გერმანული ტელეარხი ZDF აცხადებს, რომ დუმაში მოწყობილი ქიმიური შეტევა ინსცენირებული იყო “ისლამური სახელმწიფოს” მიერ. ისლამისტებმა ერთ–ერთ თავიანთ შტაბში სპეციალურად განათავსეს ქლორით სავსე კასრები, რომლებიც ააფეთქეს სირიის სამხედრო–საჰაერო ძალებმა დუმის დაბომბვისას.
ტელეარხის კორესპონდენტმა ული გაკმა განმარტა: ის-ის იყო დავბრუნდით ხარჯალადან, რომელიც აქედან ხუთ კილომეტრშია. ხარჯალაში თავი მოიყარა 20 000-მდე ლტოლვილმა აღმოსავლეთ გუთადან, უმთავრესად _ დუმადან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შეტევა, რომელიც შვიდ აპრილს განხორციელდა, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ინსცენირებული. ისინი მოგვიყვნენ, რომ იქ, სადაც ეს მოხდა, ისლამისტების შტაბი იყო. ტერორისტები ელოდნენ, როდის დაბომბავდა სირიის ავიაცია მათთვის მნიშვნელოვან ამ მიზანს. დაბომბვისას ქლორიანი კასრები აფეთქდა.
ლტოლვილები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი ქმედება ადრეც მოხდა: ისლამისტები “სწავლებისას” აირით წამლავდნენ სირიის მოქალაქეებს, შედეგებს აღბეჭდავდნენ ვიდეოფირზე და შემდეგ ავრცელებდნენ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიის ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქტს. ნამდვილად ასე იყო თუ არა, ვერაფერს გეტყვით. მზად არ ვარ, ხელი მოვაწერო ყველა წინადადებას, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნება, რომ ნამდვილად ასე იყო.
მოდით, გავიხსენოთ ჰომსი, ალეპო ან მოსული. მიწა იქ შვეიცარული ყველივით დახვრეტილია აფეთქებული ნაღმების კვალით, გადაბუგულია, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ნანგრევებიდან მოძვრებიან გადარჩენილი ტერორისტები და აფეთქებენ, ისვრიან. გამომძიებლები (დუმის ფაქტის შემსწავლელი ჯგუფი) ბოლომდე დაცულები არ იყვნენ და ამიტომ იქ (დუმაში) დაუყოვნებლივ არ შეუშვეს. მართალია ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სიმართლესთან ახლოსაა. რაც მეტი დრო გავა 7 აპრილიდან, მით უფრო გაძნელდება მოწამვლის კვალის პოვნა, ქლორის წარმომავლობის დადგენა კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.