17 მარტს საქართველოს საპატრიარქომ ბოლო პერიოდში ეკლესიაზე გახშირებულ პროპაგანდისტულ თავდასხმებსა და დისკრედიტაციის მოსალოდნელ კამპანიაზე სკანდალური განცხადება გაავრცელა. ტექსტი, რომელიც საზოგადოებას კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო, მყისვე შეიქნა მითქმა–მოთქმის საგანი. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია ეკლესიისა და პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი, აგრეთვე, ის, რომ აღნიშნული ინსტიტუცია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ღირებულებებს და ზრუნავს მომავალი თაობების სწორად აღზრდაზე.
“როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და, არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი”, _ აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქომ მოუწოდა საზოგადოებას, არ აჰყვეს ცილისწამებას, პროვოკაციებსა და ბოროტ ქმედებებს, რომლებიც უახლოეს მომავალში შეიძლება ვიხილოთ.
კონკრეტულად რა იგეგმება ეკლესიის წინააღმდეგ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზანი და არის თუ არა დღეს ეკლესიის წიაღში დაპირისპირება, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ანდრიაძე.
_ ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მოსალოდნელ კამპანიაზე, რომელშიც, შესაძლოა, გარკვეული სასულიერო პირები, მათ შორის, მაღალი იერარქებიც, ჩაერთონ. რა იგეგმება და რა შეიძლება მოჰყვეს ამ კამპანიას?
_ საპატრიარქოში, როგორც ჩანს, იყო და დღესაც არის გარკვეული დაპირისპირება, მაგრამ პატრიარქის ავტორიტეტი ამ ყველაფერს აკავებდა. დღეს კი უკვე ეტყობა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ გარე ძალები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შიგა დაპირისპირება უფრო გამწვავდეს. თავის მხრივ, ამ საქმეში, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაერთო მედიაც, განსაკუთრებით _ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომელიც ყოველთვის იყო მსგავსი საქმეების მედროშე და ამით, ფაქტობრივად, ნიადაგი მზადდება შემდგომი შეტევისთვის. გამოჰყავთ ხან ერთი ეპისკოპოსი, ხან _ მეორე, ისმის ურთიერთბრალდებები, მინიშნებები და, რაც მთავარია, კეთდება ზოგჯერ ირიბი, ზოგჯერ პირდაპირი განცხადებები კომპრომატებზე.
რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მასში რეალობაა ასახული და, მე თუ მკითხავთ, ამ განცხადების გაკეთება ადრეც შეიძლებოდა, რადგან მაშინაც იყო ასეთი სურათი და დაპირისპირებები, უბრალოდ, ამ ყველაფერს ისეთი დაუფარავი ხასიათი, როგორიც დღეს აქვს, არ ჰქონია…
_ თქვით, მსგავსი განცხადება საპატრიარქოს ადრეც უნდა გაეკეთებინაო. რამ შეუშალათ ხელი, თუ ეს პროცესი, ამდენი ხანია, მიდის და ასეთი სერიოზული პროპაგანდისტული შეტევები მზადდებოდა?
_ ახლა, ალბათ, იმიტომ ჩათვალეს ამ განცხადების გაკეთება საჭიროდ, რომ უკვე თვალნათლივ ჩანს ყველაფერი: დაუფარავად იბრძვიან ეკლესიის, პატრიარქის, სამღვდელოების წინააღმდეგ და აშკარაა, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე გარე ძალების ინსპირირებულია. აზრთა სხვადასხვაობა საპატრიარქოში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეკლესია პატრიარქის ავტორიტეტით ერთიანობას ინარჩუნებდა და ვერანაირი მადისკრედიტებელი კამპანია ვერ აზიანებდა ვერც ეკლესიას და ვერც მისი უწმინდესობის რეიტინგს; ამიტომაა დღეს იმ გარე ძალების უპირველესი მიზანი ეკლესიის წიაღში განხეთქილების გაჩენა. ზუსტად ამის თავიდან ასაცილებლად გააკეთა საპატრიარქომ განცხადება, რომელშიც არა მხოლოდ ფაქტებია დასახელებული, არამედ კონკრეტული ადრესატიცაა ნახსენები. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მიმართვა მრევლისადმი _ არ აჰყვნენ ამ ბინძურ კამპანიას. თუმცა მესმის, რომ ძალიან ძნელია თითოეული მართლმადიდებლისთვის მიმდინარე პროპაგანდისტული ომის პირობებში ამ ყველაფრის გაანალიზება, მით უფრო, რომ საღი, ალტერნატიული აზრისა და შეფასების მოსმენის საშუალება მათ თითქმის არ აქვთ…
_ კომპრომატები და ურთიერთბრალდებები ახსენეთ, აგრეთვე, განხეთქილებაც… დაახლოებით მსგავსი დაპირისპირებები და ურთიერთბრალდებები სასულიერო პირებს შორის საბერძნეთში დიდი ხნის წინათ დასრულდა ეკლესიის გახლეჩვით. მცდელობა, რომ აქაც იგივე მოხდეს, აშკარაა. როგორ ფიქრობთ, დიდია ამის საფრთხე? ვდგავართ დღეს იმ საშიშროების წინაშე, რომ, როგორც უკრაინაში, სერბეთში, საბერძნეთში და სხვაგან, აქაც გაიხლიჩოს დედაეკლესია?
_ რა თქმა უნდა, საფრთხე ძალიან დიდია და ვფიქრობ, აქ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების, მრევლის პოზიცია. შეიძლება გარკვეულმა სასულიერო პირებმა, რომლებიც ჩართულნი იქნებიან გარე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესში, გადადგან ეს ნაბიჯი, მაგრამ მათ არ უნდა აჰყვეს მრევლი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო პირი, ეპისკოპოსი. თუ მრევლი არ ჰყავს, ის არის ერთი რიგითი ადამიანი. მთავარია, საეკლესიო ერთობა და ამისკენაა საპატრიარქოს განცხადებაც მიმართული.
რაც შეეხება კომპრომატებს, თუ მართლა არსებობს და ცილისწამება არ არის, უნდა გამომზეურდეს; ეკლესიას საბოლოოდ უნდა მოსცილდეს მიტმასნილი ელემენტები. ჩემი აზრით, სწორედ ეს კომპრომატები შეიძლება გახდეს ეკლესიის გაწმენდის საშუალება, ამიტომ უნდა გამოქვეყნდეს…
_ ამ პროცესში ჩართული ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირები, თვლის, რომ კომპრომატების გამოქვეყნებას შეიძლება საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვეს. თქვენი აზრით, არის დღეს ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად? თვითონაც ბრძანეთ, რომ მიმდინარე პროპაგანდისტული ომის პირობებში მრევლისთვის რთულია ამ ყველაფრის გაანალიზება.
_ ამ ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს (ვგულისხმობ პატრიოტულ, ეროვნულ ხელისუფლებას და, შესაბამისად, პატრიოტულად განწყობილ უშიშროების სამსახურს), ამ კომპრომატების საფუძველზე ბევრს გავუშვებდი ეკლესიიდან, მაგრამ, რაკი ეს არ ხდება, აღნიშნული პირები უარეს დანაშაულს ჩადიან _ გამოდიან, ტლიკინებენ, ცილს სწამებენ და თავიანთი უღირსი საქციელით აბრკოლებენ ეკლესიას. მიმაჩნია, რომ, თუ ასეთ ადამიანებს არ გაახსენე თავისი წარსული, სხვანაირად ვერ გააჩერებ. ცხადია, ეკლესიაში შეიძლება იყვნენ ცუდი წარსულის ადამიანებიც, რომლებიც სინანულით ცხოვრობენ, აქ მათზე არ არის საუბარი; ლაპარაკია იმ ხალხზე, რომელსაც წარსული დაავიწყდა და დღეს ეკლესიის გახლეჩვის, გაყოფისა და დაპირისპირების მოსურნე გარე ძალების იარაღია, ნებსით თუ უნებლიეთ. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ნორმალური უშიშროება რომ ჰყავდეს, ეს ისტერიკა, რომელიც გრძელდება “ციანიდის საქმეზე”, და კიდევ სხვა ანტიეკლესიური გამოსვლები, უნდა დაასრულოს; უნდა დაასრულოს იმით, რომ ამ სასულიერო პირებს, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, შეახსენოს თავისი წარსული და, თუ არ გაჩერდებიან, ეს წარსული გაგვაგებინონ საზოგადოებას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა გაჩერდება, როცა უშიშროების სამსახური იმოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე წელიწად-ნახევარია, გრძელდება ეს ციანდის მარაზმი და დასასრული მაინც არ უჩანს. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა.
_ სახელმწიფოც ხომ არ მონაწილეობს ამ ყველაფერში, ხელისუფლებას ვგულისხმობ?
_ ხელისუფლება დღეს შედგება ორი ნაწილისგან. პრეზიდენტი, სასამართლოს თავმჯდომარე, ომბუდსმენი და სხვები არიან აშკარა ნაციონალები; თან ისეთი, რომ, შესაძლოა, საძინებელში სააკაშვილის სურათი უკიდიათ. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, გარკვეული სახელისუფლო ძალები ჩართული იყვნენ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში. ვიღაც შეიძლება ამაში პირდაპირ მონაწილეობდეს, ვიღაც _ შეფარვით, თუმცა ახლა ამას ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორიც თვით პროცესს და მთავარი, კიდევ ვიმეორებ, არის მრევლის ერთიანობა. ეკლესიის მტრების მიზანი მიღწეული იქნება, თუ ეს ერთიანობა დაირღვევა და ეკლესია გაიხლიჩება. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ეს მოხდება, ჩათვალეთ, ამდენწლიანი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ მტრის გამარჯვებით დასრულდა…
_ რამდენიმე დღის წინათ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხეში მოინახულა დეკანოზი გიორგი მამალაძე, შემდეგ კი შეხვდა პატრიარქს და განუცხადა, რომ პრეზიდენტისთვის მისი შეწყალების თხოვნით მიმართვას აპირებს.
_ გვარამიას ვეტყოდი ერთ რამეს: რად უნდა ამ ადამიანს შეწყალება, თუ ის დამნაშავე არ არის?! წავიდნენ ევროსასამართლოში და, როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში დაბრუნდნენ “გამარჯვებული” და საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავზე დაახიეს გადაწყვეტილება, აქაც დაამტკიცონ ამ კაცის სიმართლე. ისე, პრეზიდენტიც მაგათია, მაგრამ მართალ კაცს შეწყალება მაინც არ უხდება. იწყალებენ დამნაშავეს, რომელიც დანაშაულს აღიარებს და სინანულს გამოხატავს. ესენი ხომ დამნაშავის პოზიციიდან არ საუბრობენ?!
_ საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ერთ–ერთი გამოვლინება რესპუბლიკური პარტიის ბოლო საარჩევნო კამპანია იყო. მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში პარტიის წევრები მუდმივად აპელირებდნენ საპატრიარქოს დაფინანსებაზე, ჯიპების თემაზე, სასულიერო პირების ქონებაზე და კიდევ სხვა საკითხებზე, რომლებიც ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ალბათ, დამეთანხმებით, რომ რესპუბლიკური პარტია ამერიკის შეერთებული შტატების ხელდასხმული სუბიექტია ქართულ პოლიტიკაში. რით შეიძლება, აიხსნას ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, საპატრიარქო ამხელს ამ პარტიას; მეორე მხრივ კი, გარკვეული სასულიერო პირები ამერიკას საქართველოს მთავარ მოკავშირედ, მეგობრად და უსაფრთხოების გარანტად აცხადებენ?
_ საქმეც ეგ არის. ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც ქვეყნის კურსს ეხება, იქნება ეს ნატოში შესვლა, ვიზალიბერალიზაცია თუ სხვა, პატრიარქი მხარს უჭერს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, როგორი გაშმაგებით იბრძვიან საპატრიარქოს წინააღმდეგ. რაღა უნდათ პატრიარქისგან, ვერ გავიგე. რომელ საკითხში არ ამოუდგა მხარში ამ ან წინა ხელისუფლებას?! ან, როდესაც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან და მიდის გაშმაგებული პროპაგანდა, დღევანდელი ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანიაო, ვინმე ეწინააღმდეგებათ, ერთი სიტყვა მოუმსმენიათ პატრიარქისგან, რომ ეს არ გვინდა და, ხალხო, ნუ შეხვალთო, ან რამე მსგავსი?! რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომ ამერიკა მეგობარია და ა.შ., გარედან ზემოქმედების შედეგია.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია