Home რუბრიკები საზოგადოება თემო გოცაძე: საშინელებაა, როცა გვარწმუნებენ, რომ ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კაცი უნდა...

თემო გოცაძე: საშინელებაა, როცა გვარწმუნებენ, რომ ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კაცი უნდა გახდეს თუ ქალი

1991
თემურ გოცაძე

საქართველოს სახალხო მხატვარ თემო გოცაძეს აქვს დიდებული ნამუშევარი _ “ვაჟა ფშაველა: “არწივი ვნახე დაჭრილი…”, რომელიც არც პერსონალურ გამოფენაზე გამოუტანია, არც წიგნში შეუტანია. რატომ ? _ არ მირჩიესო. მიზეზს არ ჩავრღმავებივართ.

ალეგორიაა საქართველოსი _ ისტორიულ ჭრილშიც და დღევანდელობის თვალთახედვითაც. ვეკითხები: ჩვენი ყოფის მეტაფორაა, როცა ნეოლიბერალური პროპაგანდა ჩვენს სულიერებას, რწმენას, ეროვნულ იდენტობას ყველა დონეზე და ყოველი მხრიდან უტევს, ეძალება და ებრძვის?

ასეაო, მიპასუხებს და მიხსნის, რომ შავი ყორნების რიალი იმ სივრცის თავზე, რომელშიც ვიმყოფებით, ამას ნიშნავს. ერთი მხრივ, ყველაფრის დამშვები ლიბერალიზმი, მეორე მხრივ, მისი გამომრიცხავი მიმართულება, რომელიც უარყოფს ლიბერალურ არსებობას და წარმოუდგენია იგი საერთო ქსოვილის მხოლოდ გარკვეულ დეტალად, ჩვენს სინამდვილეში ერთდროულად არსებობს.

ეს ყოველთვის მაწუხებდაო, ამბობს, განსაკუთრებით, ბოლო დროს.

_ ღრმა ფილოსოფიური აზრი ჩაგიდვიათ, ბატონო თემო.

_ ლექსია ასეთი. ჩემი ამოცანა იყო, მეჩვენებინა, რომ ლამაზ, მზით განათებულ, ლაღ, მთაგორიან გარემოს, რომელზეც ეკლესიაც არის გამოსახული, მეჩეთიც, ციხესიმაგრეც, მოკლედ, საქართველოა, თავს დასტრიალებს შავი ძალა, რაც, ბუნებრივია, უარყოფით ემოციებს აღძრავს.

_ უარყოფითს, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარეობს.

_ რა თქმა უნდა, თორემ რა სიამოვნება უნდა განმეცადა “ნაციონალურ მოძრაობასთან” იმ კოაბიტაციის გამო, რომელიც თავს მოგვახვიეს?! რა სიამოვნება შეიძლება მოგიტანოს იმ კონსტიტუციურმა შესწორებებმა, რომელთა განხორციელებასაც ევროკავშირი თავხედურად გვაძალებს?! არადა, მისი მოთხოვნები ჩვენთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის ყოვლად მიუღებელია, თუმცა ლიბერალური (ჭეშმარიტი) აზროვნების შესახებ ილია ჭავჭავაძემაც ბევრი დაწერა, მაგრამ ლიბერალურ აზროვნებას თუ არ ახლავს კონსერვატიზმი (ოღონდ არა მაქსიმალისტური, არამედ იმ დოზით, რომელიც შესანარჩუნებელია), ტრადიციული აზროვნება, იგი ნებისმიერი ერისთვის დამღუპველია. ლიბერალიზმი, ტრადიციონალიზმისა და კონსერვატიზმის გარეშე, ილიას ვერ წარმოუდგენია.

_ ესე იგი, ეს უკვე მეორე ტრიადაა, მისივემამული, ენა, სარწმუნოებისშემდეგ.

_ დიახ, ასეა. ილიას ნააზრების ხუთტომეულში, რომელიც ომარ გოგიაშვილმა გამოსცა, მისეული ეს პოზიცია აშკარად ამოიკითხება: იდეოლოგიის დონეზე აქვს ჩამოყალიბებული ქართული სახელმწიფოსთვის.

_ ვის ავალია, თქვენი აზრით, ამ ტრიადის შენარჩუნების უზრუნველყოფა, ბრძოლაც, თუ საჭიროა?

_ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს. გავიხსენოთ, რომ გამოვედით იმ სახელმწიფოდან, რომელსაც უმძლავრესი იდეოლოგიური სამსახური ჰქონდა. და, საერთოდაც, XX საუკუნის სახელმწიფოებში იდეოლოგიური მიმართულება პრიორიტეტული იყო ინგლისში, საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთში.

არ ვიცი, მიზანშეწონილი თუ იქნება ასეთი სამსახურების აღდგენა საერთოდაც და, კერძოდ, საქართველოშიც, მაგრამ მთავარი ტვირთი, ჩემი აზრით, უნდა ზიდოს ეკლესიამ, უწინარეს ყოვლისა, კონსერვატიულობიდან და ტრადიციული აზროვნებიდან გამომდინარე ამოცანების გადასაწყვეტად. სახელმწიფომ კი, ლიბერალური (ჭეშმარიტი) აზროვნებიდან გამომდინარე, ვარიანტები წამოაყენოს კულტურის, განათლების სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით. ორივე მხარის შეჯერებული კონცეფცია, იდეოლოგიურ საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას XXI საუკუნეში და _ საერთოდაც.

_ გაართმევენ კი თავს ამ ზეამოცანას?

_ პატრიარქის ეპისტოლეებში ყველა პრობლემაზეა გაცემული პასუხი, მოიცავს ტრადიციონალიზმსაც და კონსერვატიზმსაც, მაგრამ ლიბერალიზმთან შეჯერება ვერ ხდება. ამასობაში ნეოლიბერალიზმმა არა მხოლოდ ზნეობა წალეკა, არამედ ჩვენს ეროვნულობასაც, კულტურასაც, ისტორიასაც იმავეს უპირებს. მისი ადეპტები ისე გათავხედდნენ, გალაკტიონი ვინ არისო, _ აცხადებენ ცინიკურად. ნუ გაახურეთო ძველი ქართული კლასიკით! ისტორია ჩვენით იწყება და თანამედროვე სამყაროსაც ჩვენ ჩავუყარეთო საფუძველი.

_ “უბორნიის მჯღაბნელები”, რომლებიც ტელესივრცეში ფავორიტებად ჰყავთ აღიარებული

_ არ მინდა გავამძაფრო სიტუაცია, მაგრამ ამ ყოვლისმომცველმა ლიბერალიზაციამ იმდენი ცუდი მოიტანა, რომ უთქმელობაც არ გამოვა. კაცი _ კაცზე და ქალი _ ქალზეო! მალე საქართველოში მსგავსსქესიანთა დაქორწინების დაკანონებასაც მოითხოვენ _ ჩვენთან, თორემ “დემოკრატიული” თანამეგობრობის ქვეყნები რიგში დგანან, სხვამ არ დაგვასწროს მამათმავლობის გაოფიციალურებაო.

რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ ვინ თქვა, ვინ დააწესა, რომ კაცთმოყვარეობა, ტოლერანტობა მხოლოდ იმ სახელმწიფოში სუფევს, რომელშიც მამათმავლებს მიჰყავთსტოსი”. აბსურდია! ტოლერანტობასა და კაცმოყვარეობას ქართველებს ვერარა ერი ვერ გვასწავლის. საშინელებაა, როცა გვარწმუნებენ, რომ ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კაცი უნდა გახდეს თუ ქალი, _ უფლება აქვსო!

ადამიანის არსებობის მთავარი ღერძების გადაადგილება ხდება, რაც უფრო საშიშია, ვიდრე დედამიწის ღერძის რაღაც გრადუსით გადახრა: სამყარო თავის თავს თვითონ მიხედავს, ჩვენ ჩვენი ხელით ვიჭრით ყელს, უარს ვამბობთ მთავარზე, რომლის გარშემოც ტრიალებს ჩვენი ყოფა და ცნობიერება.

_ გვაძალებენო, თქვით

_ გვაძელებენ, რადგან არ გვაქვს თავის დაცვის საშუალება. ან უნდა იყო ერთი ჩექმის ქვეშ, რომელიც მონად გაქცევს, ან მეორე ჩექმის ქვეშ, რომელიც მარიონეტად გაგხდის _ როცა ერთი ზესახელმწიფოს ელჩი მეორეს ხასიათის გასაფუჭებლად საქართველოს მყეფარი ძაღლივით მიუქსევს, თვითონ კი განზე გადგება. მარიონეტობაა ეს. უძალონი ვართ: “ვაჰ, დედა თქვენსა ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა”.

_ მაშასადამე, ნეოლიბერალური პროპაგანდის შემოტევისგან საქართველო დაცული არ არის?

_ არც არის და არც იქნება დაცული, რადგან შენივე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცრულიბერალიზმის იდეების თავგამოდებული დამცველი და მქადაგებელია.

_ უწინ პერსონალური გამოფენის მოწყობა მხატვრის დაფასებად იყო მიჩნეული, აღიარებადაც კი, ახლა ლამის კონვეიერის პრინციპით ერთმანეთს მისდევს ასეთი გამოფენები. რა ხდება, ბატონო თემო, გაიაფდა ტურფა?

_ არა, მთლად ასე არ არის. იმ დროში, როცა პერსონალური გამოფენები იშვიათობა იყო, ყოველწლიურად ეწყობოდა საშემოდგომო გამოფენა, საგაზაფხულო გამოფენა, ერთი რესპუბლიკური გამოფენა თბილისში და ერთიც საკავშირო გამოფენა მოსკოვში. ეს იყო არა მხოლოდ დათვალიერება იმ შემოქმედებითი მონაგარის, არამედ, ამასთანავე, მხატვრის დიდ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება და მისთვის გზის გაკვალვაც.

ახლა მსგავსი არაფერი ხდება, ოცდახუთი წელიწადია, არც ერთი სეზონური თუ რესპუბლიკური გამოფენა არ მოწყობილა, ანუ არ ჩატარებულა არც ერთი ისეთი ღონისძიება, რომელიც წარმოაჩენდა ქართული სახვითი ხელოვნების დღევანდელობას.

მხატვარს ერთადერთი საშუალება დარჩა _ თვითონვე გამოფინოს საკუთარი ნამუშევრები და დაარქვას პერსონალური გამოფენა, რასაც, სხვათა შორის, თანხები სჭირდება. ამ ყველაფერმა უკან დასწია შემოქმედებითი პროცესი. უწინ გამოფენების ორგანიზატორი სახელმწიფო იყო, რადგან დაინტერესებული გახლდათ დარგში არსებული მდგომარეობით, საუკეთესო ნამუშევრების შეძენით მუზეუმების ფონდებში დასაბინავებლად.

_ რადგან ეროვნულ საგანძურად მიაჩნდა, ესეც ვთქვათ.

_ ახლა კი, კერძოდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, არც ერთი ნამუშევარი არ შეძენილა, არც ერთი სამუზეუმო ფონდი ერთი ნამუშევრითაც არ გამდიდრებულა: საამისო თანხა მუზეუმებს აღარ აქვს. თუ რომელიმე ნახატს შეწირავ, ესღა რჩება. მაგრამ იმასაც ან მიიღებენ, ან არა. მეოთხედი საუკუნე, ფაქტობრივად, ამოვარდნილია ისტორიული განვითარების ლოგიკიდან. კულტურის სამინისტრომ რომც მოინდომოს ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენის მოწყობა 1990 წლიდან 2017 წლამდე პერიოდის, ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი ნამუშევარი შეძენილი არ არის.

ამიტომ არც ვიცით, რას წარმოადგენს ქართული სახვითი ხელოვნება დღეს.

_ 2018 როგორი გვექნება?

_ კარგს არაფერს ველოდები, 2005 წლის შემდეგ პირადად მე უმოტივაციოდ ვარ დარჩენილი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here