ირანი მკაცრად რეაგირებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, ბირთვული ხელშეკრულებიდან აშშ–ის გამოსვლის შესახებ. ერთობლივი, ყოვლისმომცველი ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის ივლისში აშშ–ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ირანს შორის.
Al Arabiya იუწყება, რომ ირანის მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა ალი ლარიჯანმა ტრამპის გადაწყვეტილებას “დიპლომატიური შოუ” უწოდა. “როგორც ჩანს, ტრამპს მხოლოდ ძალის ენა ესმის”, _ განაცხადა მან პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.
ირანელი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმა კი შეძახილების _ “სიკვდილი ამერიკას!” ფონზე ტრიბუნასთან დაწვა აშშ-ის ქაღალდის დროშა და 2015 წლის გარიგების სიმბოლური დოკუმენტები.
ტრამპის განცხადებით, აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ირანს დაუტოვა ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა დამტკიცებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გზით; ამასთანავე, მიზანშეწონილად ჩათვალა ახალი ხელშეკრულების დადება.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა: ტერეზა მეიმ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ბირთვული გარიგების ყველა მონაწილეს მოუწოდეს, სრულად დაიცვან 2015 წლის ხელშეკრულება.