Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: ჩვენ ისევ ნანგრევებში მოვყვებით

ვალერი ხაბურძანია: ჩვენ ისევ ნანგრევებში მოვყვებით

ვალერი ხაბურძანია

რამდენიმე დღის წინათ პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა: “თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან გვაქვს, მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ დადებითად იქნა შეფასებული, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2018 წლის დასაწყისიც არის ძალიან კარგი.

დასაწყისში, 2 თვის მონაცემებით, გვქონდა ჯამში 4.9%, თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო, 5.5% გახლდათ. 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი”. 40 ათასი სამუშაო ადგილი მართლაც არის ის, რაზეც საქართველოს მოსახლეობა ოცნებობს, მაგრამ არის თუ არა ეს რეალობა; რა სურს ხალხს და რა _ ხელისუფლებას; რა მოგვიტანა ევროპისკენ სწრაფვამ; უნდა თუ არა რეალურად ქართველ საზოგადოებას ნატოში შესვლა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გვესაუბრება.

_ რაზე ვოცნებობდით ქართველი ხალხი და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით?

_ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, _ ქართველ კაცს უთქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ დარჩა ის ქართველი, რომელიც ამას ამბობდა. მოკლედ, რეალობა ასეთია: მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გლობალური პრობლემაცაა; დაქსაქსული ხელისუფლება საზოგადოება _ დეზორიენტირებული; აგრესიული ლიბერალიზმი და ბნელი კონსერვატიზმი; წარსულის, საკუთარი დედ-მამის გინება და ახლის შექმნის უუნარობა; დაკარგული ტერიტორიები; დაკარგული ხალხი _ გადახვეწილი ქალები და გაზარმაცებული კაცები; “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარით ვცხოვრობთ”. სინამდვილეში კი, სულ სხვა რამეზე ოცნებობდა ქართველი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოსკენ ისწრაფვოდა.

_ ჩვენ ევროპისკენ ვისწრაფვით. რა მოგვიტანა ევროატლანტიკური სივრცისკენმოწამეობრივმასვლამ?

_ აქაც მწარედ უნდა ვიხუმრო. გენიალური პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი” მახსენდება: “რა მომიტანა რევოლუციამ მე, ტანჯვის გარდა?!” არ არსებობს ევროატლანტიკური სივრცე, ეს ბიუროკრატიული აპარატით ფორმალიზებული ამორფული გაერთიანებაა, ჩრდილოეთ ატლანტიკურმა გაერთიანებამ (ახლაც ასე ჰქვია და ლამისაა აფრიკამდე გაიწელოს) ამოწურა თავისი თავი და დაშლისკენ მიდის შიგა წინააღმდეგობების გამო. ჩვენ კი ნანგრევებში მოყოლა ხომ ძალიან გვიყვარს და ეგ “მოწამეობრივი სვლაც”, სამწუხაროდ, მაქეთაა მიმართული. ჩვენ ისევ ნანგრევებში მოვყვებით, როგორც მაშინ, როდესაც პირველებმა გადავწყვიტეთ თავისგამოჩენა”.

სსრკ ხომ ჩვენ დავანგრიეთ, ფილმ “ცისფერი მთების” არ იყოს, იმის ნაცვლად, რომ ნგრევის პირას მისული შენობიდან მშვიდობიანად გამოვსულიყავით, შევცვივდით და ჭერის ჩამოქცევა დავიწყეთ, ყაზახეთმაც მიიღო დამოუკიდებლობა, უზბეკეთმაც, ყირგიზეთმაც, ტაჯიკეთმაც, თურქმენეთმაც კი. მათ არ დაუკარგავთ ტერიტორიის მისხალი, ბელარუსიც გაფართოებული გავიდა. ჩვენ კი პირველებს დაგვემხო ჭერი თავზე, მერე მოლდოვასაც დაეცა კედელი, უკრაინა კი ახლაც ნანგრევებში ფართხალებს.

_ რა სურსქართულ ოცნებას”, რისკენ ისწრაფვიან ან საშინაო, ან საგარეო პოლიტიკაში?

_ “ქართული ოცნება” არ არის პოლიტიკური პარტია, ავანტიურისტების, მიამიტი წესიერებისა და ჭკვიანი მოსარგებლეების კრებულია, ამიტომაც ძნელია ჩემთვის მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სწრაფვებზე საუბარი. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს სახელისუფლო ჯგუფი, როგორც ახლა უწოდებენ შემოკლებით, “ევროსაქების” (“ევროპული საქართველო” _ ე. ნ. ), ნაცებისა და არასამთავრობოების შანტაჟებზე რეაგირების ჯგუფია და, სამწუხაროდ, შესანიშნავად მოირგო ეპითეტები _ უუნარო და უეფექტო.

_ რა შედეგით დაასრულებს ეს ხელისუფლება თავის მოღვაწეობას?

_ ნებისმიერი ხელისუფლება მთავრდება ადრე თუ გვიან. მაგრამ ვინ როგორ ამთავრებს, მათ წესიერებაზეა დამოკიდებული. ძნელია დღეს მარჩიელობა, რადგან პროცესები პროგნოზს ხშირად არ ექვემდებარება.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახლა რეფერენდუმი _ გვინდა თუ არა ნატო?

_ რეფერენდუმი ხელახლა რომ ჩატარდეს, მანამდეც უნდა იყოს ჩატარებული. ამ თემაზე კი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, ეს იყო პლებისციტი, რეფერენდუმის შედეგი კონსტიტუციასა და კანონში უნდა აისახოს, თუმცა ეს კონსტიტუციის დარღვევით, ფაქტობრივად, გააფორმეს კონსტიტუციაშივე. დღეს რეფერენდუმი ამ თემაზე იგივეა, ხრუშჩოვის პერიოდში რომ ჩაეტარებინათ _ უნდოდა თუ არა კომუნიზმი საბჭოთა ხალხს. ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება, ნატო კი არის ფრონტის ხაზის გავლება და უიარაღოდ ან თუნდაც იარაღით წინა ხაზზე დგომა და პირველი ტყვიის “გაციების” დიდი შანსი. აქვე ჟორდანიას საფლავზე დაწერილი სიმონ ბერეჟიანის ლექსის პერიფრაზი მინდა შემოგთავაზოთ: “თუ საქართველო არ იქნება, დე, მტვრადქცეული დამენახოს მთელი სამყარო”.

_ ვის განიხილავთ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად და რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მას?

_ ამ თემაზე მე კი არა “ქართული ოცნება” ვერ ჩამოყალიბებულა…

პრეზიდენტის ფუნქციებს არ სჭირდება არც გაზრდა და არც შემცირება, ისე, მე საერთოდ გავაუქმებდი ამ ინსტიტუტს, როგორც ზედმეტ ხარჯს, რაც მარგველაშვილმა სრულიად დაადასტურა თავისი ვეტოქმნიანობით, მით უმეტეს, 1921 წლის კონსტიტუცია არ იცნობდა ამ ინსტიტუტს და არ იყო მაგის ბრალი, რაც ჟორდანიას მთავრობას დაემართა.

_ თქვენ სოციალურ ქსელში საკმაოდ მძაფრი რეაქცია გქონდათ დავით ფურცხვანიძესთანსაქართველო და მსოფლიოსინტერვიუზე

_ ბატონი ფურცხვანიძე მთლად კარგად ვერ გავიხსენე უშიშროების სისტემიდან. ხელწერა ცნობილია _ კაგებესდროინდელ უუნარო თანამშრომლებს ახასიათებდათ ასეთი მეზღაპრეობა. ნორმალურ ქვეყანაში ფურცხვანიძე კონტრდაზვერვაში დაკითხვაზე (და არა გამოკითხვაზე) უნდა იჯდეს. არ მაქვს მიზნად დასახული ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ადვოკატობა, არც მეუფე იაკობის ვექილი ვარ, მაგრამ მედიამ არანაირი საშუალება არ უნდა მისცეს ასეთ მეზღაპრეებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here