114 წლის წინათ, 1904 წლის 21 მაისს, პარიზში შეიქმნა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (Federation internationale de Football Association) _ ფიფა. ამ მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის მესამე პრეზიდენტის, ჟიულ რიმეს, ინიციატივით, 1930 წელს ურუგვაიში გაიმართა მსოფლიოს I საფეხბურთო ჩემპიონატი (გაიმარჯვა ურუგვაიმ) და მას შემდეგ ფეხბურთი ყოველთვის განიცდის (დღეს _ მით უმეტეს) პოლიტიკის გავლენას.
ამა წლის მარტის ბოლოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტმა იენ ოსტინმა რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ადოლფ ჰიტლერის მმართველობის პერიოდში, 1936 წელს ბერლინში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს შეადარა. ეს ოლიმპიური თამაშები ჰიტლერმა თავისი ქვეყნისა და ფაშისტური რეჟიმის იმიჯის გამოსასწორებლად გამოიყენა. ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაც ანალოგიურად იქცევა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს იყენებს პიარსვლისთვის, რათა შენიღბოს ადამიანის უფლებების დარღვევები. პარლამენტარს დაეთანხმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და დასძინა, რომ ინგლისმა უარი უნდა თქვას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
აღსანიშნავია, რომ, როგორც პარლამენტარ ოსტინს, ისე მინისტრ ჯონსონს “დაავიწყდათ” თავიანთი თანამემამულეების სამარცხვინო საქციელი გერმანიაში, როდესაც სათამაშო მოედანზე გამოსული ინგლისელი ფეხბურთელები პირწავარდნილი ნაცისტებივით მიესალმნენ ტრიბუნაზე მსხდომ მესამე რეიხის ხელმძღვანელებს.
1938 წლის 14 მაისს ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გერმანიის ნაკრებთან. მატჩს ესწრებოდა 100 ათასზე მეტი ადამიანი. ტრიბუნაზე საპატიო ლოჟაში ისხდნენ ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელი პირები: ავიაციის რაიხსმინისტრი ჰერმან გერინგი, პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი, ფიურერის მოადგილე პარტიაში რუდოლფ ჰესი.
როდესაც სტადიონზე გერმანიის ჰიმნი აჟღერდა, მისალმების ნიშნად ინგლისელებმა, ისევე, როგორც გერმანელებმა, ხელი მაღლა ასწიეს. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ ეს ჩაიდინეს გერმანიაში ინგლისის ელჩის _ სერ ნევილ ჰენდერსონისა და საფეხბურთო ასოციაციის იმჟამინდელი მდივნის (მოგვიანებით ფიფას მე-6 პრეზიდენტი) _ სტენლი როუზის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 წლითა და 4 თვით ადრე.
განსაცვიფრებელი მოვლენაა ფეხბურთი. ზოგჯერ ისეთი მატჩი გაიმართება ხოლმე, რომ გულშემატკივრებს ტანში ჟრუანტელი უვლით და ცივი ოფლი ასხამთ, მაგრამ ხშირად მათ, მატჩი კი არა, სკანდალური ეპიზოდები უფრო ამახსოვრდებათ. აი რამდენიმე სკანდალური ეპიზოდი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე გამართული მატჩებიდან:
1986 წელი. მარადონას გოლი ხელით
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და სკანდალური გოლი ხელით გავიდა მექსიკაში ლეგენდარულ სტადიონ “აცტეკაზე” არანაკლებ ლეგენდარული მარადონას შესრულებით. ინგლის-არგენტინის მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში მინიატურული არგენტინელი თავდამსხმელი ინგლისელ მეკარესთან საჰაერო ორთაბრძოლისას უფრო მაღლა ახტა, მაგრამ ბურთს თავით ვერ მისწვდა, მაგრამ დიდხანს არ უფიქრია, ისე გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში მარცხენა ხელით. გააფთრებული ინგლისელები დიდხანს ცდილობდნენ, არბიტრისთვის დაემტკიცებინათ, რომ ბურთი არგენტინელმა წესის დარღვევით გაიტანა, მაგრამ მან გადაწყვეტილება არ შეცვალა და გოლი ჩათვალა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მარადონა “საუკუნის გოლის” ავტორი გახდა, როცა თითქმის მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა, მათ შორის, მეკარეც, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ პირველი ბურთი, სინამდვილეში “ღმერთის ხელის” დახმარებით იქნა გატანილი.
1990 წელი. ფრენკ რაიკაარდის შეფურთხება
ჰოლანდიელი ფრენკ რაიკაარდის საქციელი იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ბინძურ საქციელად ითვლება. ანგარიში 2:1 იყო გერმანელთა სასარგებლოდ (ეს “გერმანული მანქანის” გასვლას ნიშნავდა ნახევარფინალში), როდესაც ჰოლანდიელმა სახეში შეაფურთხა რუდი ფიოლერს, ამის გამო მყისვე დაიმსახურა წითელი ბარათი და მოედნიდან გაძევება. 10 კაცით დარჩენილმა ჰოლანდიელებმა ვერ შეძლეს შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა და ტურნირს გამოეთიშნენ.
მატჩის შემდეგ რაიკაარდმა და ფიოლერმა “საქმის გარჩევა” ფურთხებით გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში განაგრძეს.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თავისი საქციელი ნერვული აშლილობით ახსნა, რომელიც მეუღლესთან განშორებამ გამოიწვია.
2002 წ. მსაჯები სამხრეთი კორეის მხარეს
ტერმინს “შინაური მსაჯები” იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც არბიტრები გადაწყვეტილებებს იღებენ დიდი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გუნდის სასარგებლოდ. თუმცა 16 წლის წინათ ფიფას მიერ სამხრეთ კორეის ნაკრების მატჩებზე დანიშნული ეკვადორელი და ეგვიპტელი მსაჯების მოქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი აზიაში პირველად ტარდებოდა და აზიურმა გუნდმა ისტორიაში პირველად ნახევარფინალამდე მიაღწია.
ტომაზის, მორიენტესისა და ელგერას გოლების გაუქმება, ტოტის ძალიან საკამათო გაძევება, სამხრეთ კორეელთა დაუსჯელი უხეშობა _ აი არასრული ჩამონათვალი ორი მსაჯისა _ ბირონ მორენოსი და გამალ ალ ჰანდურის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში “გაათრიეს” სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები.
2006 წელი. ზიდანის თავური მატერაცის
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გააფუჭა კონფლიქტმა იტალიის ნაკრების მცველ მარკო მატერაცისა და ფრანგების ლიდერ ზინედინ ზიდანს შორის. მატერაციმ რაღაც ჩაილაპარაკა და ამით პროვოკაცია მოუწყო ზიდანს, რომელსაც ბევრი არ უფიქრია და შეურაცხმყოფელს თავი დაარტყა მკერდში. ამის გამო ფრანგმა (ალჟირული ფესვებით) მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. მოედნიდან გაძევებულმა ზიდანმა ნელა ჩაუარა ოქროსგან დამზადებულ მსოფლიო თასს, რომელიც ახალ მფლობელს ელოდებოდა, შემდეგ კი გასახდელს მიაშურა. ფრანგებმა, რომლებიც 10 კაცით დარჩნენ 11 იტალიელის წინააღმდეგ, პენალტების სერიამდე მიაღწიეს, მაგრამ დამარცხდნენ _ 3:5. ზიდანის საქციელზე დღემდე ლაპარაკობენ, მარკო მატერაციმ კი სოლიდური ტირაჟით გამოსცა წიგნი სათაურით “სინამდვილეში რა ვუთხარი ზიდანს”.
2014 წელი. სუარესის კბენა
2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მატჩში ურუგვაი-იტალია, რომელშიც მერვედფინალის საგზურის ბედი წყდებოდა, ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა ძველი ჩვევა არ დაივიწყა და თავის კარიერაში მესამედ უკბინა ოპონენტს. თუ წინა შემთხვევებში ლუის სუარესის კბილებით დაზიანდნენ ჰოლანდიის “ეინდჰოვენის” ნახევარმცველი ოტმან ბაკალი და ინგლისის “ჩელსის” მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი, ამჯერად, როგორც ბრაზილიელმა კომენტატორებმა შეარქვეს სუარესს, “გრაფი დრაკულას” მსხვერპლი აღმოჩნდა “სკუადრა აძურას” მცველი ჯორჯო კიელინი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში აჩვენებდა მატჩის არბიტრს სუარესის კბილების კვალს თავის მხარზე, თუმცა ამას კიელინისთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია. მსაჯს სუარესისთვის ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია. ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ურუგვაელებმა მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანეს და მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა