იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია “ლიგამ” (ყოფილი “ჩრდილოეთის ლიგა”) და “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ” განაცხადეს, რომ მზად არიან, შექმნან კოალიციური მთავრობა, _ იუწყება Deutsche Wirts Nachrichten.
მაგრამ, რადგან ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ დააგროვა ხმების უმრავლესობა, ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, _ აღნიშნავს იგივე გამოცემა. “ლიგის” ხელმძღვანელი მატეო სალვინიმ გამარჯვება მიულოცა მემარჯვენე ცენტრისტების ბლოკს, რომელშიც გაერთიანებულია იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის _ სილვიო ბერლუსკონის პარტიაც “წინ, იტალია!”.
“ჩვენ ევროპას ვუჭერთ მხარს, მაგრამ სხვა ევროპას”, _ განმარტა სალვინიმ და ევროს ძირმომპალი ვალუტა უწოდა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ არჩევნებში იტალიელების დაახლოებით ნახევარმა ხმა ევროსკეპტიკურ პარტიებს მისცა. სტატიის ავტორი ამას უკავშირებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მიგრაციის პრობლემების გართულებასა და ფინანსური კრიზისის შედეგებს.
ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გაცხადდა, რომ იტალიაში განწყობილება იცვლება. ჯერ კიდევ მაშინ გამოკითხულ იტალიელთა 46-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ მიაჩნიათ თავი ევროკავშირის მოქალაქეებად. მათი აზრით, არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს დისკუსიაზე ევროპაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.
იტალია ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკაა, მაგრამ, საფრანგეთისგან და გერმანიისგან განსხვავებით, მის ინტერესებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. იტალიელები მიიჩნევენ, რომ მათ “უღალატეს”, _ წერს გამოცემა. ბერლინმა და პარიზმა დაგეგმეს ევროკავშირის განვითარების გრანდიოზული პროგრამა, რომელიც ამ კავშირის ბიუჯეტის გაზრდასაც ითვალისწინებს, მაგრამ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ამ პროგრამას დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან. ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ არ სურს, კვლავაც უხადოს ფული ბრიუსელს. მსგავს პოზიციაზე დგას ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურციც.
“ახლოვდება ქარიშხალი”, _ აფრთხილებენ თანამოქალაქეებს გერმანელი ექსპერტები. ფაქტობრივად, იტალიის ყველა პარტია წინასაარჩევნოდ დაჰპირდა ხალხს, რომ შეამცირებს გადასახადებს, რაც უეჭველად გაართულებს ურთიერთობას ევროკავშირთან. ბრიუსელს ერთდროულად გადასაწყვეტი ექნება ბრექსიტის, მიგრაციის პოლიტიკით უკმაყოფილო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წამოჭრილი პრობლემები, ამას ემატება იტალია, რომელიც, როგორც ჩანს, ევროინტეგრაციის მომხრეთა ბანაკიდან მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბარგდება.