აშშ–ის აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაკარგეს პლუტონიუმის ნატეხი, რომელიც მათთან ინახებოდა, ბირთვული რეგულაციის კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება Live Science.
რადიოაქტიური ნივთიერების აღრიცხვა უნივერსიტეტში ბოლოს 2004 წელს ჩატარდა. მაშინ პლუტონიუმ-239-ის 14 ერთგრამიანი ნატეხი სათანადოდ შეფუთეს და დასამარხად მოამზადეს. შემდეგ მონაცემთა ბაზიდან ამოშალეს ჩანაწერი პლუტონიუმის შესახებ. სად გაქრა ამის შემდეგ ერთ-ერთი ნატეხი, უცნობია: მომდევნო ანგარიშებში მის შესახებ არაფერია ნათქვამი. არც ის იცის ვინმემ, იყო თუ არა უტილიზებული.
აღნიშნული კომისიის პრესმდივანმა ვიქტორ დრიქსმა აღიარა, რომ ვერ იტყვის, დაკარგული პლუტონიუმი საფრთხეს წარმოადგენს თუ არა. ამასთანავე, ვარაუდობს, რომ “დაკარგვის” მიზეზი ჩანაწერში დაშვებული შეცდომაა. “მიგვაჩნია, ბოლოს ის რადიოაქტიური მასალების პოლიგონზე აღმოჩნდა”, _ განაცხადა დრიქსმა.
კომისიამ ასეთი თავის მართლება სარწმუნოდ არ მიიჩნია და უნივერსიტეტი 8,5 ათასი დოლარით დააჯარიმა.
ცნობისთვის: ერთი გრამი პლუტონიუმ-239 ბირთვული ბომბის დასამზადებლად საკმარისი არ არის, მაგრამ ბინძური ბომბის რადიოაქტიული საფუძვლის შექმნას ეყოფა, _ ნათქვამია Live Science -ის სტატიაში.