ფრაიბურგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ავღანეთიდან ლტოლვილს, რომელმაც 2016 წელს გააუპატიურა და მოკლა გერმანელი სტუდენტი გოგონა, _ წერს გაზეთი Suddeutsche Zeitung–ი.
გამოძიების ვერსიით, 2016 წლის ოქტომბერში ლტოლვილმა ჰუსეინ კ-მ ღამით ველოსიპედიდან ჩამოაგდო 19 წლის სტუდენტი გოგონა მარია ლ. და გააუპატიურა, შემდეგ კი გონდაკარგული მდინარე დრაიზამში ჩააგდო. გოგონა ჩაიხრჩო.
დანაშაულის ჩადენიდან ორი თვის შემდეგ ჰუსეინ კ. დააკავეს. პოლიცია მის კვალზე დააყენა ფრაიბურგის ტრამვაიზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ და თმის ღერმა, რომელიც კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილას იპოვეს. ლტოლვილმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენისას 17 წლის იყო, მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბრალდებული იმხანად 21 წლის გახლდათ, ამიტომ სასამართლომ წლოვანების გამო მას სასჯელი არ შეუმსუბუქა.
ამასთანავე, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ რამდენიმე წლის წინათ ჰუსეინ კმ მსგავსი დანაშაული საბერძნეთშიც ჩაიდინა. მაშინ ქალი გადარჩა, მიუხედავად მძიმე ტრავმებისა, რომელიც მოძალადემ მიაყენა.