Home რუბრიკები საზოგადოება საფრანგეთის ეროვნული გმირი, რომელიც ყველას დაავიწყდა

საფრანგეთის ეროვნული გმირი, რომელიც ყველას დაავიწყდა

2116
ვახტანგ სეხნიაშვილი

ბატონო რედაქტორო, თქვენი მშვენიერი გაზეთის სპეციფიკის გათვალისწინებით გადავწყვიტე, ერთი თემა შემოგთავაზოთ თელავიდან და გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ.

თელავი, მოგეხსენებათ, დიდი ისტორიის ქალაქია. თანამედროვე ისტორიკოსების მტკიცებით, იგი ძვ.წ. IV-III საუკუნეებიდან არსებობს, უცხოელ გეოგრაფთა რუკებზე კი ჩვ.წ. II საუკუნეში ქალაქად მოიხსენიება. თელავი სამეფო ქალაქია, რომელმაც ერთადერთმა საქართველოში შემოინახა სამეფო რეზიდენცია ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობების უმშვენიერესი ნიმუშით. აქ, ამ სამეფო სივრცეში, მოგეხსენებათ, დაიბადა და აქვე გარდაიცვალა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი მეფე ერეკლე II, რომელსაც იმჟამინდელ ევროპულ სახელმწიფოებში “აღმოსავლეთის ნაპოლეონად” მოიხსენიებდნენ.

აქ, ამ ქალაქში, სამეფო რეზიდენციის მისადგომებთან, არის ერთი მშვენიერი სახლი, რომელშიც საფრანგეთის ეროვნული გმირი ვახტანგ სეხნიაშვილი ცხოვრობდა და, რომელშიც დიდი პაპის სეხნია, შვილიშვილი ვახტანგ სეხნიაშვილი ცხოვრობს დღესაც.

საფრანგეთის ეროვნულ გმირად აღიარებამდე ვახტანგ სეხნიაშვილი უკრაინაში, ლვოვის სატანკო ნაწილში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. დიდი სამამულო ომის პირველი დღეებიდანვე სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. საბრძოლო ოპერაციებში მტერმა მისი ტანკი პირველად ბერდიჩევის მისადგომებთან ააფეთქა, მეორედ _ დნეპროპეტროვსკთან, მესამედ _ ხარკოვთან; მძიმედ დაჭრილი დაატყვევეს. სამხრეთ საფრანგეთის ქვანახშირის საბადოებში დაიწყო დიდი პარტიზანული მოძრაობა, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ გმირად აღიარებამდე მიიყვანა თელაველი ვაჟკაცი. მანამდე იყო ჯილდოები: საფრანგეთის ორდენი _ სამხედრო ჯვარი, მედალი “მებრძოლის ჯვარი” და საფრანგეთისათვის მებრძოლი “მოხალისე პარტიზანის” წოდება.

საქართველოს ისტორიის ნარკვევებში მოთხრობილია ვახტანგ სეხნიაშვილზე, რომელიც 1944-1945 წლებში პარტიზანთა რაზმს, შემდეგ ათასეულს, ბოლოს ბატალიონს მეთაურობდა და, რომელსაც პირადად შარლ დე გოლმა ჩამოართვა ხელი და მადლობა გადაუხადა საფრანგეთისთვის გაწეული დიდი სამსახურისთვის. ფრანგულმა გაზეთმა “ლე მონდმა” 2000 წლის 22-23 ოქტომბრის ნომერში მთელი გვერდი დაუთმო ვახტანგ სეხნიაშვილის ღვაწლს.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულები ისე წარიმართა, რომ საქართველოში არავის გახსენებია საფრანგეთის ეროვნული გმირი. დღეს არც თელავის მმართველობას, არც უსახსროდ დარჩენილ გმირის შთამომავლებს და, ალბათ, არც საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ორი ხალხის ისტორიის ამ მშვენიერ მაგალითს აზიაროს თაობები. არადა, თელავს, სრულიად საქართველოსთან ერთად, უდიდესი და ულამაზესი ისტორია აკავშირებს ფრანგ ხალხთან. კარგად გვახსოვს, რა დიდი ყურადღება ეთმობოდა ფრანგული ენის ცოდნას, რა დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ფრანგულის სპეციალისტები, რა პერსპექტიული იყო ყველაფერი, რაც საფრანგეთს უკავშირდებოდა. დღეს თელავის 27 საჯარო და 2 კერძო სკოლიდან მხოლოდ ერთადერთში ისწავლება ფრანგული. თაობა მოდის და, სამწუხაროდ, დავიწყების ფერფლით იფარება ჩვენი და ფრანგი ხალხის კულტურული ურთიერთობის მშვენიერი ისტორია.

იქნებ თქვენმა გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” ხმა მიაწვდინოს საფრანგეთის საელჩოს, იქნებ დაინტერესდნენ ამ თემით და საფრანგეთის თელაველი გმირის მშვენიერ ქართულ სახლ-კარში მოგვეწყო “პატარა ლევილი” და დიდი ისტორიის მქონე ქალაქის ეს ერთი სახლი გვექცია ფრანგული ენის, ფრანგული კულტურის, ფრანგ ხალხთან ისტორიული მეგობრობის კერად, დაინტერესების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ “პატარა ლევილის” მოწყობაზე ჩვენს თვალსაზრისს.

პატივისცემით,

მერი ზაალიშვილი,

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here