Home რუბრიკები პოლიტიკა შექმნა თუ არა ხელისუფლებამ ოთხ თვეში 40 ათასი სამუშაო ადგილი?

შექმნა თუ არა ხელისუფლებამ ოთხ თვეში 40 ათასი სამუშაო ადგილი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რომელ დასაქმებასა და სამუშაო ადგილებზე საუბრობენ, როცა რიგები დგას საელჩოებთან საზღვარგარეთ შავ მუშად წამსვლელი მოქალაქეების?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

პრემიერმინისტრი ურცხვად ტყუის

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 21 აპრილს ამბროლაურშიქართული ოცნებისრეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თამამად შეუძლია, ხალხს თვალებში შეხედოს, რადგან ხელისუფლებას არცთუ ცოტა საქმე აქვს უკვე გაკეთებული. პრემიერის განმარტებით, პარტიის დაარსებიდან 6 წლის თავზე ქვეყანაში უამრავი პრობლემა გადაიჭრა და, ფაქტობრივად, უმოკლეს დროში სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საშუალება შეიქმნა: “ამ ექვსმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ _ დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს”.

იმავე შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ რაჭალეჩხუმში დღემდე დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული. მეტიც, მისი შეფასებით, სახელმწიფომ სუბსიდირებისა და აგროკრედიტების თვისებრივად განსხვავებული სისტემით კერძო სექტორს უპრეცენდენტო სტიმული მისცა და შეუქმნა პირობა, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქტი მიეღო

აღნიშნულ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისივე განცხადებით, პირველ სამ თვეში საქონლის ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28-28 პროცენტით, ხოლო ფულადი გზავნილები 20 პროცენტით გაიზარდა, რაც საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლებში უკვე ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვნად აისახა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაფორმების შემდეგ საქართველო დაახლოებით 100 000-მა მოქალაქემ დატოვა და მათი უმრავლესობა ქვეყანაში შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში არ დაბრუნდა. არაერთი კვლევა და სტატისტიკური მონაცემი მოწმობს, რომ მოსახლეობის ასეთი მაღალი ინტენსივობით გადინება განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით, მასობრივი უმუშევრობითა და სიღარიბით. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატებას, რაც უკვე ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, 2017 წელს ეს რაოდენობა 500 მოქალაქეს არ ცდებოდა, 2018 წლის იანვარში კი 745-მდე მოიმატა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე მკაცრად აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ, თუ აღნიშნული დინამიკა ახლო მომავალში არ შემცირდა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება

რეალურია პრემიერის განცხადება 40 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე და რა წარმატებებს მიაღწია რეალურადქართულმა ოცნებამხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზე _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ანუ, სულ რაღაც, 4 თვის განმავლობაში ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, შეესაბამება ეს განცხადება ჩვენს დღევანდელ რეალობას?

_ რეალობაზე საუბარი ზედმეტია. ეს ჩვეულებრივი ბოდვაა, მაგრამ, თუ ძალიან აინტერესებს ბატონ პრემიერს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, გავიდეს ქუჩაში და თავისი თვალით ნახავს. სინამდვილე ძალიან მძიმეა, არ არის სამუშაო ადგილები და ამას ამბობს ყველა. რაც არის, განაწილებულია “ოცნების” თავკაცების ახლო ნათესავებში და მათ აქვთ ყველაფერი, საქართველოს მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი კი, დიდი ხანია, დაუსაქმებელია. რაც შეეხება ასე მოკლე დროში კონკრეტულად 40 000 სამუშაო ადგილის შექმნას, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს: თითოეული სამუშაო ადგილი, სულ ცოტა, ათ დასაქმებულ მოქალაქეს ხომ უნდა გულისხმობდეს, 40 000 რომ ათზე გაამრავლო, რამდენია? გამოდის, მხოლოდ 2018 წელს 400 000 მოქალაქე დაუსაქმებიათ. ეს სიმართლესთან ახლოს რომ იყოს, ასეთი მასობრივი უმუშევრობა, სიღარიბე და გაჭირვება იქნებოდა ქვეყანაში?! ეკონომიკური კრიზისი, ლარის გაუფასურება, ფასების კატასტროფული მატება ყველაფერზე… რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ან რომელ დასაქმებასა და სამუშაო ადგილებზე საუბრობენ, როცა რიგები დგას საელჩოებთან საზღვარგარეთ შავ მუშად წამსვლელი მოქალაქეების? ქალების ნაწილი მიდის საკუთარი სხეულით სავაჭროდ, ნაწილი კი სხვისი სხეულის მოსავლელად, ძირითადად, მოხუცებისა და დავრდომილების. გარდა ამისა, არის კაცების ორი კატეგორია: ერთი, რომელიც მიდის საქურდავად, და მეორე, რომელიც მიდის უაღრესად მძიმე სამუშაოს შესასრულებლად ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ აი, ეს არის რეალობა და რა აძლევს საფუძველს კვირიკაშვილს, განაცხადოს, რომ “ოცნების” პოლიტიკა ისე წარმატებულია, თამამად შეუძლია, ხალხს თვალებში ჩახედოს, არ ვიცი. სხვათა შორის, პრემიერის და არა მხოლოდ პრემიერის, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების რიტორიკა ასეთ საკითხებზე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებს. მოგეხსენებათ, სააკაშვილი პატარა საწარმოს გახსნიდა, 3-4 კაცს ჩააცმევდა სამუშაო ფორმას და იტყოდა, რომ მოქალაქეები დაასაქმა, თუმცა მერე მალე შევიტყობდით ხოლმე, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე იყო და ის საწარმო დაახლოებით ათი დღის შემდეგ დაიხურა. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების პოლიტიკის მიზანიც ის არის, რომ ისევ ასეთი იაფფასიანი და ცინიზმით სავსე ტყუილებით კვებოს საკუთარი მოსახლეობა

_ საზღვარგარეთ იაფ მუშახელად წასული მოქალაქეები ახსენეთ. ოფიციალური მონაცემით, იმ პერიოდში, როცა პრემიერი ამბობს, რომ 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელების რაოდენობამ დაახლოებით 250-300 მოქალაქით მოიმატა. ამ თვალსაზრისით უვიზო მიმოსვლის შემოღება, ალბათ, ერთგვარი ინდიკატორიცაა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის.

_ ცხადია. მეტსაც გეტყვით, ამ უვიზო მიმოსვლამ საბოლოოდ ცხადყო ერთი რამ: ევროკავშირს საქართველოს ინტეგრირება, თუნდაც ასეთი შეზღუდული პირობებით, სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს მიზანი რა არის? _ ის, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შეიქმნას საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ქართველს უნდა გაუჩნდეს განცდა, თითქოს ევროპა არის მხსნელი, რუსეთი კი _ მტერი, რომელმაც დაგვიწესა ემბარგო, დაგვიხურა ბაზარი, მოგვიჯახუნა კარი და .. აი, ამ ზღაპარს საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მითითებით, რეგულარულად უყვება საკუთარ მოსახლეობას და ამ ბინძურ პროპაგანდაში იხარჯება კოლოსალური თანხები. რეალობა კი არის სულ სხვა და ამის მაგალითია ბულგარეთი, რუმინეთი ან იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ ვიცით, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გასულია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში. რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, ვერაფრით გამოსწორდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მოლოდინი, რომელიც მათ ჰქონდათ ევროკავშირში შესვლისას, ვერ გამართლდა. პირიქით _ საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები, რომლებიც მანამდე მუშაობდა, დაიხურა და უმუშევრობამ კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თუმცა მათ ხელისუფლებებს ყველა ეს პრობლემა მოხსნილი აქვთ, იმიტომ, რომ ხელს იშვერენ ბრიუსელისკენ. ზუსტად ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მართალია, ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ, რაც გვაქვს, იმავე სოფლის მეურნეობაში, საბოლოოდ ჩაკვდება და განადგურდება. პირველ რიგში, ეს ემუქრება ისეთ დარგებს, როგორიცაა მეღვინეობა და მევენახეობა

_ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ევროკავშირში შესვლა დაახლოებით 500-მილიონიანი ბაზრის გახსნას ნიშნავს. ეს ხელს არ შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას?

_ ხელისუფლების განცხადებებით ნუ შევაფასებთ ვითარებას და რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ვთქვათ, შევიდა საქართველო ევროკავშირში, ვის სჭირდება იქ ქართული ღვინო? _ სჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ბოთლი, უბრალოდ, ეგზოტიკისთვის, მორჩა! ამაზე გვინდა, ეკონომიკა ავაწყოთ?! ევროკავშირის ბაზარი გაჯერებულია ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური, ესპანური და გერმანული ღვინოებით, მათ ქართული ღვინო გაუწევს კონკურენციას?! ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვინაიდან მათ პროდუქციას უკვე დაკავებული აქვს ბაზარი.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

რაც შეეხება უკურეაქციას, ევროკავშირში შესვლა ნიშნავს არა მხოლოდ ექსპორტს, არამედ იმპორტსაც. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რამ: ევროპული პროდუქცია, ვთქვათ, ღვინოები, შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დარწმუნებული იყავით, რომ ადგილობრივი ნაწარმი მას ვერ გაუწევს კონკურენციას, ანუ მივიღებთ მდგომარეობას, როცა არათუ საზღვარგარეთ ვერ გავყიდით ვერაფერს, არამედ იქიდან შემოტანილი ნაწარმი ადგილობრივ ბაზარსაც წაგვართმევს. ეს იქნება ტრაგედია და საბოლოოდ ამას მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი, თუმცა იმხანად ხელისუფლებას ხელი უკვე დაბანილი ექნება ყველაფერზე, რადგან, რაც უნდა მოხდეს, თითს გაიშვერს ბრიუსელისკენ… საერთოდ, დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენა ძალიან მარტივია, ვინაიდან ინფორმაციულ ომში, რომელსაც დასავლეთი აწარმოებს, მას პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს.

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, რომ თურმე რა კარგია ევროპა, რა ფუმფულა და კეთილი, მაგრამ ვერც ერთ სატელევიზიო ეთერში ვერ მოისმენთ სიტყვას ეკონომიკურ სირთულეებზე, რომლებიც ჩვენ მიერ ნახსენებ სახელმწიფოებს შეექმნათ სწორედ ევროკავშირში შესვლის შემდეგ. ასევე, ვერსად მოისმენთ სიტყვას საბერძნეთზე, რომელიც ვერაფრით გამოდის ეკონომიკური კრიზისიდან, ვერ მოისმენთ ვერანაირ მსჯელობას კონკურენციაზე, ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე, მიგრაციის ზრდასა და ამით გამოწვეულ დემოგრაფიულ პრობლემებზე. ცხადია, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკა და, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ამ პროპაგანდის საპირწონე საინფორმაციო ველი, რომელიც ხალხს რეალურ სურათს დაანახვებს, კვირიკაშვილისნაირი უსირცხვილო ადამიანები თვალის დაუხამხამებლად აკეთებენ ცინიკურ განცხადებებს, როგორიცაა, მაგალითად, ოთხ თვეში 40 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ანუ, ამ მხრივ, მათ აქვთ სრული თავისუფლება და განცდა იმისა, რომ, რაც უნდა სისულელე “დააბრეხვონ”, არავინ ამხელთ. ამიტომ გვესმის ასე ხშირად პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან სასაცილო განცხადებები, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, რეალობას არ ცვლის. რეალობა არის ძალიან მძიმე და, რაც დრო გადის, მით მეტად მძიმდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ნაძირალა კვირიკაშვილო დაცინვას კაცი არ მოუკლავს…უფალს ვებარებოდეთ. მაგ სიმართლით აგიშენდა ოჯახი შენ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here