილმა აიღო თავისი კარვები, ნაწილი გავარდა და შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგახსნილ შენობაში მიხეილ სააკაშვილს, ხელი ჩამოართვა, გაუღიმა და თავი დაუკრა, რამაც დააგდო ნდობის ხარისხი აქციებისადმი მოსახლეობის მხრიდან და ა. შ., ანუ ის ჟინი ბრძოლისა, რომელიც მანამდე იყო მოსახლეობაში და რომელმაც საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, საბოლოოდ იქნა ჩაკლული, რისი შედეგიც იყო ის, რომ ამ ოთხთვიანი დავიდარაბის შემდეგ ხალხმა ვერ მიაღწია ვერაფერს და ახალი ხელისუფლების ნაცვლად ისევ და ისევ ხელში შეგვრჩა სააკაშვილის ავტორიტარული, დრომოჭმული რეჟიმი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმთან არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლა არ შეიძლებოდა და მით უმეტეს დღეს არ შეიძლება, ერთადერთი, რაზეც ამათთან უნდა ისაუბრო, ისაა, თუ როგორ, რა ფორმით უნდა ჩამოსცილდნენ ესენი ხელისუფლებას და როგორ უნდა მოხდეს მათი უსაფრთხოების დაცვა… სხვა შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან (შავნაბადაზე იქნება ეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ ღია ცის ქვეშ) დამანგრევლად მოქმედებს მიმდინარე პროცესებზე და ამიტომაა დღეს ხალხიც ასე სკეპტიკურად განწყობილი ამ პროცესებისადმი.

_ უსაფრთხოების დაცვაში რას გულისხმობთ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა დადგეს კონკრეტულ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?

_ რასაკვირველია, სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, მერაბიშვილი _, ყველა უნდა ჩაჯდეს ციხეში. უბრალოდ, აქ საკითხი უნდა დადგეს ასე: ჰააგის ტრიბუნალს გადაეცნენ როგორც საერთაშორისო დამნაშავენი, თუ აქ გამართლდნენ. აი, მხოლოდ ამ საკითხზე შეიძლება საუბარი, ვინაიდან მათ ჩადენილი აქვთ საერთაშორისო დანაშაული, რომელიც ჰააგის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.

_ კონკრეტულად რომელ დანაშაულს გულისხმობთ, აგვისტოს ომი ხომ არ გაქვთ მხედველობაში?

_ რა თქმა უნდა, ის, რაც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალში გააკეთა, დაბომბა მძინარე ქალაქი, ჟენევის კონვენციის თანახმად, არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რაზეც მას ადრე თუ გვიან პასუხი უნდა მოეთხოვოს. ასევე პასუხი უნდა მოეთხოვოს 26 მაისის სისხლიანი დარბევისთვის, 7 ნოემბრის დარბევისთვის და საერთოდ, ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომლებიც სააკაშვილმა და მისმა ბანდიტურმა ხროვამ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. სხვანაირად სამართლიანობის შეგრძნება საზოგადოებაში ვერასოდეს იქნება და ხელისუფლების სათავეში ყოველთვის იპარპაშებენ ისეთი ცანცარა, გაუწონასწორებელი ადამიანები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტკიპასავით ჩაბღაუჭებია ძალაუფლებას და ცოცხალი თავით არ თმობს მმართველობის სადავეებს…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამ ხელისუფლების პოლიტიკის საბოლოო შედეგი, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის მომავალი, თუ კი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გეგმები თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა?

_ ღმერთმა ნუ ქნას, ამათი გეგმები და იდეები რამე დასასრულამდე მივიდეს, მაგრამ, თუ ეს მოხდება, შედეგი იქნება ის, რომ საქართველო ნაწილებად დაიშლება: ჩვენს ტერიტორიებს მეზობელი სახელმწიფოები მიიერთებენ და საბოლოოდ აქ შეიძლება დარჩეს რამდენიმე «კარლიკი» ტერიტორიული ერთეული, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზები იქნება განთავსებული. აი, ეს არის ამათი საბოლოო მიზანი, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით ეს არ მოხდება; ურჩხული დამარცხდება და საზოგადოებასაც ეყოფა კეთილგონიერება, გააკეთოს სწორი არჩევანი, რაც ესოდენ სჭირდება დღეს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის უღელქვეშ მყოფ, დაუძლურებულ და დაბეჩავებულ საქართველოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here