ჟურნალი ცხელი შოკოლადი სკანდალურად ცნობილ, „საიდუმლო სირობის“ ავტორ ერეკლე დეისაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ერთი წლის წინ „საიდუმლო სირობით“ გამოწვეული ვნებათაღელვა ერეკლე დეისაძისთვის საკუთარი შემოქმედების ახლებურად გააზრების საფუძველი გახდა. ჟურნალი სწორედ დეისაძით ინტერესდება და არა მისი წყალობით უკანონო პატიმრობაში მყოფი მართლმადიდებლებით.
„ძველი ერეკლე დეისაძე მოვკალი“, „არ მინდა საიდუმლო სირობასთან ვასოცირდებოდე“, „ამ ტექსტის მთავარი მიზანი იყო, რომ არანაირი საერთო არ ჰქონოდა საიდუმლო სირობასთან“, – ასე შეეცადა იგი, გაემიჯნა თავისი ახალი რომანი „დამლაგებელი“ მისი ყველაზე ეპატაჟური ნაწარმოებისგან.
დეისაძე უთუოდ გაიზარდა. იგი მიხვდა: „საჭირო აღარ იყო ჩემს თავზე წერა, ნაადრევია ამისთვის“. შეიცვალა თხრობის მანერაც, თუმცა ეს ცვლილება არ შეეხო მის განსაკუთრებულ სიყვარულს ნატურალიზმისადმი. მისი აზრით, სანამ ქართულ ტექსტებში ნატურალიზმი მკითხველს აღაშფოთებს, მანამდე აუცილებელი იქნება მისი გამოყენება.
„დამლაგებელში“ ავტორი თანამედროვე ლიტერატურის მდგომარეობას, ქართველ მწერლებსა და წიგნის გამომცემლების პოლიტიკას აღწერს. გამომცემლების მიმართ მწერლის დამოკიდებულება რომანის დასაწყისშივე ნათლად ჩანს : „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო იგი – ბოსი! შემდეგ ღმერთმა ტალახი მოზილა და შექმნა კუკური – სახედ და ხატად თავისა. მაგრამ კუკურმა თმა-წვერი შეიჭრა და ვიწრო ტოტებიანი შარვალი მოირგო, ფეხზე ტყავის ფეხსაცმელები, ტანზე კი იასამნისფერი პერანგი ჩაიცვა. ქადაგებებისა და სასწაულების მოხდენას კუკურმა გამომცემლობის დაარსება არჩია და კუკური თავად იქცა სასწაულად. რა თქმა უნდა მას წყალზე გავლა არ შეუძლია, მაგრამ ცურვა კარგად გამოსდის, ისევე როგორც უნიჭო მწერლების დაოსტატება და ბრენდად ქცევა“.
გამომცემლობისა და ქართული სამწერლობო სივრცის გაკრიტიკებას ავტორი ორი მთავარი პერსონაჟის – „კუკურის“ გამომცემლობაში მომუშავე მდივნისა და დამლაგებლის მეშვეობით ცდილობს.
„სკოლის პროგრამაში შესატანი ლექსები“ ერეკლე დეისაძისა და ლეო ნაფტას ჯერ გამოუცემელი საერთო კრებულის სახელია. ინსპირაციის წყარო ამჯერად მწერლისთვის ქართული საინფორმაციო არხები აღმოჩნდა.
„ნებისმიერი ტელეარხი პოეზიაა, მუზის უშრეტი წყაროა. მას შემდეგ რაც იმედის „ქრონიკას“ და რუსთავი2-ის „კურიერს“ ჩავუჯექი, მივხვდი, რომ მგალობლად გადავიქეცი. გალობა დავიწყე ქვეყნის წარმატებებზე“, – ამბობს ერეკლე დეისაძე.
რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს „ჩიტი მგალობელი“ ისევ იქ დარჩა, სადაც იყო – „კუკურის“ გამომცემლობაში.