Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიტანეთის ავტოგოლი

ბრიტანეთის ავტოგოლი

საფეხბურთო ჩემპიონატი

გაერთიანებული სამეფო რუსეთის კარს უმიზნებდა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 14 ივნისი-15 ივლისის პერიოდში რუსეთში უნდა გაიმართოს, იმ მომენტიდანვე შეიქნა სპეკულაციის საგანი, როცა გაირკვა, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ასპარეზობის მასპინძელი რუსეთი იქნებოდა. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელთა ამჟამინდელი მოწოდებები კი ამ ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ გაჭიანურებული დრამის ბოლო აქტია.

მსოფლიოს სპორტის პოპულარული წარმომადგენლების რეაქცია საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა ბრიტანეთის მთავრობის წევრების განცხადებებზე რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებაზე.

ამ რეაქციის პროლოგი იყო შეფასება ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტნის, გარი ნევილისა, რომელმაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც მსოფლიოს მოუწოდებდა რუსეთში გასამართი ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტისკენ, უტვინო ვირიუწოდა.

ნევილის შემდეგ ამ საკითხზე (ბოიკოტის) ძალიან მშვიდად ისაუბრა “ევროპული სოლიდარობისთვის” საკვანძო ფიგურამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა. კითხვას _ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე უნდა გამოუცხადოს თუ არა გერმანიამ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს ბოიკოტი, ზეეჰოფერმა ასე უპასუხა: პოლიტიკური პრობლემები უნდა მოაგვარონ პოლიტიკის წარმომადგენლებმა და არა სპორტის”.

უფრო მწვავე განცხადება გაისმა “პლანეტის მთავარი საფეხბურთო ადამიანის”, ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მხრიდან, რომელმაც თავისებურად შეაფასა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტის იდეა: ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, თქვენ ნახავთ საფეხბურთო დღესასწაულს, ხოლო, თუ ვინმე შეეცდება ამ დღესასწაულის გაფუჭებას, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება. რუსებს სურთ, ტურნირი წარმატებით ჩაატარონ. მე არასოდეს მინახავს ღონისძიების ჩასატარებლად ისეთი დონის სამზადისი, როგორიც რუსეთში ვიხილე, განსაკუთრებით _ უსაფრთხოების მხრივ”, _ განაცხადა ჯანი ინფანტინომ, რომელმაც მანამდე ცივი წყალი გადაასხა “რუსულ ფეხბურთში დოპინგის კვალის” მაძიებლებს. ფიფას პრეზიდენტის განცხადებით, პასუხები ყველა დოპინგ-სინჯისა, რომლებიც რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს ბოლო სამ დიდ საერთაშორისო ტურნირზე აუღეს, უარყოფითი იყო. საუბარია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიაში, 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2017 წლის კონფედერაციის თასზე. დოპინგზე საუბრისას ინფანტინომ ხუმრობით აღნიშნა, რუსი ფეხბურთელები დოპინგს რომ მოიხმარდნენ, იმაზე გაცილებით უკეთ ითამაშებდნენ, ვიდრე დღეს ასპარეზობენო. ისე, იფანტინოს ეს ხუმრობა სიმართლესთან ახლოსაა.

“საფეხბურთო დაპირისპირებას” ამ რაუნდში ანგლო-საქსები გამარცხდნენ და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ანგელა მერკელის მეთაურობით, უბრალოდ, უარი თქვეს “მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტის” იდეის განხილვაზე ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, რომელიც “სკრიპალის საქმის” გამო უნდა გაიმართოს. ყოველ შემთხვევაში, მერკელის განცხადებით, “2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტზე მსჯელობა დაგეგმილი არ არის”.

მეტიც. ბრიტანული გამოცემა Daily mailის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ბოიკოტის წინააღმდეგია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაც(FA). როგორც გაზეთი იუწყება, ასოციაცია მზად არის, წინ აღუდგეს ტურნირის ბოიკოტისკენ მოწოდების ნებისმიერ მცდელობას, თუ ვინმე დააპირებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად ფეხბურთის გამოყენებას.

სხვათა შორის, ინგლისურმა ფეხბურთმა, თავისი გულშემატკივრების თავშეუკავებლობის გამო, მართალია, საკლუბო დონეზე, მაგრამ ერთხელ უკვე იწვნია საერთაშორისო იზოლაციის სიმწარე _ 1985 წლის მაისში ბრიუსელში, სტადიონ “ეიზელზე” ლივერპულის “ლივერპულისა” და ტურინის “იუვენტუსის” მატჩის მიმდინარეობისას ინგლისელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ჩხუბი აუტეხეს იტალიელებს. შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, 600-ზე მეტი _ დაიჭრა. ამის შემდეგ ინგლისურ კლუბებს 5 წლით აუკრძალეს ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა. ეს ინგლისელებს ძალიან არ მოეწონათ და, თავიანთი პოლიტიკოსების სულელური იდეების გამო, სულაც არ აპირებენ, იზოლაცია კიდევ ერთხელ გამოსცადონ.

დაპირისპირების პირველ ტაიმში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ვითარება რუსეთისთვის მაინც არ არის დამამშვიდებელი. მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერიის ფუნქციონერები შეუპოვრობით გამოირჩევიან და შესაძლებლობებიც საკმარისი აქვთ.

მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მეზობელია უკრაინა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეიძლება მოისურვოს დონბასის დაბრუნება ომით, დონბასიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში კი მდებარეობს როსტოვი, რომლის შესანიშნავ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს, თუმცა რუსეთს შეუძლია, პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გასცეს.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here