Home რუბრიკები საზოგადოება ბეღურების გადაფრენა ეული პინგვინის რეკვიემის თანხლებით

ბეღურების გადაფრენა ეული პინგვინის რეკვიემის თანხლებით

(დამწყები ჟურნალისტის ორნიტოლოგიური ძიებანი)
რით დავიწყო? რაც მოხდა იმით, თუ საიდან, რომელი ბუდიდან აფრინდნენ წივწივა ბეღურები აგრესიული განზრახვით?
ჯერ – რაც მოხდა
გამოფრინდნენ გაკაპასებული ბეღურები ნაცტელეარხების კამერებიდან ისეთი წიკვინით და ჟივილ –ხივილით, როგორითაც სირენები – გრძნეული დემონები სიცოცხლეს ასალმებდნენ გაოგნებულ ზღვაოსნებს.

მითოსში – ნახევარქალები –ნახევრადფრთოსნები
ჩვენს რეალობაში – ნახევრადმიკოროფონები.
ნახევარწიწილები – მე რაც მაქვსო, მეფეს არა აქვსო!
გადაუფრინეს თბილისის ბოტანიკური ბაღის „მელოტ მთას“ და დატოვეს მოგონება ქართულ ჟურნალისტიკაზე, რომელიც იმ დღეს გარდაიცვალა.
დღე იყო 2 ნოემბერი 2011 წლის.
ადგილი – ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული პრესკონფერენცია.
შეიძლება რეზიდენციაც ვთქვათ – ვის როგორ მოსწონს და ეხერხება.
რამდენიმე წლის წინათ შავ აფრიკაში, ზიმბაბვეს დედაქალაქის – ჰარარეს მახლობლად პალეოლითის დროინდელი კლდეზე ნახატების სანახავად მიმავალთ ვულკანურ წარმონაქმნზე გადასვლა მოგვიწია – მუქ ნაცრისფერ სიგლუვეზე – და ყველამ წონადაკარგული სხეულის სიმსუბუქე ვიგრძენით – შესუსტებული გრავიტაციის ეფექტი: თითქოს აბიჯებ და არც აბიჯებ მიწის ზედაპირზე. თითქმის იგივეს იგრძნობ აქ – ბიზნესცენტრის შუშის მასშტაბურ შენობაში რომ მოხვდები – ჰკარგავ დედამიწასთან კონტაქტს, ლივლივებ, მიცურავ.
მიცურავ ცარიელ აკვარიუმში, რომელსაც პრესკონფერენციის დაწყებისთანავე მომენტალურად აავსებს ნიაღვარივით წამოსული არნახული თავხედობა, ისეთი მძლავრი დებეტით, რომ უმალ ამოქმედდება წყლით სავსე პირის ეფექტი, როცა შეკითხვის დასმა აბსოლუტურად შეუძლებელი ხდება, ხოლო ჟურნალისტურ პროფესიაზე ხელის აღებას ვერა და ვერ ასწრებ– ისე სწრაფად ჩაგითრევს მღვრიე წყლის მორევში, რომელშიც დამოძღვრილი და ნავარჯიშევი ახალნაყარი ჟურნალისტობა ღლავის დაჭერას შეეცდება.
დიდგორის ბრძოლა – კი, ვატერლოოს ბრძოლა – კი, მაგრამ მიკროფონისთვის არნახული ბრძოლა აქ გაიმართა თუ გაიმართა.
დიდი იყო მსხვერპლი. იმდენი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“–ის, და მსგავსი ტელეკომპანიების ნაპოლეონებს ამ ნაბრძოლ ველზე რომ ჩამოევლოთ, გაუჭირდებოდათ მათი თანამშრომლების პროფესიული ღირსების მიწაზე დაყრილ ნარჩენებს შორის „ფეხის დაუსველებლად“ გავლა.
შემსუბუქდნენ აგრესიული ბეღურები, გათავისუფლდნენ ამ მძიმე ტვირთისგან და დაუბრუნდნენ მშობლიურ ტელებუდეებს, სადაც დაფრთიანდნენ.
რაც წინ უსწრებდა
– რას, რას, რას… (სწორედ – რას და არა раз), ერთი, ორი, ერთი, ორი, სამი, – ოპერატორის მომაბეზრებელი, ყოველწუთიერი, ერთ ტონალობაში გამეორებული თავის გამოდება ხმის ბალანსის დასარეგულირებლად.
ის კი აბალანსებს, მაგრამ ტვინი იბურღება ქვის გამტეხი ტყვიის რბილი გრდემლის ამ განუწყვეტელი შემოტევისგან.
რომელიღაც მომენტში ხმის რეჟისორი, ეტყობა, მიხვდება, რომ აქ შეკრებილ საზოგადოებას მაინც და მაინც არ მოსწონს ასეთი დისკომფორტი და იმავე დინამიკებში აგრუხუნდება სახელმძღვანელო მითითება:
– ნუ ყვირი, ბორია, – ბორია, ჩანს, ისაა, ვისაც კოდალას ფუნქცია აკისრია.
მცირე პაუზა და ისევ:
– ერთი, ორი, სამი! რას, რას, რას! – არ ცხრება ბორია.
ზუსტად ისეა, როგორც ოპერაში, წარმოდგენის წინ ორკესტრანტები ინსტრუმენტების აწყობას ან თავიანთი პარტიების პასაჟების გამეორებას რომ შეუდგებიან.
სრული კაკოფონიაა, რომელიც დირიჟორის ჯოხის აქნევისთანავე მელოდიურ კლასიკად დალაგდება.
მაგრამ ჩვენ ოპერაში არ ვართ, თუმც განწყობილება ერთგვარად ამაღლებულია, სათეატრო, საზეიმოსთან მიახლოებული.
სალამ–ქალამი, მოკითხვა – ხომ კარგად? შესანიშნავად გამოიყურები, და მისთანანი. ისე ეხვევიან და ჰკოცნიან ერთმანეთს, თითქოს კონკურენცია ბიზნესცენტრში შემოსვლისას სამმაგი შემოწმების რომელიღაც ჯებირთან დატოვეს.
რაღაც შეუმჩნევლად შემოდის ბიძინა ივანიშვილი.
სსსუ… სიჩუმე ჩამოვარდება. მყისიერი, მოკლე და წარმავალი, როგორც ყველაფერი ამქვეყნად და დაიწყება ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის დიდი მცდელობა ხელისუფლების საამებელი დავალების პირნათლად შესრულების მიზნით.
ბეღურების უნიჭო აწიოკება, რომელიც დიტო ჩუბინიძის დასკვნით, ასით ნულზე დამთავრდება ბიძნა ივანიშვილის სასარგებლოდ.
საიდან გაჩნდნენ ბეღურები?
საიდან და „რეალ TV“–ის  ჟურნალსიტის მაკა ჩიხლაძის მონდომებული ბრძოლის შედეგად და მისი წყალობით. სრული წარმოდგენის შესაქმნელად – ამონარიდს გთავაზობთ პრესკონფერენციის გაშიფრული ჩანაწერიდან.
„ირაკლი ტრიპოლსკი: – ერთი წუთით, ერთი წუთით… აგერ მიეცით ამას… გადაირია ქალბატონი!…“
მაკა ჩიხლაძე:  – ტელეკომპანია „რეალ TV“: – ბატონო ბიძინა…
ბიძინა ივანიშვილი: – უკაცრავად, უკაცრავად…
მაკა ჩიხლაძე: – სულ ტყუილად არ მაძლევდნენ მიკროფონს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაპოლიტიკური…
ირაკლი ტრიპოლსკი: – სამწუხაროდ, არ გიცნობთ…
ბიძინა ივანიშვილი: – ცუდია, რომ არ ვიცნობთ…
ირაკლი ტრიპოლსკი: – არა, არ ვიცნობთ…
ბიძინა ივანიშვილი: – „რეალ TV“? ძალიან საინტერესოა!…(ირონიულად)
მაკა ჩიხლაძე (ლაპარაკობს, მაგრამ ხმა საერთოდ არ ისმის. როგორც იქნა, მოგვიანებით ხმა გაისმა. –რედ ): – ბატონო ბიძინა, მე მაინტერესებს… თქვენი შეკითხვა… თქვენი პასუხი მაინტერესებს შეკითხვაზე, – ბეღურებთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობთ თქვენ სხვადასხვა ინტერვიუებში, ხომ? მე მაინტერესებს რეალური მიზეზი, რის გამო არ გიყვართ ბეღურები, იმიტომ, რომ თქვენმა პინგვინმა შეჭამა და ის პინგვინი გარდაიცვალა, თუ იმიტომ, რომ მერცხლებს უნგრევს ბუდეს…
ირაკლი ტრიპოლსკი (ყვირილით): – სიჩუმე, ერთი წუთით!…
ბიძინა ივანიშვილი: – ერთ წუთს… ერთ წუთს… პატივი ეცით ერთმანეთს… პასუხი ხომ უნდა მოისმინოთ…
ირაკლი ტრიპოლსკი: – პატივი ეცით ერთმანეთს, მოუსმინეთ… ვის პრესკონფერენციაზე ხართ მოსული, არ გაინტერესებთ, კაცო?!
ბიძინა ივანიშვილი: – თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინარულია და  მე ჩემი პასუხებით მეშინია, რომ მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო (დარბაზში ტაშის ხმა გაისმა).
როცა ტაში ჩაცხრა, დაცხრა ემოციებიც პრეკონფერენციის დროის ამოწურვისა გამო, აკრედიტებული ჟურნალისტების ნაკადიც გაიწურა ბიზნესცენტრის ტერიტორიიდან, ოქროყანის ავტობუსების გაჩერებასთან მდგარი ორიოდ დაგვიანებული მგზავრი თუ შენიშნავდა შავი გრანიტის უზარმაზარი კვერცხით დამშვენებული აუზის თავზე როგორ გამოისახა მოწყენილი პინგვინის აჩრდილი, შავქუდიან, შავწამოსასხამიან, მხრებჩამოყრილ ნაპოლეონს ჰგავდა რუსეთზე „გამარჯვების“ შემდეგ.
რა იცოდა იმ უბედურმა, რომ ბეღურა მისი უკანასკნელი ულუფა იქნებოდა… თუ მერცხალი? უკრავდა ორკესტრი მოცარტის რეკვიემს…
ბენჟამენ იგარკა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here