Home რუბრიკები საზოგადოება ქევხიშვილმა იმოქმედა პრინციპით “დაყავი და იბატონე”

ქევხიშვილმა იმოქმედა პრინციპით “დაყავი და იბატონე”

ძიუდო

ძიუდოს ფედერაციაში სიჩუმეა. უფრო ზუსტად, მიმდინარე აქციების ფონზე, ძიუდოისტთა პროტესტმა თითქოს მეორე პლანზე გადაიწია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ადამიანებს იმაზე მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე იმ ბიჭებს, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ ასახელეს სამშობლო. ვის აძლევს ხელს ძიუდოისტების პრობლემის დამალვა და რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს 18 ბრალდება წაუყენეს და, ერთი მაინც რომ გამართლდეს, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვექნება.

აი, რას მოითხოვენ ძიუდოისტები ფედერაციისგან:

  1. წარმოადგინოს ყველა საბუთი და გაგვცეს პასუხი, თუ სად დაიკარგა და წავიდა ის თანხები, რომლებიც სპორტსმენებს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის უნდა მიეღოთ; 85 ათასი ლარის ნაცვლად რატომ ჩაირიცხა 13 ათასი ლარი და რაში დაიხარჯა ის;
  2. სად მიდის სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული თანხები, რომლებიც “ატკატის” სახით ბრუნდება ფედერაციაში;
  3. მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდიდან რატომ აბრუნებინებს 10%-ს უკან და რაში ხარჯავს;
  4. ვისი ხარჯებით დადიან გულშემატკივრები ტურნირებზე, როდესაც ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე მასაჟისტი; გაასაჯაროოს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იყო მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე;
  5. რატომ არ ჰყავს ქალთა ნაკრებს პირადი ექიმი;
  6. რა ძალა გვმართავს _ დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელიც გვმართავს;
  7. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ არ მიეცით ჟურნალისტებს დასწრების უფლება, რას საუბრობდით და რას განიხილავდით;
  8. ვინ არიან აღმასკომის წევრები: ის ადამიანები, რომლებიც ძიუდოისტების ბედს წყვეტენ, რა დამსახურებებით დაინიშნენ;
  9. რამდენი კლუბია “შევარდენი 2005”-ში დარეგისტრირებული, ერთ დარბაზში; რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტის არჩევის უფლება, ჩამოთვალოს;
  10. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს ძალა, ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა, რომელი ვართ იმ ასაკის, რომ პრეზიდენტობა, ვიცეპრეზიდენტობა ან სხვა პოსტი გვინდოდეს;
  11. ვინ დგას ქევხიშვილის უკან; არ გვინდა, კონკრეტულად დავასახელოთ, რომ დაძაბულობამდე არ მივიდეს კიდევ ეს საქმე. ხალხის თვალში თავს შერცხვენილად ვთვლით, ამ ზომამდე ქევხიშვილმა მიგვიყვანა;
  12. საკლუბო ჩემპიონატი ტარდება. ქევხიშვილმა _ თანხები გამოვყავი და ვაფინანსებ ამდენ სპორტსმენსო. რატომ აბრუნებინებს სპორტსმენებს 10%-ს უკან პრემიებიდან. წარმოადგინოს ყველა საბუთი;
  13. რატომ ითხოვდა სპორტსმენებისთვის განკუთვნილი შედეგებიდან 10%-ს. მივიღებდით თანხას და შემდეგ 10% უკან რატომ უნდა დაგვებრუნებინა;
  14. რატომ დააგვიანა ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანის განაცხადის გაგზავნა მასტერსზე. გაგვცეს კონკრეტული პასუხი, ვინ იყო პასუხისმგებელი პირი; მასტერსზე კარიერის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოუწიოს სპორტსმენს ასპარეზობა და მათი უყურადღებობით ჩხვიმიანმა ეს ვერ მოახერხა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე;
  15. სად წავიდა “ზედაზენის” მიერ დაფინანსებული შეჯიბრების ხარჯები, რომლებიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ. რატომ არ მისცეს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, როდესაც შავით თეთრზე ეწერა, ვის რამდენი თანხა უნდა მიეღო და სპორტსმენებს ცარიელი კონვერტები რატომ გადასცეს;
  16. რატომ ათავისუფლებს მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ ამას სპორტსმენები სახლში, თუ ის ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტილებებს;
  17. რატომ არ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს ან რატომ აძლევს შერჩევით. 2015-2016 წლებში 300 კიმონო გამოუგზავნა საერთაშორისო ფედერაციამ, ვინ იცვამდა და სად მიდიოდა;
  18. რატომ არ შეგვხვდა და რატომ ცდილობს დახურულ კარს მიღმა ისაუბროს. რატომ არ უნდა, სააშკარაოზე გამოიტანოს ყველა ის საკითხი, რომლებიც კი ჩვენ გვაწუხებს.

სულ ესაა, რაც ძიუდოისტებს აინტერესებთ, თუმცა ძაღლის თავი რეალურად ფინანსებშია დამარხული. სად და რაში იხარჯება თანხები, პასუხის გამცემი არავინაა. ეგ კი არა, ძიუდოს ფედერაციას ხარჯთაღრიცხვას რატომღაც არ სთხოვს სპორტის სამინისტრო. მაგალითად, ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას თბილისის გრანპრის ჩატარებისთვის მიღებული მილიონ 224 ათას 320 ლარის ხარჯთაღრიცხვა აქამდე არ წარუდგენია. არადა, სპორტის სამინისტროს უმკაცრესად აქვს გაწერილი, რომ ყველა ფედერაციამ ხარჯები ტურნირის დასრულებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. ქევხიშვილს კი არც ანგარიში წარუდგენია და პასუხსაც არავინ სთხოვს. არადა, თბილისის გრან-პრი 30 მარტს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდა. შესაბამისად, ფედერაციას სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხის ხარჯთაღრიცხვა სამინისტროსთვის 21 აპრილს უნდა წარედგინა.

ფაქტია, რომ დარღვევები არის, მაგრამ მათზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. სახელმწიფო სტრუქტურები არც იმით დაინტერესდნენ, მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა რომ თქვა, ხელფასიდან 200 ლარს ყოველთვიურად ქეშად ვაბრუნებით ფედერაციაშიო. სპორტსმენებმა უკვე ვთქვით, რომ პრემიებიდან თუ ხელფასებიდან 10 პროცენტს უკან გვაბრუნებინებდნენ და მეტი რა ვთქვათ?! ლიცენზიის მოსაპოვებლად 85 ათასი ჩაგვირიცხეს, ფედერაციამ მხოლოდ 13 ათასი გაიმეტა. არადა, ეს თანხა იმიტომ ჩარიცხეს, რომ სპორტსმენმა ნორმალურ პირობებში შეძლოს ვარჯიში. გვიპასუხონ: მორაგბეები ან ფეხბურთელები ნაკრების ფორმას ყიდულობენ? აი, ჩვენ ვყიდულობთ და ეს იმის მიუხედავად, რომ საკმარის ფორმას გვიგზავნის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია”, _ გვითხრა ერთ-ერთმა ძიუდოისტმა.

იმის მიუხედავად, რომ “აჯანყებული” ძიუდოისტები ამბობდნენ, ერთი გუნდი ვართ და ვარჯიშს ვწყვეტთო, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი ფედერაციის ხარჯებით სავარჯიშოდ იაპონიაში გაემგზავრნენ. სამხრეთ კორეაში წავიდნენ ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი, თუმცა წასვლამდე დაიბარეს, რომ ნაკრებს მხარს უჭერენ. არადა, დაგვეთანხმებით, ლოგიკაში არ ჯდება, აპროტესტებდე, ვარჯიშის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აკეთებდე და შემდეგ ფედერაციის მიერ დაფინანსებულ შეკრებაზე მიდიოდე. ფაქტია, რომ ქევხიშვილმა იმოქმედა პრინციპით “დაყავი და იბატონე” და გაუმართლა კიდეც. ახლა ჯერი ძიუდოისტებზეა. როგორც გვითხრეს, საქართველოში დარჩენილები აქციების განახლებას გეგმავენ.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. აქსიომაა, რომ უპირველეს ყოვლისა მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი საამაყო და სახელოვანი მომქმედი ძიუდოისტების ინტერესები. მითუმეტეს, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ერთმანეთთან ჩაძმაკაცებული ქვეყნის ბიუჯეტის მღრღნელები მინისტრი გიორგაძე, პარლამენტის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ყაველაშვილი თუ ქევხიშვილი იჭიდავებენ ტატამზე? გეშინოდეთ ხალხის რისხვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here