ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 22 მარტს იმყოფებოდა. თუ გახსოვთ, თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყნის ლიდერები ლუკაშენკოს დიქტატორს ეძახდნენ და გივი თარგამაძე იქ ფერად რევოლუციასაც კი გეგმავდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ისე, ბელარუსი ხალხი სულაც არ თვლის, რომ მას დიქტატორი მართავს. პირიქით, მოსახლეობა კმაყოფილია და თავს დაცულად მიიჩნევს. მეტიც, ამბობენ, რომ ბელარუსს ასეთი ძლიერი მმართველი არასდროს ჰყოლია.
სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლუკაშენკოსთან ურთიერთობა მოგვარდა და, თუ გახსოვთ, ბელარუსში ვიზიტით მყოფ გიორგი მარგველაშვილს ლუკაშენკომ სათესლე კარტოფილიც კი გამოატანა. საქართველოში ვიზიტისას ბელარუსის ლიდერი მარგველაშვილსაც შეხვდა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა პრემიერს რუსეთისთვის არჩილ ტატუნაშვილის თაობაზე წერილი უკვე მიწერილი აქვს და მთავრობის მეთაურს ოპოზიცია რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ლუკაშენკომ და კვირიკაშვილმა, რა თქმა უნდა, არ თქმულა, მაგრამ ბელარუსის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ლუკაშენკომ მოულოდნელად საქართველო და კვირიკაშვილი ახსენა.
“იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს მივირთმევდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული “ჯაველინების”, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს პერიმეტრზე ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე, ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც”, _ განაცხადა ლუკაშენკომ. რეალურად, ლუკაშენკომ ამ განცხადებით რუსეთს მოუწოდა, კვირიკაშვილს რატომ არ ელაპარაკებით, კაცს უყვარხართ და რატომ აიძულებთ, ევროპისკენ და ამერიკისკენ გაიხედოს, მათგან იარაღი იყიდოსო?! ლოგიკურად, ტატუნაშვილზე წერილისა და ამ განცხადების შემდეგ კი უნდა დაგვეჯერებინა, რომ ქვეყნის პრემიერი მზად არის რუსეთთან სალაპარაკოდ, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ, ოპოზიციისგან შეგულიანებული და ევროპა–ამერიკისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, მთავრობის მეთაური ნატოს სამიტზე გაემგზავრა და განაცხადა, ჩვენი ხედვა ნატო და ევროპაა, რუსეთი კი ოკუპანტია და მტერიო.
ისე როგორ იქნებოდა, ლუკაშენკოსთვის პასუხი კვირიკაშვილსაც არ გაეცა და მისმა ადმინისტრაციამ 2-საათიანი ინტერვალით ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში ადმინიტრაციას ტატუნაშვილის ფაქტორი გამორჩა და მეორე განცხადებაში “ჩააკორექტურა” (სტილი დაცულია):
“ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა. ბელარუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის, არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს”, _ აღნიშნულია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმედია, გამოქვეყნებამდე კვირიკაშვილს ეს განცხადება წააკითხეს, რადგან, რუსეთში გაგზავნილ წერილზე ოპოზიციამ ხმაური რომ ატეხა, მთავრობის მეთაურს ლამის წამოსცდა: არც კი წამიკითხავს, იქ რა ეწერაო. ახლაც, იმის ნაცვლად, რომ ლუკაშენკოს განცხადების შემდეგ კვირიკაშვილს კაცურად ეთქვა, დიახ, მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდეთო, გამოვიდა და ცეცხლზე ნავთი დაასხა,_ ლუკაშენკომ სწორად ვერ გაიგო, სხვა რამ ვიგულისხმეო.
შესაბამისად, როცა ასეთი ორმაგი სტანდარტებია, როცა ლუკაშენკოსთან თვალები გიცრემლიანდება, ხოლო ამერიკელების დასანახავად მაგიდაზე მუშტს აბრახუნებ, არავინ დაგელაპარაკება. ნდობას თუ სანდოობას თავი რომ დავანებოთ, რეალურად, კვირიკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც უნდა ელაპარაკო. პრემიერი, რომელიც ვერ წყვეტს მინისტრთა კაბინეტში ვერც ერთი მინისტრის ბედს, პრემიერი, რომელიც ვერ ხსნის და ვერ ნიშნავს ვიცეპრემიერებს და, საზოგადოდ, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ასეთი დონის შეხვედრაზე არ გაიშვება. და, როგორ გგონიათ, რუსეთში არ იციან, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად სურთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ და ვერ აკეთებენ იმის შიშით, რომ გამოვლენ სოროსის საბუდარში გამოჩეკილი წიწილები და დაიწყებენ წიავს, რუსეთუმეა, სამშობლოს მოღალატეაო. რომ გამოდის ოპოზიცია და გაიძახის, რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვსო, რატომ არავინ ახსენებს, რომ არც ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს აქვს აზრი?! თუ არ გვეთანხმებით, გვითხარით ერთი დადებითი შედეგი, რომელიც ჟენევის ფორმატმა მოუტანა საქართველოს. მე გეტყვით დადებით შედეგს, ოღონდ რამდენიმე კაცისთვის _ ადამიანების ჯგუფი ჩვენს ხარჯზე პერიოდულად ჩადის ჟენევაში, არაფრისმომცემ შეხვედრას მართავს, შემდეგ შოპინგობს და ისევ ჩვენს ხარჯზე ჩამოდის საქართველოში, ჩამოაქვს ახალი “ზმანი” და მორიგ შეხვედრას ელოდება, ისევ ჩვენს ხარჯზე რომ წავიდეს და სეზონის შესაბამისად ახალი ტანსაცმელი იყიდოს. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში ისევ ჟენევიკენ გასწევს ჩვენი დელეგაცია მორიგი უშედეგო შეხვედრის ჩასატარებლად.
ბესო ბარბაქაძე