ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დაშოკილმა მიშამ – მიხეილ სააკაშვილმა ტელეგამოსვლებს უმატა. ამ ორშაბათს, 7 ნოემბერს „ძალიან მაგარ კახელებს“ გამოუტყდა სიყვარულში კახეთზე მაფიქრალი პრეზიდენტი. მისთვის საგანგებოდ შეკრებილ მოსწავლეებს, მომავალ აბიტურიენტებს ჩაუტარა უფასო „ღია კარის დღე“. უფასო კონსულტაცია გაუწია იმ ქვეყანაში, სადაც სათაგურის ყველიც კი ფული ღირს. ურჩია: ეროვნული გამოცდების დროს ნუ აირჩევთო თემას „სიყვარული და მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“.
თქვა და იმავ წამს კალთა ჩამოქაჩა რიგით რომელიღაც გრძნობამ: ნუ გაუტიე, ასეთი კატეგორიულობა ვირის პიტნად შემოგიბრუნდებაო. დაუყოვნებლივ გადახტა ორატორი სხვა ტალღაზე და მოწყალებასავით ჩამოიტანა სქოლიოში: – თუმცა ძალიან მაგარი პოემააო. თურმე „მაგარი“ პოემა ყოფილა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.
კატეგორიულობის ღვარცოფით წაღებულებს გადმოგვიგდო მაშველი რგოლი, რომელიც ხელის და ტვინის განძრევის შემთხვევაში ჭეშმარიტების ნაპირამდე გაგვიყვანდა: მაგარია და მორჩა!
მორჩა, და აღარც ილია იქნება საჭირო, რომელმაც ოდესღაც თქვა, რომ ქართველმა ერმა ვეფხისტყაოსანს „შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია სული და გული, შიგ ჩააწნა თავისნი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი“.
იგრძენი განსხვავება, როგორც ყავის რეკლამის მოწოდება!
იგრძენი და მიხვდები, რომ გაცვდა და გახუნდა რუსთველოლოგთა მტკიცება: „ვეფხისტყაოსნის ნამდვილი ხერხემალი და პოემის შინაარსის ნამდვილი „ღერძია სიყვარული და ძმობა–მეგობრობა“, რადგან შესანიშნავად იცით, სად უნდა ეძებოთ ნამდვილი ხერხემალი და ვინაა იგი. ხოლო სიყვარული უკრაინელ „პოპ დივაზე“ ივანა მელაიზე უნდა დავხარჯოთ (რომელმაც გამორჩეულად შეავსო ქართული ჰარამხანის იმპორტული თანავარსკვლავედი), ან, უარეს შემთხვევაში, ვუწილადოთ ელოჩკა შჩუკინას „თორმეტი სკამიდან“.
ელოჩკა, ელოჩკა… კაციჭამია ელოჩკა, რომლის ლექსიკური მარაგი 30 სიტყვით ამოიწურებოდა და – ჰყოფნიდა. ქართველებს ერთი სიტყვა გვაქვს და სავსებით საკმარისია ყველა შემთხვევისთვის:
მაგარია!
ამის შესატყვისად ელოჩკა знаменито- ს ხმარობდა, როცა აღფრთოვანებული იყო ვინმეთი, ან რამეთი, ხოლო თუ გულის სითბოს გასაჯაროებას მოისურვებდა, სახელს (საგნისა, კაცისას) უმატებდა уля- ს. ილფი და პეტროვი გვიდასტურებენ: „Уля. Ласкательное окончание имен. Например: Мишуля, Зинуля.“
მიშულია იმათი ნათქვამია.
ელოჩკა რომ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტკაბადონზე, ან მარადიული დისიდენტი ნოვოდვორსკაია მიშას თაყვანისმცემელთა რიგებში რომ დარჩენილიყო, თავიანთ სიმპათიებს სააკაშვილის მიმართ გამოხატავდნენ ასე: Знаменито Мишуля!
მაგრამ არც ერთი ჩანს, არც მეორე, ხოლო ვეფხისტყაოსანზე მაგარიაოს მთქმელის ავტორიტეტი ისე ყანყალებს, როგორც მაღალ ქუსლებზე პირველად შემდგარი ორღობის ლამაზმანის საპოდიუმო „პახოდკა“ რუსთაველის პროსპექტზე საჩვენებელი გამოსეირნების დროს.
ბენჟამენ იგარკა