საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან. 27 მაისს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა პარლამენტის წინ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. 28 მაისს კი ქევხიშვილმა ძიუდოს აღმასკომი შეკრიბა და ლუის ვაიდენბოში წარადგინა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ვაიდენბოში ვეტერანი ჰოლანდიელი ძიუდოისტია, 1997-2001 წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებსაც წვრთნიდა, თუმცა დიდი შედეგები არ ჰქონია. ჰოდა, როგორც აღმასკომს ქევხიშვილმა განუცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ვაიდენბოშის კანდიდატურა განიხილება.
ახლა იმის თქმა, რომ ქევხიშვილი რეალობას მოწყვეტილია, ძალიან რბილად გამოგვივა. ეროვნული ნაკრები, რომლის მწვრთნელადაც ფედერაციის პრეზიდენტი ვაიდენბოშს განიხილავს, არ არსებობს, ნაკრების წევრები ბოიკოტის უცხადებენ ფედერაციას და არ სურთ ვარჯიში მანამ, სანამ ფედერაციის პირველი პირი ქევხიშვილი იქნება. ქევხიშვილს მოჰყავს უცხოელი კაცი იმ ნაკრების მწვრთნელად, რომელიც ქუჩაშია და მის გადადგომას ითხოვს. ვერ გეტყვით, იცის თუ არა ეს ყველაფერი ვაიდენბოშმა, მაგრამ აღმასკომს წევრებს ნაკრების სამომავლო გეგმები და საკუთარი ხედვა გააცნო. თუ ჰოლანდიელმა ყველაფერი იცის და მწვრთნელად მუშაობას მაინც თანხმდება, გამოდის, რომ არაპროფესიონალია და არეულ სიტუაციაში შესვლა სურს, ოღონდაც კი ხელფასი, რომელიც ხუთნიშნა იქნება, ჩაიჯიბოს. აი, თუ არ იცის და ისე მოდის, ეს მის არაკვალიფიციურობასა და ძიუდოს სამყაროსგან შორს ყოფნაზე მეტყველებს, რადგან მსოფლიოს ყველა წამყვანმა ძიუდოისტმა სოციალური ქსელში გაავრცელა ვიდეო და ქართველ ძიუდოისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის, ჰოლანდიელმა ძიუდოისტებმაც და წესით, ვაიდენბოშმა ქართული რეალობა უნდა იცოდეს.
რატომ ეძებს ქევხიშვილი მწვრთნელს უცხოეთში, როცა საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატების თუ ოლიმპიური თამაშების მომგები ვეტერანი ძიუდოისტი ბევრი გვყავს და მათ არც კვალიფიკაცია აკლიათ?! როდის იყო, ჰოლანდია ძიუდოში ჯობნიდა საქართველოს და როდის იყო, ჰოლანდიელი სპეციალისტი ძიუდოს სამყაროში კვალიფიციურობის სინონიმად ითვლებოდა?! აშკარაა, რომ ქევხიშვილი ცეცხლზე ნავთს ასხამს და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დატოვა აღმასკომის წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა სხდომა პროტესტის ნიშნად.
“ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი, რაც აქ ხდება. ფაქტობრივად, რეალობის განცდა დაკარგული აქვთ. ვკითხე დავით ქევხიშვილს, თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი, რადგან ნაკრების წევრები ვარჯიშზე, უბრალოდ, არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს, დაანგრიოს ყველაფერი, რაც აქამდე შეიქმნა და პირდაპირ ვამბობ: არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ–იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე ძალით გამოიყვანეს გამგეობიდან”,_ განაცხადა ხაბარელმა.
ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ქევხიშვილი ყვარლის გამგებელი იყო, მაგრამ 2014 წელს საკრებულომ ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო იმპიჩმენტით სახლში გაუშვა, თუმცა აგერ, ძიუდოს ფედერაციის პარალელურად, ქევხიშვილი ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.
და ყველაზე საინტერესო _ აღმასკომის იმავე სხდომაზე ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ვაიდენბოში არ არის ერთადერთი სპეციალისტი, რომელთანაც ძიუდოს ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, საქართველოში კიდევ რამდენიმე უცხოელი ჩამოვა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის აღმასკომს სამოქმედო გეგმასა და პროგრამას გააცნობენ. სხვათა შორის, ისიც ითქვა, ქევხიშვილი რამდენიმე ქართველ მწვრთნელსაც დაელაპარაკა, მაგრამ ნაკრების გაწვრთნაზე მისი პრეზიდენტობის პირობებში ყველამ უარი განაცხადაო.
ბესო ბარბაქაძე