Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა ხატიაშვილი: სააკაშვილი მიცვალებულების პრეზიდენტია

ზაზა ხატიაშვილი: სააკაშვილი მიცვალებულების პრეზიდენტია

663

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ცოტა ხნის წინ ბრიუსელიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ადვოკატთა შეკრებაზე იმყოფებოდა. რა საკითხებს განიხილავდნენ ევროპელი ადვოკატები და როგორ აფასებენ ისინი საქართველოში არსებულ ვითარებას, ვიზიტის მიზნებსა და საქართველოში ადვოკატთა ირგვლივ არსებულ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება.

_ ყოველი წლის ნოემბერში ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ირჩევენ და, ვინაიდან ჩვენ ვსარგებლობთ დამკვირვებლის სტატუსით, მე, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავესწრო ამ ღონისძიებას. ამას გარდა, პლენარულ სესიამდე ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე იმართება ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს კომიტეტის სხდომა. ჩვენ დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ქართველი ადვოკატების დევნის საკითხი ბოლო ხუთ სხდომაზე ნომერ პირველი განსახილველი საკითხი გახდა.ჩვენ ასევე მივაღწიეთ, რომ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში 29 სექტემბერს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ჩამოვიდნენ. ისინი ქართველ ადვოკატებს შეხვდნენ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაც ჩაატარეს. ეს იყო უდიდესი მოვლენა. ის ფაქტი, რომ «ევროპის ადვოკატთა ასოციაცია» ქართველი ადვოკატების დევნით დაინტერესდა, დიდი მიღწევაა.

_ როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს? ვიცით, რომ ერთი წლის წინ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (CCBE)ხელმძღვანელმა ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა პირადად მიხეილ სააკაშვილს გამოუგზავნა შეშფოთების წერილი. ქართველმა უფლებადამცველებმა საქმის კურსში ჩააყენეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი, თუმცა, გარდა იმისა, რომ ევროპელი უფლებადამცველები მუდმივად შეშფოთებას გამოთქვამენ, არაფერი იცვლება, ქართველი უფლებადამცველები ადვოკატთა დევნასა და ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებზე მაინც საუბრობენ.

_ შედეგი ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ევროპაში თავისი მსტოვრები გააგზავნა, ევროპის პარლამენტმა ორი კვირის წინ დაიწყო ქართველ ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის საკითხის განხილვა, რაც უკვე დიდი მიღწევაა. სწორედ ამის შემდეგ შეიწყალა ნეობოლშევიკმა სააკაშვილმა ადვოკატი მარიანა იველაშვილი, რომელსაც დანაშაული არ უღიარებია. ეს მოხდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის საბჭოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დიდი ზეწოლის შედეგად, მაგრამ ზაზა ხატიაშვილი მარტო არ უნდა იყოს ამ ბრძოლაში. როდესაც ქართველმა ადვოკატებმა დავიწყეთ ბრძოლა ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დაცვისთვის, სააკაშვილს «დემოკრატიის შუქურას» ეძახდნენ, მე კი ავდექი და ვენაში, მარტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ხოსე მანუელ ბარუზოს სახელზე განცხადება გავუგზავნე და მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, კონსტანტინე კუბლაშვილისა და ხათუნა კალმახელიძის პერსონა ნონ გრატად ცნობა და ევროკავშირის ტერიტორიაზე არშეშვება მოვითხოვე. ამას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. ამის შემდეგ სააკაშვილს ისე შეეშინდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, დიქტატორის დაცვა დაიწყო: ეს კაცი რატომ სცანით პერსონა ნონ გრატადო.

ნოემბერში, ევროპარლამენტმა უკვე იმსჯელა და სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს აღნიშნული პირების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე.

_ იმედი გაქვთ, რომ მათ პერსონა ნონ გრატად სცნობენ?

_ რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. ევროპაში მიხეილ სააკაშვილზე, უკვე როგორც დიქტატორზე, ისე საუბრობენ და პერსონა ნონ გრატადაც გამოვაცხადებინებ. სააკაშვილი რომ დიქტატორია, ცოტა ხნის წინ უცხოეთში ხმას ვერავინ იღებდა, ვინაიდან საზღვარგარეთ ხელისუფლების მიერ დაქირავებული რამდენიმე იმიჯკომპანია მუშაობს. ამა წლის ნოემბერში ფრანგულ გაზეთ LexTimes.fr -ში გამოქვეყნდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს კომიტეტის წევრის, პარიზელი ადვოკატის, მარკ ჟობერის ინტერვიუ, რომელიც მარიანა იველაშვილის ბედით დაინტერესდა და მის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებდა. ინტერვიუში ის ამბობს: «ოფიციალურად საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, ოფიციალურად ყველაფერი კარგადაა. რეჟიმს საზღვარგარეთ ღიმილით ხვდებიან. პრეზიდენტი ძალიან ფოტოგენურია. როცა ევროპაში მოგზაურობს, პრეზენტაციას მშვენივრად აკეთებს, მაგრამ მასთან ქვეყანაში დიქტატურა სუფევს. როგორც კი საპირისპირო აზრის მქონე გამოჩნდება, ხშირ შემთხვევაში ის ციხეში ამოყოფს თავს». როცა პრესკონფერენცია ჩავატარე და ეს ამბავი გავახმაურე, მოვიდნენ ტელევიზიები, მაგრამ, «მაეტროსა» და «კავკასიის» გარდა, არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა ეს საკითხი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. უბანში 500 კაცი რომ ცხოვრობდა, სააკაშვილი 1500 ხმას იღებდა. ვსვამ კითხვას: რომელიმე ოპოზიციონერმა შეიტანა საჩივარი მისი პერსონა ნონ გრატად ცნობის თაობაზე? ლუკაშენკოს ბრალი სწორედ არჩევნების გაყალბების გამო წაუყენეს და პერსონა ნონ გრატადაც სცნეს.

_ რატომ არ შეიტანეს სარჩელი, როგორ ფიქრობთ?

_ არ ვიცი, საზოგადოებაში საჯაროდ ვსვამ კითხვას: თუ ოპოზიციას რეალურად სურს სააკაშვილის მოშორება, რატომ არაფერს აკეთებენ? რასაც მე მწირი ფინანსური შესაძლებლობებით მივაღწიე, იმხელა შესაძლებლობები ჰქონდა ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და შეეძლო სააკაშვილის მიწაზე დანარცხება, ეს რატომ არ გააკეთეს? თუ ის სამოქალაქო საზოგადოების მტრად, პერსონა ნონ გრატად არ გამოცხადდა, არც ევროპა და არც აშშ არ დაუშვებს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს. როცა ევროპა იტყვის, რომ ის დიქტატორია, სააკაშვილის გამო ევროპა და ამერიკა ერთმანეთს არ «დაეჯახებიან», სხვაგვარად საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი ზედმეტია: სააკაშვილი ნებისმიერ არჩევნებს გააყალბებს.

ხომ ხედავთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც კი ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ასევე მოხდა აფხაზეთშიც, ანუ ობიექტური არჩევნები მაინც ჩატარდა. რა გამოდის, რომ რუსეთი რომელ ტერიტორიებსაც აკონტროლებს, იქ შეიძლება თურმე არჩევნების ნორმალურად ჩატარება და ამერიკა რომელ ტერიტორიასაც აკონტროლებს, არა?

სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების გზით «დაგვასვეს თავზე» და ყველანაირი გზით ცდილობენ მის შენარჩუნებას. როდესაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს არჩევნები მოუგო, ბუში ღიად ჩაერია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხმები დათვლილი არ იყო, რომ გამოვიდა და სააკაშვილს პრეზიდენტობა მოულოცა. ამით თითი დაუქნია ყველას, არ გაბედოთ და არ თქვათ, რომ გაჩეჩილაძემ მოიგოო. გამოდის, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სამართლიან არჩევნებს ვერ ჩაატარებ. სააკაშვილს მაქსიმუმ 10%-მა მისცეს დღეს ხმა, მაგრამ 80%-ს იღებს, საიდან? ასეთ კაცს ანდეს ამერიკელებმა ქვეყანა. ამოიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტაცია, თუ რატომ და როგორ სცნეს ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად და თავადაც იმოქმედონ. სააკაშვილმა გაცილებით მეტი გააფუჭა. სად გაგიგიათ, ერთი საუკუნის წინ გარდაცვლილები იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას? სააკაშვილი მიცვალებულების პრეზიდენტია.

_ ირინა საღინაძე, ტარიელ მურმანიშვილი, ნაირა ოტიაშვილი… რა ხდება ამ ადვოკატების საქმეების ირგვლივ, ხელისუფლების მხრიდან, ყველა მათგანის მიმართ უკანონო ქმედებას აქვს ადგილი?

_ ირინა საღინაძის საქმე არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. ეს ქალბატონი იცავდა პატიმარს და ვინაიდან სურდა დაეფიქსირებინა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გამეფებული უნამუსობა, მას შეურაცხყოფა მიაყენეს. მას დაუდგინდა ის დაზიანებები, რომლებიც მიაყენეს ქსნის #15 დაწესებულებასა და თბილისის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ნაირა ოტიაშვილის საქმეც. მან გადაიღო პროცესი, სადაც უკანონო აღსრულება მიმდინარეობდა. როდესაც გადაღებული ფირი ვერ წაართვეს, დაადეს ბორკილები, მაგრამ მოახერხა და ფირი მეგობარს გადასცა. სასამართლოში წავედით, ქეთი ბექაურმა დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლეს ფირი ენახა, ვინაიდან, ოტიაშვილის მიმართ ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოსამართლემ კი განაცხადა, _ არ მინდა ფირის ნახვაო და პოლიციელს სიტყვაზე ენდო.

ტარიელ მურმანიშვილი დააკავეს მოგებული საქმის გამო. ეს არის სააკაშვილის ბოლშევიკური რეჟიმის სახე. ვინაიდან ის სოლიდური ქონების მფლობელი უნდა გამხდარიყო, ციხეში გაუშვეს. უნდოდათ, მასაც ისევე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის მოგებული თანხა, როგორც, გახსოვთ, რიყეზე რესტორნების მფლობელებმა ნახეს ერთ ღამეს სიზმარი, სააკაშვილისთვის ეჩუქებიათ ქონება. ადეიშვილი, მე და მურმანიშვილი ჯგუფელები ვართ, მაგრამ მათთვის მთავარია, უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამოკეტონ.

_ ამ ხნის მანძილზე ზურაბ ადეიშვილს პირადად შეხვედრიხართ?

_ მე ფაშისტური წარმომავლობის ბოლშევიკებს არ ვხვდები. ძალიან ბევრი სიბინძურე გააკეთეს, როცა მე თავმჯდომარედ მირჩევდნენ. ასეთ ადამიანებს ხელს როგორ ჩამოვართმევ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ადვოკატები გააუბედურონ?! რაც «დემოკრატიის შუქურა» მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, 8 წლის განმავლობაში 130 ადვოკატს გამოუტანა განაჩენი.

ბოროტების საბჭოთა იმპერიას კი მთელი 70 წლის მანძილზე, დაახლოებით 80-მდე მსგავსი განაჩენი აქვს გამოტანილი. სააკაშვილმა რვა წელიწადში იმაზე მეტი მოახერხა, ვიდრე ეჟოვმა, ბერიამ, ლენინმა, ბრეჟნევმა, ანდროპოვმა და სხვებმა…

_ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყველა პატიმარი ხდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მსგავსი ფაქტები კი უარყოფითად აისახება და ჩრდილს აყენებს ხელისუფლების დემოკრატიულ იმიჯს. როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ასეთი მოქმედება?

_ თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც მილიონობით თანხა ირიცხება ბიუჯეტში. თუ ადამიანს არ სურს, აღიაროს დანაშაული და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საჩივარი შეაქვს ევროპის სასამართლოში, ასეთ პატიმრებს სასტიკად ექცევიან. ვინც დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმებას მოითხოვს, ის პრივილეგიებით სარგებლობს. როცა პატიმარი აღიარებს დანაშაულს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ბრალს აღიარებს, არამედ ამ აღიარებით ის საკუთარ სიცოცხლეს ყიდულობს, ვინაიდან იქიდან ნორმალური არ გამოვა, ისე სასტიკად აწამებენ. ეს ფორმიანი ყაჩაღები, პროკურორები პირდაპირ ეკითხებიან პატიმრებს, გინდათ, მერვე საპყრობილეში წახვიდეთო, რომელიც ყველაზე საშინელი ადგილია. ხელისუფლებას ფული ისე უყვარს, იმიჯი არ ადარდებს. ამას გარდა, ხელისუფლებას ხელს აძლევს ქვეყანაში შიშის სინდრომის არსებობა, ვინაიდან შიში მათთვის ერთადერთი საშუალებაა ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

_ თუმცა ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის რეიტინგი 72%-მდე გაიზარდა, რაც ჩატარებული რეფორმების შედეგიაო.

_ უკვე აღვნიშნე, რომ ამას დაქირავებული ამერიკული უნამუსო ორგანიზაციები აკეთებენ, რადგან სააკაშვილი არჩევნებს რომ გააყალბებს, სათქმელი ჰქონდეთ, ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო. ფეოდალი კუბლაშვილი რას იტყვის, აბა! მას აქვს ფეოდალური დაწესებულება, რომელსაც სასამართლოს ეძახის.

_ როგორც იურისტი, ტელეკომპანია «მაესტროში» მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ: ჰქონდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილს იქ შესვლის, ხოლო მამუკა ღლონტს მისი არშეშვების უფლება?

_ სააკაშვილი შეშფოთებულია ტელეკომპანია «მაესტროს» რეიტინგით და ეს არის მისი მორიგი მცდელობა.

_ ანუ ფიქრობთ, რომ კიწმარიშვილი სააკაშვილის მოგზავნილია?

_ ჩემი აზრით, ასეა. თან ეს მოხდა იმ დღის შემდეგ, რაც გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი. კიწმარიშვილს მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს. მას სოლიდური თანხის აღება შეუძლია და, რადგან ამას არ აკეთებს, ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლების მიგზავნილია.

ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here