Home რუბრიკები პოლიტიკა ღამის ეკონომიკა და ობსესიურ კომპულსიური აშლილობა

ღამის ეკონომიკა და ობსესიურ კომპულსიური აშლილობა

კახა კალაძე

როგორც ჩანს, ნამეტნავად აყვავებული ქართული ეკონომიკა მტრებს ისე უბრმავებს თვალს, რომ დადგა აუცილებლობა, როგორმე გადავმალოთ და ავ თვალს მოვარიდოთ. ხომ შეიძლება, ძალიან წარმატებულ ეკონომიკას ვინმე მტერმა და შურიანმა ბოროტი თვალი დაადგას და დაგვიწყევლოს, ჯადო გაუკეთოს, დაამხოს და გაანადგუროს?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს თბილისის ყველაზე ყურადღებიანმა და გამჭრიახმა მერმა კახა კალაძემ შენიშნა და გადაწყვიტა, ჩვენი ეკონომიკის ბედი უკუნ ღამეს მიანდოს.

ამის მიზანი, სავარაუდოდ, არის ის, რომ “გადაბრწყინებულ” ქართულ ეკონომიკას ღამით მტრები და შურიანები ვერ დაინახავენ და ჩვენც მშვიდად განვაგრძობთ ჯერარნახულ ეკონომიკურ წინსვლას.

პატრონიც შესანიშნავი გამოუჩნდა ამ ახალ წამოწყებას _ ცნობილი შოუმენი სერგი გვარჯალაძე.

შესანიშნავი კი არა, უფრო სწორად _ შესაფერისი. ესეც, როგორც ჩანს, მტრის თვალის ასახვევად. “დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ცნობილი მომღერალი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე დაასახელა”, _ იუწყებოდნენ გასულ კვირაში საინფორმაციო სააგენტოები და რაც შეიძლება ბერავდნენ სერგი გვარჯალაძის “უდიდეს დამსახურებებს” ქვეყნის წინაშე და მის რეგალიებს. თავისუფლად შეიძლებოდა გვეთქვა: “შოუმენი გვარჯალაძე”, მაგრამ არა! სერგი გვარჯალაძე მოიხსენიება, როგორც “90-იანი წლების ვარსკვლავი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, პროექტების მენეჯერი, მომღერალი, მუსიკოსი…” ექიმი, მეწარმე და ლიდერიღა აკლია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მას ეკონომისტად ან ფინანსისტად ნამდვილად ვერავინ მოიხსენიებს. აი, ამას ვგულისხმობდი, წეღან რომ ვთქვი, ეგეც მტრის თვალის ასახვევად არის-მეთქი. აბა, მართლა ეკონომისტი და ფინანსისტი რომ დაენიშნათღამის ეკონომიკისამღორძინებლად ქალაქში, ეს ძალიან ბანალური სვლა იქნებოდა და მტრებს რამე აუცილებლად ექნებოდათ მოფიქრებული ამის საწინააღმდეგოდ.

ახლა კი ჩვენი დედაქალაქის ღამის ეკონომიკის ფაქტობრივი “მინისტრი” არის მომღერალ-მუსიკოს-პროდიუსერ-ტელეწამყვანი და მას ისეთი ექსტრაორდინარული გზები ექნება ეკონომიკის ასაყვავებლად მოფიქრებული, რომ მტრები ვეღარაფერს დააკლებენ.

სერგი გვარჯალაძე
სერგი გვარჯალაძე

სხვათა შორის, სათქმელი და დასაფასებელია კახა კალაძის ეკონომიკური გამბედაობაც. სახუმარო საქმე ხომ არ გგონიათ დღის ეკონომიკიდან პირდაპირ ღამის ეკონომიკაზე გადასვლა? ვიღაც გაუბედავი და ფრთხილი ტიპები ჯერ შუადღის, მერე საღამოს ეკონომიკაზე გადავიდოდნენ და ასე ნაბიჯნაბიჯ მიაღწევდნენ ღამის ეკონომიკამდე.

აი, კახი კალაძე კი არ უშინდება სიძნელეებს და პირდაპირ ღამის ეკონომიკას ეჭიდება სერგი გვარჯალაძის საოცარი ეკონომიკური ალღოს იმედად. დარწმუნებული ვართ, მალე ყოველივე ეს “უკუნეთის ეკონომიკაში” გადაიზრდება და საბოლოოდ გავბრწყინდებით.

უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დედაქალაქის ნოვატორი მერი მალე სრულიად გამაოგნებელ ინოვაციურ სვლებსაც შემოგვთავაზებს და თბილისში მალე დაიწყებს აყვავებას ჯერარგაგონილი და არნახული გარიჟრაჟის ეკონომიკა”. უკვე დაწყებულია მუშაობა ასევე შებინდების ეკონომიკის საფუძვლის ჩასაყრელადაც.

ერთდაერთი, რაზეც ექსპერტები თავს იკავებენ, თურმე ეს არის ბინდბუნდის ეკონომიკა, რადგან ქართული ეკონომიკა, ისედაც დიდი ხანია, ბინდბუნდშია და, აქედან გამომდინარე, “ბინდბუნდის ეკონომიკის” ცალკე დარგად გამოყოფა აღარ მიგვაჩნია საჭიროდოდ, _ ამბობენ ისინი.

სიზმარი

ცნობილი ქართული სატელევიზიო სპექტაკლი “უჩინმაჩინის ქუდი” მახსენდება: მთავარ გმირს, რომლის როლსაც ეროსი მანჯგალაძე ასრულებს, ხუმარა მდგმურები მოატყუებენ: უჩინმაჩინის ქუდს გაჩუქებთ, რომ დაიხურავ “მიგანქარდი-მიგანქარდი” უნდა იძახო და აღარ გამოჩნდები, ვეღარავინ დაგინახავსო. ეს გაბრიყვებული კაციც დადის ამ ქუდით “მიგანქარდი-მიგანქარდიო” იძახის და ყველანი დასცინიან, საკუთარი ცოლის ჩათვლით. ჰოდა, რას იტყვით: ღამის ეკონომიკისნაცვლად, ბოროტი თვალისგან დასაცავად ქართულ ეკონომიკას უჩინმაჩინის ქუდი ხომ არ დავახუროთ? ანუუჩინმაჩინური ეკონომიკახომ არ გავაკეთოთ? კალაძე კი ივლის ამ ეკონომიკასთან ერთად და მიგანქარდიმიგანქარდიო, _ იძახებს.

მესმის ამ ირონიაზე “კალას ფანების” პასუხი: თქვენ რა უცოდინარები ხართ, ე.წ. ღამის ეკონომიკა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში არის უკვე დანერგილი და სხვათა შორის, ადამიანს, რომელიც იქ ღამის ეკონომიკის პროექტებს ხელმძღვანელობს, ღამის მერს ეძახიანო.

კი, ბატონო, გვსმენია, მაგრამ, თქვენ თუ გსმენიათ მაგ ქალაქებისა და, ქვეყნების, რომლებსაც ეგ ქალაქები ეკუთვნის, “დღის ეკონომიკა” როგორ მდგომარეობაშია? დიახ, ბატონო, მაგ ქვეყნებმა, მაგ ხალმა, მაგ მთავრობებმა ჯერ “დღის”, ანუ ჩვეულებრივ, ნორმალურ, ადამიანურ ეკომონიკას მიხედეს, აიყვანეს მაღალ დონეზე, თავიანთი მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესეს, მშიერი ხალხი არ ჰყავთ, სამუშაო ადგილების პრობლემა დიდწილად მოგვარებული აქვთ და მხოლოდ ამის მერე დაიწყეს ფიქრი ისეთ “გასართობ” და “დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლის” დატვირთვის მქონე სეგმენტზე, როგორიც არის ეგ თქვენი “ღამის ეკონომიკა”.

მითხარით ერთი, თუ გსმენიათ რამე ქვეყანასა და ქალაქზე, რომელთა მკვიდრნი შიმშილითა თუ სიცივით იხოცებიან, ყოველდღე ტელევიზიითა თუ ინტერნეტით ლამის ათეულობით განცხადება ვრცელდება, _ ბავშვს, მოხუცს თუ ზრდასრულ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სამკურნალო თანხა არ აქვს და გთხოვთ, დაეხმარეთო, ამ ქვეყნისა და ამ ქალაქის მთავრობა კი “ღამის ეკონომიკაზე” საუბრობს?

ჩვენს ქვეყანაში ნაციონალების პერიოდში დაწყებული ფასადური დემოკრატია, ფასადური ეკონომიკური აღორძინება და ფასადური აყვავება გრძელდება და ამასწარმატებითგანაგრძობს ნაცების, ყოფილი ნომერი პირველი თუ არა, ნომერი მეოთხე მეხოტბე _ კახა კალაძე.

როგორც ჩანს, მაშინ, იმ დროსაც, რომელიც, როდესაც კალაძისნაირებს აძლევთ ხელს, “ავადსახსენებელია” და როცა მათვე უნდათ _ “საქართველოს აღმშენებლობის წლებია”, სწორედ იმ წლებში რა მსგავსი სისულელეებიც კეთდებოდა, ველოსიპედისა და “შლოპანცების” ძეგლებით დაწყებული, თბილისის “გაშუშიანებით” დამთავრებული, ათასი ჯურის “ვარსკვლავის” ჩამოყვანები და “ბევრი მილიონი ტურისტის მოზიდვის” შტერული გეგმები სულაც არ იყო კალაძისა და ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე.

ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, ოდნავაც არაფერი შეცვლილა. ხსენებულ “ნაციონალურ” იდიოტობებს ზარ-ზეიმით განაგრძობს “ოცნება” და უკვე აჭარბებს კიდეც, ისეთ აბსურდულ და უაზრო წამოწყებებს გვთავაზობენ “ოცნების” მერები, მინისტრები თუ კიდევ სხვა თანამდებობის პირები.

პირდაპირ ვთქვათ: ასეთი მარაზმების ავანგარდში სწორედ დედაქალაქის მერი კახა კალაძე დგას. სხვათა შორის, ვფიქრობთ, უკვე იმის დროც მოვიდა, მას წინასაარჩევნო დაპირებებიც შევახსენოთ. აქამდე “ახალარჩეული” მერი ერქვა და მისი ფანები წამდაუწუმ გაჰკიოდნენ: მიდით, აბა, ჰე, შეჭამეთ კაცი ერთ და ორ თვეში მოთხოვეთ ყველაფრის შესრულებაო! მაინტერესებს, რამდენი თვე უნდა გავიდეს, რომ კალაძეს “ახალარჩეული” აღარ ერქვას და მისმა თაყვანისმცემლებმა “ნება დაგვრთონ”, საოცნებო მერს რაღაც-რაღაცები შევახსენოთ.

თუმცა ვიცი მე მერის საოცარი სტილი, აკი ბრიფინგზეც განაცხადა ამას წინათ: “არჩევნების წინ მე გავეცი დაპირება, რომ თბილისში ჩემი მერად მოსვლის შემდეგ შეჩერდებოდა უკანონო მშენებლობები და ამდენი უაზრო და უსახური კორპუსი აღარ დაამახინჯებდა თბილისს, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ მდგომაროება კატასტროფულია. რამდენიმე ჰექტარ ფართობზე გაცემულია მშენებლობების ნებართვები და ჩვენ კანონიერად მათი გაუქმება არ შეგვიძლია”.

აფერუმ! მერიც ასეთი უნდა! აბა, ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკისა და სხვა “ჩამორჩენილი” ქალაქების მერები იმდენად სულელები არიან, რომ ჯერ სწავლობენ საკითხს, მერად არჩევამდე, მეტიც _ საკუთარი კანდიდატურის დაყენებამდე კარგა ხნით ადრე და მხოლოდ მერე გასცემენ იმ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც რეალურად იქნება შესაძლებელი.

აი, კახა კალაძე კი ამაშიც ნოვატორია! მან ჯერ დაპირებები გასცა, მერე მერი გახდა და მხოლოდ ამის შემდეგ სწავლობს იმ საკითხებს, რომელთა შესახებაც დაპირებები აქვს გაცემული.

დარწმუნებული ვართ, კალაძე ყველა თავის დაპირებაზე გაგვცემს პასუხს. ის ხომ ცნობილია თავისი დაპირებებით (მაგალითად, “კოაბიტაციის დასრულებაზე”) და შემდეგ თავისი დაპირებების ვერშესრულების მიზეზების ზედმიწევნითი ახსნით. ჰოდა, დაველოდოთ, ვაცალოთ, დავუჯეროთ თბილისის “ახალარჩეულ” მერს. ამასობაში კი სერგი გვარჯალაძე “ღამის ეკონომიკას” ააყვავებს და მერე, ასეთ ბედენიერებს, ვინძლო, აღარც კი გაგვახსენდეს დაპირებები _ დავსხდეთ და ვისიამოვნოთ ჩვენი “ღამის კეთილდღეობით” და კაი ცხოვრებით. არ გახსოვთ, “ემწინეებზე” ქართული ენერგეტიკაც ზუსტად ასე არ აყვავდა? მართალია, დენი გაძვირდა, მარა ენერგეტიკა ხომ აყვავდა?! აჰ, არა? კაი, მაშინ ისღა დაგვრჩენია, საკუთარი თავი დავაჯეროთ, რომ ყველაფერი კარგადაა და კალაძესთან ერთად ვიძახოთ: “მიგანქარდი, მიგანქარდი”!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here